მამა


-დედა, როდის მოვა მამა?
    -მოვა აწი, შვილო, მოვა!-ყოველთვის ერთსა და იმავეს მპასუხობს დედაჩემი.
    მე უკვე ცოტა გულმოსულიც ვარ ასეთ პასუხზე და გაბუსული გამოვდივარ გარეთ.
    დილას აქეთ ვემითხები;-როდის მოდის-თქო და სულ ასე მპასუხობს: ,,აწი მოვაო!“ მამა კი, უკვე მობინდდა და ჯერ კიდევ არ სჩანს.
    ჩემი პატარა ძმა,- დათუჩა კუთხეში ზის, ბურთი ფეხებში მოუქცევია და არის ასე გაბუსული.
    ჩიტების ჟივჟივი შემომესმა. მაღლა ავიხედე. ,,-აუჰ, ბალი შეთვალებულა!“ უცებ ასეთმა აზრმა გამიელვა თავში. ,,მამიკოს ხომ უყვარს ბალი? მოდი, მოკრეფილს დავახვედრებ!
    სირბილით შევვარდი სახლში. კარებში ბებიას დავეტაკე. ხელში რომ თეფში ეჭირა, ძირს დაუვარდა და დაიმსხვრა. მე შევკრთი. ხმაურზე დედაჩემიც შემოვიდა.
    -რა მოხდა?
    -არაფერია, შვილო, ბედნიერების ნიშანია.-გაიღიმა ბებიამ და ხელის გადასასმელად თავზე რომ ვერ მომწვდა ლოყაზე მომეფერა
    -გოგო, თხასავით რომ იქცევი, ცოტა ადამიანურად მოიქეცი!-მისაყვედურა დედაჩემმა და ნამტვრევების ასაღებად დაიხარა. მეც ცოტა დადინჯებულად მივედი, კალათა ავიღე და კარებს გამოვცილდი თუ არა, ისევ ჩემებურად შევხტი და მოვუსვი ბლის ხისაკენ.
    სულ ადვილი ასასვლელია ჩვენს ბალზე. ერთ წუთში კენწეროზე მოვექეცი. კიდევ კარგი, დათუჩას არ დავუნახივარ, თორემ გულს გამიწყალებდა, ერთი-ორი კიმპალი გადმომიგდეო!
    ,,ჯერ არ უნდა ვჭამო, ჯერ კალათას გავავსებ და თუ რამე დარჩა, მერე ვჭამ!“-დავარიგე საკუთარი თავი და კრეფა დავიწყე.
    ეს ჩიტები კიდევ სულ მიწუხებენ გულს, ლამისაა პირში ჩამიხტნენ.
    საღამოა და ცოტა არ იყოს,  დამბურძგლა სიცივისაგან, მარა ჯერ სად არის, ახალი ამოსული ვარ და კალათას ცარიელს ხომ არ ჩავიტან?!
    ჯერ კალათის ძირიც არ მქონდა მოფარული, რომ გაღმა გავიხედე და რას ვხედავ…
    ...არა, ერთი წელიწადია, რაც მამა არ მინახავს, მარა მერე რა, მაინც კარგად ვცნობ-მამაჩემია იქ, გზაზე რომ მოსჩანს..
    -დედააა!!! მამა მოდის! ბებიაა!.. მამა მოდის, მამა, ბებია!
    იმხელას ვკისკისებ ხეზე, ალბათ მამასაც ესმის გზაში.
    -დედაა, დედიკო, გამოდი!.. მოდის, დათუჩა,მამა მოდის, ხედავ?!-ვკივი მე და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის.
    არა, ეს ტირილი რაღას ნიშნავს? ამ წუთში არ იყო, რო ვიცინოდი?
    უცებ გამახსენდა, ბებიას რომ თეფში გავატეხინე და რაც ძალი და ღონე მაქვს, ბებიას ვეძახი:
    -ხო კაია, ბებია, თეფში რო გაგიტყდა, ა? ხო კაია ახლა?. თან ცრემლებს ვიწმენდ და ბებიას ვუყურებ, წინსაფრის ბოლოთი რომ იმშრალებს თვალებს.
    ეს ახლა რისი ცრემლებია, იცით? ეს იმ სიხარულის ცრემლებია, სიცილმა რომ ვერ დაიტია. საერთოდ, ძალიან დიდ სიხარულს, სიცილი ვერასოდეს ვერ იტევს და უნდა ატირდე. თუ ვერ ატირდი, მოკვდები მაშინ. მე მაგალითად მოვკვდები და ამიტომაც ვტირი ახლა.
    -მამააა!..-ვყვირი და … მგონი ვიღაც მაღვიძებს.
    -რა იყო, დედა, ხმა გამეცი, რა მოგივიდა?!-ჩამესმის დედაჩემის შეშფოთებული ხმა.
    -მამა მოდის, დედა!-ვპასუხობ მისავათებული ხმით და უკვე გონს მოვდივარ.
    თავს დედა და ბებია მადგანან. ბებია ცრემლებს იწმენდს წინსაფრის ბოლოთი, თან უხმოდ ტირის.
    დედამ კედელზე დაკიდებულ მამას სურათს შეხედა, ყრუდ ამოიოხრა, მერე ჩემს ლოგინზე დაეშვა და აქვითინდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი