რად მოფრენილხარ, შოშიავ


სოფლის ბოლოს ტყეა, ხოდა, ამ ტყის პირს მივუყვები. გაუკვალავ თოვლზე ჩემი ნაფეხურები დაითვლება. ახლა გაზაფხულის თვეა უკვე, გუშინ დადგა პირველი მარტი, მაგრამ თოვლი მაინც შემორჩა ტყის პირებში. ახლა ცივა კიდეც, თუმცა მე ვერ ვგრძნობ სიცივეს, მაგრამ ვიცი, რომ ახლა მართლა ცივა. სხვა დროს, ალბათ შემცივდებოდა, მაგრამ ამ წუთში, რატომღაც არ მცივა.
    თოვლში რაღაცას წამოვდე ფეხი, ვიფიქრე, ქვა იქნება-მეთქი, არც შევმცდარვარ. ქვაზე ფეხი გადავუსვი, თოვლი გადავხვეტე, დარჩენილი თოვლის ნამცეცები ხელით გადავფერთხე და ზედ დავჯექი. თუმცა ვერ ვგრძნობდი მის სიცივეს, მაგრამ ვიცოდი, ქვა ახლა ნამდვილად ცივი იქნებოდა.
    ჩემს წინ, ხეზე რაღაცამ შეიფრთხიალა. თავი ავწიე, ხეზე შოშია იჯდა.  ,,რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ასე ადრიანადა?..“ გამახსენდა ლექსი, ჩემი შოშიას საყვარელი ლექსი.
    იცით, ვინ იყო ჩემი შოშია? ჩემი შოშია ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელს ქალაქში. ერთად ვსწავლობდით, ერთ მერხზე ვისხედით სკოლაში. მას შოშია კი არა, უფრო სწორად რომ გითხრათ, შორენა ერქვა. ძლიან უყვარდა შორენას შიო მღვიმელის ეს ლექსი-,,რად მოფრენილხარ, შოშიავ…“ ხშირად მიყვებოდა ხოლმე, როცა ერთად ვიყავით. არ ვიცი, შოშიაზე დაწერილი ლექსი რომ უყვარდა, იმიტომ შეარქვეს შოშია, თუ ,,შოშია“ რომ შეარქვეს, იმიტომ უყვარდა ლექსი შოშიაზე. ერთი კია, თვითონაც შოშიას ეძახდნენ და ლექსიც შოშიაზე უყვარდა.
    ...მერე იმ ჩემს შოშიას რაღაც უკურნებელი სენი შეეყარა. ამ ქალაქში ვერაფერი გაუგეს ექიმებმა და დედაქალაქში გაწერეს.დედაქალაქი არც ისე შორია აქედან, მაგრამ ჩემთვის შორია.დედამ მითხრა:-შოშიას ექვს თვეში ჩამოიყვანენ გამოჯანმრთელებულსო! ვიცი, დედა რომ მატყუებს, ვიცი, მაგრამ ვითომ მჯერა მისი, თავს ვუქნევ და ველოდები, როდის გავა ექვსი თვე.
    ფიქრი ისევ შოშიას ფრთხიალმა შემაწყვეტინა, მეორე ტოტზე გადაფრინდა. -არ წახვიდე, შოშიავ!-გავიმეორე ხმამაღლა.-ნუ დამტოვებ შოშიავ მარტო!-შოშიამ რაღაც ჩაიჭიკჭიკა და სხვა ტოტზე გადაინაცვლა.-რაო შოშიავ, რა მითხარი? ნეტავ ან მე ვიცოდე ჩიტების ენა, ან შენ გესმოდეს ჩემი, მოგიყვებოდი ჩემს ამბავს, ჩემს შოშიაზე მოგიყვებოდი. იცი, რითი გგავს ჩემი შოშია? შენსავით ლამაზი და შავთვალებაა, როცა ლაპარაკობს შენსავით ჟღურტულებს.
    შოშიამ ისევ ჩაიჭიკჭიკა რაღაც და მერე სულაც გაფრინდა.-რატომ დამტოვე, შოშიავ! რატომ?..
    მხარზე რაღაც თბილის შეხება ვიგრძენი.ბუკან მივიხედე და… ღმერთო… ის არია, ჩემი შოშია. შავ თვალებს მიჟუჟუნებს და მიღიმის.
    -შოშია!-დავიყვირე უნებურად, უზომოდ გახარებულმა და თვალები გამიფართოვდა გაკვირვებისაგან. არა, კი ვერ ვხედავ ჩემს გაფართოებულ თვალება ახლა, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, მე თუ არა, შოშია მაინც ხედავს ახლა ჩემს მუშტისოდენა თვალებს.
    -რა იყო, გაბო, ბიჭო, რა გაყვირებს?-მეკითხება ის.
    -ნუთუ მართლა შენ ხარ, შოშია?-ვკითხე უაზროდ, რადგან მეტი ვეღარაგერი მოვიფიქრე სათქმელი და შოშიას თვალებში ჩავხედე. მის თვალებში ჩემი სახე აირეკლა და ახლა მარტო შოშია კი არა, მეც ვხედავდი ჩემს გაფართოებულ თვალებს.
    -მართლა შოშია ვარ, გაბო ბიჭო, მართლა. რა იყო, რამ შეგაშინა?
    -მერე, ასე მალე გამოგიშვეს ექიმებმა, შოშია? მე ექვსი თვის მერე გელოდი.
    -გამომიშვეს გაბო, აღარ იყი ექიმი ჩემთვის საჭირო და გამომიშვეს.
    -რატომ აღარ იყო, შოშია, ექიმი საჭირო, კარგად ხარ უკვე?
    -კარგად ვარ, გაბო, კარგად.-მიღიმის ის, თან ხელს მიქნევს, კარგად იყავიო და ვგრძნობ, როგორ თანდათან მშორდება და იკარგება სიბნელეში.
    -ნუ წახვალ, შოშია, ჯერ ნუ წახვალ, იყავი სულ ცოტა ხნით. გამაგონე შენი ხმა, თუნდაც შენი საყვარელი ლეწსი მომიყევი…
    -ახლა არა, გაბო, დრო არა მაქვს, მეჩქარება!
    -სად გეჩქარება შოშიავ, მოხვალ ისე?
    -მოვალ, ბიჭო, აბა ისე როგორ იქნება? მალე მოვალ და ლექსსაც მოგიყვები…-მაიმედებს შოშიას ხმა, რომელიც უკვე ძალიან შორიდან ისმის და შოშიას ლანდი სიბნელეში სამუდამოდ იკარგება.

                *  *  *
    საბნიშ ქვეშიდან ამოღებულ ხელზე რაღაც თბილი დამეწვეთა. თვალები გავახილე. თავს დედა მადგა და ტიროდა.
    -რატომ ტირი, დედა?
    -არ ვტირი, შვილო!
    მზერა ჭერზე გადავიტანე, მერე კედლებზე, მერე ჩემს საწოლზე. ,,ღმერთო, რა მოსაწყენი სითეთრეა.“-გავივლე გულში. ჭერიც თეთრი, კედლებიც თეთრი, საწოლზეც თეთრი, დედის ხალათიც, კარადაზეც თეთრი ტილოა გადაფარებული, ექიმებიც თეთრი ხალათებით დადიან, მნახველებიც თეთრი ხალათებით მოდიან და რაც ყველაზე მეტად მიკლავს გულს, დედის თმაც თეთრია. როგორ მძულს ახლა ეს სითეთრე. ფანჯარაში გავიხედავ და ცაც თეთრად მოჩანს. ნეტავ, ლურჯი რატომ არ არის ახლა ცა? ახლა, ალბათ მიწაზეც თეთრი თოვლი იქნება. გაზაფხულის თვე კი დადგა უკვე, მაგრამ თოვლი ჯერ ისევ იქნება მიწაზე.
    -დედა!
    -აქ ვარ, შვილო! გინდა რამე?
    -შოშია როგორ არის, დედა?
    -კარგად ყოფილა, შვილო, კარგად! შეცბუნებული მპასუხობს დედაჩემი. ეს უკვე ვინ იცის მერამდენედ მპასუხობს ასე. ვიცი, შოში კარგად რომ არ არის და დედა ამას მიმალავს, მაგრამ, მისი ტყუილი რატომღაც მამშვიდებს.
    -კარებმა გაიჭრიალა და პალატაში თეთრხალათიანი მამა შემოვიდა.
    -როგორ არის?-ჰკითხა დედას ჩემზე.
    -წუხელ არა უშავდა, მშვიდად ეძინა, ამ დილით სიცხემაც დაუკლო.
    მამამ გამიღიმა და ,,ყოჩაღად იყავიო!“-მითხრა. მერე ფანჯარასთან მივიდა, ხელები უკან შემოიწყო და რაღაცას დაჟინებით მიაშტერდა. ერთხანს ასე იყო. მერე, ,,წავალ ახლაო.“ ჩაილაპარაკა და კარებისაკენ გაემართა.
    დედა უკან გაჰყვა.-არ გაინძრე, მე ახლავე შემოვალ!-მითხრა და კარები ნახევრად მიხურა.
    დედა და მამა კარებთან ლაპარაკობდნენ. მე სმენად ვიქეცი.
    -როგორ არის ის გოგო?-იკითხა დედამ. ვიცოდი, ეს შეკითხვა შოშიას ეხებოდა. გავიგონე, როგორ მოისრისა მამა ხელები და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ უპასუხა:
    -ხვალ მოასვენებენ!..
    მეტი არაფერი გამიგონია. ყველაფერი ბურუსში ჩაიძირა. მხოლოდ საკუთარი გულის ბაგაბუგი მედგა ყურებში. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. დედის ხელის შეხება ვიგრძენი შუბლზე და გამოვფხიზლდი.
    ,,შოშია აღარ არის? ნუღუ?“ გავიფიქრე და თვალებზე ცრემლი მომაწვა, მაგრამ არა, არ ვიტირებ, შოშიას არ უყვარდა ტირილი და ცრემლი… და მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე, რომ არ მეტირა. მოვიკრიბე ძალ-ღონე და ყელში მომდგარი დიდი ბურთი გადავყლაპე. არ ვიცი რა იყო ეს ბურთი, მაგრამ თუ ეს თვალთაგან გადმოსაფრქვევი ცრემლი იყო, კიდევ კარგი, რომ არ ვიტირე, თორემ ალბათ მთელ ამ საავადმყოფოს წალეკავდა, თავისი მომაბეზრებელი სითეთრეებით.
    ,,არა, ახლა ტირილი არ შეიძლება, თავი უნდა შევიკავო, უნდა გავმაგრდე და კარგად გავხდე, რომ შოშიას დასაფლავებას დავესწრო. აუცილებლად უნდა დავესწრო დასაფლავებას და საბოლოოდ დავემშვიდობო ძვირფას ადამიანს. უნდა გავხდე იმ საშინელი სინამდვილის მოწმე, რასაც შოშიას სიკვდილი ჰქვია.“
       *  *  *
    ხუთი დღეა გასული მას შემდეგ, რაც შოშია დაასაფლავეს. ხუთი დღეა მას შემდეგ, რაც იმ მოსაბეზრებელ სითეთრეს თავი დავაღწიე და სახლში გამომიშვეს. ხუთი დღეა მას შემდეგ, რაც ტირილი მინდა და შოშიას ხმა მაჩერებს.
    ხუთი დღეა მას შემდეგ…
    ხუთი დღეა მას შემდეგ…
    შოშიას დასაფლავებას ვერ დავესწარი, სასტიკი უარი გამომიცხადა ექიმმა;„-ფეხზე ადგომა არ შეიძლება, ჯერ შენი ორგანიზმი ძალიან დასუსტებულიაო!“ იქნებ ასეც ჯობდა, რომ არ წავედი და ჩემი შოშიას გაყინული სახე და დახუჭული თვალები არ  დავიმახსოვრე. ჩემს ხსოვნაში იგი ისევ ისეთი დარჩა:სიცოცხლით სავსე, ენერგიული და საოცრად ლამაზი, მეოცნებე თვალებით.
    დღეს მშობლებმა ქალაქგარეთ გასეირნების უფლება მომცეს. სიცოცხლით ადუღებულ ქალაქში გამოვედი. როგორი ცოცხალი იყო ახლა ეს ქალაქი და როგორი უსიცოცხლო მეჩვენა იგი.
    გეზი სასაფლაოსაკენ ავიღე, მაგრამ არა, ჯერ ბაზარში შევივლი და ყვავილებს ვიყიდი. მაინც რომელი ყვავილი ვიყიდო? ყველაფერს, ალბათ მინდვრის ყვავილები აჯობებს. ახლა ადრიანი გაზაფხულია და სოფლის ქალებს მინდვრის ყვავილები ექნებათ ბაზარში. არა, მინდვრის ყვავილები კი არა, ტყის ყვავილები, ყოჩივარდები და ფურუსულები. დიახ! ნამდვილად ეს ყვავილები უნდა მივუტანო შოშიას, მას ეს უბრალო ყვავილი ყველა ლამაზ და სურნელოვან ყვავილს ერჩია.
    … და მე უკვე სასაფლაოსაკენ მივდიოდი, სადაც ჩემი შოშიას საფლავი მეგულებოდა, თან გულზე მქონდა ახუტებული თხუთმეტიოდე კონა, იების, ყოჩივარდების და ფურუსულების.
     აი, ესეც სასაფლაო.მივდივარ და გვერდს ვერ ვუვლი ნაცნობ საფლავებს. აი, იმ ქალის საფლავიც, ერთხელ შოშიას რომ  მოეწონა და გულწრფელად დაენანა: „ასეთი ქალი, რატომ მოკვდაო!“  შევჩერდი იმ უცნობი ქალის საფლავზე, შევჩერდი და მარმარილოს ქვაზე გამოსახულ სახეს დავაკვირდი. მოგონებებში წავედი…
    შარშან მე და შოშია ვათვალიერებდით საფლავებს. ამ საფლავს რომ მოვუახლოვდით, შოშიამ უყურა, უყურა  და ბოლოს თქვა:,,-ლამაზი ქალი ყოფილაო.“ მე სულაც არ დავკვირვებივარ მაშინ ამ ქალის სურათს. მხოლოდ შოშიას მივჩერებოდი და მასზე ვოცნებობდი. ფიქრებიდან გამოვერკვიე, მერე თვალები ისევ სურათისკენ გამექცა და უნებურად, ხმამაღლა წამოვიძახე:-მართლაც ლამაზი ქალი ყოფილა.
    საფლავის მეორე კუთხიდან ჩახველების ხმა გავიგონე. იქეთ მივიხედე. დაახლოებით ჩემი ხნის ბიჭი, რკინის სკამზე იჯდა და დაჟინებით ჩაჰყურებდა მიწას. მერე მზერა მიწიდან ჩემზე გადმოიტანა. მე მას დავაკვირდი და მივხვდი, ეს ბიჭი, ამ ლამაზი ქალის შვილი იყო. საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს.
    -უკაცრავად, თქვენი სახელი?-მკითხა რამფენიმე ხნის შემდეგ.
    -გაბრიელი!-ვუპასუხე დუმილის შემდეგ უხალისოდ და მზერა იმ ბიჭის ზემოთ, სადღაც სივრცეს გავუშტერე.
    მერე საფლავზე, იმ ქალის სურათის წინ სამი კონა ყვავილი დავაწყვე. ბიჭი გაკვირვებული მომჩერებოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. არც მე მითქვამა რამე, უხმოდ გამოვტრიალდი და შოშიას საფლავისაკენ წავედი.
    ,,-გამარჯობა შოშია!“-მივესალმე გუნებაში.
    „-გაგიმარჯოს, გაბო!“-ყურში ჩამესმა თითქოს მიაი წკრიალა ხმა.
    -შოშია,... რატომ მოხდა ეს, შოშია?-წარმოვსთქვი ძლივს გასაგონად.
    „-მაინც, რა მოხდა ისეთი, ბიჭო?“-ისევ ჩამესმა შოშიას იდუმალი ხმა.
    ,,რა მოხდა შოშია და მე ექვსი თვის შემდეგ გელოდი, გელოდი ჯანმრთელს და სიცოცხლით სავსეს, შენ კი… შენ კი სულ რამდენიმე დღეში დაბრუნდი და თანაც როგორი, ასე ადრე არ გელოდი…“ ფიქრი შევწყვიტე და ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე, ისეთივე ბურთი, როგორიც რამოდენიმე დღის წინ გადავყლაპე საავადმყოფოში. მერე შოშიას საყვარელი ლექსი გამახსენდა:-რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ასე ადრიანადა?-წარმოვსთქვი ჩურჩულით.
    ,,რა ვქნა, ვერ ვძლებდი სხვა მხარეს, ვიყაცი ნაღვლიანადა…“ ყურში ჩამესმა ისევ შოშიას ხმა.
    -მართლა ვერ ძლებდი შოშია?
    - მართლა, ბიჭო!
    -რატომ?
    -იმიტომ, გაბო ბიჭო, იმიტომ, რომ ჩემი სახლი მენატრებოდა, ჩემი ეზო, ჩემი ქალაქი და შენ მენატრებოდი, გაბო, შენ!
    -შოშია! ჩემო შოშია!-თვალებზე ცრემლი მომაწვა.
    -არ იტირო, გაბო ბიჭო,  ახლა არ იტირო!
    -არა!-ლაპარაკი შევაწყვეტინე შოშიას იდუმალ ხმას.-არა შოშია, ტირილს ნუ მიშლი შოშია, გასივდა გული ამდენი ცრემლების ყლაპვით, დამძიმდა. აღარ შემიძლია მიაი ტარება, ნუ მიშლი! უნდა ვიტირო! უნდა, უნდა…-გავიმეორე ჯიუტად. დავიჩოქე. მინდოდა შოშიას გულზე დაყრილი მიწისათვის ხელი გადამესვა და გამახსენდა, ხელში ყვავილები მეჭირა.-ყვავილები მოგიტანე შოშიავ! გაზაფხულია სურნელოვანი ყვავილები!-ჩავჩურჩულე შოშიას საფლავში.
    ყვავილები გულზე მოვფინე, მერე ზედ დავემხვე და მწარედ ავქვითინდი. დიდხანს, დიდხანს ვქვითინებდი ასე, ყვავილებზე დამხობილი. მერე გავიგონე, როგორ მიახლოვდებოდა ფეხის ხმა და მივხვდი, ეს ის ბიჭი იყო, დედამისის საფლავზე რომ ვნახე. აი მისი ხელის შეხებაც ვიგრძენი უკვე მხარზე. ღმერთო, რამდენს მივცემდი ახლა, თუნდაც სულსაც გავყიდდი, ოღონდაც ახლა აქედან არავის წამოვეყენებინე და ვყოფილიყავი ასე დამხობილი თუნდაც მთელი სიცოცხლე.
    თავი ავწიე. ბიჭი ჩემს გვერდით ჩაჩოქილიყო, თავი დაბლა ჩაეხარა და თვალებიდან ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი