მამაკაცი ნაცნობი სახით


,,რა ნაცნობი სახე აქვს.“ გაიფიქრა ქუჩაში მარტოდ მიმავალმა ქალმა, როდესაც გზად მიმავალ მამაკაცს ჩაუარა გვერდი. რომელიც სავარაუდოდ მასზე რამოდენიმე წლით უფროსი უნდა ყოფილიყო. მერე გაახსენდა, ეს კაცი გუშინაც შეხვდა გზაში, (ოღონდ ცოტა ქვემოთ) და გუშინაც ეცნო მისი სახე, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა, ვის ამგვანებდა მას.
    მამაკაცი კი, როგორც ეტყობოდა, ვერ ამჩნევდა ქალს. თავჩაღუნული მიდიოდა და სულაც არ აინტერესებდა, გვერდით ვინ ჩაუვლიდა, რადგან აშკარად ეტყობოდა, თავის ფიქრებს ჰყავდა შეპყრობილი.
    ქალი ერთხელ კიდევ შემობრუნდა უკან, მამაკაცი ჩიხში მიმალულიყო. ფიქრებში გართულმა, ვერც კი შეამჩნია, როგორ მიახლოვებოდა თავის ბინას. სადარბაზოში შევიდა და კიბეებს აუყვა. ერთი, ორი, სამი, ოთხი… დიწყო გუნებაში, ამოჩემებული ჩვევის განხორციელება-კიბეების თვლა. რამდენჯერ დაუთვლია ეს კიბეები, ხან ჩასვლისას, ხან ასვლისას. აბა რა ექნა, სხვა რა საქმე ჰქონდა კიბეზე ასვლის დროს? ერჩია, როგორ არ ერჩია, კიბეების თვლის ნაცვლად ვინმეს დალაპარაკებოდა, მაგრამ სად იყო ,,ვინმე?“ ათასში ერთხელ თუ შეხვდებოდა კიბეზე რომელიმე მეზობელს და ისინიც, თითქოს მასთან სალაპარაკოდ არავის ეცალა, ნაჩქარევ ,,გამარჯობას“ ესროდნენ და თავ-თავიანთი გზით გარბოდნენ, ზოგი აღმა, ზოგი დაღმა.
    ესეც ასე! კიბეების თვლა დაამთავრა. ესე იგი უკვე მეხუთე სართულზეა ამოსული. ახლა მარჯვნივ წავა და კარებს გასაღებით გააღებს. ოთახში სიცარიელე ხვდება. ყველაფერთან ერთად, ასეთ სიცარიელესაც შეეჩვია, ამ ცხრა წლის განმავლობაში.
    ჩანთა მაგიდაზე დადო და სამზარეულოში გავიდა. ტაფაზე დილით შემწვარი კარტოფილი იყო დარჩენილი. უღიმღამოდ ჭამა საჭმელი და მერე თავისი მოწაფეების რვეულებს ჩაუჯდა გასასწორებლად.
    გვიან მორჩა გასწორებას და მთელი დღის დაუსვენარს, ძილმა დაუმძიმა ქუთუთოები. დაიღალა ნატო მასწავლებელი. დღეს ექვსი გაკვეთილი ჩაატარა ზედიზედ.
    ცოტა ხანს ჰქონდა თვალი წადებული ისევ მალე გაეღვიძა. გაეღვიძა და ისევ წამოეშალა მარტოობის დროა აკვიატებული ფიქრები. საფიქრალი კი, ეეჰ… ბევრი ჰქონდა

             x    x    x
    აფხაზეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში იზრდებოდა პატარა ნატო. ხუთი წლის იყო, როცა დედა და მამა ავტოავარიაში მოჰყვნენ. დედა ადგილზევე გარდაიცვალა, მამა კი, ექიმებმა, ბევრი წამლობია შემდეგ, როგორც იქნა გადაარჩინეს და დარჩნენ სახლში-მამა და შვილი.
    მამა პროფესიით ექიმი იყო. მას ძალიან უყვარდა თავისი სოფელი. ბავშვობიდანვე ნაზიარები იყო მის სილამაზეს, მის ბუნებას და უყვარდა ისე, როგორც ნამდვილ ადამიანებს უყვართ თავიანთი კუთხე. ემსახურებოდა ხალხს, თავისი პროფესიით და სათუთად უვლიდა და ზრდიდა, დედით ობოლ, ერთადერთ ქალიშვილს-ნატოს.
    საოცრად ნიჭიერი გოგონა იზრდებოდა ნატო. სკოლაში მისვლის დღიდანვე მიიპყრო მასწავლებლის ყურადღება. იზრდებოდა, მშვენდებოდა და მხოლოდ ფრიადებით გადადიოდა კლასიდან-კლასში. 
    მერვე კლასში იყო, როცა თითქოს ერთად გაუჩნდათ რაღაც გრძნობები, ნატოს და მასზე სამი კლასით უფროს ლუკას. გაქრა ბავშვური სითამამე.რაღაცატომ რიდი ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ,,რატომ?“ ვერცერთს ვერ ამოეხსნათ ეს კითხვა.
    ყოველდღე ერთად ბრუნდებოდნენ სკოლიდან, ძალაუნებურად საუბრობდნენ რაიმეზე, მაგრამ საუბარს საკუთარ გრძნობებზე ყოველთვის გაურბოდნენ.
    გავიდა წლები. ლუკამ საინჟინრო დაამთავრა. ნატომ კი დედის პროფესიას მიჰყო ხელი და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კვლავ სკოლაში დაბრუნდა. ახლა უკვე მასწავლებლად.
    დრო მიდიოდა. იმ გრძნობას კი ოდნავაც არ გახუნებია ფერი. ბედნიერნი იყვნენ, თუ სადმე განმარტოებას მოახერხებდნენ, მაგრამ…
    მაგრამ მოხდა საშინელება…
    ერთ დილით, როცა ნატო ჯერ ისევ საწოლში იყო, მამა შურდულივით შემოვარდა ოთახში. სულ რამოდენიმე წუთში უნდა დაეტოვებინათ მშობლიური სოფელი. ირგვლივ ავტომატების კაკანი აყრუებდა მიდამოს.
    რა უნდა ექნა? უნდა გაცლოდა მშობლიურ სოფელს და დაეტოვებინა ის ოცნება, ვისაც ამდენი ხანია შესტრფოდა მისი გული. ყველაზე მეტად ეს ეძნელებოდა ახლა ნატოს.
    მთვარეულივით დაბორიალობდა ოთახიდან-ოთახში,არ იცოდა რას აკეთებდა, ან რა უნდა გაეკეთებინა.
    რამდენიმე წუთში, უკვე ხალხით სავსე ავტობუსში იჯდა. გაჩერება აღარ შეიძლებოდა, ავტობუსი მალე უნდა დაძრულიყო. ირგვლივ არემარე ქუხდა, ტყვიები წვიმდა, ქუჩებში საშინელი მტვერი იდგა. სულ ერთი წუთით დატოვა მანა ნატო და… რა საბედისწერო გამოდგა ის ერთი წუთი. საკუთარი თვალებით ხედავდა ნატო იმ საშინელ სურათს, როცა მამა მოსხლეტით დაეცა მტვრიან ქუჩაში…
    -მამააა!.. არემარე გააყრუა ქალის კივილმა, რომელიც სულ იმავე წამს დაძრულმა, ავტობუსის ხმამ შთანთქა.
    შუა გზაში მოვიდა გონს. ფანჯარასთან იჯდა, გვერდით ვიღაც შაოსანი ქალი ეჯდა, წყლიანი ბოთლი ეჭირა ხელში და სველ და ცივ ხელს, შუბლსა და ლოყებზე უსვამდა ნატოს.
    ფანჯარაში გაიხედა, გრილი ნიავი ესიამოვნა. მამა გაახსენდა, მტვრიან ქუჩაში დატოვებული მამა.
    აქვითინდა…
    ცრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე, ნიკაპზე, მერე ქვემოთ მიედინებოდნენ და კალთაში ჩაწყობილ, ლამაზ თითებზე ეპკურებოდნენ.
    სტიროდა მამას, რომელიც უპატრონოდ დარჩა ქუჩაში. სტიროდა ლუკას, რომელიც იარაღით ხელში დატოვა სოფელში და რომლის სიცოცხლეც ყოველ წამს ბეწვზე ეკიდა. ტიროდა მშობლიურ სოფელს, უველაფერს ტიროდა, ყველაფერი ენანებოდა…
    ახლა კი, არის მარტო ამ ბინაში, რომელიც ბიძაშვილმა დაუთმო ამ ცხრა წლის წინ. მერე სამსახურიც იშოვა სკოლაში და ბავშვებთან ურთიერთობა ცოტათი მაინც ავიწყებდა-ხოლმე საკუთარ ტკივილს. თუმც მაინც ხშირად ახსენებდა თავს წარსული და ცრემლებად იღვრებოდა.
    ძალიან აინტერესებდა ლუკას ამბავი, რომელიც მშობლიური სოფლის დატოვების შემდეგ, არასოდეს უნახავს, არც რაიმე სმენია მასზე.

               x    x    x
წარსულზე მოგონებებში შემოათენდა. საათმა რვაზე დარეკა. ერთ საათში გაკვეთილზე უნდა ყოფილიყო.
    სულ რაღაც ნახევარ საათში უკვე კიბეზე ეშვებოდა ჩვეული სიდინჯით და როგორც ყოველთვის, საფეხურებს ითვლიდა, ვინ იცის მერამდენედ.
    ეზოში მეზობლის პატარა გოგონა, ნანიკო შემოეგება. ნატოს ყველა ბავშვი ერთნაირად უყვარდა, ისინი ერთმანეთისაგან არასოდეს გაურჩევია, მაგრამ 4 წლის ნანიკო, რაღაც განსხვავებულად შეუყვარდა. ბავშვიც, ნატოს გარდა არავის ეკარებოდა. ნატოს გამორჩეულ სიყვარულს, ისიც სიყვარულითვე პასუხობდა.
    ხანდახან, როცა ნატო სახლში იყო, ნანიკო ესტუმრებოდა და ისე ეტიტინებოდა, ნატოს კიდეც გადაავიწყდებოდა ხოლმე თავისი დარდები. ალბათ ამიტომაც იყო, ნატო ნანიკოს ნათლიად რომ აირჩიეს.
    ნანიკო ახლაც ტიტინით შეეგება ნატოს.
    -სად მიხვალ? სკოლაში? მალე ხო მოხვალ?
    ნატომ ნათლული ხელში აიყვანა, ქერა კულულებზე ეამბორა და ძირს დასვა. მერე ჩანთიდან შოკოლადი ამოიღო და გაუწოდა. ნატოს ყოველთვის ქონდა ბავშვისათვის გადანახული საწუწკარი. ნანიკომ შოკოლადი გამოართვა. 
    -მადლობა, ნატო ნათლია.
    -წადი ახლა ნანიკო დედასთან, მე მალე მოვალ! თავზე ხელი გადაუსვა და სკოლისაკენ გასწია.
    ბევრი ნაცნობი და ბევრი უცნობი სახეები ხვდებოდა გზაში. მიდიოდა ჩაფიქრებული და ყურს უგდებდა მდინარის ხმაურს.
    რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ. მაშინ 24 წლის იყო. ცხრა წელიწადი აშორებდა იმ ავადმოსაგონარ დღეს… ეჰ, ლუკა, ლუკა…
    ფიქრებიდა ხმაურმა გამოიყვანა. უკვე სკოლას მიახლოვებოდა. ბავშვების ყიჟინა აყრუებდა იქაურობას, სიცოცხლე დუღდა სკოლაში.
    ჩვეული სიდინჯით ჩაატარა გაკვეთილები. დღეს რაღაცით კმაყოფილი და ნასიამოვნები იყო ბავშვებისაგან. კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ და ბავშვებზე ფიწრობდა. ახლა იმასაც ვეღარ ამჩნევდა, იმ ნაცნობსახიან მამაკაცს რომ უახლოვდებოდა და მალე გვერდს ჩაუვლიდა, მაგრამ…
    მამაკაცმა თვითონ შენიშნა იგი და როდესაც ნატომ ჩაუარა, თვალი გააყოლა მას.
    სახეზე გაკვირვება ეხატა. ,,ნუთუ ის არის?“ ფიქრობდა კაცი.
    ბოლოს ცდუნებას ვერ გაუძლო, ჩქარი ნაბიჯით ქალს რამოდენიმე მეტრით წინ გადაუსწრო, შემობრუნდა და მისკენ მომავალს დააკვირდა. თვალები სიხარულით აენთო, ეჭვები სიხარულით აენთო და პირდაპირ მის წინ დადგა. 
    ქალმა სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. ფიქრებიდან გამოერკვა და შეშფოთებულმა მიანათა თვალები.
    -ნატო!-აღმოხდა მამაკაცს.
    და ნატომ, ლუკა  იცნო...დიახ, ნამდვილად იცნო ახლა ეს ,,ნაცნობსახიანი“ მამაკაცი. სიტყვას ვერ პოულობდა, ანდა რა უნდა ეთქვა?
    მკერდზე თავი მიაყრდნო და აქვითინდა.
    ვინ იცის, რისი იყო ახლა ეს ცრემლები. იმ წუხილის, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში თან სდევდა, თუ იმ სიხარულის, რომელიც ქუჩაში იპოვა ამ საღამოს, სკოლიდან მომავალმა.
    ქუჩაში კი ხალხი ირეოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი