რა იცოდა?


მოხუცი იყო, ძალიან მოხუცი და ბეჭებში მოხრილი. ისეთი მოხრილი იყო, დედაჩემმა ძლივს გაასწორა მხრებში, კაბას რომ უკერავდა.
    მე მაშინ ბავშვი ვიყავი და მიკვირდა, ასე რატომ უჭირდა მხრებში გაშლა. ვუცქერდი და ჩუმად მეცინებოდა. მოხუცმა შემამჩნია, თვითონაც გაეცინა და მითხრა:
    -იცოცხლე, შვილო, დიდხანს იცოცხლე. ღმერთმა ჩემზე დიდხანს გაცოცხლოს, დაგაბეროს და გაგახსენდები მერე… ეხ, ძნელი ყოფილა ეს ოხერი…
    მე თავი დავხარე და ცოტა არ იყის მეწყინა კიდეც. ვიფიქრე, ,,ეს რა მითხრა, რატომ უნდა დავბერდე მეთქი?“
    რა ვიცოდი მაშინ, რა მითხრა იმ ქალმა.
    ახლა კი ვხვდები, ვხვდები და გული მწყდება, თვითონ რომ აღარ არსებობს.
    მერე..
    მერე მიკვირდა, გულში ვფიქრობდი: „უკვე მოხუცია და რაღად უნდა ნეტავი, ამ ახალ კაბას რომ იკერავს, სადმე წავა ვითომ?“
    მოგვიანებით მე ამაზეც დამწყდა გული და ჩემს თავზე გავბრაზდი: ,,მე რომ მაშინ ასე არ მეფიქრა, იქნებ კიდეც გასულიყო ის ქალი იმ ახალი კაბით სადმე ასე მალე არ გარდაცვლილიყო?..“
    მოხუცი ერთ კვირაში გარდაიცვალა.
    ისე მშვიდად იწვა და დაეკრიფა გულზე ხელები, თითქოს მთელი ცხოვრება ასე ჰქონდა გატარებული და თავისი ცხოვრების მანძილზე არც არავია დალაპარაკებია.
     მილეთია ხალხი მისთვია მოსულიყო. ის კი იწვა არხეინად, იწვა და არავის  ყურადღებას არ აქცევდა. თითქოს მას არც ეხებოდა არაფერი… არადა ყველაფერი მის გამო ხდებოდა.
    უცებ თვალები გამიშტერდა…
    ,,აი თურმე სად მიდიოდა და რისთვის სჭირდებოდა ახალი კაბა…“
    ,,რა იცოდა ნეტავი?...“
    მაგრამ მე მაშინ ბავშვი ვიყავი და ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი