უკვდავების მაძიებელი


სამზარეულოს მაგიდასთან ორნი ისხდნენ: საშუალო ტანის, გამხდარი, საფეთქლებთან ოდნავ შეჭაღარავებული, ორმოციოდე წლის, ლამაზი პირისახის მამაკაცი და საშუალოზე ოდნავ დაბალი, თეთრად თმაშეღებილი, ოცდათხუთმეტიოდე წლის ქალი. წინ ცხელი ყავით სავსე ჭიქევლბი ედგათ და არცერთს აზრად არ მოსდიოდათ, რომ ის გაცივებამდე უნდა დაელიათ. სიჩუმე ქალმა დაარღვია. ყავა მოსვა, თვალები კაცს გაუსწორა და ჰკითხა:
    -მირიან! იქნებ მითხრა, რატომ დამირეკე, სასწრაფოდ მოდიო?!
    კაცმა ნერვიულად მოსვა ყავა, მაგიდაზე თითები აათამაშა და დიდი ხნის დუმილის შემდეგ, პასუხი აღირსა.
    -მომბეზრდა, ნინო! ყველაფერი ის მომბეზრდა, რასაც ვაკეთებ!.. ფეხზე წამოდგა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, გაიარ-გამოიარა და განაგრძო:
    -ყოველდღე ვიღაცა უნდა გავამწარო, ვიღაცას რაღაცა მოვპარო, წავართვა, მერე მთელი დღე გულგახეთქილი ხან აქეთ ვიმალო, ხან იქეთ, რომ თავს არავინ წამომადგეს და ისევ ,,იქ “არ ამოვყო თავი…  ცხოვრება მომენატრა, ნინო! ნამდვილი ცხოვრება! ღამე რომ გემრიელად დავიძინებ საკუთარ სახლში და იმის შიშით,  ,,თავს არავინ წამომადგესო,“  თვალებდაჭყეტილი არ ვიქნები.
    ნინო გაოცებული მიშტერებოდა და ვერაფრით აეხსნა, რამ განაპირობა, მირიანის ასე უცებ შეცვლა.
    -მირიან!-ქალი ფეხზე წამოდგა, მირიანს წინ დაუდგა, თვალებში ჩახედა. მირიანის თვალები ნოტიო  და ძალიან უმწეო ეჩვენა. არა, კი არ ეჩვენა, ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ რატომ? ეს ვერ აეხსნა. ნინო პირველად ხედავდა, მირიანის ასეთ საბრალო თვალებს. -არ ვიცი მირიან, ასე რამ შეგცვალა,-გააგრძელა ქალმა.-მაგრამ ძალიან მოხარული ვარ ყველაფერ იმაზე, რასაც შენ ამბობ. ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ვერ გამიგია, მე რა საჭირო ვიყავი, რისთვის დამიბარე?
    ქალი იმ სკამზე დაჯდა, სადაც წეღან მირიანი იჯდა, თვალები ფანჯარას გაუსწორა და ისევ განაგრძო.
    -გატყობ, რაღაც სხვა გაქვა სათქმელი და რა, არ ვიცი. რატომ არ ამბობ? მითხარი, რა გინდა?
    -სიცოცხლე მინდა, ნინო! კაცმა მარჯვენა ხელი ამოიღო ჯიბიდან და იმ ხელით კედელს მიეყრდნო.-აქამდე არ მიფიქრია, რომ ოდესღაც უნდა მოვკვდე. წუხელ, ისე ამეკვიატა ეს ფიქრი, რომ უკვდავი არა ვარ და ოდესღაც მოვკვდები, კინაღამ შევიშალე… ნინო… მირჩიე, რა ვქნა, ნინო!  უკვდავება ხომ არ არსებობს, სიკვდილი გარდაუვალია. მე არ მინდა სიკვდილი, არ მინდა, ჩემი ქვეყნად არსებობა, მივიწყებულ ზღაპარს დაემსგავსოს! მინდა, ქვეყნად სულ ვიარსებო, უკვდავივით. მირიანი უცებ დადუმდა.
    ნინო რომელიც ამ ხნის განმავლობაში გაშტერებული და გაოგნებული მისჩერებოდა მირიანს, ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. ანდა რა უნდა ეთქვა, რა უნდა ერჩია? მირიანმა ნინოს გვერდით სკამი გამოსწია და მასზე დაჯდა.
    -ნინო, მირჩიე, რა ვქნა?!.
    ნინომ სახეში შეხედა მირიანს. ისევ საწყალი თვალები ჰქონდა და ძალიან, ძალიან შეეცოდა იგი, მაგრამ ვერაფრით მოეფიქრებინა, რა ეთქვა მისთვის. ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო.
    -მირიან, წადი… წადი და უპატრონოდ მიტოვებულ, შენს მოხუც დედას მიხედე. იქ საქმეც გამოგიჩნდება. გულს გადააყოლებ, გაერთობი, მეზობლებს ნახავ, ნაცნობი ადგილები ბავშვობას გაგახსენებენ და ეგ აკვიატებული ფიქრები, თავისთავად მიგატოვებენ.
    მირიანმა თავი ჩაჰკიდა და დაფიქრდა.
    -ახლა კი წავალ, მეჩქარება! თქვა ნინომ და წასასვლელად გაემზადა.
    მეორე დილით, უთენია დარეკა მირიანმა ნინოსთან.
    -ნინო, ძალიან დიდი მადლობელი ვარ შენი. გმადლობთ, ნინო!.. აღელვებული საუბრობდა მირიანი.-წუხელ ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, ძალიან ჭკვიანური რჩევა მომეცი. მე დღესვე წავალ! კარგად იყავი. არ დაგივიწყებ!
    -ნახვამდის, მირიან!
    მირიანი სოფელში ჩავიდა და სულ მალე დაატყო თავისი ხელი ეზო-კარმიდამოს, მიტოვებულივით, საცოდავად რომ გამოიყურებოდა. აბა რა ექნა მის მოხუც დედას, იგი ვეღარ ერეოდა ამდენ საქმეს, ისედაც ჯან-ღონე მისუსტებული იყო სიბერისაგან.
    მუშაობდა მირიანი, დილიდან საღამომდე მუშაობდა. ხან რას გამონახავდა საქმეს, ხან-რას. გაჩერებულს ვერავინ ხედავდა. ყველას უკვირდა, მირიანის ასეთი შეცვლა, საკუთარ დედასაც უკვირდა, მაგრამ კითხვით არაფერს კითხავდა.
    იმ დროს, როცა მირიანი სოფელში ჩავიდა, სოფლის ცენტრში, ომში დაღუპულთა მემორიალის მშენებლობა მიმდინარეობდა. 
    ერთ დღესაც, გაიარა მირიანმა მემორიალთან, დაინტერესდა, ახლოს მივიდა და მთავარ, ყველაზე მაღალ სვეტთან შეჩერდა, რომელზეც მათი გვარები ეწერა, ვინც ამავე სოფლიდან ომში წავიდნენ და კერას აღარ დაბრუნებიან. კითხულობდა მირიანი მათ გვარებს და ნელ-ნელა სახე ექუფრებოდა. საკუთარი თავი დანაშაულში გამოიჭირა და ახლა საყვედურებით ავსებდა;-ნუთუ იმისათვის იბრძოდა ეს ხალხი, რომ აქ, მათი გადარჩენილი სამშობლო, ვიღაც ჩემისთანას წაებილწა, ექურდნა, ეპარა და სხვისი ოფლით ნაშოვნი ეჭამა?! არა, ამას თავს არასოდეს აპატიებს მირიანი!
    მერე თითქოს რაღაც გაახსენდა, ის დარდი, რომელიც სოფელში ჩასვლისთანავე შენიშნეს მეზობლებმა, თითქოს სადღაც გადაყარა, სახეზე ნათელი მოეფინა და იქვე, ფოსტისაკენ შეუხვია. ფოსტაში ჩქარი ნაბიჯით შევიდა. ღრმად სუნთქავდა. კარი შეაღო. დამხვდური ქალი გაკვირვებით მიაჩერდა,  უფრო მის სახეზე აღბეჭდილი ღიმილი უკვირდა. სალამიც არ უთქვამს, ტელეფონს ესცა სასწრაფოდ აკრიფა ნომერი.
    -მე ვარ, ნინო, მირიანი… კარგად ვარ ნინო, კარჰად. არაფერი არ მომსვლია. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა შენთვის, რომ მე მივხვდი, ყველაფერს მივხვდი და გმადლობ შენ, ამისათვის… ნახვამდის, ნინო!  მალე გნახავ.- ყურმილი ფრთხილად დადო ახლა უკვე დამშვიდებულმა მირიანმა და შუბლგახსნილი გამოვიდა ფოსტიდან.
    ძალიან კარგ გუნებაზე იყო. თითქოს პირველად ახლა იგრძნო, მშობლიური სოფლის სილამაზე. საღამოს ნიავმა დაჰბერა. მირიანს ესიამოვნა და პერანგის ზედა ღილი შეიხსნა.
    იმ ღამით, ბავშვობის შემდეგ პირველად ეძინა ასე ტკბილად და მშვიდად. სიკვდილის უკვე აღარ ეშინოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი