წყარო ცხობრებისა
ეპილოგივით (ნეტარი ავგუსტინე გვასწავლის:) ,, სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია, შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათ მიერ ნათელში, და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათ წიაღში შეღწევა მოსურვებიათ…“ „კანდელი“ x x x სულ მიკვირდა, რამ გადაარჩინა მაშინ მამაჩემი, გულის შეტევა რომ დაემართა. ისე ავადმყოფობდა მის შემდეგ, ისე, რომ… არა, ავადმყოფობაც არის და ავადმყოფობაც, მის გადარჩენაზე კი, აღარავინ ფიქრობდა… მე პატარა ვიყავი მაშინ… x x x მონათლული არ იყო. ამის გამო არასოდეს დაჰყავდათ მშობლებს ეკლესიაში. თუმცა მეორე კლასში ყოფნის დროს გამონაკლისის დაშვება აუცილებელი შეიქმნა. ამხანაგებს ვერ გამოსხლიტავდნენ, როცა კლასის დამრიგებელმა ექსკურსიაზე წასვლა გადაწყვიტა გელათის მონასტერში. ეს მისი პირველი გასეირნება იყო ამხანაგებთან ერთად. ემოციაც დიდი იყო მაშინ;-პირველად უნდა შესულიყო ეკლესიაში. საინტერესოა, როგორი იქნებოდა იგი შიგნიდან. თუმცა, ცოტა მშობლებისაგან, ცოტაც მასწავლებლისაგან-წარმოდგენა შექმნილი ჰქონდა. ზაფხული იდგა ჩვეულებრივი, მზიანი, ცხელი. შიგნით კი ოდნავ გრილოდა თითქოს. ამხანაგების უმრავლესობას მჷობლები ახლდნენ, ნანასაც დედა წამოჰყვა თან. როდესაც დიდიან პატარაიანად ყველამ სანთლები აანთო, ერთი სანთელი დედამ ნანასაც გაუწოდა და უთხრა: -ღვთისმშობლის ხატთან მიდი და უთხარი;-მამიკო მიმყოფე კარგად და გადამირჩინე თქო! -რომელია დედა ღვთისმშობლის ხატი, ა? -აგერ, შვილო. დედამ ხატთან მიიყვანა ნანა და თვითონაც იქვე დაიწყო ლოცვა. ნანა უხმოდ იდგა ხატის წინ და მამაზე ფიქრობდა. ისიც არ იცოდა, როგორ უნდა ელოცა, როგორ მიემართა თხოვნით ამ დიადი ქმნილებისათვის. ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოუგორდა ლოყებზე, ოღონდ ხმა არ ამოუღია. ანთებული სანთლით მლოცველ დედას კი ნანას გულისდუღილის არაფერი გაუგია, ისე იყო მეუღლესა და შვილებზე ლოცვით გარემოცული. ექსკურსიათმძღოლი რაღაცას უხსნიდა და უყვებოდა ბავშვებს. მას ერთი კუთხიდან მეორეში მიჰყვებოდნენ ბავშვები და სულგანაბულები უსმენდნენ. განმარტოებით მდგარი ამხანაგი კი არავის შეუმჩნევია. ყველაზე ბოლოს გამოვიდა გარეთ და იქვე, ეკლესიის წინ ჩაჰყვა ბავშვებს წყაროზე. წყალი მილიდან გადმოედინებოდა ძირს, კალაპოტს მიჰყვებოდა და იქვე, პატარა აუზში ჩაედინებოდა. ბავშვები, ჯერ ზურგშექცევით ყრიდნენ აუზში ხურდებს, შემდეგ კი წყაროსთან მიდიოდნენ და წყალს სვამდნენ. -დედა, ფულებს რატო ყრიან წყალში? იკითხა ნანამ. -აჰა, შვილო, შენც გადაყარე. ხურდები ჩაუყარა ხელში დედამ.-ასე ზურგით დადექი წყლისკენ, რამეს ჩაიფიქრებ და ფულს უკან ისვრი, თუ წყალში ჩავარდა, სურვილი აგიარულდებალ. ახლოს ნუ მიხვალ, უკან არ გადავარდე… ხო იცი რაც უნდა ჩაიფიქრო?! -კი დედა, ვიცი. x x x - მშვიდობა მამაო. -ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, შვილო -დამლოცეთ, მამაო. -ღმერთმა დაგლოცოს, შვილო. ემთხვიე ჯვარს. მოძღვარმა გულზე დაკიდებული ჯვარი გაუწოდა თავის სულიერ შვილს.-რამ შეგაწუხა შვილო? -მამაო, ამ ბოლო დროს, რაღაც შიშები დამჩემდა. ყველაფრის მეშინია;მარტოობისაც, ღამისაც, სიზმრებისაც, ყველაფრის. რა ვქნა მამაო? -მოუნანიებელი ცოდვა ხომ არაფერი გაქვს? -ვერ ვიხსენებ, მამაო. მოძღვარმა ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ამოიოხრა, მერე ხელი თავზე დაადო, ლოცვა ჩაიბუტბუტა და პირჯვარი გადასწერა. -აქაც გეშინია, ღვთისმშობლის ხატის წინ? -აქ არა მამაო, მარტო აქ არა. მოძღვარმა შუბლიდან კეფისაკენ გადაუსვა ხელი და თავზე აკოცა. -ნუ გეშინია, შვილო, სანამ მე გყავარ, ნუ გეშინია!.. -სხვა ხომ არაფერი გინდოდა შვილო? ჰკითხა, რადგანაც შეატყო, რაღაცის თქმას აპირებდა კიდევ. -შეკითხვა მაქვს, მამაო. -მკითხე შვილო. -მამაო, გელათში, წყაროზე რომ ხატია, რა ჰქვია იმ ხატს? -იმას წყაროცხოვრების ხატს ეძახიან. -და ეს ის ხატია? მარცხენა ხელით გულზე მიდებული ხატი ფრთხილად მოიშორა და მოძღვრისაკენ შეაბრუნა. მოძღვარი ლოცვითა და პირჯვრისწერით ემთხვია ხატს. ეს არია სწორედ… ამაზე ძირითადად ლოთებისა და ნარკომანებისათვის ლოცულობენ…. x x x გვიანი შემოდგომის ცივი დღე იყო. დილით ჟინჟღლავდა კიდეც, მერე გადაიღო, ცისარტყელამაც გამოშალა ფერადი ფეხები ღრუბლებიდან და ხალხიც გამოჰყვა ამინდს. ორნი ვიდექით თეატრის უკან, მე და ჩემი მეგობარი-ჟანა. ვიდექით და გელათში მიმავალ ტრანსპორტს ველოდებოდით. სიცივით აკანკალებულ-გალურჯებულები, ბეღურებივით აბუზულები ვიდექით ნაცრისფერ ასფალტზე და ჯიუტად ველოდებოდით… დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ისიც მოვიდა. შიგნით შევედით და ცოტათი სული მოვითქვით სითბოში. ჟანა პირველად მოდიოდა გელათში. მოკლედ ექსკურსიაზე მიმყავდა. იქ ასულს კი ყველაფერი ძირფესვიანად მოვატარე . ბოლოს კი წყაროზე მივედით. -ა, აქ პირველად რომ ვიყავი, ბავშვობაში, მაშინ მასწავლეს, რომ ამ აუზში ხურდა ფული უნდა ისროლო ზურგშექცეულმა და რაიმე ჩაიფიქრო, თუ ფული წყალში ჩავარდა , აგისრულდება. -შენ ჩააგდე მაშინ?- მეკითხება ჟანა და ჩანთაში იქექება, ხურდებს ეძებს. -კი ჩავაგდე. -მერე აგისრულდა? -ამისრულდა. ჟანა აუზისაკენ წავიდა. მე წყატოს თავზე დასვენებული ხატის წინ დავანთე სანთელი და ლოცვა დავიწყე. -მიდი, ახლაც ჩაიფიქრე. -ჟანა, ეგ ყველაფერი ხალხის მიერ გამოგონილია და ცრურწმენაა. თუმცა ადამიანები მოდიან და მაინც აკეთებენ იმას, რაც ჩვევად აქვთ გადაქცეული. - აბა, ცრურწმენა თუა, ხომ აგისრულდა მაშინ? დაეჭვებული მიყურებს გვერდიდან. ,,ძალა მინდა, ღმერთო, ძალა და ნიჭი იმისა, რომ დავაჯერო ადამიანი ჭეშმარიტებაში და გასაგებად ავუხსნა სათქმელი.“-ვფიქრობ მე. ის კი მოდის და ჩემა წინ ჩერდება, კითხვით სავსე თა იდან ბოლომდე. -ჟანა, აი ეგ, ხურდია ჩაგხების დროს აურვილის ჩაფიქრება, მაშინ მართალი და სასწაულმოქმედი მეგონა. ნამდვილი სასწაული კი მაშინ წყაროცხოვრების ხატმა მომივლინა. ალბათ მიხვდა უმეცარი გოგოს არცოდნას და შემიცოდა. ჩემი ლოცვა და წმინდა გულით ნანატრი სურვილი დღემდე მამაჩემია სახით მაქვს მორთმეული… ასე მწამს მე! ჟანამ აუზში ჩაიხედა. -ჩემი ფული აგერ გდია… მერე სად მიდის ეს ფულები აქედან? -რა ვიცი, ალბათ ამოიღებენ და უქონლებს დაურიგებენ… x x x შემოდგომის ცივი საღამო იყო. ორი სანთელი ენთო წყაროცხოვრების ხატის წინ- ერთი შუამდე ჩამწვარი, ერთიც ახლადდანთებული..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი