ნაკერპავი ქონგური


ნაკერპავი ქონგური გულზე ლოდად მაწვება,
ნაბოლარა მზის სხივი მიაკვდება აღმართებს,
მოწყენილი კავშირი თუ დიდი ხნით გაწყდება,
არმაზის წინ ბავშვების სუფთა სისხლი რაღადებს.
მთის გადაღმა ვაგონებს გარინდება მიყვება,
მიტოვებულ საყდართან ცამ ტირილი ინება,
შენი რწმენა უფალო ახლა უფრო მჭირდება,
თუ დანახვა არ ვიცი მაინც ნუ გეწყინება.
მინდა გულით მოვიდე ნაკერპავი ბაღიდან,
ხეს შერჩენილ იუდას მოვარიდო თვალები,
ოღონდ ხელი ჩამკიდე ჯოჯოხეთსაც ავიტან
რომ მიპოვო ტკივილზე ჩამომკიდე ზარები.
თუ მიპოვე მითხარი, სიხარული შემცივდა,
როგორ მინდა მიწოდო ბოლო ჟამის მუშაკი,
ძარღვისფერი გოლგოთა ამაგლიჯეს ფერდიდან
მე ვიქნები ჯვარცმული ღამეების გუშაგი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი