სერაფიმერა


თეთრი ღამის საფარში, მთვარის ცეცხლით ნაფარში,  
თითქოს არსის ნაკადში გაქრა არსის აზრები! 
ჯოჯოხეთის წლებიან სულნი აღარ კვდებიან, 
აღარ გაისმებიან აღარასდროს ზარები! 

ტბა ისეთი კამკამა, თეთრი ალით ლაპლაპა 
ტყის სიღრმეში ჩაფლულა მთათა გარემოცვაში! 
სიოც კი არ აწუხებს არც ტბას, არც მთას, არც ხეებს! 
კიდევ ასეთს ინატრებს გული ღამის ლოცვაში! 

ამოუცნობ ჰანგებად თითქოს სევდა ალდება, 
რაღაც უცხო ნათება სულს ამაღლებს და ლოცავს! 
სიფრიფანა ლანდებად მოსჩანს ღამის ზმანება, 
შეუცნობი ღვთაება სულს იზიდავს და ტოკავს! 

დაასრულე უდაბნო უსასრულო ზღაპარო,  
ჩემი ლურჯი სამყარო მასთან არაფერია! 
ისე აღმამფრენია ვერ წარმომიდგენია  
ეს თუ თეთრი ცეცხლია აქ ხომ ყველა ფერია! 

თითქოს ცეცხლი ცოცხლობდეს, მთვარის შუქზე ქრთებოდეს,  
ჰაერში ნავარდობდეს ღვთაებრივი გრძნებებით! 
თითქოს ცეცხლი ცეკვავდეს, არე მარეს ყინავდეს, 
მთვარის ზვირთებს სცურავდეს ზღაპრულ საოცრებებით! 

ზღაპრულ საოცრებების უსასრულო ფერებით 
მოკაშკაშე დღეები ერთ წამში ჩაატია! 
წაღმა დაატრიალა სულის ორომტრიალი, 
მისი ერთი ფრიალი ფიქრმა ვერ დაიტია! 

მისი ხილვის სიამე მე ვერაფრით ვიწამე,  
ემპირეა ვით ღამე მომეჩვენა პატარა! 
უსაზღვრობის საზღვარი, სულზე ნაზი სიზმარი, 
ზეცის თბილი ზამთარი ლანდად გადამატარა! 

ამას ვინ დაიჯერებს, ამას როგორ ვიმღერებ,  
როგორ შევქმნი სიმღერებს ვინმეს რომ დავაჯერო... 
ნეტავ ზეცამ გამანდოს, საიდუმლო მომანდოს,  
ლურჯი შუქით ამანთოს რომ ცა გადავაჯერო! 

საღვრთო გარემოცვაში, წმინდა შუქის ლოცვაში, 
დაადნო ჩემს ხოცვაში მისი მომსწრე ქიმერა! 
მზად ვარ სული ძლიერი, როგორც ალიგიერი, 
რომ მიყვარდეს ციერი ჩემი სერაფიმერა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი