მათთვის ვინც ყველაფერი იცის (ფიქრები) - ნაწილი I


1. არსებობს დიდი გონიერება, რომელიც მატერიალური თუ ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად ბედნიერებას ანიჭებს ადამიანის გულს და ეს გონიერება ღმერთთან ერთობაა.
2. გონიერება სიმართლის მოქმედთანაა, რადგანაც სიმართლის მოქმედი ღვთის რწმენით ვხდებით.
3. არსებობენ სიმართლის მთქმელი სულელნი, რომელთაც არ იციან სად და როდის ილაპარაკონ და ამით იგივდებიან ბოროტმოქმედებთან.  
4. რაც არ უნდა ბრწყინავდეს დღე მაინც ბნელში ზიხარ თუ ნათელი გონების შუქი არ არის შენი წინამძღვარი, ისევე როგორც რაც არ უნდა ბნელოდეს ღამე, მაინც ნათელში ხარ თუ ნათელ გონებას ფლობ.
5. ხანდახან თუ უბრალო შეკითხვები არ დასვი, ვერც შორს წახვალ და ვერც მყარად დადგები ფეხზე, რადგან ამ კითხვებზე გაცემული პასუხები ცოდნას გიმყარებს.
6. თუ უზენაეს ჭეშმარიტებას არ ზიარებიხარ და ისე მიგიღია ცოდნა, მერყევი, არამტკიცე ადამიანი ხარ, რადგან შენი შეძენილი ცოდნა სავსეა შინაგანი წინააღმრდეგობებით.
7. ვინც შვილს უნერგავს ყველას აჯობოს, ამით მასში ურჩხულს ზრდის, რომელიც ადრე თუ გვიან მასვე ავნებს.
8. თუ არ არის კეთილი ნება ამა თუ იმ საკითხის ობიექტურად განხილვის, მაშინ ყოველთვის მოძებნიან რაიმე საწინააღმრდეგოს, რომ გეკამათონ.
9. გონიერება მაშინაა ცოცხალი თუ ბრძოლად აღგძრავს, რათა საბოლოოდ დაამარცხო სულის მრავალგვარი მანკიერი თვისებები.
10. რა უნდა იყოს იმაზე უფრო მოსაფრთხილებელი, როგორიც სხეულის და სულის ჯანმრთელობაა, რადგან ამითი შევიგრძნობთ ყველაფერს, რისთვისაც ღირს ცხოვრება.
11. არ შეგვიძლია მუდმივად ვაიძულოთ ჩვენი ბოროტი ნება, ზოგჯერ, თითქოს მიძინებული, ის ისევ იღვიძებს, მაგრამ თუ სინდისის ყურის გდებამდე, ლოცვამდე და ღვთის სიტყვის ძიებამდე მივალთ, სიმართლეს უფრო დავაფასებთ, რაც საკუთარი ნებით, ბოროტებასთან ჩამოცილების ძლიერ სურვილს გაგვიჩენს, მაგრამ ძლევისა და შემდგომი სტაბილურობისთვის, ღვთის საეკლესიო საიდუმლოებები, როგორიცაა სინანული, ცოდვის სახეობათა აღსარება, ზიარება და ა.შ. საკურნებლად წაადგება სულსა და სხეულს, რადგანაც ღმერთთან შეხება, ჩვენივე რწმენის შესაბამისად სიღრმემდე აშუშებს წყლულებს.
12. უსიამოვნებაში რომ არ გაეხვე უწინარეს შენს ფიქრებში გმართებს აღვირის დება, მიეჩვიე ფიქრს და უკელი საუბარს, რადგან ეს უკანასკნელი თუ არ აკონტროლე, სიქას გაგაცლის ან ხიფათში გაგხვევს.
13. თუ სუფთა ცხოვრებას შევიყვარებთ, სინდისიც დამშვიდდება და იმაზე უფრო ბედნიერი იქნები, ვინაც თუნდაც ყველაფერს ისრულებს, მაგრამ სინდისი აფორიაქებული აქვს.
14. როდესაც ვინმე უსამართლობით ცდილობს შენზე გავლენა იქონიოს, მიუხედავად იმისა რაც არ უნდა მხნედ გამოიყურებოდეს, მაინც დიდი უპირატესობა გაქვს, რადგანაც შენთანაა შენი სიმართლე, რომელსაც შენი სინდისი და ადრე თუ გვიან შენი მოწინააღმრდეგის სინდისიც დაემოწმება.
15. ნუ შეუშინდები ადამიანებს, მაგრამ გონიერება გმართებს, რომ საუბარი კამათში არ გადაიზარდოს, კამათი კი თავ-პირის მტვრევაში.
16. ხშირად მარტო რჩება სიმართლე და მრავალი ამტყუნებს მას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანს, რომელსაც ჯერ არ გამოუძიებია ჭეშმარიტი ღმერთი,  სხვა სიმართლე აქვს, რომელიც ვერ ცდება მიწიერების ფარგლებს, ღვთისმოყვარის სიმართლე კი საკითხს რწმენის მიხედვით განიხილავს.
17. არსებობს სიმართლე, რომელსაც სინდისი გკარნახობს, მაგრამ არსებობს სიმართლის ბოროტებისთვის გამომყენებელიც, ანუ სიმართლის ნიღბით შენიღბული უსინდისობაც.
18. გინდა უბრალო ცხოვრება, აუცილებელი საჭიროებები, არ გინდა ამსოფლიური დიდება და პატივი, რადგან იცი რა შეიძლება დაგიჯდეს ეს ყველაფერი, ხვალ კი არავის ემახსოვრები, მაგრამ ვინ დაგიჯერებს ამას ღვთის მოშიშის გარდა და შემოგცქერიან როგორც უიღბლოს.
19. ზომიერება ყველაფერში, ცხოვრებას ნაკლებად მოსაწყენს ხდის.
20. ზომიერება სულის და ხორცის ჯანმრთელობის მსახურია.
21. იმ ძალისხმევაზე მეტს რაც ზომიერების დაცვას სჭირდება, თითქმის ყოველთვის, უზომობით გასაჭირში ჩავარდნის გამო გადატანილი მწუხარების დათმენას ვანდომებთ.
22. მიმაჩნია, რომ საკუთარი თავი ზომიერების დასაცავად იძულებას უნდა მივაჩვიოთ.
23. თუ ვინმემ ზომიერების დაცვა ისწავლა, იგულისხმება კვება, სასმელის მიღება, ფიქრი, საუბარი, შრომა, ვარჯიში, გართობა და ა.შ. ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული ღვთისაგან, ეს მისთვის უდიდესი მონაპოვარია.
24. ხანდახან ხმამაღლა უნდა წარმოთქვა რჩევა, რომელსაც მისცემდი სხვას, დახმარება რომ ეთხოვა ამა თუ იმ გართულების დროს, რაც ახლა თავად გაწუხებს, ეს ძალიან დაგეხმარება, დაბრკოლების გადალახვაში.
25. ნუ აყვები ცდუნებებს, იმას რაც საძრახისია, რაც სინდისის ქენჯნას იწვევს და ღვთისა თუ ადამიანთა თვალში სამარცხვინო საქციელი იქნებოდა, თუ მაინც შეცდი, გამუდმებით უნდა ფიქრობდე როგორ დააღწიო თავი, რადგან არავინ იცის როგორი იქნება ხვალინდელი დღე, სინანულით უნდა ევედრებოდე ღმერთს დახმარებისთვის, რაც აღსარებამდე და წმინდა ზიარებამდე მიგიყვანს, რადგანაც ამაშია დაავადებული სულის კურნება.
26. მნიშვნელოვანია ცხოვრების წმინდად დაცვა, ზომიერება, რათა არ მოვწყდეთ უფლის გზას, რადგანაც შესაძლოა წლები ისე დაკარგო, რომ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო.
27. ძნელია ადამიანების გაცნობა, ცოტაა ნამდვილი, უანგარო ურთიერთობები.
28. გახსოვდეს, რომ ზოგჯერ მომღიმარი და ხალისიანი სახის უკან არაკეთილმოსურნე იმალება და პირიქით, მოწყენილი სახის უკან შენი გულშემატკივარი.
29.  ის, რომ შენ სიბოროტის ჩადენა არ შეგიძლია არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ასეთია.
30.  ის, რომ შენ სიკეთის კეთება არ გიყვარს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ასეთია.
31.  სირცხვილია სიძულვილი და სხვაზე მაღლა თავის დაყენება, არაფერია თავმდაბლობაზე და სიყვარულზე ლამაზი.
32. არაფერია იმაზე ჭკვიანური, რომ შეძლებისდაგვარად ისე მიენდო იმ სიკეთეს რასაც სინდისი გკარნახობს და რასაც არ ეწინააღმრდეგება სიტყვა ღვთისა, როგორც ღმერთს.
33. რაც არ უნდა აგვიანებდეს შედეგი სიკეთის გზაზე, ამას ყურადღება თუ მიაქციე, ეშმაკის მახეში იწყებ გაბმას, ადამიანისთვის ის სიხარულიც ბედნიერებაა, რასაც სიკეთის კეთების დროს განიცდის.
34. ბევრად უკეთესია ლოცვაში დაგეხარჯოს ენერგია, ვიდრე იმ გაუგებრობაში, რასაც მორყეული სული ჩადის და ამითი იქანცება.
35. ყველაზე მართალი მაშინ იქნები თუ არ განიკითხავ სხვას, მაგრამ თუ ჯერ ამ შეგნებაში არ იმყოფები, მაშინ როდესაც დახმარებას გთხოვენ, მადლიერ ადამიანს ისე უნდა დაეხმარო, როგორც თანასწორს, რადგანაც იცი, თუ დაგჭირდა მისგანაც თანადგომას მიიღებ, უმადურ ადამიანს კი ისე, როგორც არაფრის მქონე მთხოვნელს და აღარ გექნება წყენა სიკეთეს რომ დაგივიწყებს.
36. ვინ არ ყოფილა უზნეო, უსამართლო, სულელი, სუსტი, მშიშარა და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ, მაგრამ ყველას აქვს შანსი გახდეს ძლიერი და სუფთა.
37. თუ მთელი ცხოვრება სინდისს ახშობ და არ ბრუნდები ღმერთისკენ, ემსგავსები დამნაშავეს, რომელიც თავისი ფეხით მიდის საპყრობილეში ანუ გარდაცვალების შემდგომ მოსალოდნელ სატანჯველში.
38. დაფიქრდი, რამდენი ადამიანი მოსულა ამ ქვეყნად, გაიაზრე რას ნიშნავს მილიარდები, ჩაიკარგე ამ ციფრებში, როგორც ქვიშის მარცვალი ოკეანეში. გაიაზრე, რომ ღმერთი მდიდარია, როგორც ყველა თავისი ქმნილებით, ასევე მათი რიცხვითაც, ვისაც მისი რწმენით თავი გადაურჩენია. ის, რომ მას უყვარხარ, არ ნიშნავს, მისი რწმენისა და მორჩილების გარეშე გადარჩენას. იქნებ, ასე მაინც მიხვდე, რომ საკუთარ მეს განუზომლად ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებ, მაშინაც კი, როდესაც ხშირად, როგორც საკუთარ, ასევე სხვათა მაგალითზე, ცხოვრება სრულიად საპირისპიროს გიმტკიცებს.
39. ცხადია რომ, ჩვენი ესოდენ ნაფოფინები სხეული, საძაგელი ჭიის ლუკმად უნდა იქცეს, იმის ნაცვლად, რომ ეს წყევლად ჩავთვალოთ, ცხოვრებისეულ კანონზომიერებად ვთვლით, თუმცა ამისიც რომ არ გვჯერა თავადაც არ ვუწყით.
40. მიწიერი ადამიანი თუ ობიექტურად იმსჯელებს, მან დარწმუნებით არაფერი იცის, არცერთი მიმართულებით, მაგრამ ნაცვლად ობიექტური ძიებისა, უმრავლესობა მაინც ისეთ გზას ირჩევს, როგორიც მას აწყობს, როგორიც მას სიამოვნებს, რაც შეცდომაა და გამორიცხვა იმისა, რომ კაცობრიობისთვის ღვთისაგან მოცემულია საერთო ცხოვრების წესი, როგორც დიდი ალბათობით არსებული რეალობა.
41. ის რასაც ცოდვას ვეძახით ღმერთისგან განშორებაა და იმ სასმელს წააგავს, რომელიც დასალევად ტკბილია მაგრამ მომწამვლელი.
42. ყველა საქციელი დასაგმობია, რომელიც შელახავდა ჩვენს ღირსებას, მსგავსად, რომ მოგვქცეოდნენ.
43. თუ არ გწამს, სწორ გზას ხარ აცდენილი და გული გაქვს დასვრილი, თუ გული გაქვს დასვრილი, სინდისი გაწუხებს, თუ სინდისი გაწუხებს, ჯერ კიდევ სული ცოცხალი გაქვს, ნუ მოკლავ მას, ნუ ჩაახშობ სინდისს, არამედ შეინანე.. რა შეიძლება შეგემთხვეს ამაზე რეალური, რომ მოექცე ღმერთისკენ? თუ, ფიქრობ, რომ მიცვალებული გამოგეცხადოს, ან თავად უფალი? და როდესაც გამოცხადებულები უკან გაბრუნდებიან, რას გამოიწვევს შენში მომხდარის განცდა? გიფიქრია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს უცნაურ მოვლენად ჩათვლიდი? ან იმაზე, თუ რატომ არ გამოადგათ დასაწყისისთვის საკეთილოდ, ადამს, ევასა და მათ შვილ კაენს, ღვთის რწმენა? მაშინ როდესაც აბელი, მათი მეორე შვილი რწმენისა და კეთილ მორჩილების გზით წავიდა, რაც არის გულის სისუფთავე. გამოდის არც ამ სიახლოვემ უშველა პირველ ადამიანთა უმრავლესობას, გარდა ამისა აქ უმთავრესი ისიცაა, რომ მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ცოდვით დაცემული ბუნების მქონე ადამიანისთვის თავისუფალ არჩევანს იძულებითს გახდის, ანუ წრფელი გულით ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას, რადგან ვინ მისცემს, თავისი ნებით, ურჩსა და ცოდვის მიმღებ დაავადებულ გულს კურნებასა და კეთილი არჩევანის ნამდვილ სურვილს, არამედ გადაწყვეტილებას თუ მიიღებ, მიიღებ შიშის გამო, რადგან მანამდეც არ გქონდა ღვთისა და მისი სიკეთისკენ სწრაფვა, ამიტომაცაა ნათქვამი (ოღონდ აქ ციტირებას არ ვახდენ) ვისაც ღვთის სიტყვა, საკუთარი სინდისი და ეს ხილული სამყარო არ ყოფნის გამოსაფხიზლებლად, მათ საკუთარი თავი ნებით შეუწირავთ, ნეტარ მარადიულ სიცოცხლესთან შედარებით წუთიერი სიამოვნების სანაცვლოდ და მათ არც უცნაური მოვლენა უშველით, რათა საბოლოოდ დაადგნენ ღვთის სათნო გზას, რადგან ჯერ კურნება გვჭირდება და გვყავს მკურნალი, შემდეგ კი, გასუფთავებული გულის ბუნებრივი არჩევანი აუცილებლად ღმერთი და მისი სასუფეველი იქნება.
44.  სინანული სულში სიბინძურის მოცილების წყურვილია და მასზე წუხილი, რადგანაც სწორედ ეს სიბინძურე გვაცილებს ღმერთს.
45. ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს, რაც მის ინდივიდუალურ განათლებას ეყრდნობა, მოგვწონს თუ არა პატივი უნდა ვცეთ, მოსმენით მაინც, მითუმეტეს, რომ ჩვენც იგივეს წარმოვადგენთ მისთვის, როგორც განსხვავებული აზრის მატარებლები.
46. გაჩუმდი ნუ ტრაბახობ, გაჩუმდი და უბრალოდ დააკვირდი თუ რაში გჭირდება ამდენი ტყუილი, ღირს კი საკუთარი თავის სიძულვილის განცდის ფასად მიღებული საზღაური.
47. გაჩუმდი, ნუ გეშინია, შეგრცხვეს, რომ ასე ხშირად მხოლოდ შიში გალაპარაკებს.
48. როდესაც ნანობ ჩადენილს, მაგრამ მაინც იგივე შეცდომებით ცხოვრობ და ასე ხშირად მეორდება, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ძალები უძლურია გამოსასწორებლად, ამიტომაც სარწმუნოა სიტყვა რომელიც ამბობს, რომ უფლის დახმარების გარეშე ჭეშმარიტი სიკეთით ცხოვრება არ შეგვიძლია.
49. იმდენი განსხვავებული ნიჭის მქონე და ცნობილი ადამიანი არსებობს ჩვენს სინამდვილეში, რომ საინტერესოც აღარ არის რაიმეთი გამოირჩეოდე, რადგანაც ამ მასაში ისე გაითქვიფები, რომ მაინც  შეუმჩნეველი გახდები, მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის თუ რამდენად დადებით როლს შეასრულებ საზოგადოების ცხოვრებაში.
50. ნუ გაამართლებ ნურაფრით ჩადენილ ცოდვას და დავიწყებას ნუ მისცემ მას, არამედ მიდი ღმერთთან აღსარებაზე და შეინანე ჩადენილი, შემდეგ კი მისგან აღჭურვილი ძალით გააგრძელე, უკვე მართლაც ღირსეული ცხოვრება.
51. ადამიანის ცხოვრებას მუდმივად გასდევს შინაგანი მოწოდებები, რწმენისკენ, პატიოსნებისკენ, ბოროტის მოძულებისკენ, ჭეშმარიტების ძიებისკენ, მაგრამ ხშირად ადამიანი, სწორ გზაზე მდგომების ნაცვლად, მაინც გზააბნეულებისკენ იყურება და ამითი თითქოს პასუხისმგებლობასა და რწმენას იქარწყლებს, რაც მწარე შეცდომაა.
52. თუ ეძიებ არა ღმერთს, არამედ მის საწინააღმრდეგოს, ისეთს ვერაფერს იპოვი, რომ სინდისი დაიმშვიდო, იპოვი რაღაც ბურუსით მოცულ მიზეზებს და ნაპოვნის შესაბამისად, რაღაც სხვა რამის ,,რწმენაში” ჯიუტად გამყარდები, მაგრამ აზრით ბოლომდე ვერაფერს ამოხსნი და დასაყრდენის მხვრივ, თუმცა ძალიან არასანდოს, მაგრამ რაღაც დონეზე იპოვი იმას, რასაც ეძიებ, მაგრამ მთელი შენი ძიების გზა საძირკველშივე მცდარი იქნება, რადგან თუ დღეს არა, ხვალ მაინც დაგჭირდება ის, რასაც საკუთარი სინდისი გკარნახობს, როგორც ყველაზე ობიექტური და მართალი გზის მაჩვენებელი და ეს გზა მხოლოდ ღმერთისკენ მიმავალი იქნება, ისევე როგორც ყოველი ხილული, სულიერი არსება იქნება ეს თუ უსულო მატერია, ასევე უმაღლესი გონიერება, უსულო საგანთა თუ ცოცხალ არსებათა მყოფობის მიზეზის შესახებ, მხოლოდ მისკენ მიგითითებს, როგორც ყოვლისშემძლისა და სასწაულთმოქმედისკენ.
53. ჩვენი პიროვნების განმსაზღვრელიც, განაჩენიც და სასჯელიც სწორედ ეს იქნება, თუ რატომ არ აღვიძარით ღმერთის, მისი ჭეშმარიტებისა და სიკეთის ძიებად, საკმარისი ძალითა და მონდომებით, ამ ყველაფერში, რასაც ჩვენი უხილავი შინაგანი თუ ხილული გარეგანი ცხოვრების მოცემულობა ქვია. 
54. ცხადზე ცხადია, რომ ყველანი, გაჩენიდანვე სიკვდილისა და ხორციელად გაქრობის შვილნი ვართ, დაე ხშირად გაიხსენოს ეს ამაყმა ადამიანმა და თუ ვინმე სიკვდილის შემდგომ სულიერ ყოფაზე დაფიქრდება, ნუ გაიკვირვებს,  რომ ღმერთი სასუფევლისთვის ამ ყველადან მხოლოდ მონანულთ, ანუ სულიერი სრულყოფისთვის მებრძოლ, თუნდაც მცირე ნაწილს, გამოარჩევს მარადიული ნეტარებისთვის.
55. რა საშინელებაა, როცა აღმოაჩენ, თუ რაზე ყოფილა დაფუძნებული ეს სოფელი, რადგან ყველაფერი უნდა ყოფილიყო პირიქით, უანგარობისა და სიწმინდის, წყალობისა და სიყვარულის, რწმენის, იმედისა და ძიების გზით - ამიტომაც უნდა შევინანოთ, ვილოცოთ, ვეზიაროთ და საკუთარი თავის გამოსწორებით გავამრავლოთ სასარგებლო ადამიანები.
56. იქნებ ვინმეს სურდეს, რომ ორივე ხელი ჯიბეში ეწყოს და მესამეთი თავს იფხანდეს? ან სურდეს ღმერთივით გონებაგახსნილი იყოს? უნდა შევეგუოთ არსებულ მოცემულობას, როგორც მატერიალურს, ასევე სულიერს, ეს გამჩენის უფლებაა. 
57. რაც არ უნდა უკუაგდონ აზრი და ქცევა, რომელიც უმაღლესი მორალიდან გამომდინარეობს, რაც არ უნდა ემტერონ, სცინონ, უგულებელყონ... იმდენი გონიერება მაინც ხომ უნდა შერჩეთ, რომ ბოლოს, სავსებით შესაძლებელია მათი სული აღმოჩნდეს იქ სადაც არ ელოდა, მოასმენინონ ის რაც არ სიამოვნებდა და განაწესონ იქ სადაც ყოფნა არ ენდომებოდა, სწორედ ისე და იმ ლოგიკიდან გამომდინარე, როგორც ამ ხილულ სამყაროში აღმოჩნდა მისივე სურვილისგან დამოუკიდებლად. ასე, რომ გონიერება და სამართლიანობა მოითხოვს ობიექტურ ძიებას და არა ეგოიზმით ნაკარნახევ უარყოფას. 
58. თავისუფალი ნება, სრულყოფილი სხეული თუ მოკვდავობას არ ჩავთვლით, რისი ახსნაც ბიბლიაშია გადმოცემული, მდიდარი წარმოსახვა, ღირსების გრძნობა, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სიყვარულის განცდის უნარი,  ყველაფერი, რითაც შეგიძლია თავი ბედნიერად იგრძნო, უფლის გულუხვობასა და სიყვარულს უნდა მიაწერო... თუ ობიექტურობას შეინარჩუნებ უგუნური მიკერძოების ნაცვლად, ადვილად მიხვდები, რომ სამართლიანი გულისწყრომაცა და სასჯელიც მისი უფლებაა ვინაც ეს ყველაფერი მოგანიჭა და ყველა იმ სატანჯველს რაც ამ ცხოვრებაში გვხვდება თავისი ობიექტური მიზეზი აქვს.
59. გვსმენია, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა, მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი რაც დაშვებულ იქნა, ადამიანთა თუ დემონთა, ანუ ხილულთა და უხილავთა მონაწილეობით და არა ხელშეშლილი, ღვთის ნებაცაა - მაგრამ ამ ყველაფერთან კავშირი, არის ჩვენი თავისუფალი ნება, რომელიც ღვთისგან მონიჭებული თავისუფალი ნებაა, აქედან გამომდინარე: თუკი ჩვენი ნება კეთილგონივრულია, მშვიდობით უთავსდები ყველაფერს, ხოლო თუ ბოროტი, შესაბამისად მოსალოდნელია მარცხი.
60. ხედვას ნება ხსნის, ისევე როგორც იწვევს სიბრმავეს, ჩვენს ხელთაა ჩვენივე განაჩენი. 
61. მრავალი ბობოქარი ადამიანი მინახავს, მაგრამ მცირეა მათი დრტვინვა და უსუსურია მათი სიმართლე. 
62. დუმილი ფიქრია, ფიქრი საქმე, საქმე განაჩენი, განაჩენი კი სხვადასხვაა, ზოგჯერ ერთი და იმავე საქმის დროსაც კი, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა მოტივით სრულდებოდეს.
63. ვისაც არ სჯერა ღმერთის, მას ან რაღაცის სჯერა ან არაფრის, რაც ძირეულ გავლენას ახდენს მისი ცხოვრების წესზე, თუმცა ვერაფერს ამტკიცებს, ვერც მორწმუნეზე მეტად მსჯელობს ან საერთოდ არაფერზე არ სურს ფიქრი, თუნდაც ლოგიკურად. ამიტომაცაა, წმინდა და სამართლიანი გზის არ არჩევა, ისევე როგორც საერთოდ უყურადღებობა, ბრალდებაც და განაჩენიც, რადგან, ყველა სხვა გზისგან განსხვავებით (მათ შორის უყურადღებობის გზისგანც) მხოლოდ ამ მიუკერძოებელ გზას ემოწმება და ამართლებს სინდისი. 
64. რაც უფრო მეტად ეცნობი ადამიანს და იმას, რაც მიცემული აქვს ღვთის სიტყვის სახით, მით უფრო ამართლებ ღმერთის გადაწყვეტილებას ხილულად არ გამოეცხადოს მას. 
65. თუ არა რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა ადამიანის ამ ქვეყნიდან გაყვანისა, ცხოვრება საკმარისზე ბევრად დიდია იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთო.
66. რაც არ უნდა დაარქვა, რასაც არ უნდა დააბრალო და დაუკავშირო, ყველაზე მწარე სიტყვები, როგორც ჩვენი ან ჩვენს გარშემომყოფთა აზროვნების ნაყოფი, ჩვენს მიერ ნაფიქრი ან მათ მიერ თქული, სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება დამშვიდება, აზრები, რომლებიც თითქოს ჩვენი წყობიდან გამოსაყვანად იშვებიან, ჩვენში თუ ჩვენს გარეთ სხვებში, ვფიქრობ ღირს დაფიქრება, რომ შეუძლებელია ეშმაკთა ძალა ლომის წილს არ თამაშობდეს ამ ყველაფერში. ამიტომაც ჩვენივე თავში უნდა შევებრძოლოთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვის მიერ თქმულ აზრებს, როგორც ეშმაკის და არა მხოლოდ ადამიანთა სიბოროტეს, რწმენით, სიმდაბლითა და ლოცვით.
67. რა ხშირად ვიმეორებთ ერთი და იგივეს ყველანი, როდესაც განსაკუთრებით ისეთი ხალხის უბედურებას შევესწრებით, რომლებსაც სიცოცხლის მეტი არაფერი სჭირდებოდათ, მაგრამ რა, მალე გვავიწყდება ყველაფერი, უმარტივეს წვრილმანებზე ვიწყებთ წუწუნს და ვუბედურდებით. რა უნდა იყოს ამაზე სამარცხვინო, როდესაც ელემენტარულ გონიერებას ვერ ვინარჩუნებთ ისეთი სიმყარით, რაც ყოველდღიური ბედნიერებისთვისაა საჭირო. ჩემთვის თუნდაც ამითი ხდება ცხადი, რომ ღვთისადმი ლოცვის გარეშე, მისმიერი სიფხიზლის გარეშე, მასთან თანაზიარების გარეშე არაფერი შეგვიძლია, რასაც ნამდვილი მადლი, ნამდვილი გულისხმიერების ანუ ყურადღებისა და თანაგრძნობის უნარი ქვია, როგორც საკუთრი თავის, ასევე სხვათა მიმართ. ყველანაერი სიკეთისგან გვძარცვავს უჩინარი მანქანებით უსხეულო სულები ეშმაკთა და თავადაც დაცემულ ხორცში მყოფთ, აზრი იოლად გვებინდება.
68. გარემო, რომელიც კარგა ხანია შექმნილია, ეს ქაოსი, თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება მიწიერი, ანუ ამქვეყნიური, არაღვთაებრივი განათლება, ინტერნეტ სივრცე, კინო ხელოვნება, სხვადასხვა სახის შოუ ბიზნესი და ა.შ. მეტწილად, ყველაფერს იძლევა იმისათვის, რომ სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ახალგაზრდობამ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ენერგია სწორი მიმართულებით მოიხმაროს, რაც მათი სიცოცხლის, ჯამრთელობის მოფრთხილება იქნებოდა და რაც მთავარია, სიკეთის კეთება, რათა აღარ გვყავდეს გვერდით უსამართლობით დაჩაგრულნი, არამედ შეძლებისდაგვარად ყველას ეღირსოს ღირსეული ცხოვრება, რეალურად ისევ ამ ახალგაზრდობის ნერვებისა და ჯამრთელობის ნგრევას ხმარდება, რადგან ამ ინფორმაციას არათუ არ გამოყავს თანამედროვე ადამიანი საკუთარი ეგოიზმის საზღვრებს გარეთ, არამედ ყველანი ცუდმედიდობით, დიდებისმოყვარებით და იმ ხიბლით იბორკებიან, რაც თავის მხვრივ კიდევ უამრავ ბოროტებას შობს. უფრო მეტიც, ამ ეშმაკისეულ ფასეულობებში საკუთარი თავის რეალიზება, რაც წარმოსახვის წყალობით ასე მომხიბვლელად გამოიყურება, ნამდვილი კოშმარული შედეგებით მიმდინარეობს და ხშირად მთავრდება კიდეც. ყველაფერი პირიქით უნდა იყოს, ურწმუნოების ნაცვლად რწმენა, მტრობის ნაცვლად მშვიდობა, მრუშობის ნაცვლად სიწმინდე და პატიოსნება, შურისა და ბოღმის ნაცვლად სამართლიანობა, სიძულვილის ნაცვლად სიყვარული, ქედმაღლობის ნაცვლად თავმდაბლობა, მოჩვენებითი გონიერების ნაცვლად ნამდვილი გონიერება, მომხვეჭელობის ნაცვლად მოწყალება და ა.შ. მაგრამ გარემო სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან სულიერად დაცემულ ფასეულობებს სთავაზობს მათ, სადაც სიმართლისა და სიყვარულის სახელით მოქმედი ,,გმირი", ღვთებრივისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანური სამართლით, თავადაც არის უმსგავსობის ჩამდენი. მრავალი დადებითი თუ უარყოფითი აზრი და ქცევა, უმაღლეს მორალთან მიმართებაში, არასწორად განიხილება, როგორც სულიერებისგან დაცლილი მიწიერება, რაც სიცრუეა და თავგზას ურევს გამოუცდელ სულებს.
69. ვფიქრობ, ნებისმიერი ნაწარმოები, მწერლობის თუ ხელოვნების ნებისმიერ ჟანრში, ეს იქნება ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, კინო თუ სხვა, ღმერთის სადიდებლად უნდა იყოს შექმნილი, ან მინიმუმ, მის საწინააღმრდეგოს არაფერს უნდა ქადაგებდეს, არა მარტო იმიტომ, რომ ყველაფერი მისგანაა ამ სამყაროში, არამედ სულს, იმედს, სიმართლესა და სიწმინდეს აცლის ყველაფერს უმისობა და მით უფრო მისი წინააღმრდეგობა. 
70. დღეს ისე გაცივდა საზოგადოება, ისე გამყარდა სიტყვა სხვა, არა თუ ოჯახს გარეთ, არამედ ოჯახსაც მიადგა სიცივე და ეს პროცესი გრძელდება, თანაც მოქმედებს ყველაფერზე, ეკონომიკაზე, ადამიანზე ზრუნვის ხარისხზე, ნამდვილ პატრიოტიზმზე, სოლიდარობაზე მეორე ადამიანის თუ ქვეყნის მიმართ, სამართლიანობაზე. პირადად მე ძიებისა და ამ ძიების საფუძველზე მოპოვებული და გაზრდილი რწმენის გარდა, რაც თითოეული კაცის მოთხოვნა უნდა იყოს, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ, ვერაფერს ვპოულობ ისეთ ქმედითუნარიანს და ძლიერს, რაც ამ სიცივეს სითბოდ გადააქცევს. რადგან მჯერა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის შემწეობითაა ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელი. 
71.კაცობრიობის ის ნაწილი, რომელიც თავის მოქმედებაში გმობს ღმერთს, მთელი არსებით მაინც მას ეკუთვნის და მის განგებულებას ექვემდებარება.
72. ჯანმრთელობის ფასს ყველაზე მეტად ავადმყოფობისა და ტკივილის დროს გრძნობ, განსაკუთრებით მებრალება მოზარდი ახალგაზრდობა, რომლებიც გამოუცდელები და იმავდროულად სხვისი გამოცდილების არ გამზიარებლები არიან, რაც ძალიან სამწუხაროა, ისინი შეიძლება ითქვას ანიავებენ ესოდენ ძვირფას განძს, რასაც ჯანსაღი სხეული და სული ქვია, რაც ერთმანეთთან ძლიერ კავშირშია. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი, მხოლოდ მაშინ მოდის გონს, როდესაც ძალიან რთულია ან შეუძლებელი აღიდგინო ნორმალური მდგომარეობა. 
73. თუ ადრეული ასაკიდანვე არ ვასწავლეთ ბავშვებს, ლოცვა და მარხვა, არ დავანახეთ თუ რა მოსდევს ღრმა ქრისტიანული გონებრივი ანალიზის გარეშე მიშვებულ ცხოვრებას, არასწორ სულიერ და ხორციელ მდგომარეობას, რაც გამოიხატება ეგოიზმსა და გაუმაძღრობაში, ეს იქნება უზომო ჭამა-სმა თუ შინაგანი უსამართლო ამბიციები, რასაც ცოდვილ ცხოვრებას ვეძახით, თუ არ ჩავახედეთ მწარე რეალობაში, სადაც ეშმაკი ყოფს ადამიანებს, თესავს სიძულვილს მათ შორის, მათივე უცოდინრობისა და ურწმუნოების გამო, შემდეგ კი ბატონობს მათ სულებზე, ერთმანეთის განკითხვითა და დამცირებით, რათა ღვთის წინაშე შებილწოს ორივე მხარე. თუ არ დავანახეთ მათ, რა სულიერი და ფიზიკური ნაკლოვანებები შეიძლება შესძინოს, როგორ ნაადრევად შეიძლება დააგლახოს ადამიანი, დაემართოს ნერვული დაავადებები, ასტკივდეს სხეულის სხვადასხვა ორგანოები... ისინი ამას თავისით დაგვიანებით თუ მიხვდებიან, მათი და არა სხვისი გამოცდილებით, სამწუხაროდ ეშმაკის მიერ ნაგვემნი და არა ღვთის სიტყვით განათლებულნი და მისი მადლით დაცულნი. ვასწავლოთ მათ, თუ როგორ აერთიანებს ღმერთი ეშმაკისგან განსხვავებით, როგორ ასწავლის მათ შეცდომებისა და ნაკლოვანებების მიტევებას, ერთმანეთის გატანას თანადგომითა და სიყვარულით, პირველ რიგში საკუთარ თავში საფუძვლიანი ჩახედვით, რომ დაინახო თუ რა უსამართლობით ხარ დასვრილი, თუ რატომ უნდა გახდე თავმდაბალი და რა გესაჭიროება გამოჯანსაღებისთვის როგორც ღმერთთან, ასევე ადამიანებთან მიმართებაში.
74. უმთავრესი რაც შეიძლება ასწავლო მომავალ თაობას ეს ღვთისა და მისი სიმართლის სიყვარულია, ამითი, როგორც საკუთარი თავისადმი, ისე მეორე ადამიანისადმი სწორ დამოკიდებულებას ასწავლი, მიხვდება თუ როგორ და რატომ შეიძლება უყვარდეს მეორე ადამიანი, ყოველგვარი ანგარების გარეშე. ასეთი გაზრდილი თაობა იქნებოდა ერის გამაძლიერებელი ყველა სასარგებლო მიმართულებით. 
   ახალგაზრდობამ უნდა გაიგოს, რომ ღვთის შემწეობის გარეშე ეშმაკის გამოცდას ვერავინ გაუძლებს, ვერც ერთი, რაც არ უნდა მხნედ გრძნობდეთ თავს, ის წყეული მოვა და ერთბაშად თუ არა თანდათანობით, ლამაზად შეფუთული სიცრუით და ზოგჯერ სიმართლის სახელითაც, რომელიც საერთო ჯამში ტყუილი გამოდგება ხოლმე, ძირს დაგცემთ. ამიტომაც უნდა აავსოთ სულიწმინდით თქვენი სხეულის ტაძრები, მიიღოთ ღმერთი და მისის გონივრული სწავლება თქვენში და თქვენს შორის.
75. მეცნიერება ეძებს ყველაფერს, რომ ამოხსნას სამყარო, მაგრამ ამას ვერ შეძლებს, როგორც ჩანს ასე გადაწყვიტა შემოქმედმა, რომელმაც თავიდანვე იცოდა თუ სად გაივლიდა მისი ქმნილების შესაძლებლობების ზღვარი, მისსავე შექმნილ სამყაროში. ადამიანის სურვილი ამოხსნას მატერიალური სამყარო, დასაწყისშივე მარცხისთვის იყო განწირული. ასე, რომ ეს ყველაფერი იმაზეც უნდა მიმგვანიშნებდეს, რომ მიზანი არ არის მატერიის ძიებაში, პირიქით მიზანი ჩვენს სულშია საძიებელი. 
76. ჩვენი აზროვნების უნარი და წესი, პირდაპირ კავშირშია ჩვენი შინაგანი ორგანოების მუშაობასთან, ამიტომ თუ სწორად არ აზროვნებ, თუ გონება არ არის ძლიერი, ის ყოველთვის მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს ხორციელ ჯანმრთელობასაც.
77. სწორი აზროვნება, რომ ისწავლო, სიამაყე გვერდზე უნდა გადადო და გაარკვიო, რომ რაც შენს შიგნით ხდება, იმ აზრების დონეზე, რასაც ეთანხმები ხოლმე ან უარყოფ, თუ არის კეთილ ზნეობრივი და სამართლიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი