მათთვის ვინც ყველაფერი იცის (ფიქრები) - ნაწილი II
193. ყოველი ადამიანი უნდა დაფიქრდეს და გააცნობიეროს, თუ რა არის ის უმთავრესი საზრუნავი, ის უმთავრესი მიზანი, რისთვისაც ის ამ ცხოვრებაში მოევლინა, აუცილებელი ეს არის, დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია (თუმცა სწორი მიდგომის შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანიც), ყველანაერი ცოდნა - როგორიცაა სხვადასხვა მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა, იმ უმთავრესი მიზნის გარეშე აზრს კარგავს და მხოლოდ მიწიერ, წარმავალ აზროვნებას და რაც ყველაზე უარესია ღმერთისგან გაუცხოებას ემსახურება (ვინაიდან ერთი და იმავე ინფორმაციას, მთელი რიგი გარკვეული საკითხების შესახებ, განსხვავებულად აღიქვამს მატერიალისტური და იდეალისტური გონება), მაგრამ თუ ის უმთავრესი მიზანი ღმერთთან ერთობისა, შენი ნომერ პირველი საზრუნავია, სხვა ყველაფერი უფრო მეტ აზრს იძენს და ისე წარიმართება თავისუფალი ნების მიერ, ღვთის სიტყვის შეწევნითა და სულიწმინდის მადლის თანადგომით, რომ იმ უმთავრესს არ გაკარგვინებს და სხვა დანარჩენშიც ასე ვთქვათ შავის თეთრისაგან გარჩევის შესაძლებლობას იძლევა. ვერ ერკვევი პოლიტიკაში? არა უშავს, ხშირად თავად პოლიტიკოსებსაც უჭირთ, არ ხარ ხელოვანი? არა უშავს თუ ამისი ნიჭი და უნარი არ გაქვს განვითარებული და ა.შ. მაგრამ მიტოვებული გქონდეს ცხოვრების საზრისის ძიება, ეს ნიშნავს თავის დაკარგვას, ეს ყველაფერს ამაოს ხდის და ამ ამაოებას გადავცემთ შვილებსაც, მათაც ვწირავთ თავის დასაკარგავად, თითქოს მხოლოდ ეს იყოს ჩვენი არსებობა, რაც ერთი შეხედვით ჩანს.
194. თითქოს არც არაფერი და იმავდროულად ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, რაც ჩვენს არსებობას ეხება, ეს ყველაფერი როგორც ელვის სინათლე და უკუნი შეიძლება მუდმივად ენაცვლებოდეს ერთმანეთს. მაგრამ არა ეს, არამედ სხვა რამ არის მთავარი, ესაა იცოდე მოცემულ მომენტში რას ემსახურები, სინდისს და მასთან ერთად ყოველივე დადებითს, თუ პირიქით ძლეული ხარ უარყოფითი ვნებებით, მაგრამ თუ ვინმე იკითხავს რატომ? დაე ისიც იკითხოს, თუ რატომ არა, პასუხი ორივე შემთხვევაში რწმენამდე მიდის, ეს იქნება ღმერთის, შემთხვევითობის - როგორც მსოფლმხედველობის თუ სხვა რამის მიმართ რწმენა.
195. ერთხელ, ბავშვობისას, როცა სუფრაზე მყოფი უფროსი ადამიანები გვლოცავდნენ, ერთმა მათგანმა ასე თქვა, რომ ამათში არააო ანგარება, არამც თუ არ იყო, არც კი ვიცოდით საერთოდ რას ნიშნავდა.. ნეტავი არც არასოდეს გამეგო ამის შესახებ.. საჭიროა შევინარჩუნოთ ბავშვური უბრალოება, მაგრამ თუკი დავკარგავთ და სინდისი შეგვაწუხებს, ღმერთს შევევედროთ.. არ არსებობს უანგარობაზე დიდი სიმდიდრე, რადგანაც მხოლოდ ამ ხასიათით მოტანილ ცხოვრებას შეიძლება ეწოდოს უხრწნელი საგანძური..
196. ვინც განიხილავს რელიგიებს, როგორც მშვიდობის ან მასების სამართავ საშუალებად და გამორიცხავს ღმერთის არსებობას, რას ფიქრობს, რა როლი აქვს სინდისს ჩვენში და რისთვის არსებობს სახელმწიფოს კანონები, განა მათი ძალა მცირეა მასების სამართავად და მათი მშვიდობისათვის?
მით უფრო, რომ რელიგიათა სიმრავლის შემთხვევაში, თუნდაც ძველი საუკუნეების ადამიანი მარტივად გამორიცხავს ღმერთს იმ ლოგიკითაც, რომ თუ არსებობს ამდენი განსხვავებული რელიგია, ე.ი. ყველა მცდარია ან ერთია ჭეშმარიტი, მესამე ვერსია: ყველა ან რამოდენიმეა ჭეშმარიტი, ანუ არსებობს რამოდენიმე ღმერთი.
მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ დავუშვებთ, რომ არსებობს რეალური ღმერთი, რომელმაც მოგვცა ჭეშმარიტი ცხოვრების წესი, ეს ღმერთი და მისი ცხოვრების წესი მაინც შეუძლიათ, რომ განიხილონ ადამიანის მოგონილად, ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამო.
ანუ მეორენაერად, რომ ვთქვათ ენას ძვალი არა აქვს, რადგანაც ნება არ არის კეთილი, მაგრამ საიდან იქნება კეთილი, თუ ადამიანის გული უკვე უსამართლობითაა დასვრილი. გამოსავალი, ისევე როგორც ჩვენი განაჩენი, ჩვენივე სინდისშია, მისგან განვმართლდებით და მისით გავმტყუნდებით ღვთის წინაშე. სინდისის კვალზე დადგომის მსურველი გული კი ლოცვას შობს და რწმენის გზაზე იწყებს სიარულს. ამისათვის და გულის გასასუფთავებლად დააწესა უფალმა ნათლობის, ზეთისცხების, მღვდლობის, ჯვრისწერის, სინანულის, აღსარების, ზიარების საეკლესიო საიდუმლოებანი, რომლისკენაც საკუთარ სინდისთან შერწყმულმა უმწეობამ უნდა გვიბიძგოს, რადგანაც უფლის გარეშე ჭეშმარიტი სიწმინდით ცხოვრება და შესაბამისად სინამდვილის შეცნობა არ შეგვიძლია.
197. არც ქაოსი, არც რელიგიათა სიმრავლე, არც უცოდინრობა, არც ცუდი მღვდელმსახური და არც სხვა რამ, არ არის მიზეზი ჩვენი მოუქცევლობისა, რათა მოვძებნოთ ღმერთი, არამედ მხოლოდ ცოდვა, რომელიც იმავდროულად უსამართლობაცაა და უსინდისობაც, აბა სცადე ზურგი აქციო ყოველივე უარყოფითს და მაშინვე ღმერთთან გაიქცევი.
198. ვფიქრობ, ისევე როგორც ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ასევე სხვა ქვეყნებში შობილ მორწმუნე ადამიანებს, სადაც გამეფებულია ისეთი რელიგიური მიმდინარეობები, როგორიცაა ბუდიზმი, ინდუიზმი, ისლამი, ქრისტიანობაშივე კათოლიციზმი და სხვა, გვაფიქრებს ერთმანეთის აწმყო და მომავალი, როგორც დღეს, ასევე იქნებოდა წარსულშიც, მაგრამ თუ ჩვენ უბრალო მოკვდავთ გვაფიქრებს ერთმანეთის ხვედრი, რამდენად უფრო განიცდის ამას ღმერთი? რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის ვის რა და როგორ მიეცა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ის რაც ყველას აერთიანებს არის შინაგანი სინდისისმიერი მორალის ხმა, როგორც ჩვენი არსების თანდაყოლილი და განუყოფელი ნაწილი, რომელიც მუდმივად გეთანხმება სამართლიანობაზე და გამხელს უსამართლობაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივით იმართლებ თავს, ეს იქნება რელიგიური ცხოვრების წესი თუ ინდივიდუალური.
199. მიმაჩნია, რომ ის სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, რომელშიც აშკარად იგრძნობა და ჩანს, რომ ის თავისი სიმართლით არათუ აღემატება ადამიანურ აზროვნებასა და ინტერესს, არამედ თავდაყირა აყენებს მას და რომელსაც იმავდროულად ეთანხმება შინაგანი ხმა, თუ ვაშავებ მამტყუნებს, მაგრამ მრავალ შანსს მაძლევს გამოსასწორებლად და ისეთივე სიყვარულით ურთიერთობს ჩემთან, როგორც კარგი მშობელი შვილთან, არა სისატიკით, არამედ მხელით და გამოსწორებისთვის შანსის მიცემით, არ შეიძლება ღვთის ქმნილება თავისი შინაარსით, ღმერთისგან, რომელიც სიყვარულისა და სიცოცხლის წყაროა, განსაკუთრებით კი, განსაცდელში ჩავარდნისას წარმოშობილი მოთხოვნის დროს, არ ღებულობდეს ნუგეშსა და ხსნის გზას, მაგრამ როგორც დაცემული, რადიკალურად საწინააღმრდეგო სიტყვას, რადგან დაცემა თავიდან ფესვის ძირამდეა დასული, როგორც გამხმარი ხის შემთხვევაშია ხოლმე.
200. თავისუფალი ნება, ადამიანის ღირსების გვირგვინია, ვინაიდან რელიგიური შეხედულებებით ამ სამყაროში მრავალნი დგანან სხვადასხვა აზრზე, გიჩნდება ნიჰილიზმის განცდა. დასაბამიდან, როდესაც ბოროტის ,,წყალობით" ადამიანთა გზები გაიყო, გაიყო ცხოვრების წესიც, დღესაც ისევე როგორც ყოველ დროს ადამიანს შეუძლია აირჩიოს ის ცხოვრების წესი, რასაც ესა თუ ის რელიგია სთავაზობს მას, ან როგორიც თავად მას სურს და ეს იქნება მისი თავისუფალი არჩევანი, ადამს და ევას ღმერთი ესაუბრებოდა, მაგრამ რა გამოვიდა ამისგან, მათმა მაინც თავისუფალი არჩევანით იმოქმედეს, მათ ნამრავლსაც, მართალია განსხვავებული, მაგრამ, ქონდა ურთიერთობა და ისინიც თავისუფალი არჩევანის გზით წავიდნენ, ღვთის მითითებულის თუ მის საწინაამრდეგოდ, გამრავლდა კაცობრიობა და დღემდე ყველა იმ გზით დადის, რომელსაც აირჩევს ამ ცხოვრებაში. როგორც ჩანს მრავალი დაკარგავს სასუფეველს, მაგრამ ეს მათი არჩევანი იქნება.
201. თუკი უმეტესწილად გვჯერა, რომ არსებობს ცის და ქვეყნის ღმერთი, რომელიც არის სახიერი, აუცილებლად იარსებებს სატანაც, რომელსაც დაცემულ ანგელოზს ვუწოდებთ და რომელიც ცდუნების გზით იქცა ადამიანთა მტრადაც, წინააღმრდეგ შემთხვევაში ბოროტება არ უნდა არსებობდეს.
202. შემთხვევას რაიმე გონივრულის შექმნა თუ შეუძლია, მაგალითად მწერის? უფრო რთულია იწამო ეს, ვიდრე ყველაფრის შემქმნელი გონიერი არსების, რომლის საქმეც გამორიცხავს ყოველგვარ შემთხვევითობას.
203. რა ლამაზია და საოცარი ცა, მზე, ვარსკვლავები, მთვარე, ზღვა, მიწა-წყალი, მდინარეები, ტყე, მთები, რასაც მარტივად ვხედავთ და რა საოცრებებით არის სავსე, რა სრულყოფილია თავისი არსით ის რაც მასშია, ფრინველები, თევზები, ქვეწარმავლები, ცხოველები და ბოლოს ადამიანი, რომელიც უპირატესობს თავისუფალი აზროვნებითა და ნებით.
204. უფრო ადვილია იწამო ღმერთის, ვიდრე შემთხვევის შემდგომი ევოლუციის, დიდი აფეთქების თეორიის, რომელიც შესაძლოა არ ეწინააღმრდეგებოდეს, მაგრამ სრულად არ ეთანხმებოდეს სამყაროს წარმოქმნის ბიბლიურ გადმოცემას და ა. შ. უფრო წინ თუ წავალთ გონებით, საერთოდ მატერიის არსებობაა გაუგებარი, სიცოცხლის არსებობაა გაუგებარი, საიდან მოდის, გაუგებარია ვინ მიანიჭა ცოცხალს სიცოცხლე, რატომ ვერ ხსნის ამას ადამიანური გონება, როგორც ჩანს ვერც ამოხსნის, რადგან აუცილებლად იარსებებს ზღვარი ღვთაებრივსა და ადამიანურ შემეცნება-შესაძლებლობას შორის. ასეთია ამ ორი ბუნების განსხვავება, ვერაფერს შეცვლი. თუნდაც ამიტომ არ არის სარწმუნო, რაღაც არალოგიკური შემთხვევა თუ აზროვნება, უფრო სარწმუნოა დაუსაბამოს და გონიერის არსებობა, რადგანაც მისი სიბრძნის ბეჭედი ასვია ყოველივე ქმნილს.
205. ღვთის შიში და სუფთა სინდისი, უშიშარსა და მშვიდს ხდის ადამიანს, რაც დიდი სიმდიდრეა.
206. როგორ შეიძლება გძულდეს ვინმე, მისი უღირსობის გამო, როდესაც თუ რაიმე ღირებული გაგაჩნია უფლის წყალობითაა.
207. ამ მოჩვენებებით სავსე სამყაროში სრულყოფილად არაფერი გაბედნიერებს, საუკეთესო დროისტარებაც კი, სიამოვნების კვალდაკვალ სიცარიელით გავსებს, რადგანაც ქვეცნობიერად გრძნობ თუ რა ხანმოკლეა, თანაც სრულიად წარმავალი. თვით ყველაზე სათუთი გრძნობებიც კი, რომლებიც გამოწვეულია უახლოესი ადამიანებით, პარალელურად სიცარიელის განცდას ბადებს მათთან განშორებისა. ნამდვილი ბედნიერება შეიძლება მხოლოდ მომავლის რწმენით იგრძნო, რომელიც არის აღთქმა ღვთისა.
208. ზოგჯერ, ძნელია მოკლე წერილში ჩაატიო ყველაფერი, რაც სხვადასხვა დროს მოგდის აზრად და ძალიან საგულისხმოდ გამოიყურება. განსაკუთრებით რთულია გააღვიძო სიფრთხილე და სულისმიერი სიფხიზლე იმ ადამიანებში, რომლებიც, საერთოდ, ასე ვთქვათ, სხვა პოლუსზე იმყოფებიან აზროვნების თვალსაზრისით. არადა ყოველ ადამიანს სწორედ, რომ ერთი და იგივე აზრი უნდა გვაერთიანებდეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადამიანის დანიშნულება, სიცოცხლის არსებობა, ხილული და უხილავი სამყარო, უმაღლესი მორალი, რელიგია, ადამიანის ცხოვრების წესი და ა. შ. რაც შეეხება პანდემიას, მიმაჩნია, რომ სიფრთხილე მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველამ, მაგრამ ამასთანავე, ხომ არ აჯობებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიფიქროთ, თუ რატომ არ ელევა დედამიწას მთელი მისი ისტორიის მანძილზე მძიმე განსაცდელები? განა ცოტა ადამიანი იღუპება ისეთი ფაქტების შედეგად, როგორიცაა ძალადობა, პროსტიტუცია, ნარკომანია, დეპრესია, სუიციდი... ა.შ. ამ ყველაფრით არანაკლები ადამიანი იღუპება ვიდრე ნებისმიერი პანდემიის დროს. ასევე არსებობს ადამიანთა მსხვერპლის გამომწვევი ისეთი მოვლენები, რაზედაც ვერ ვიტყვით, როგორც ვირუსზე, რომ ვინმემ შეიძლება შექმნა და რომ ადამიანის ხელი ურევია, მაგალითად მიწისძვრები, ცუნამები, ქარიშხლები, და ა. შ. თუმცა ჩემი აზრით, ყველაფერი ღვთის ნებაა, თუკი ხელი არ შეუშალა ე.ი. დაუშვა. ახლა კი, როდესაც საფრთხეს გრძნობს პლანეტის თითოეული ადამიანი, იქნებ ახლა მაინც მივიჩნიოთ საგულისხმოდ, რომ თუ ღმერთს არ ვთხოვეთ შეწევნა, თუ ღმერთისკენ არ მოვიხედეთ, რაც იგივეა, რომ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ არ შემობრუნდე, შეიძლება ისეთი სავალალო შედეგი დადგეს, როგორც ყველაზე მასშტაბური პანდემიების დროს, ან უარესი. იქნებ, ლოცვის და ღვთის მცნებების საკუთარ ცხოვრებაში დანერგვის სურვილი გაგვიჩნდეს? რომ როცა გადაივლის, თუ არ შევიცვალეთ, იქნებ სხვა უარესი განსაცდელიც მოვიდეს? უბრალოდ ხომ არ აჯობებს უფრო გონივრულად ვიფიქროთ, ვიდრე რაღაც ბრმა შემთხვევითობას ან მხოლოდ ვიღაც ბოროტი ადამიანების ნამოქმედარს მივაწეროთ ამდენი უბედურების მოწევნა? იქნებ ცუნამებს, ტორნადოებს, მიწისძვრებს ჩვენ ვქმნით? ან ასეც რომ არ იყოს როგორ ,,გვიმართლებს", რომ ისეთი მიწისძვრა არ მოხდა, ან იმ ზომის ასტეროიდი არ შემოვიდა ჩვენს ატმოსფეროში, ან მაგალითად მზე რაღაც კანონზომიერების დარღვევის გამო, ისე არ მოგვიახლოვდა, რომ ერთ წუთში, დაგვღუპოს, გადაგვწვას და ა. შ. რა სასაცილოა, თურმე ასე ,,შემთხვევით" გვიმართლებს უკვე ამდენი საუკუნეა. ხომ შეიძლებოდა მზეს თავისი რესურსი ასე 400 წლის წინ ამოეწურა? კიდევ კარგი, რომ როგორც ჩანს დიდი მარაგი დაურჩა და ესეც ,,შემთხვევით", მთვარეც რა დამთხვევაა, რომ არსებობს, კომფორტულია ღამით, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. უბრალოდ ისეთი გრანდიოზულია სამყარო და ყველაფერი რაც მასშია ისეთი საოცრებაა, რომ ადამიანი არ შეიძლება რაღაც პერიოდი შოკური გავლენის ქვეშ არ მოექცეს და არ ფიქრობდეს, რომ ეს ყველაფერი სწორედ, რომ ასე უნდა ყოფილიყო, აბა რა.. რას მელაპარაკები, წკიპზე დაემთხვა ყველაფერი. ძალიან ბევრი ადამიანი, დიდი ხნის მანძილზე, ზოგჯერ კი მთელი ცხოვრება გაურბის ღმერთს, რომ არაფერი ვთქვათ მის ძიებაზე, განსაკუთრებით საკმაო ასაკის მქონენი, სინდისით მრავალგზის მხილებულნი, გრძნობენ რა, რომ საქმე მათი მანკიერებების მხილებასა და აღმოფხვრას ეხება, ავტომატურად ყურადღებას არ აქცევენ, ფიქრი სხვა საგანზე გადააქვთ და ღიზიანდებიან კიდეც, როდესაც საქმე მათი სულის ცხონებას, მათ გამოსწორებას და იმ ვალდებულებებს ეხება, რომლისკენაც უფალი სწორედ შინაგანი ხმის მიერ დამოწმებული სახარებისეული სწავლებით მოუწოდებს მათ. საქმე ეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიცაა ადამიანის არსებობის მიზანი ამ ცხოვრებაში და მისი მომავალი. თანამედროვე ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ძალიან განვითარებულ ეპოქაში მოხვდა, რომლის გონებაც დაკავებულია უამრავი საზრუნავით თუ გართობით, არც კი აინტერესებს, ზოგჯერ კი სასაცილოდ მიაჩნია სულის არსებობაზე და მის მომავალზე ფიქრი, მან ხომ ყველაფერი იცის და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა უკვე რამდენი ხანია. ერთი კია, რომ სინდისით მხილებული მუდმივ თავის მართლების რეჟიმშია, ბოლოს კი ისეთი მცდარი აზრებით ანეიტრალებს და ახშობს მის შინაგან ხმას, რომ შეგეძლოს მოსმენა თავზარი დაგეცემა. სწორედ ერთი და იგივე სახეობის აზრებით იმართლებენ თავს, მპარავნი და მეძავნი, ყაჩაღნი და მკვლელნი, ანგარნი და ფლიდნი, ორპირნი და ვერაგნი, ამპარტავანნი და უგუნურნი, პირმოთნენი და ცრუნი, ცილისმწამებელნი და უწმინდურნი, ლოთნი თუ მრავალი სხვა სენით შეპყრობილი ადამიანები. ,,ყველაფრისმცოდნეთ" ზოგჯერ ისე გვეცლება ჩვენი წილი დრო ხელიდან, რომ ელემენტარული ლოგიკური აზროვნებაც კი არ გვსურს, ისეთ საკითხებზე, რომელნიც რაღაც დონეზე მაინც მიგვახვედრებს, ღვთისა და სულის არსებობას და იმას, რომ ძალიან ბევრი რამ ჩვენგან დამოუკიდებლად, სწორედ, რომ ჩვენთვის შექმნილა და არის. როგორ ფიქრობთ, იცოდა კი ვინმემ ადამიანთაგან, დაბადებამდე, რომ არსებობდა მზე, რომელიც ანათებდა სამყაროს, რომ არსებობდა მთვარე და ვარსკვლავები, რომ არსებობდა ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, თევზები, მთელი ხილული სამყარო, ბუნება, ზღვები, ცა, დედამიწა, ამქვეყნიური ცხოვრება და სიცოცხლე. არავინ იცოდა ეს. ყველაფერი გაუგონარი სიურპრიზია. ასევე, რომელმა დაბადებულმა ადამიანმა იცოდა, რომ ამ სიცოცხლეს მაინც და მაინც სიკვდილი მოჰყვებოდა, არავინ! სიკვდილი, ისევე როგორც სიცოცხლე, შესაძლებელი იყო არც არსებულიყო. ჩვენ კი ვიცოდით არაფერი იმაზე, რაც რეალურად არსებობდა უჩვენოდ და მერე რა სრულყოფილი სიცხადით არსებობდა. მაგრამ, უკვდავება უფრო ორგანული მგონია ჩვენთვის, ჩვენივე შინაგანი სამყაროს ფონზე, რომელიც უფრო ამაღლებული მოთხოვნილებისაა, ვიდრე არსებული რეალობა ან თუნდაც ხილული სამყაროს ფონზე, რომელიც მარადიულს უფრო გავს და რომელმაც მრავალი თაობა მოიცვალა. რატომ, მაინც და მაინც ეს თავზარდამცემი რეალობა, რასაც სიკვდილი ჰქვია და გაქრობას უქადის ჩვენს სხეულსა და აზრს, რომელიც განსაკუთრებით იმ უბრალო, მარტივი და იმავდროულად სიწმინდით მდიდარი გულისთვის იყო წარმოუდგენლად მიუღებელი, რომელსაც ბავშვობაში ვატარებდით და რომელმა გულმაც ცხარე ცრემლით იტირა სიკვდილის გამო, მისი შეცნობისთანავე. ვფიქრობ, რომ სიკვდილი აკნინებს ადამიანის სიცოცხლის ფენომენს, თუ მას არა შედარებითი არამედ კრიტიკული თვალით შევხედავთ და არა პირიქით თითქოს ფასს დებდეს მას, რადგანაც თუ სიკვდილი არ იქნებოდა, არ იქნებოდა არც სიბერე, ავადმყოფობა, ტანჯვა, ტკივილი, განშორება, ხრწნილება, დავიწყება და ნუთუ ამ უბედურებებით და ბოლოს სიკვდილით აქვს სიცოცხლეს ფასი? არა მგონია, რადგან, რამდენი ღრმად მოხუცებული მინახავს რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა და რამდენი ახალგაზრდა, რომელსაც სიცოცხლე მოსაწყენად მიაჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ სუიციდზე, მით უფრო ადრეულ ასაკში. აქ სულ სხვაა მიზეზი და ეს დაავადებული, დაბინძურებული გულია, სუფთა გულს კი სწორედ, რომ დაუსრულებელი სიცოცხლე სწყურია და მას არ სჭირდება სიკვდილი იმისათვის, რომ სიცოცხლეს ფასი დაედოს. სიცოცხლეს, რომელიც მაშინაც ფასდაუდებელი იყო, როდესაც სიკვდილზე ჯერ კიდევ არაფერი გვსმენოდა, რადგანაც სწორედ მაშინ იყო სიცოცხლე სრულფასოვანი, როდესაც იმ ნათელს ჰგავდა, რომელსაც არ ახლდა ბნელი. ასევე, ვიცით თუ არა, რომ არსებობს სული, ეს რომ ზუსტად გვცოდნოდა, ასე მგონია ღმერთის თანაავტორები უნდა ვყოფილიყავით, ან ღმერთისაგან ადამიანზე სულის მიცემის მოწმე და ასეთ მოწმეობას, ალბათ ყველა ცალ-ცალკე მოითხოვდა. სული თავისი არსით უხილავია, ყოველ შემთხვევაში ხორციელი თვალისათვის, ასეთია ის, ხომ აქვს უფლება ასეთი იყოს? თუ ხილული გვინდა გახდეს? თუ რა ხდება? თითოეულ ადამიანს, ხომ არ სურს, როცა მას მოესურვება სული ამოიღოს თავისი ან სხვა ადამიანის სხეულიდან და დახედოს? რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს მის არსებობაში? ან იქნებ გვსურს ღმერთი ან ანგელოზები გვეცხადებოდეს და გვარწმუნებდეს? რომ დაგვაწმუნონ კიდეც, მერე სხვა ეჭვები გაჩნდება, მაგალითად ელის თუ არა სულს გარდაცვალების შემდგომი სიცოცხლე მოცემული ფორმით, რამდენად სარწმუნო გარანტიები გვაქვს მარადიულ ნეტარებასთან დაკავშირებით და ა. შ. არ დაილევა ეჭვები, ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ - მთელი ჩვენი განვითარება სწორედ სულია, ღვთის ხატი და მსგავსი, შემოქმედებითი უნარებით. ზედმეტი ხომ არ მოგვდის? ვფიქრობ ამაზეც და ყველა აქ მოყვანილ თუ არ მოყვანილ საკითხზე, თუ რა, რატომ, რატომ კი და რატომ არა - ბიბლია საკმაოდ დამაჯერებელ პასუხს იძლევა. ვფიქრობ, ჩვენ ქმნილება ვართ ამ საოცრებათა სამყაროში, მაგრამ არსებობს ფენომენი, რომელსაც რწმენა ეწოდება და რომელიც თავის თავში მოიცავს, უხილავის დაჯერებას გარკვეული, გონივრული საბაბით, სწრაფვას გონიერი არსებისაკენ, რომელსაც ღმერთს ვუწოდებთ და სინდისით გარჩეული ცოდვა-მადლის განცდას, რასაც ფასი სწორედ თავისუფალი არჩევანის დროს ედება. სული კი, რომელიც გაეყრება სხეულს და იმ სამყაროში გადავა, რომელიც, ვფიქრობ, ისევე უდიდესი სიურპრიზი იქნება, (იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელი, უკვე გამოგვიცხადეს ძველი და ახალი აღთქმის წიგნებით), როგორიც ეს, რომელიც არ ვიცოდით და უკვე ვიხილეთ. რადგან ის, რასაც სულს ვეძახით, ისევე უნდა არსებობდეს, ჩვენი აზრისთვის, როგორც არ ვარსებობდით ჩვენ დაბადებამდე, მაგრამ თურმე ვყოფილვართ მომავლისათვის. სული, იმდენად იარსებებს მარადიულად, რამდენადაც ჩვენ არ შეგვეძლო არ ვყოფილიყავით, არ გვეარსება, მაშინ როდესაც ვართ, რაც ცხადზე ცხადია, ამიტომაც მწამს და მჯერა ღმერთის, რომელიც უკვდავ სულში იდეასა და გონიერებას უკავშირდება. ზედმეტი მოთხოვნები სწორედ ათასნაერი ცოდვით ტკბობის მსურველ ადამიანს უჩნდება, რომელიც გრძნობს სინდისით, რომ ცოდავს და ამბოხი ეწყება, თავის მართლების რეჟიმში დგება, რაც მხოლოდ მისი ხასიათის პრობლემაა. რატომ უნდა განიწმინდოს? ის ხომ უნიკალურია? მას ეზარება, ოღონდაც ახლა აცალეთ გაძღეს, მას არაფრის გაგონება და ძიება არ სურს, ის გაბრაზებულია ან არაჯანსაღი სიმშვიდითაა სავსე, ბოროტი, დემონური სიამაყითაა შეპყრობილი, ნაცვლად დიდი მადლიერების განცდისა, უამრავი რამის გამო, რაც მინიჭებული აქვს სიცოცხლესთან ერთად. მაგრამ, ყველა ერთნაერად როდი აგრძელებს თავისუფალი ნების ბოროტად გამოყენებას, პირიქით, გონივრულ ანალიზს აკეთებს, მისთვის ისიც კმარა, რაც ნახა თუ წაიკითხა ღვთის სიტყვის სახით და რაც შიგნიდან ესმის, რომ ძიებისა და რწმენის გზაზე იაროს.
ჩვენი ნება რომ კერპად გვიქცევია, განა ცოტაა ისეთი რამ, რაც არავის სურს? ან როგორ უნდა გსურდეს ისეთი რამეები, როგორიცაა მაგალითად განსაცდელი, ტკივილი, ავადმყოფობა, სიკვდილი, ხრწნილება, გაქრობა, დავიწყება, მაგრამ მაინც გვიწევს ვიგემოთ, დაე ამაზე დაფიქრდნენ უკუდო ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანები, ნუ დავმკვიდრდებით ამ სატანურ თვისებაში სამარადისოდ.
209. არც ბოროტება ძენს, სიკეთეს ფასს, სისულელეა ამისი ფიქრი, ნუ იქნება ამდენი მკვლელობა, ძალადობა, უსამართლობა, ტანჯვა, ომი, ავადმყოფობა, სტიქიები, რომელიც მოიწევა დიდსა თუ პატარაზე და რას დავეძებ სიკეთის ფასის განცდას, რომელიც სწორედ მაშინ, კიდევ უფრო დაიმკვიდრებს სუფევას, როდესაც აღარ იქნება ბოროტება. იყოს ცხოვრება ამის გარეშე და სხვა ფასეულობები წამოიწევს წინ, რაც ზიანს არ მოგვიტანს და მის ნაყოფს მოიმკის ყოველი სულდგმული. ნუთუ საკვები რომელიც გშივდება იმითაა ფასეული, რომ არსებობს ისეთი მატერია რაც არ იჭმევა? ან ჰაერი იმითაა ფასეული, რომ არსებობს უჰაერო სივრცე? ამ უკანასკნელის არსებობა ხომ მაინც მოგვიანებით გაირკვა, კაცობრიობა კი ხარბად ჩაისუნთქავდა ჟანგბადს და არც მოსწყენია მისი არსებობა. ასევე არ მოგვწყინდება ნებისმიერი სიკეთე, მარადიული სიცოცხლე და ამისთვის არ გვჭირდება ბოროტება და სიკვდილი. დასვრილი გული იწყენს მალე ყველაფერს და სიკვდილისკენ მიისწრაფვის ქვეცნობიერად, გასუფთავებული და განახლებული გული კი მარადიულ სიცოცხლეს და სიხარულს ითხოვს საწვავად.
210. ვერასოდეს იპოვი იმას რაც არ არსებობს და ვერასოდეს იწამებ იმას რაც შენშივე არაა.
211. ვფიქრობ არ უნდა არსებობდეს ადამიანი, ვისაც ღმერთი არ ესაუბრება, ბოლოს და ბოლოს მისი მორალის მოწმედ სინდისის ხმა არის ჩანერგილი ჩვენში. სამწუხაროდ, როგორც დაზიანებულ, დაცემულ ბუნებას ახასიათებს, ყველაფერს მოედება ხოლმე კაცი გარდა ნამდვილი საკეთებლისა და საფიქრალისა, როგორც მას არ ძალუძს ხორციელი წყლულისგან კურნება ექიმისა თუ წამლის გარეშე, ასევე არ ძალუძს სულის კურნება ღვთისადმი ლოცვისა და მისი საიდუმლოებების გარეშე. უფრო მეტიც, სულ არ ეძიებს სულს, არც კი ფიქრობს რომ არსებობს, რახან ხილულად ვერ ხედავს, თუმცა სიბრაზითა და სიამაყით გონებაშეზღუდული ან არაჯანსაღი სიმშვიდით სავსე, რაც ისევ მისი ბრალია, როგორც მრუში და ბოროტი მოდგმა, სასწაულს ეძიებს, მაგრამ თუ მონდომებით დაფიქრდება, ღმერთიც რომ გამოეცხადოს თავისი სასწაულებით, ადამიანს მაინც რჩება ცდუნება, რომ აღიქვას ეს ყველაფერი არა ღმერთად, არამედ რაღაც მოვლენად და ის სწორედ ასე მოიქცევა მისი ცოდვასთან მიჯაჭვულობის, გაუმაძღრობისა და ეჭვის გამო. მაგრამ ის რაც ხილულია, უკვე არის თავზარდამცემი სასწაული და მედლის ერთი მხარე. ამაზე მეტს რაღას ითხოვს ადამიანი. მართალია, მან ამის რაღაც ნაწილი კანონებში ჩასვა, მაგრამ სასწაული, რაც თავად ამ კანონთა არსებობაა, სასწაულად რჩება. მას, ამაზე ფიქრი აღარ სურს, გრძნობს რა, რომ ამ ყველაფერს ღმერთისკენ მიყავს, ღმერთისკენ სვლა კი ნათელში გამოსვლას ნიშნავს, სულის ბნელი კუნჭულების სიმახინჯის გამოაშკარავებასა და აღსარებას, აი ეს ეზიზღება მას, ამისი აღიარება არ სურს, ეზარება, ერცხვინება, ამისი აღიარების ეშინია, თანაც არ სურს ცოდვით ტკბობას თავი ანებოს და ხშირად გრძნობს, რომ საკუთარ უღირსობას შერიგებული, საბოლოოდ, სასჯელს სამართლიანად დაიმსახურებს. ასე რომ ღმერთს რომელმაც დააფასა სინანული, მოგვცა ხსნის გზა ჯვარცმით, ნურაფერს უსაყვედურებთ, სასაყვედურო და საკრიტიკო მხოლოდ ჩვენი თავია, რომელსაც ღმერთი სჭირდება.
ლოგიკურად, რომ ვიმსჯელოთ, მედლის ერთი მხარე, რომელიც ისეთი საოცრებაა, როგორც ეს უჰაერო სივრცეში მოძრავი სამყარო, სადაც უკვე შეგვიძლია, უხილავი კავშირებით სივრცის სწრაფი კვეთა, ერთმანეთის დანახვა და საუბარი, უდაოდ საგულისხმოს ხდის იმ ფაქტს, რომ უნდა არსებობდეს მედლის მეორე მხარეც, დიდი ენერგიისა და სიჩქარის უნარის მატარებელი მოაზროვნე არსებები, რომელთაც ჩვენი რელიგია ანგელოზებს და დემონებს უწოდებს, როგორც ხორციელი თვალისათვის უხილავ სამყაროს, ის აუცილებლად უნდა არსებობდეს მთელი თავისი სისავსით.
212. სამყაროს სადაც არ არსებობს დაღლა და ძილი, სნეულება და ტანჯვა, უსამართლობა და სევდა, განშორება და მონატრება, არც რაიმე სახის ნაკლოვანება სიკვდილის ჩათვლით, არამედ უშრეტი ენერგია და ხილულით მუდმივი ბედნიერებისა და სიხარულის განცდა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია შემოგვთავაზოს.
213. ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ გარდაცვლილი მორწმუნე ცოცხალ ურწმუნოს იმდენად აღემატება სიცოცხლით, რამდენადაც სამოთხე აღემატება ჯოჯოხეთს.
214. მისტიკა, ზოგს მხოლოდ ფილმებში ნანახი დადგმა გონია, რაღაც ,,არარეალური", უმრავლესობა ვერც კი ამჩნევს, რომ მისტიკითაა სავსე ჩვენი რეალობა, მაგრამ ამას თვალი კი არა სული გრძნობს და ხედავს.
215. ხშირად უნდა გვახსენდებოდეს, რომ გარდაცვლილები ამ ცხოვრებისგან არც ისე შორს გველოდებიან, ამქვეყნიური სიცოცხლე ხანმოკლეა, გარდაცვლილები კი ცასავით მარადიულები არიან.
216. ქვეყნად იმდენ საცოდაობას წააწყდები ან გაიგონებ, თუ როგორი წამება და ტანჯვით სიკვდილი ერგება ადამიანებს, ხშირად ადრეულ ასაკში, რის წარმოდგენასაც არასდროს გაბედავდი საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ ერთადერთი რითაც შეიძლება თავი დაიმშვიდო, ისაა, რომ ამ ცხოვრებაში გადატანილი ტანჯვის სანაცვლოდ, მათ ელით დაუსრულებელი ყოფა და ნუგეში.
217. ჭეშმარიტება ისეთი უბრალო და ნათელია, როგორც სიყვარული, შეიძლება ითქვას თვითონ სიყვარულია ჭეშმარიტება და პირიქით.
218. ჭეშმარიტება ისეთი მარტივია, რომ ზოგს სისულელედ ეჩვენება, მაგრამ სწორედ მისი აღქმის სიმარტივეშია უდიდესი სიბრძნე და სიმართლე. მასსა და ჩვენს შორის, სოფელი რომ არ იდგეს, მისი აღქმა სრულიად არ იქნებოდა რთული.
219. რა დიდი ადამიანია ეს ბავშვი - შენც დიდი ადამიანი იყავი, რა გიკვირს, უბრალოდ დაგავიწყდა ეს როდის იყო, ეს სიდიდეა სწორედ სისუფთავე და სიყვარული, რომელიც მისი ქმედებით გამოიხატა. ამაზე მეტი რა უნდა ნახო, იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ ძვირფასი ფასეულობების წილ, მხოლოდ, რაღაც ქაოსური ინფორმაციის მარაგს გვთავაზობს წუთისოფლის ხორციელი აზროვნება, რითაც შეიძლება ბავშვის ამ ძვირფასი თვისებებისგან განასხვავო თავი. ხორციელი აზროვნებათქო, რომ ვამბობ, ყველაფერ მიწიერს, სულმდაბალს ვგულისხმობ, უსამართლო ვნებათა ღელვიდან რომ მომდინარეობს ისეთს, თორემ ვინც სულიერებას ესწრაფვის, მან მისი ფასიც მშვენივრად იცის.
220. ბავშვობა, მხოლოდ იმიტომ კი არ არის უკიდეგანო ბედნიერება, რომ ჯერ კიდევ არაფერი გსმენია სიკვდილზე, ტკივილზე, ავადმყოფობაზე, შურზე, შუღლზე, სიძულვილზე, ამ სოფლის საზრუნავზე და ა. შ. არამედ იმიტომ, რომ ნათელი გონებით ჭვრეტ და სუფთა გულით გრძნობ სამყაროს, ყველაფერი გწამს, ყველაფერი გეიმედება და ყველაფერი გიყვარს.
221. არსებობს ადამიანთა ორი სახეობა, გონიერნი და უგუნურნი, პირველნი წარმოადგენენ უცოდინრობასთან შეურიგებელი ხასიათის მქონე მებრძოლ ადამიანებს, რომლებიც უკიდურესი ობიექტურობით აფასებენ მოვლენებს, მეორენი კი წარმოადგენენ, ზერელედ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ამაყი ნების თანახმად, ისე ამრუდებენ ამა თუ იმ მოვლენას, რომ თავადაც უჭირთ მიხვედრა თუ რა მცდარ აზრზე დგანან.
222. სახარება და მისი განმარტება, გონებას ძლიერსა და ფხიზელს ხდის, ფეხზე მყარად დგომაში გეხმარება, რადგანაც არ არსებობს ამაზე მაღალი ჭეშმარიტება, რაც არის თავად ჩვენი შემქმნელის სიტყვა, როგორც სინამდვილე და ამითი შეგიძლია გაზომო და შეაფასო ყველაფერი, სხვა დანარჩენი წიგნები, მოვლენები, ადამიანები და ა.შ.
223. ღმერთზე მეტი თანამედროვე შეიძლება იყოს ვინმე? ან ქრისტეზე მეტი განათლებული ვინ გეგულებათ? ან შეიძლება იყო ნამდვილად განათლებული და არ იყო წმინდა? შესაძლებელია ეს ორი რამე შეთავსდეს? არა, განათლება მხოლოდ უზომოდ დაგროვილი ინფორმაცია გონია ზოგიერთებს, მე კი მიმაჩნია, რომ ამ ინფორმაციას განათლებასთან მაინცდამაინც დიდი კავშირი არა აქვს თუ წმინდა გონების შუქი არ არის მისი ორიენტირი, რომელიც ხშირად უბრალო ხალხშიც გვხვდება და ათას აზრთაგან სწორედ ყველაზე საუკეთესოს, სამართლიანს და სასარგებლოს გამოარჩევს. განათლება ჯანსაღი, მიუკერძოებელი აზროვნებაა, ხშირად გონივრული სიყვარულით ნაკარნახევი, მას არანაერი კავშირი არა აქვს ხორციელ ვნებათა ღელვასთან, რომელიც გონებას უფრო ბინდავს და ამღვრევს, ვიდრე ანათებს.
224. მორალის არსებობას სინდისი ამოწმებს.
225. სინდისი შინაგანი ხმაა, ის ერთი და იგივეა ყველასათვის.
226. ადამიანთა პირისახე განსხვავდება, სული კი, მორალურ ფასეულობათა თვალსაზრისით, ყველას ერთნაერი ეძლევა, განსხვავებული შესაძლოა იყოს ნიჭი, მაგრამ ყველაფერზე მორალური მხარეა პასუხისმგებელი.
227. მანკიერება, ხორციდან, ხილული გარემოდან და გარედან, ანუ უხილავი, ბოროტი სულებიდან მოდის, რაც სხვადასხვაგვარია და განსხვავებული დოზებით მოქმედებს ადამიანის სულზე, აქედან გამომდინარე ვღებულობთ სხვადასხვა ინდივიდს.
228. აზროვნება, რომელსაც არ ეთანხმება შინაგანი ხმა, ხორცისმიერია და შესაბამისად უსამართლო, უსიყვარულო.
229. სინდისი ყველას აერთიანებს, მისთვის მიუღებელი აზროვნება კი, ეგოიზმით ნაკარნახევია, ინდივიდუალურია და ანგარებაზე დამოკიდებული დაფუძნებულია ხორციელ ვნებათა ღელვაზე.
230. სინდისი, ანუ შინაგანი ხმა, რომ სამართლიანია, კეთილი და წმინდა, ამას მაშინ უფრო ნათლად დავინახავთ, როდესაც ჩვენ მოგვექცევიან მისი ნების საპირისპიროდ, მისთვის მიუღებლად.
231. ზოგჯერ სხვისი გადმოსახედიდანაც უნდა დაინახო საკუთარი თავი, უკეთ რომ მიხვდე, თუ რამდენად სამართლიანი ხარ.
232. რაც არ რეგულირდება უმაღლესი მორალით, წმინდა ზნეობით, დამღუპველი ქაოსია და უსამართლობა. მაგალითად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
233. უმაღლესი მორალი და ზნეობრივი სიწმინდე მიუღებელია, მდიდარი და დიდი გავლენების მქონე, ოღონდაც ამ სოფლის სულის მატარებელი ადამიანებისთვის, რადგან სიმდიდრე სწორედ ამ სულის ნებაყოფლობითი მონობით მოიპოვეს, სულის, რომელიც დიდ ფინანსებს სწორედ ჭეშმარიტი სიკეთისა და სიწმინდის ამ სოფლიდან სრულიად აღმოსაფხვრელად მიმართავს ხოლმე, მსგავსი ადამიანების გამოყენებით, რათა მრავალი სული განაწყოს ღვთის საწინააღმრდეგოდ. თუმცა ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ ამ ყველაფრის უკან სატანა ანუ ანტიქრისტე და მის მორჩილებაში მყოფი ეშმაკნი დგანან, ეს აუცილებელი პირობაა, რომ მან სახე დამალოს, შენიღბოს.
234. ამა სოფლის ძლიერთა, ვგულისხმობ მხოლოდ მათ, რომელთაც ბოროტისგან მიეცათ ძალაუფლება და რომელთაც, მათი გავლენებიდან გამომდინარე მართლა ძალუძთ მსოფლიო მასშტაბით ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალონ, იციან, რომ ამდენი გასაჭირის ფონზე ბოროტებას ჩადიან, მაგრამ სამართლიანობის თაყვანისცემის აზრს ვერ ხედავენ. ისინი დახარბებულნი, მრავალგვარი თავმომწონეობითა და ყალბი ღირსებით გამოკვებილი პატივმოყვარეობით შეპყრობილნი, რაც თავის მოტყუებაა, ნებაყოფლობით ემონებიან უსამართლობას, მიუხედავად შინაგანი ხმის მოწოდებისა, ვინაიდან არც კეთილი ნება აქვთ ღვთის ძიებისა, რაც დიდებულად ესმით, ნებაყოფლობით აწერენ ხელს განაჩენს, რომელიც გამზადებულია უღირსთათვის.
235. ვინაიდან უმაღლესი მორალი, პირდაპირ ღმერთის სიტყვისგან ანუ ქრისტეს მოძღვრებისგან გამომდინარეობს და თავადი ამა სოფლისა, სატანა, სწორედ მისი მოწინააღმრდეგეა, ამიტომაც არის გაწირული სხვა ბევრ რამესთან ერთად, ეს იქნება ზოგადად ხელოვნება, განათლების სფერო, ზოგიერთი კომერციული საქმიანობა, სიტყვისა და გამოხატვის ანუ ქცევის თავისუფლება, ქაოსისა და დაღუპვისათვის, ამიტომაც არ ხერხდება მისი წმინდა ზნეობრივ ჩარჩოებში ჩასმა, რადგან ეს სოფელი ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს მის არსებობას.
236. თუ ყველაფერი წმინდა ზნეობრივ ჩარჩოებში ჩაისმევა, ბევრი ბიზნესი ჩაიძირება, რადგანაც ისინი მხოლოდ ადამიანთა მანკიერ სულებში პოულობენ დასაყრდენს.
237. ღვთის სიტყვის უარმყოფელი ადამიანის მიერ, უამრავი რამ მოიწამლა და არასწორად განვითარდა, ამიტომაც არ იყო საჭირო ბევრი რამის წინსვლა და განვითარება.
238. ადამიანთა მეცნიერული პროგრესი სასაცილოდ გამოიყურება ღვთის ქმნილებათა ფონზე, როგორც ცოცხალთან ასევე უსულო მატერიასთან შედარებით, რომელთაგან მხოლოდ ადამიანი გამოირჩევა დამოუკიდებლობითა და ინდივიდუალური თავისუფლებით. სწორედ ამ თვისებით არის ის სრულფასოვანი. სხვა დანარჩენი ცოცხალი არსებები და მცენარეები, გარდა მათში ჩადებული გონიერებისა, ინსტინქტით მოქმედებენ. მატერიაც, მაგალითად დედამიწა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, რომელთა მოძრაობის ტრაექტორიაც და მოქმედების ფუნქციაც საოცარ კანონებს ექვემდებარება თუ ემორჩილება, აღემატება ყოველივე ხელოვნურს, ანუ ადამიანის შექმნილს, რომელშიც არც სიცოცხლეა და არც ისეთი გონიერება, რომელიც ღვთაებრივთან თუნდაც მიახლოვებული იქნებოდა, რადგან მას ვერასოდეს მიაღწევს ადამიანური შესაძლებლობა. აი აქ გადის ზღვარი, რომელიც ყოველთვის გადაულახავი დარჩება, ზღვარი ღვათებრივსა და ადამიანურს, უსაზღვრო შესაძლებლობასა და საზღვრულს შორის.
239. ეს მოკვდავი ქვეყანა არ არის ის ადგილი, სადაც მხოლოდ მეცნიერებასა და კომფორტზე უნდა იფიქრო. აქ უმთავრესი უფალთან შერიგებაა, რათა ადამიანი ისევ ღმერთის სავანეში იქნეს შეყვანილი, სადაც მას არ დასჭირდება არავითარი მეცნიერება, შრომა და წვალება, რომელიც ყოველგვარ ზომიერებას ცილდება და ფუფუნებად არის ქცეული, რაც უგულისხმო ადამიანთა მიერ, ასევე ვფიქრობ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეშმაკთა ხელშეწყობით არის თავს მოხვეული, როგორც კაცობრიობის მოდუნებისა და საღი აზროვნებისგან გათიშვის ძლიერი საშუალება.
240. მთელ რიგ ცხოვრებისეულ შემთხვევებში, ამსოფლიური განათლება და კანონმდებლობა, უძლურია ადამიანთა მშვიდობის, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, რომელიც გადამწყვეტ მომენტში, ხშირად სათანადოდ ვერ მუშაობს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, შედეგად ვღებულობთ უამრავ დანაშაულს, სხვათა და საკუთარი თავის დასაღუპავად, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვები სავსენი იყვნენ ღვთის შიშითა და სიყვარულით, რაც შეუდარებლად საგრძნობელ შედეგს გამოიღებდა. ამ სიკეთეში კი, ეკლესიასთან ერთად, ყველა საერო წამყვანი ძალაც, უნდა იყოს ცოცხალი მაგალითის მიმცემი მომავალი თაობებისთვის და არა იმ აზროვნებით, თითქოს ღვთის წრმენისა და მისი სიტყვის ადრეულ ასაკში ზედმიწევნით ცოდნის გარეშე, ახალგაზრდების მშვიდობაზე, მხოლოდ სასკოლო და უმაღლესი განათლება, კანონმდებლობასთან ერთად საკმარის გავლენას ახდენდეს.
241. ბავშვების სულიერ აღზრდა - განათლებას უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება, პირველი და უმთავრესი ესაა, რათა მივიღოთ ძლიერი და ქვეყნისათვის გამოსადეგი თაობა, რომელიც სწორედ მაშინ მოერიდება ქურდობას, ღალატს, ჩხუბს, მრავალგვარ მავნებლობას, როცა ამას ადამიანები ვერ ხედავენ, და არა მხოლოდ მაშინ და იმიტომ, რომ კანონმა არ დასაჯოს ან ადამიანებმა არ განიკითხონ, რადგანაც ღმერთი იქნება მათ გულში. ვინ დათვლის, რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, აცდა სწორ გზას, საკმარისი გონიერებისა და ღვთის ხსოვნის უქონლობის გამო. სწორედ ამიტომ უნდა დააბრუნონ ღმერთი ყველგან, სადაც მომავალი თაობა ყალიბდება, როგორც მომავალი მოქალაქე.
242. ჭეშმარიტი განათლება სუფთა სულში ვლინდება, ამიტომაც რაც უფრო გონიერია ადამიანი, თვისებებით მით უფრო წააგავს ბავშვს.
243. სადაც არ არის ჭეშმარიტი განათლება, იქ ეჭვი, შიში, მწუხარება უაზრო საგანთა ზედა, მეწვრილმანეობით გამოწვეული შფოთი, უმადურობა და სიბილწე მეფობს.
244. სადაც არ არის ჭეშმარიტი განათლება, იქ არც ბედნიერებაა.
245. ჭეშმარიტი განათლებაა მცნება ღვთისა, მხოლოდ ესაა ნათელი გონებისათვის.
246. დაგცინა? მიდი და უფრო მეტად დაცინე, მაშინ იქნები ძლიერი. გაგინა? მიდი უარესად აგინე, სისუსტე არ შეგატყონ. ცილი გწამა? მიდი შენ და უარესი მოიფიქრე, ვისზე ნაკლები ხარ. დაგარტყა? ნურც შენ დააკლებ ხელს. თავი მოიწონა რაიმე წარმატებით, ქონებით? შენც მიდი გაქ თუ არა წარმატება, რაიმე მოიფიქრე, რომ გულზე გახეთქო. განგიკითხა? დააკვირდი კარგად თუ რამდენი განსაკითხი რამ სჭირს მასაც და არ დაახანო. შენი დახმარების წილ უმადურობა გამოიჩინა, ისე რომ სულ აღარ ახსოვს შენი სიკეთე? მაშინ გაახსენე, წამოსძახე, დააყვედრე, რომ გაახსენდეს და მიხვდეს თუ რა უმადურია. კარგად გექცევა? ეტყობა რაღაცაში სჭირდები. სიკეთეს გიკეთებს? მერე რა, ხვალ მასაც დასჭირდება. და ა. შ. აი რა აზროვნება ყალიბდება ქრისტეს გარეშე, ღრმა აზროვნების, უზენაესი სამართლიანობისა და სიყვარულის განცდის გარეშე, აი რა ვირუსები ტრიალებს საზოგადოებაში და ასნებოვნებს გამოუცდელ ახალგაზრდობას, აი რა იწვევს ზიზღს, სიძულვილს, მკვლელობებს, ომებს... ეს შეუქცევადი პროცესია, ვერავითარი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება, ვერავითარი სტაბილურობა და უსაფრთხოება ვერ შენიღბავს და მითუმეტეს ვერ განკურნავს კაცობრიობისათვის ამ ყველაზე საშიშ ვირუსს, რომელიც სჭირს მას. ადამიანთა უმრავლესობას სიძლიერე და სიმართლე კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ ჰგონიათ დღესაც, ანუ სულის სიღრმეში ჩაუხედავი კაცის რეაქცია - რეფლექსი, ბევრი ისე კვდება ამ ნიშნულს ვერ ცდება, თუ მოუთმენ სუსტი გონიხარ, თუ აპატიებ სულელი, თუ არ განიკითხავ გონებასუსტი, თუ თავს არ იწონებ უიღბლო და ა. შ. მაგრამ ძალაც და სიმართლეც, ვისთვის როგორ და რაშია. ვინც იწამა, რომ ქრისტე ღმერთია, მან უზენაეს სიმართლესაც და ცოდნასაც ჩაუღრმავდა და მისთვის ყველაფერი პირიქით იქცა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედება მისთვის სისუსტეა და არა სიძლიერე, რადგან თავადაც მრავალი სისუსტის მქონეთ, სწორედ, რომ სიყვარული, მიტევება და სწავლება გვჭირდება, რაც თავის მხვრივ, სწორედ, რომ მშვიდობისმყოფელ გავლენას, მოახდენდა საზოგადოებაზე, ამიტომაც, სიძლიერეც და სწორი ქმედებაც ვლინდება მოთმინების, ღრმა აზროვნებისა და განწმენდის გზით.. ასე, რომ დაფიქრდით ვითომ პროგრესულად მოაზროვნეები, იქნებ ხანდახან ვისთან გაქვთ საქმე, ზოგიერთი ადამიანი ისე განსხვავდება თქვენგან, როგორც ცა და დედამიწა, ბნელიდან სინათლეში გამოსვლა მზის გულზე გამოსვლა, რომ გგონიათ.
247. ყველაფერი ხრწნადია, თვით ყველაზე ნათელი მოგონებებიც კი, მსგავსად ჩვენი სიცოცხლის ყველაზე პროდუქტიულ დროს, ყველაზე შთამბეჭდავ ხანაში მიღებული ინფორმაციისა, ანუ მეორენაერად, რომ ვთქვათ ამქვეყნიური განათლება, ურემზე დადებულ ხორბლის გახვრეტილ ტომარას წააგავს. მაშინ რა არის ის კრიტერიუმი, რომლითაც შეიძლება შეაფასო ადამიანი და გაზომო მისი სიდიადე? ... ყველაფერი სხვაგვარადაა, პირიქითაა, მნიშვნელოვანი ამქვეყნადაც და მომავალი რწმენისმიერი ცხოვრებისთვის მხოლოდ და მხოლოდ, სულიერი განწმენდაზე ზრუნვის უნარისა და სიყვარულის ქონაა, რაც სარწმუნოებასა და ღმერთზე მინდობას, უბრალოებასა და იმედს, თავმდაბლობასა და სიმშვიდეს, სიცოცხლის ყოველი მომენტისთვის უნდა ფლობდეს, რადგან სწორედ ასეთ ჭურჭელში ივანებს მადლი სული წმიდისა, ჭეშმარიტების მოძღვრისა და იმავდროულად ღმერთისა. აი ეს არის განათლებაც, აზროვნების უნარიც და აუცილებელი საჭიროებაც ჩვენი სხეულისა და სულისათვის, სხვა ყველაფერი ამაოებაა და მხოლოდ მიწიერ, ხშირ შემთხვევაში ბოროტ, საერთო ჯამში კი არაჭეშმარიტ საფუძველზე აღმოცენებულ ამბიციებს ემსახურება, ეს უკანასკნელნი კი სამუდამოდ ღმერთისგან დაშორებასა და ტანჯვას, რასაც სულის წარწყმედას ვეძახით.
248. ამაყობენ ინფორმაციის ქონით, ფიქრობენ, რომ ამითი ამტკიცებენ თავიანთ განათლებულობას, უფრო მეტიც, უმრავლესობას მხოლოდ ეს გონია განათლება, მაგრამ ვერ აცნობიერებენ და ხშირ შემთხვევაში არც უნდათ გააცნობიერონ, რომ ამ ყველაფერს ყოველდღიური ცხოვრების ბედნიერების შექმნაში გადამწყვეტი როლი არა აქვს, აქ უმთავრესია მეორე ადამიანი არ აწამო შენი ზნედაცემული ხასიათით და ასე მწარედ არ გალიო შენი წილი წუთისოფელი, ცხოვრებაში ხომ სიყვარულის და თანადგომის ნიჭია უმთავრესი, ამას კი უარყოფითი ჩვევების დამარცხება სჭირდება, რაღა თქმა უნდა ღვთის შეწევნით. ამიტომაც სწორედ ამ უნარის მფლობელი შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტი განათლების მქონედ.
249. სჯობს ნაკლები ინფორმაცია და მეტი უნარი, ვიდრე პირიქით, მეტი ინფორმაცია და ნაკლები უნარი, რადგან მრავლისმცოდნეობა აამაყებს, აზარმაცებს და რყვნის ზნეობრივად მოუმწიფებელ ადამიანს. მაძიებელს და მებრძოლს, სულისთვის სასარგებლო გონიერება და უნარი არ მოაკლდება, ვინაიდან არაფერია ღვთის სიტყვაზე ძლიერი, ხოლო ის რაც ღვთისაგან ბოძებულია და ჩვენშია, გამოსვლას და დამოძღვრას იწყებს, როგორც განწმენდილ გულში გამოვლენილი სული წმინდის მადლი, რადგან მისი გამოვლენა სწორედ ჩვენი გულწრფელი ნების თანხმობის შემთხვევაში ხდება და იმავდროულად იძენს აზრსაც. აი სწორედ ეს არამიწიერი განცდები, რომელიც ჩვენს გულში იბადება, კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენში მყოფი სასუფეველი.
250. თუ ადამიანი ზნეობრივად გაიწრთვნება, ღვთისადმი ლოცვით, მისი ზნეობა უმაღლეს მორალთან თანხმობაში იქნება, მაშინ მასში ბუნებრივად გაცოცხლდება ყველა ის თვისება, რაც ასე ძალიან სჭირდება მისი ოჯახის, მის გვერდით მყოფი ადამიანებისა და ქვეყნის კეთილდღეობას.
251. მათ, ვისაც თავი მოაქვთ სიმდიდრითა და ფუფუნებით, რომელიც სხვებთან შედარებით, რაღაც მიზეზთა გამო მინიჭებიათ, პასუხისმგებლობაც მეტი აკისრიათ, ამა თუ იმ განსაცდელში მყოფი ადამიანების ფონზე, რომლებიც ცხოვრების გზაზე ხვდებათ, როგორც დახმარების მთხოვნელები.
252. თუ ხარობ სიმდიდრით, მაშინ იმ მოწყალებითაც უნდა ხარობდე რის საშუალებასაც ეს სიმდიდრე გაძლევს, წინააღმრდეგ შემთხვევაში სიმდიდრე მხოლოდ პასუხისმგებლობას ნიშნავს, რომელსაც დროებით გაექეცი. იმათთვის ვისაც უმეტესწილად არ სჯერა განკითხვის, საკუთარ უგულისყურობასა და გულგრილობას დააბრალონ, ეს უკანასკნელი კი სინდისის არად ჩაგდებასა და ღვთის არ გამოძიებას.
253. ამ ქვეყნიური საზრუნავი ყბადაღებული უფსკრულია, რომელიც ისევე არ ამოივსება როგორც ადამიანთა გაუმაძღრობა, ასე რომ ამ მიმართულებით, ყველაფერი მოჩვენებითია და ფარდობითი, გრძნობ ბედნიერებას მიღწეულით ახალი სურვილების გაჩენამდე, რაც საკმაოდ მალე იბადება..ასე მივუყვებით იმ ბილიკს, რომელიც ბედნიერებასთან ვერასოდეს მიგვიყვანს..
254. რა შეიძლება ითქვას სიმდიდრის ანუ მატერიალური კეთილდღეობის შესახებ, თუ სამართლიანობითა და სიყვარულით ნაკარნახევ ლოგიკას მივყვებით, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და არა შემთხვევითი ქაოსი, ასე უნდა ჩავთვალოთ, რომ როდესაც მდიდარი ადამიანი, რომელიც თავის ქონებას გარდა თავისი ოჯახის კეთილდღეობისა, შეძლებისდაგვარად, თანაც სიხარულის განცდით, სხვის, ეს იქნება შეჭირვებული ნათესავის თუ ვინმე სხვათა კეთილდღეობასაც ახმარს, ვინც ხვდება მას, ცხოვრების სარბიელზე დახმარების სათხოვნელად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მას, როგორც სანდოს ღმერთმა მეტი ქონებაც ანდო. რადგან იმედი ქონდა, რომ ის ამ ქონებით თავისთვისაც და სხვისთვისაც სიკეთეს გაამრავლებდა და სამართლიანად გამოიყენებდა. მაგრამ რა შეიძლება ვუწოდოთ იმ ადამიანის მდგომარეობას, ვინც გამდიდრდა, მაგრამ უახლოესებს, თუ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ვინც ხელმოკლედ ცხოვრობს, დახმარების თხოვნისას გვერდში არ უდგას, ვერ განიცდის იმ ტკივილს, რა ტკივილითაც შეიძლება ისინი ცხოვრობდნენ, ვერ განიცდის იმ სიახლოვეს რაც ბედმა არგუნა მათ მიმართ და ხშირად ამ ადამიანთა თვალწინ წარმოუდგენელი სიცივის გამომჟღავნებას ახდენს, იმ ფუფუნებით, რაც ყოველგვარ ზომიერებას ცილდება, მაგრამ პატივმოყვარეობას აყოლილი, სინდისის ხმას რაღაც სიყალბით ახშობს, სიყალბით, რომლის მოგონებასაც ახერხებს მისი უგულისხმოებითა და ბრმა სიამაყით დაბინდული გონება და არც თვლის საგულისხმოდ, რომ საყვედურის ღირსია. აი ასეთ ქონებას კი ნამდვილად არ იძლევა ღმერთი, რადგან ის დათურ სამსახურს არასოდეს გასწევს, ასეთ ქონებას თავადი ამა სოფლისა ეშმაკი იძლევა, სულთა წასაწყმედად, უიმედობის, უსამართლობისა და ურწმუნოების დასათესად ამ ადამიანის ხელით და თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ღმერთის ნებაცაა, დაე იფიქრონ, რომ ეს შესაძლოა იყოს დაუცველობით, რომელიც არის იმავდროულად სამართლიანი შედეგი, ღვთის უარმყოფელი ადამიანისათვის ან უკეთეს შემთხვევაში ცოდვის ფსკერზე დასაშვებადაა ეს ყველაფერი, ვინძლო სიკეთისკენ გამობრუნდეს ცოდვის სიმყრალით შეძრწუნებული მდიდარი ადამიანი და სიმართლის გზაზე დადგომის სურვილი გაუჩნდეს.
255. თუ ღვთის მადლით ხარ ძლიერი, მაშინ ღვთაებრივი სიმშვიდით გაბრწყინებული დადიხარ და უფრო მეტად ერთვები ცხოვრებისეულ სიძნელეებში, რასაც ნამდვილი, კარგი ადამიანის საკეთებელი ქვია და თუ ამა სოფლის ნიჭით, მაშინ უფრო მოწყენილი ივლი, რადგანაც ასეთია გარემო.
256. ღვთაებრივი მადლი გონების ნათელი შუქია და სულის დადებითი ენერგია, რომლითაც მისი მიღების დროს აღიჭურვე.
257. თუ ადამიანი წრფელი გულით არ თხოულობს ღვთისაგან, მისთვის მიცემაც აზრს კარგავს და პირიქით დათური სამსახურია, რადგან რასაც მართლა არ აფასებს მალევე გააბნევს ან საზიანოდ გამოიყენებს. ასევე მნიშვნელოვანია უნარი, გამოიყენებს კი სათანადოდ, რასაც ასე მხურვალედ ითხოვს? საჭიროა დავიჯეროთ, რომ მიზეზი ჩვენი ყოფისა ჩვენივე ხასიათია, რასაც ყველაზე უკეთ ღმერთი ხედავს.
258. აპატიე უღირს ადამიანებს, ეს ორთავეს გჭირდებათ, რადგან უღირსი ამით სამადლო ლუკმას ჭამს და თუ ოდესმე არ მოინანიებს თავის საქციელს, შენ მაინც თავისუფალი დარჩები ბოღმის და განკითხვის მტანჯველი ტვირთისგან.
259. როგორ ვივიწყებთ ბავშვურ განცდებს, გვავიწყდება თუ როგორ გვიყვარდა ყველა და ყველაფერი ყოველგვარი ანგარების გარეშე, როგორ გვახარებდა გათენება, არ გვინდოდა დაღამება და ძილი, რადგანაც ასეთი თვისებები აქვს სიყვარულს, იქნებ მითხრას ვინმემ რაში გავცვალეთ ეს გრძნობები და რა შევიძინეთ ამის სანაცვლოდ ამაზე უფრო ძვირფასი ან ამის ტოლი.
260. ნუ იჩქარებ ადამიანის დაკარგვას, თუ ვითარება მაინცდამაინც გამოუვალი არ არის, რადგანაც ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი იგი და კეთილი მაგალითით ყოველთვის შეიძლება დემონის მსგავსებისგან ანგელოზს მიემსგავსოს.
261. გჯეროდეს ღვთისა და გარკვეულწილად მაინც უღირსად ცხოვრობდე, ეს იმის ბრალია, რომ ცოდვაზე მიჯაჭვულმა, ვერ შეიყვარე მისი სული.
262. ნებისმიერი ადამიანის დაკარგვა, შენი მიზეზით, დიდი დანაკლისია, რადგანაც ღვთისა და მოყვასის სიყვარულშია მთელი შენი სიხარული.
263. პატრიოტიზმიც ანგარებაა, მოყვასისა და ღვთის სიყვარულიც, თუ ბავშვივით ალალად არ გიყვარს ყველა და ყველაფერი.
264. სხვათა სიყვარული საკუთარი თავის შეცნობიდან იწყება, რადგანაც ერთია სულის მორალური სტრუქტურა, რასაც ყოველი ადამიანი თანაბრად ატარებს.
265. თუ ერთი გიყვარს ჭეშმარიტი სიყვარულით, შენ ყველა გიყვარს, რადგანაც სიყვარული ან გაქვს ან არა, სხვა დანარჩენი კი, რაც შეიძლება ნამდვილი სიყვარული გეგონოს, ანგარებისა და ეგოიზმის ნიღბით ინიღბება ისე, რომ რთულია გაარჩიო ღვთაებრივი მადლის გარეშე, რომელიც ღვთისა და მისი სიმართლის გულწრფელ მძებნელთ ეძლევათ.
266. ისევე შეუძლებელია ჭეშმარიტი სიყვარული გაგაჩნდეს პატიების, დათმობის, თავდადების, სხვისი სიხარულის გაზიარების, სხვისი ტკივილის განცდის, სხვაზე ლოცვის გარეშე, როგორც შეუძლებელია ეს ყველაფერი გაგაჩნდეს ღვთის წყალობის გარეშე.
267. ბოროტება რა თქმა უნდა ისჯება, ოღონდ ისე, იმ დროს და იმ დოზით, როგორც და როცა ამას ღმერთი მიიჩნევს საჭიროდ, როგორც მოსიყვარულე მამა.
268. ადამიანი ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ სოლიდარობას არ უნდა უცხადებდე მის მანკიერ მხარეებს.
269. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განკურნოს ჩვენი მანკიერებანი, რადგანაც სიყვარულია ჭეშმარიტი ლოცვა და მხოლოდ ჭეშმარიტ ლოცვას შეუძლია განკურნოს ჩვენი სული, რადგანაც დიდია ღმერთის სიყვარული ადამიანთა მიმართ.
270. ღვთისა და მოყვასის სიყვარული ნამდვილი ლოცვაა და ნამდვილი ლოცვა ღვთისა და მოყვასის სიყვარული.
271. ღვთის სიყვარული ყველას და ყველაფრის სიყვარულია და პირიქით, ყველას და ყველაფრის სიყვარული ღვთის სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია, ოღონდაც ამ ყველაფრის სიყვარული უმაღლესი ჭეშმარიტებისა და სიწმინდის ფარგლებს არ უნდა ცილდებოდეს.
272. ადამიანი ისე უნდა გიყვარდეს, თუნდაც უღირსი და ცოდვაში მყოფი, რომ მისკენ ნასროლი ტალახი და ქვები ტკივილს შენც გაყენებდეს.
273. ადვილია შეგებრალოს, როცა თავად კარგად და უფრო მეტიც, დიდებულად ხარ, მაგრამ თუ თავად გაჭირვებაში მყოფს სხვისი გაჭირვება მაინც გაღელვებს, ეს უკვე სიყვარულია, რაღა გვეთქმის იმათზე, ვინც ფუფუნებაში მყოფია და სხვისი ჭირი მაინც არ ანაღვლებს.
274. დიდი ამპარტავნებაა უსამართლოდ თავის მართლება, ისევე, როგორც დიდი უგუნურებაა იმედის დაკარგვა, რადგანაც მოსიყვარულე მამაა ღმერთი.
275. რა შეიძლება უწოდო უანგარო სითბოს, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ვრცელდება ერთდროულად და თავადაც გაბედნიერებს. ადამიანებზე, მათი სილამაზისა თუ სიმახინჯის, მათი წოდებისა თუ უბრალოების, სიმდიდრისა თუ სიღარიბის, მათი ავ-კარგიანობის მიუხედავად, ცხოველებზე მათი ჯიშიანობისა თუ უჯიშობის, სილამაზისა თუ სიმახინჯის მიუხედავად და ა. შ. თუ არა სიყვარული, რამეთუ ამით იცნობა თავად ღმერთი, რომელთანაც არ არის მიკერძოება, ამიტომაც არის ის, წყარო სიცოცხლისა და სიყვარულისა.
276. თუ ერთმანეთი ისეთი არ შევიყვარეთ როგორებიც ვართ, სიყვარული უცხო ყოფილა ჩვენთვის, რადგანაც ეს გრძნობა სრულიად არ არის დამოკიდებული ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანთა ქონებაზე, გავლენებზე, შესახედაობასა თუ თვისებებზე, ის ამ ყველაფრის მიღმაა, მათგან დამოუკიდებლად არსებობს.
277. სიყვარულის განცდა თუ ნამდვილი არ არის, მას ხშირად გათელავენ მდაბალი ვნებანი.
278. ადამიანის სიყვარული სურვილიდან იწყება, რა ბევრიც უნდა ქონდეს უარყოფითი მეორე ადამიანს, მსურველი მაინც იპოვის რაიმე ისეთს, რის გამოც შეიყვარებს მას, მაგრამ სულ რომ ვერაფერი იპოვოს, შეიბრალებს მაინც და ამ შემთხვევაში ეს შებრალებაა სწორედ სიყვარული.
279. თუ ვინმე ფიქრობს სიყვარულში ვნება არ არის, ძალიან ცდება, სიყვარულში დიდი ვნებაა, ოღონდაც წმინდა და კეთილშობილი.
280. დააკვირდით ბავშვებს, როგორ იბრძვიან, ხშირად ცრემლითაც, წინააღმრდეგობის მიუხედავად, ისინი მოგებული რჩებიან სწორედ მათი სიყვარულით სავსე გულით.
281. თუ თავისუფალი გინდა იყო, სინდისმა აღარ უნდა გამხილოს უკეთურებაში, ამიტომაც საჭიროა ყველაფერი ცუდის მოძულება და კარგის შეყვარება, რაც ღვთის შემწეობის გარეშე შეუძლებელია. იცხოვრო და გიყვარდეს როგორც ცხოვრობ და სინდისიც გიმოწმებდეს სიმართლეს, სწორედ ეს არის ნამდვილი თავისუფლება.
282. თავისუფალი ნება, პატივი და ღირსებაა, რასაც სათანადო დაფასება სჭირდება.
283. ყოველი ადამიანის სულს თავისივე ნება აცვია, წმინდა ხდება სული თუ ბინძური, ამ ადამიანის ხელწერითაა.
284. თავისუფლება სინდისთან თანხმობით ცხოვრების შესაძლებლობაა და არა იმის კეთება რასაც ვნებააშლილი სხეული გვკარნახობს, რამეთუ ბოლოს, ვითომ თავისუფალი ქმედება, სინდისის მხილებით, ანუ შინაგანი წინააღმდეგობით მთავრდება, ამიტომაც უნდა იქნას დაძლეული ხორცისმიერი აზროვნება და აუცილებლად ღვთისადმი ლოცვითა და მისი შეწევნით.
285. უსამართლო ვნებითა თუ მომხვეჭელობით ნაკარნახევ ჩანაფიქრთა მრავალფეროვნება, სულ სხვაგვარად გამოიყურება, სულ სხვაგვარ სიამოვნებას გვპირდება, ვიდრე ეს დასტურდება მოვლენის მოხვედრის შემდეგ, სინამდვილეში ადამიანს ბედნიერ განცდას უანგარო სიკეთით და სიყვარულით სავსე საქმე თუ სიტყვა მიანიჭებს და არა უსამართლობით მიღებული სიამოვნება თუ სარგებელი.
286. სისულელე ხშირად უმრავლესობაშია და მრავალი მხარდამჭერიც ყავს, გონიერება კი უმცირესობაში და მცირენი წვდებიან მის სიღრმეს, რადგან სისულელეც და გონიერებაც ადამიანის სულიერი მრწამსიდან იღებენ სათავეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი