მათთვის ვინც ყველაფერი იცის (ფიქრები) - ნაწილი III
287. რაც შეეხება ადამიანის სულს, მისთვის არსებობს ორნაერი პროგრესი, ერთი ემყარება მატერიალისტურ აზროვნებას, მეორე კი იდეალისტურს.
288. მატერიალისტური გონება რეგრესირებადია, თანამედროვე პროგრესის კვალდაკვალ, რომელიც გარდა მეცნიერული კვლევა-ძიებისა, სულ სხვა, მოგებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ-სამრეწველო იდეებს ემსახურება, უფრო და უფრო სუსტდება, ამიტომ ვერასდროს ამოხსნის სიცოცხლის საზრისს, ვერასდროს ვერ შეიმეცნებს ქმნილებათა ბუნებას. ღვთის მაძიებელ იდეალისტურ გონებას კი, რომელიც რწმენით იცილებს ვნებებს, ამაო ფუჭ აზრებს, აზრი უფრო ნათელი და წმინდა უხდება, რადგანაც სული მხოლოდ ინფორმაციის მარაგი კი არა, წმინდა გრძნობადი ფასეულობაა, ამაშია მისი ხედვაც, რწმენაც და გონიერებაც. ასეთი სულის გონებისათვის კი მეცნიერებაც და პროგრესიც კიდევ უფრო გამაძლიერებელია რწმენის მიმართულებით, სწორედ ხედვის სიძლიერიდან და სწორი მიდგომიდან გამომდინარე.
289. ვფიქრობ, რომ თუ ცოდვით დაცემული კაცობრიობისთვის გაიხსნება ისეთი მხედველობა, რომ მან ცხადად დაინახოს ანგელოზები, დემონები და მთელი უხილავი სამყარო, რომ აღარაფერი ვთქვა სამყაროს შემოქმედზე, რომლის ხილვას ნამდვილად ვერ გაუძლებს მოკვდავი სხეული, ის ჯერ თავისუფლებას დაკარგავს, რადგან მისი არჩევანი უსიყვარულო და იძულებითი გახდება, მაგრამ თუ მეორე გზით წავა და ყველაფრის დამნახავი, ღმერთს მაინც შეაქცევს ზურგს, დარდი მოუღებს ბოლოს ისე, რომ სიკეთის შეყვარებას ვერ მოასწრებს, რადგან დაცემული და დასუსტებული სხეულისა და სულის მატარებელია, რომლის გამოჯანსაღებას, რაც განწმენდასთან ერთად გარე სამყაროს, საკუთარი თავისა და ღმერთის სწორად შემეცნებაა, გარკვეული დრო და მკურნალობა ესაჭიროება. ამიტომაა მნიშვნელოვანი თავისუფალი ნებით არჩეული სიკეთე, რადგან იმას, რასაც თავისუფლების პირობებში ირჩევ, ირჩევ მთელი არსებით, იმედითა და სიყვარულით, ამ შემთხვევაში ეძლევა მას აზრიც და ედება ფასიც, როგორც სიყვარულით გადადგმული ნაბიჯი, ნაბიჯი მხოლოდ სიმართლისთვის, ღირსებისა და სიყვარულისთვის, შიშისა და გამორჩენის ნაცვლად, ამ თავისუფლების გარეშე არც ნამდვილი ლოცვა იარსებებდა, ამიტომაც არ უნდა იყოს სიკეთის მომტანი თავისუფალი ხედვა ყველაფერი იმისა, რასაც მიღმიერ სამყაროს ვეძახით.
290. კიდევ რა შეიძლება ითქვას ადამიანთა უმრავლესობის მიმართ, იმ ინფორმაციის შეძენის მიმართულებით, როგორიცაა კაცობრიობის ისტორია, კლასიკური ლიტერატურის უმრავლესობა, სხვადასხვა ფილოსოფიური, ტექნიკური, ჰუმანიტარული თუ სხვა სახეობის მეცნიერება, თითქოს წინა საუკუნეების ადამიანებთან შედარებით უფრო კარგები გახდნენ. კი, უფრო კულტურულები ოღონდ ფარისევლობის ხარჯზე და მეტი ინფორმაციის მატარებლები, მაგრამ თავმდაბლობის საწინააღმრდეგოდ, რადგან გამონაკლისი მხოლოდ სულიერი განათლებაა, ანუ ღმერთის სწავლება და მისი მადლი, რომელიც ანეიტრალებს ყოველივე უარყოფითს, თანაც ყველა ზემოხსენებულის ცოდნის თუ არცოდნის გარეშე.
291. ადამიანები ფიქრობენ, თუ როგორ მოიპოვონ ამქვეყნიური სიმდიდრე, ეს იქნება ცოდნა თუ ქონება და კეთილდღეობა, მაგრამ ღვთის სწავლების გათვალისწინების გარეშე, რომელიც მოგვიწოდებს, როგორც საკუთარ სისუსტეებთან, ასევე უხილავ ბოროტ ძალებთან ბრძოლისკენ, სულისა და ხორცისთვის აუცილებელი, სასარგებლო ჩვევების შეძენისკენ, ისინი ანიავებენ, როგორც ხორციელ ასევე სულიერ ჯანმრთელობას. მიზნის მისაღწევად, ზოგ შემთხვევაში უსამართლო და უწესო მოქმედებებით, მხოლოდ აწმყოზე ორიენტირებულნი ყიდიან ამქვეყნიურ და მით უფრო იმქვეყნიურ ბედნიერ მომავალს. მთავარი მიზეზი კი ნებისმიერი მიმართულებით, ღმერთის ძიებისა და რწმენის გარეშე, ამქვეყნიური სიკეთეების მოპოვების სანაცვლოდ, არჩეული არასწორი გზებია, მიღებული მცდარი გადაწყვეტილებებია. როგორც დაცემული ბუნებისთვისაა ნიშანდობლივი, ადამიანი გვერდს უვლის მხოლოდ ღმერთის ძიებას, თითქოს ძიებისა და რწმენის გარეშე, რაიმეს მიღწევა ან აღმოჩენა შეიძლებოდეს ამ სამყაროში.
292. შეუძლებელია მხოლოდ, ზნეობრივი პრინციპებისა და კანონის ამარა მართლაც ნორმალური ადამიანის ჩამოყალიბება, მით უფრო სტაბილური წინსვლა. საჭიროა ღვთის ძიება, რწმენა, შიში, სწავლება და მადლი დაუპირისპიროთ, როგორც ცოცხალი ძალა იმ მანკიერებებს, რაც ასე ძლიერი და სხვადასხვა ინდივიდის მიხედვით, მეტ-ნაკლებად, სხვადასხვა მიმართულებით გარდაუვლად მაცდუნებელია მათი ბუნებისათვის, რომელიც იმდენადაა დაზიანებული მოცემული მომენტისათვის, რამდენადაც სინდისი ამხელს მას.
293. ის, რასაც ზოგად განათლებას უწოდებენ, მხოლოდ ინფორმაციის ქონა გონიათ, მონუსხული შესცქერის საზოგადოების უმეტესობა ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ ამა თუ იმ ისტორიულ ფაქტზე, პოლიტიკურ, გეოგრაფიულ თუ ფილოსოფიურ საკითხზე და ამ ყველაფერს განათლებას ეძახიან, ფიქრობენ, რომ რაც მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო განათლებული ხარ. მაგრამ ავიწყდებათ მთავარი, რომ ეს ფაქტები სწორედ იმ სიბრძნეს უნდა იძლეოდეს რაც მოცემულ მომენტში ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისთვისაა საჭირო, ამ სიბრძნეს და გონიერებას კი ცნობა და გარჩევა სჭირდება. საქმე მაინც საღ აზროვნებასთან მიდის, რაც არა მხოლოდ მრავალი ინფორმაციის მიღებით, არამედ სულ სხვა გზებით მიიღწევა და ამ გზას სულიერი განწმენდის გზა ქვია.
294. მხოლოდ სულიერად განწმენდილი თაობა დაინახავს, რომ მეორე ადამიანი თუნდაც უცნობი (რომ არაფერი ვთქვათ იმ სანათესაო თუ სამეგობრო წრეზე, ვისთანაც ისედაც დაკავშირებული ვართ), ასევე ძვირფასი უნდა იყოს შენთვის, რომ თუ სხვა ადამიანის ადგილას არ დავაყენეთ ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, განსაკუთრებით უღირსი საქციელის ჩადენის დროს, როგორიცაა საკუთარი დედა, მამა, დედმამისშვილი, მეუღლე, შვილი, მეგობარი და ა. შ. ან თვით ჩვენივე თავი და არ ვკითხეთ თუ როგორ მოვექცეოდით მას, მოცემულ შემთხვევაში, მაშინ ყოველთვის უსამართლო და მიკერძოებული დავრჩებით და როდესაც ცხოვრება მსგავსი ლოგიკით მოგვექცევა, ამისი ღირსიც ვიქნებით. აი ეს არის ქვეყანაში ადამიანთა არაერთსულოვნებისა და დაყოფის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, ასე რომ რაღა გვეთქმის ქვეყანათა შორის ურთიერთობაზე.
295. როდესაც ვაკვირდები ადამიანებს, მათი უმრავლესობის მიერ არჩეულ გზას, ვხედავ, რომ ეს გზა თავადაც არ იციან რას ეყრდნობა, ესაა ღმერთის მიმართ რწმენა, (ვინაიდან ბაგით აღიარებენ, მაგრამ გული ცარიელია ნამდვილი რწმენისაგან) თუ სხვა რამის, რაც გვსმენია არსებობის შესახებ, ან არაფრის მიმართ რწმენა. ვფიქრობ, რომ ეს უკანასკნელი უფრო მორგებულია მათ მენტალობაზე, რომ იცხოვრო და დატკბე როგორც ამას გიკარნახებს გული, რომ ადამიანი უნებლიედ განვითარებული ცხოველია, რომელიც არავინ იცის თუ საიდან გაჩნდა ამ ქვეყანაზე, რომ მან უნდა მოიხვეჭოს რაც შეიძლება მეტი, მიაღწიოს რაც შეიძლება მაღალ მდგომარეობას და იამაყოს იმით, რომ მან ასე თუ ისე სხვებთან შედარებით მეტი შეძლო ამ ხანმოკლე ცხოვრების სარბიელზე... აი სწორედ ამაზე დაყრდნობა და ამის ,,რწმენით“ წარმოშობილი თვითკმაყოფილება მიმაჩნია ფანატიზმის ერთ-ერთ უმახინჯეს ფორმად, რადგან არა ცხოვრების საზრისის გულწრფელი ძიების შედეგადაა წარმოშობილი მსგავსი დამოკიდებულება, არამედ ეგოიზმისა და ამპარტავნების სამარცხვინო ნაყოფია ეს ყველაფერი და კაცობრიობის მახინჯი სურათი, თუ როგორ ცხოვრობს უმცირესობა, უბრალოდ მოარსებე უმრავლესობის ხარჯზე, თუნდაც წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ არაფერი ვთქვათ სხვა უსამართლობებზე, სწორედ ამ აზროვნების შედეგია.
296. არაფერია ისეთი საზიანო ქვეყნისა და შესაბამისად ოჯახთა კეთილდღეობისთვის, როგორც უგრძნობი, გაქვავებული გულია, რომელიც ყველაფერს თმობს, ოღონდაც დააკმაყოფილოს სურვილი მეტის შოვნისა და მოთხოვნილება ბიწიერი ტკბობისა, სულიდან მომდინარე იქნება ეს თუ ხორციდან, ამიტომაა, რომ ეს უგრძნობლობა იგრძნობა ყველგან და ყოველ საქმეში, სადაც წვდება მსგავს ადამიანთა მსახვრალი ხელი.
297. ყველაზე მეტად საპატივცემულოდ და სიყვარულის ღირსად ის ხალხი უნდა მივიჩნიოთ, რომელთა ცუდიც, ეს იქნება მატერიალური თუ ფიზიკური ზარალი ან გარდაცვალება, მოგვაყენებდა უდიდეს ტკივილს, შესაბამისად ყველაზე მეტ დროს, სწორედ მათთან უნდა ვატარებდეთ ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს. მაგრამ, თუ ასე არ ხდება, კარგად უნდა გავაანალიზოთ რატომ. შემდეგ კი უფალს შევთხოვოთ, რომ გამოვფხიზლდეთ და გამოვსწორდეთ, რადგან ამ დროს უკან ვეღარ დაიბრუნებ.
298. გვგონია, რომ არც ისეთი ცუდები ვართ, როგორც, მაგალითად ის სხვა, რომელმაც, ვინ იცის რა გზებით მივიდა, იმ რაღაც სიგლახესთან რასაც ჩადის, ვინ იცის რატომ ვერ მოერია საკუთარ თავს, ვინ იცის როგორები გავხდებოდით ჩვენ, მისი ადგილი, რომ გვჭეროდა ამ ცხოვრებაში და კიდევ რამდენი ვინ იცის.... ასე რომ ამ მიმართულებით ყველაფერი შედარებითი, გაურკვეველი და მოჩვენებითია, ამიტომაც არ ვართ იმ სხვაზე უკეთესები. უფრო მეტიც, თუ ზემოდან დავცქერით და არ თანაუგრძნობთ, უარესებიც ვართ, არათუ უკეთესები.
299. ყველაფერს, რითაც მე ვიგივდები სხვებისთვის საკუთარ თავთან, სახელს, გვარს, ოჯახსა და შესაბამისად წარმომავლობას, თუ მოვიცილებ და იმასაც დავუშვებ, რომ შესაძლოა მე არ ვშობილიყავი იქ სადაც ვიშვი, მაგრამ, შესაძლოა ვშობილიყავი სხვაგან, სადაც მართალია ზემოთ აღნიშნულ სახეობათა სხვა მონაცემებით ვიქნებოდი, მაგრამ იგივე მორალური ბუნების მქონე სული, როგორც ყველგან (რადგან ღვთისგანაა სული და ერთია სულიერი მამა, ჩვენ კი ყველანი შვილები ვართ), აქედან რა გამოდის? რა და თუნდაც ამიტომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავივით სხვაც და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სხვაც შენი ზეციური მამის შვილია, არამედ ყველაფერი ისევე სჭირდება მას, როგორც შენ, ყველაფერს განიცდის შენს მსგავსად. უბრალოდ შეიძლება იმდენი ვერ გაუკეთო მას, რაც შენს თავს, მატერიალური თვალსაზრისით, რადგან შენ უკვე შენი თავი გაბარია და ის სხვა შენთვის მეორეა და არა პირველი, მაგრამ სიყვარულია არამატერიალური და მის არ გამეტებას გამართლება არ აქვს, ის ყველას უნდა აგრძნობინო, ვინც კი შეგხვდება ცხოვრების გზაზე.
300. ვფიქრობ, რომ სულები რომლებსაც დაცემული ანგელოზები წარმოადგენენ, ჩაგვაგონებენ, რომ ღმერთი სასტიკია, რომ მან მიგვატოვა უთანასწორო ბრძოლაში ეშმაკებთან, რომ ეს ბრძოლა საჭიროც არ იყო, რომ ადამიანი რა თქმა უნდა წააგებს უსხეულო ბოროტ ანგელოზებთან, რომ ეს ბრძოლა ურთულესია, ანუ მარტივად, რომ ვთქვათ, ცრუობენ და თან ძალიან ამუქებენ შეხედულებებს ბევრ ისეთ საკითხზე, რომ იმედი და რწმენა დაგვიკარგონ ან უარყოფამდე აგვამხედრონ ღმერთის წინააღმრდეგ. მაგრამ ეს ბრძოლა საერთოდ არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საშიშროებას, თუ ღმერთს არ განეშორები ლოცვით, ფიქრით, რწმენით, იმედით, სიმდაბლითა და სინანულით. იქნებ იკითხოთ, საერთოდ რატომაა ეს ბრძოლა დაშვებული? როგორც ჩანს, ღვთის ნებით, თავისუფალი სამყაროს კანონია ასეთი. როგორც ადამიანის დაცემამდე არსებობდა შემხებლობა ბოროტ სულებთან, თუნდაც გამოცდის თვალსაზრისით, მხოლოდ შეთავაზების დონეზე, ღვთის დაშვებით, ასევე გრძელდება. მაგრამ ღვთის შემწეობით უნდა დაძლიოს ადამიანმა დაცემა და ცდუნება, რაც როგორც საკუთარი არსებიდან, ასევე ცის ქვეშ მყოფი დემონებიდან მოდის. ამ ბრძოლაში კი ღმერთის თანადგომას და აუცილებელ საჭიროებას კიდევ უფრო მეტად დაინახავ.
301. ხშირად შეხვდები ადამიანებს, რომლებიც მასმედიით შექმნილი წარმოდგენებით, საუბრობენ დღევანდელობაზე, თანამედროვეობაზე, ზოგადად ცხოვრებაზე, ისინი ვერ მიჯნავენ აღნიშნულ სივრცეს თავისი შინაარსით გარე სამყაროსაგან და ფიქრობენ, რომ დღეს ყველა ასე ცხოვრობს. მაგრამ თუ ადამიანი კარგად დააკვირდება თავის ქალაქს ან სოფელს, აღმოაჩენს, რომ იქედან ძალიან მცირეა მსგავს მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ამ ყველაფერს ქმნის და ასეა მეტ-ნაკლებად მთელ მსოფლიოში, მაგრამ დიდია მსოფლიო და ავსებს ზემოთ აღნიშნულ სივრცეს. სრულიად სხვაა სინამდვილე, ადამიანთა აბსოლიტური უმრავლესობა სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, ვიდრე ეს მასმედიითა და ინტერნეტით გადმოცემულ ბიზნეს წარმოდგენებში აისახება, ეს არ არის სამყაროს სახე, ეს საშოვრის მარტივი და უფრო მომგებიანი საშუალებაა, ადამიანის და იმავდროულად ეშმაკის ხელში, სამყაროს სახე სულ სხვანაერია.
302. ანგელოზი დაეცა, წარმოიდგინეთ ანგელოზი და მრავალი ანგელოზიც თან გაიყოლა, ეს გაბოროტებული სულები აცდუნებენ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ღმერთისკენ მიმავალ სულებს და ამ დროს მავანი ამბობს მე რა ცოდვა მაქვს, არაფერი დამიშავებიაო. მე ასე ვფიქრობ, რომ მათგან ვისაც ვიცნობ, ყველაზე ცოდვილი ვარ, ესეც რომ არა, ვის ძალუძს სხვისი ბრალი აწონოს, ყველაფერი ფარდობითია (რადგან განსხვავებულია ადამიანთა განვლილი გზები, გარემო, ფიზიკური შესაძლებლობები, ცხოვრებისეული სიძნელეები და ა.შ. რაც სინამდვილეში დაფარულია), მაგრამ კიდევ უფრო ცუდი მაშინ ვიყავი, როდესაც უკვე რწმენა გაღვიძებული ღმერთის და მისი სასუფევლის ძიებას უგულებელვყოფდი, დღეს კი ვმადლობ ღმერთს, რომ იმას რაც ჩემშია სურს ღმერთი და მუდმივად მისკენ მიიწევს.
303. მანამ მხოლოდ საკუთარი თავის მხილებით არ დავკავდებით, ისე რომ საძირკვლამდე გავაშიშვლოთ იგი, საძირკვლამდე, რომელიც ისეთივე ყალბი და უსამართლო აღმოჩნდება, როგორი ყალბიცაა მასზე დაშენებული თვისებები, ვერც სრულფასოვან სიმართლეს მივაგნებთ და ვერც ჯანსაღ სიმშვიდეს, რომელიც გაჯღენთილია რწმენით, იმედითა და სიყვარულით.
304. რაც უფრო ღრმად ეფლობი ცოდვაში, მით უფრო რწმუნდები, რომ მიტევება ყველაზე ჰუმანური თვისებაა, რომელიც ნებისმიერ სხვა დამოკიდებულებაზე მეტად გიბიძგებს გამოსწორებისკენ, მით უმეტეს სინდისის ქენჯნის ფონზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოპყრობა და ამავე დროს მიმტევებლის სულისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალია, ვინც მართლა აანალიზებს ამას, შემწყნარებელი ხდება.
305. დღეს უკვე ადამიანის ფორმის რობოტები გააქტიურდნენ, მეცნიერული პროგრესის ფონზე, დადებითი ემოციების გამოწვევითა და ბევრი სასარგებლო ქმედებით შეფუთული, მაგრამ ძირითადად ,,მონათმფლობელთა” კეთილდღეობისთვის. ასევე სავარაუდო, უარყოფითი როლის სათამაშოდ, რადგან ყველა და ყველაფერი, რომ არაფერი ვთქვა ეშმაკთა ინტერესებზე, რომელიც ღმერთმა უწყის, როდის და როგორ გამოიყენებს უღმერთო ადამიანთა ხელით ხელოვნურ ინტელექტიან რობოტთა სიმრავლეს, ბიზნეს ინტერესებისთვისაა, ჩაგრულ ადამიანთა ხარჯზე, იმდენად, რამდენადაც მოსალოდნელია ამან გამოიწვიოს ადამიანური მუშა ხელის მასიური ჩანაცვლება, მოსალოდნელი ომების წარმოება და ა.შ. ეს კი ისევ და ისევ ამა სოფლის ძლიერთა მიმართ უსამართლობისა და უიმედობის განცდას აღვივებს.
306. ხელოვნური ინტელექტი - ფიზიკურ მოწყობილობაში ჩატვირთული პროგრამული სისტემა, რომელიც მცირე დროში იძლევა პასუხებს ამა თუ იმ საკითხზე, მსჯელობს და გაწოდებს ინფორმაციას, ღებულობს გადაწყვეტილებებს, ასრულებს სხვა მრავალ ოპერაციას, რაც უადვილებს თანამედროვე ადამიანს, სხვადასხვა დასახული მიზნის მიღწევას.
მაგრამ, გარკვეულ საკითხებში, ადამიანისგან განსხვავებით, ვერ დაეყრდნობი, რადგან მას არ გააჩნია გრძნობა და ამ გრძნობაზე დაფუძნებული თავისუფალი ნება, რომელიც განაპირობებს თავისუფალ არჩევანს. სწორედ ეს შინაგანი გრძნობა იძლევა შესაძლებლობას გამოარჩიო ჭეშმარიტი არაჭეშმარიტისგან, სამართლიანი უსამართლოსგან, მართალი ტყუილისგან და სასარგებლო უსარგებლოსგან, სწორედ იმ მრწამსით, რომელიც მისგან განსხვავებით მიგვიღია, ამ მრწამსის უკან მდგარი იდეოლოგიის მიმართ, უმაღლეს გრძნობათა დასტურის ანუ დამოწმების შედეგად, ადამიანის სულის ერთ ერთი ყველაზე ორგანული ნაწილის მიერ, რასაც სინდისს უწოდებთ.
რატომ არა აქვს მას თავისუფალი ნება? იმიტომ, რომ ის დამოკიდებულია იმ ინფორმაციაზე, რაზედაც წვდომის უფლება მიუცია ადამიანს, როგორც სხვადასხვა დროში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, ხალხების მიერ, მიღებული გამოცდილება, მეცნიერული ხასიათის იქნება ეს ჰუმანიტარული თუ რელიგიური? არა, ამიტომ, არამედ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია ამ ინფორმაციის შეფასება, საკუთარი მრწამსის მიხედვით, რადგანაც არ გააჩნია იგი.
ადამიანმა, შეიძლება ვერ შეაფასოს მეცნიერულ მიღწევათა სიდიადე, გამომდინარე იქედან, რომ ვერ ჩაწვდეს რა სირთულის გზა, ან რა სიღრმე გააჩნია აღმოჩენილ სიახლეს, მაგრამ თავისი მრწამსის ფონზე, ის მაინც შეუძლია მიხვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მოცემული გამოგონება სულიერი თუ ფიზიკური თვალსაზრისით და გააკეთოს სწორი შეფასება. ასევეა ჰუმანიტარულ (კულტურულ და ისტორიულ) თუ რელიგიის საკითხთა განხილვის დროს, რადგან უკეთეს შემთხვევაში ადამიანი სწორედ საკუთარი სულით არჩეულ უმაღლეს ფასეულობას ადარებს ყოველივეს, ხელოვნური ინტელექტი კი რას გააკეთებს ამ თვალსაზრისით?
უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, ავიღოთ მაგალითად რელიგია, რომელიც ამ წიგნის შინაარსიდან გამომდინარე ყველაზე უფრო პრიორიტეტულია ჩემთვის. რა ხდება ამ თვალსაზრისით AI - ის (ანუ ხელოვნური ინტელექტის) შემთხვევაში? მას აქვს წვდომა მრავალ რელიგიასთან, ის გაწვდის ინფორმაციას ყოველ მათგანზე, მაგრამ არ ემოწმება არცერთს, თუ რომელია ჭეშმარიტი და სასარგებლო, არ აქვს უნარი საკუთარი გრძნობის მიხედვით გამოარჩიოს ჭეშმარიტი ანუ ყველაზე რეალური და ადამიანის არსებისთვის ყველაზე ორგანული რელიგია, რადგანაც მას არ გააჩნია ადამიანური სული. ვინაიდან ის არ ატარებს თავის თავში სულს, ის არც ყველაზე განვითარებული ინდივიდია, როგორც დამოუკიდებელი ერთეული. ამიტომაც, ამ თვალსაზრისით, ის არაფერია სწორედ იმ ყველაფრით რაც მასშია. აქედან გამომდინარე, მთელ რიგ საკითხებში, მისი მსჯელობის მიმართ ნდობა არ შეიძლება, მით უფრო, რომ შეცდომა არ არის გამორიცხული, ისევე როგორც, მთელ რიგ საკითხებში მისგან შესაძლოა სარგებელი ნახო და მრავალი რამ, რაც არ იცოდი, მოკლე დროში გასაგები გახდეს.
დასკვნა ის იქნება, რომ ადამიანი, ჯერ ღვთივ განათლებული უნდა იყოს და შემდეგ კი, უფრო სასარგებლო იქნება მისი შეხება ამ პროგრამულ სისტემასთან, როგორც გონიერი მომხმარებლის და არა როგორც მონური, ბრმა ნდობით დაქვემდებარებული სუბიექტის.
307. ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი რამ დაცემული ადამიანის თვისებებს შორის, არის უმადურობა, რომელიც მალევე გართმევს სიხარულისა და ბედნიერების განცდას, იმისა, რაც გაბადია, ქონება იქნება ეს თუ ოჯახის წევრები, გხდის უბედურს, მაგრამ თუ რაიმე რეალური საფრთხე გამოჩნდება, რომ ამათგან რომელიმეს ან ყველაფერს ერთად კარგავდე, მაშინღა აცნობიერებ თუ რა განუზომელი ბედნიერების მქონე ყოფილხარ და ვერც კი ხვდებოდი, იმიტომ, რომ არ აფასებდი სათანადოდ.
308. ადვილად შენდობა საკუთარი თავის მიმართ, იმ იმედით რომ უფალი მოწყალების უფსკრულია არის მახე, რომელიც დამცირებისა და სირცხვილის მეტს არაფერს მოგიტანს, არა იმიტომ რომ ღმერთი მოწყალების უფსკრული არ არის, არამედ იმიტომ, რომ ამ ფიქრით მეტის უფლება შეიძლება მისცე ცოდვილ ქმედებებს, რომელთაგან უმეტესი შესაძლოა გარედან არც ჩანდეს, მაგრამ თუ დაუკვირდებით შემდეგ მოსულ განსაცდელშიც ბევრია წყალობა, ამიტომაცაა უფლის წყალობით სავსე ქვეყნიერება, რომ უკიდურესად დაცემულის მობრუნებასაც ელოდება და წყალობს უფალი, ადამიანები კი მრავალგვარ განსაცდელს ზედაპირულად და შესაბამისად უსამართლობად აღიქვამენ.
309. ვინ განსაზღვრა, რა უფრო მეტი დანაშაულია, საზოგადოებამ? რომელიც სიძვის დიაცს უფრო ცოდვილად აღიქვამს, ვიდრე მაგალითად ჭორიკანა ადამიანს, რომელიც ცილისწამებით არის შეპყრობილი, ან თუნდაც საიდუმლო სიმართლის გათქმით და რომლის ენითაც მოტანილი უარყოფითი ემოციით, შეიძლება ვინმემ სიცოცხლე ან ჯანმრთელობა დაკარგოს, ისე, რომ მას ბრალი არავინ დასდოს.
310. მხოლოდ ხორციელზე ზრუნვა, თვალით ხილულზე, გონებითა და გულით განცდილზე დაყრდნობა, სინდისის გაუთვალისწინებლად, რომელიც სწორედ წმინდა ზნეობისა და უმაღლესი მორალის მოწმობაა ჩვენში, სულიერი განუვითარებლობისა და დეგრადაციის გზას წარმოადგენს. სულისთვის, რომელიც არ უსმენს მას, ეს იგივეა, რომ ორგანიზმმა დაკარგოს გემოსა და ყნოსვის უნარი, იმ დონეზე, რომ ჭამდე და სვამდე ყველაფერს რაც გზად გხვდება, სასარგებლო თუ მავნებელი, ეს იგივეა რომ გონებამ დაკარგოს განსჯისა და ანალიზის უნარი, შედეგად კი გაუფილტრავად ღებულობდე ინფორმაციას, რაც ცხოვრებაში გხვდება. ამიტომაა, რომ მრავალი ზრდასრული ადამიანი, ისევ ისე მოუთმენელი, ბუტია, უგულისყურო, ბრაზიანი, გაუმაძღარი და ა.შ. რჩება, როგორც უმეცარი პატარა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულა თუ საით მიაქანებს თავისივე სხეული, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ფიზიკურ ზრდასთან ერთად ხორციელ ვნებათა ღელვას მოუტანია მათთვის და რომელთან ბრძოლაც ყოვლად წარმოუდგენელი ამოცანაა მსგავსი კატეგორიის არსებათათვის.
311. დეგრადაცია იმდენად ღრმად ზის ადამიანის სულში, რომ არათუ ითვალისწინებენ ჭეშმარიტ იდეალებსა და ფასეულობებს, არამედ მათ გარეშე შექმნეს დადებით და უარყოფით ქმედებათა ბურუსით მოცული შედარებითი, უპრინციპო სისტემა, რაც არსად არ წერია, იმდენად რამდენადაც ინდივიდუალურ „განათლებასთან“ შერწყმული მიკერძოებითაა ნაკარნახევი, მაგრამ თითქოსდა საზოგადოებრივი ნორმაა, ვინაიდან არც აწყობთ ჭეშმარიტი ორიენტირი. ამიტომ არც სამართლიანობის განცდა არსებობს და უსამართლო ძალმომრეობითა და თვალთმაქცობით შეპყრობილნი, ისე აფასებენ საკუთარ თუ სხვათა საქციელს, როგორც თავად მათ არგიათ ე.წ. „წარმატებისთვის“. რადგან არ გააჩნიათ ნამდვილი ღირსება და განათლება, ხშირად სხვაში, როგორც დაბინდულ სარკეში დანახული, საკუთარი სიმახინჯის ანარეკლს აპროტესტებენ და ასე ნებსით თუ უნებლიედ აწამებენ და ბიწიერ წრეში ითრევენ ერთმანეთს.
312. ვფიქრობ, მათ, ვინც ,,ყველაფერი იცის", თუ ასე გააგრძელებენ და ძიებას არ დაიწყებენ, ხვედრად მარადიული სინანული და მწუხარება მოელით.
313. ეს ყველაფერი ნაკლებად საყურადღებო იქნებოდა, რომ არა საოცარი კავშირი ღმერთთან, რომელიც იმდენად ეძახის და ამხელს თითოეულ ადამიანს, განურჩევლად რელიგიური თუ ინდივიდუალური მორალური მრწამსისა, რამდენადაც ეს საჭიროა, რომ არ შეიზღუდოს თავისუფალი არჩევანი და რომ არა შინაგანი, ყოველგვარ ლოგიკურობას მოკლებული გრძნობისმიერი ხედვა, რომელიც დაჯერებამდე გარწმუნებს ღმერთში. მართალია ადამიანები ნაკლებად უმხელენ ერთმანეთს შინაგანი მოწოდებებისა და განცდების შესახებ, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება და ხდება ყოველ მათგანში.
314. რაც დრო გადის, მით ხშირდება მომენტები, როცა სხვისი უბედურებისა თუ სიკვდილის მნახველი, ან საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესების თუ სხვა განსაცდელის ჟამს, როდესაც ძალიან ძნელად ან საერთოდ ვეღარ იბრუნებ დაკარგულს და ამისგან დაუზღვეველი ხარ, გვიპყრობს მძაფრი განცდა ამაოების, სისულელისა და დამარცხების, აცნობიერებ, რომ მართლაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა გებრძოლა, გებრძოლა ღმერთთან ერთად, რაც შეიძლება სუფთა და მადლიანი ცხოვრებისთვის, რათა არა მარტო შენ, არამედ შენთან ერთად სხვებიც რწმენის გზაზე დაგეყენებინა.
315. სჯობს საკუთარი კეთილი ნებითა და ღვთისადმი ვედრებით მოითმინო და მოერიდო მრავალგვარ მავნებლობას, როგორიცაა ამაო საკითხთა გამო გამოწვეული ნერვიულობა და სტრესი, როგორიცაა თუნდაც მეტის ქონისა და განდიდების პატივმოყვარული მისწრაფებები და სხვა მსგავსი არაჯანსაღი ამბიციები, რაც თავი და თავია ჩვენი ჯანმრთელობის რღვევისა, თამბაქო, ზომაზე მეტი ალკოჰოლი, ზომაზე მეტი ჭამა, მით უფრო არაჯანსაღი. ამიტომ მნიშვნელოვანია აირჩიოთ ბუნებრივი და ნაკლებად დამუშავებული პროდუქტები, ჩამოაყალიბოთ ჯანსაღი კვების ჩვევები. ამ ყველაფრის უზომოდ მოხმარებით მოტანილ ზიანს, მართალია თავიდანვე ვერც გრძნობ, რადგან ჯერ კიდევ ჯანმრთელი ხარ, ენერგიით, ხალისით, სასიამოვნო შეგრძნებებით სავსე, მოუფრთხილებელი ცხოვრების წესით მოტანილი უარყოფითი შედეგის არც გჯერა ან შორს გეჩვენება, მაგრამ ეს ტყუილი ფიქრია. შემდეგ კი ისე, როგორც ყველანი, ვინც გამოსცადა დაუდევრობის, მოუთმენლობისა და უმადურობის მწარე შედეგები, წუწუნს მოჰყვები, უენერგიობის, უხასიათობის, არასასიამოვნო შეგრძნებებისა თუ ზოგადად ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეშფოთებული და ახლა უკვე არა საკუთარი ნებით სწორი ცხოვრებისთვის, არამედ იძულებით დამთმენი, არასწორი ცხოვრების გამო მოტანილ მრავალგვარ უსიამოვნებათა.
316. ადამიანთა თვალში კარგი ავტორიტეტი თავისთავად სასარგებლო საშუალებაა, ის იმაზე ბევრად უფრო დიდი კომფორტია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, ყველაზე მეტად მაშინ ხვდები მის პრივილეგიათა სიღრმეს, როდესაც რაიმე სერიოზული საფრთხე დაემუქრება მას, მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა, მედლის მეორე მხარე კი, ანუ უმეტესი ჩვენი, დაფარულია ისე, რომ მხოლოდ ჩვენთვის და გულთამხილავი ღმერთისთვისაა ცნობილი. სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობა მედლის პირველ მხარეს ეყრდნობა და ამაზე აქვს აგებული თავისი, ასე ვთქვათ ამსოფლიური ნავსაყუდელი. მართალია თავად მას მოეხსენება, თავისივე სიყალბე, მაგრამ ამას ხომ სხვები ვერ ხედავენ და გამაგრდა კაცი ამ ტყუილ წარმოდგენაში, იმდენად, რამდენადაც არათუ აქტიურ ცხოვრებაში, არამედ სასიკვდილო სარეცელზეც ვერ თმობს ამ ესოდენ ნაფოფინებ სახელს, ისე, რომ სიტყვა აღსარების გაგონებაც კი შიშის ზარს სცემს.
317. კაცობრიობამ თავისი ისტორიისა და განვითარების გზაზე მრავალი ფილოსოფიური, მეცნიერული თუ პოლიტიკური და ა.შ. ხასიათის ტერმინოლოგია დააგროვა, სხვა ზოგად ინფორმაციასთან ერთად, რომელიც ამა თუ იმ მოვლენათა ხედვის, ერთა წეს-წყობილების, ადამიანთა ზნე-ჩვეულების ანუ ხასიათის თვისებათა გამომხატველია. თანამედროვე ადამიანი თავს მოვალედ თვლის, რომ მაქსიმალურად აითვისოს ეს ინფორმაცია, თან ისწავლოს ამ ტერმინების გამოყენება, რათა თავისი ფიქრით ,,განათლებას" არ ჩამორჩეს, რაც საბოლოოდ ართმევს მას როგორც ინდივიდუალობას, ასევე არყევს მის პრინციპულობასა და სიმტკიცეს, სხვადასხვა ინფორმაციათა ერთი და იგივე საკითხზე მრავალფეროვანი და ხშირად ურთიერთსაწინააღმრდეგო წარმოდგენის გამო, რომ არაფერი ვთქვათ იმ დროის უკმარისობაზე, რაც თავისუფალ აზროვნებას სჭირდება. დროში მატულობს ინფორმაცია და უცხო სიტყვათა ლექსიკონი მომავალი თაობებისთვის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთივ განათლებულ ადამიანს, რომლის მიზანიც არავითარ შემთხვევაში არ იქნება გონების ამ აურაცხელი ჭრელი მასალით გამოვსება, ყოველთვის მოეძებნება საჭირო აზრის გამოსახატავად საკმარისი სიტყვები, რომელიც ნამდვილად აჯობებს უცხო ტერმინებითა თუ უსაზღვრო ინფორმაციით დატვირთულ, მაგრამ ბნელი სულის მატარებელ და შესაბამისად გაუნათლებელ ინდივიდს. ასე, რომ ამ მიმართულებით საშიში ის კი არაა, რომ ამ ყველაფრიდან მაქსიმუმი არ აიღო, არამედ თავის ჭკუაზე მიშვებული ადამინის ამ ყველაფრისკენ სწრაფვაა ზერელობისა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ინტელექტუალური და მორალურ-ზნეობრივი კავშირის გაწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი. ვინაიდან თავის ჭკუაზე მიშვებული ადამინისათვის არ არსებობს ჭეშმარიტი ორიენტირი, რომელიც არის სიტყვა ღვთისა, რადგან მათი ორიენტირი მათივე მიკერძოებული ხასიათია გემოვნებისა თუ სხვადასხვა მისწრაფებათა მიხედვით და ეს ყველაფერი ხშირად ურთიერთსაწინააღმრდეგო ენერგიით მუხტავს მათ გაუნათლებელ სულებს, ასევე დამაბრკოლებელიცაა და სასოწარკვეთილებაში ჩამგდები ჯერ კიდევ საქმეში ჩაუხედავი უბრალო ადამიანებისთვისაც, რომელთაც ნამდვილი განათლება, რაღაც მიუწვდომელი ფუფუნება ჰგონიათ და შესაბამისად, შესაძლოა რელიგიური მოძღვრება, ამ მწიგნობართა მსგავსად, რაღაც ჩამორჩენილ თუ მოძველებულ ტექსტადაც კი მიაჩნდეთ. ოღონდაც, ზემოთ ხსენებული ისე კი არ უნდა გავიგოთ, თითქოს ინფორმაციის მიღება არ შეიძლებოდეს, მაგრამ მისი გავლენით თავისუფალი აზროვნებისა და სულიერ სათნოებათა განვითარება არ უნდა იქნას დაკნინებული, რაც იმდენად გარდაუვალია, რომ მსოფლიოს სუნთქვაში ყოველთვის იგრძნობა. გაიხსენეთ რა უბრალო ენით საუბრობს ნათელი ამ სოფლის, თავად მაცხოვარი, მაგრამ ის გადმოგვცემს ყველაზე დიდ სიბრძნეს და სიმართლეს, რაც არის, როგორც ხორცის და სულის ჯანმრთელობის, ასევე ერთმანეთთან სწორი ურთიერთობის საწინდარი და რაც ისე როგორც ჰაერი, გვჭირდება ყოველდღიური ბედნიერებისთვის. ისიც გასაგებია, რომ შესაძლოა სხვანაირად გაჭირდეს აყვე გარშემო სამყაროს, მაგრამ, დაე გარშემო სამყარო აყვეს სიმართლეს, რადგან საით მიდის ეს სამყარო, ვფიქრობ უკვე საკმაოდ ნათლად ჩანს და ცხადზე ცხადია, რომ ამსოფლიური განათლების სისტემა ვერ წვდება ზემოთ აღნიშნულ სიღრმეებს, რასაც ადასტურებს კიდეც ხშირ შემთხვევაში გაუგებარი უნარების დანერგვითა თუ თავისუფლების არასწორი და გადაჭარბებული გაგებით, რა გაგებაც, ზოგიერთ ქვეყანაში, დისკრიმინაციის აღმოფხვრის საბაბით, რაც ჩაგვრის ერთ ერთი ფორმაა, სქესის განსხვავების უგულებელყოფამდეც კი მივიდა, თითქოს სხვა უფრო გონივრული კანონის მოფიქრება არ ყოფილიყო შესაძლებელი. გამოდის, რომ არც ისაა გამორიცხული, სამომავლოდ კიდევ სხვა მიდრეკილებების მქონე ადამიანების გამო მოხდეს კიდევ უფრო მრავალფეროვან მოთხოვნათა უფლებების დაცვა-დაკანონება, რა ფანტაზიაც შეიძლება გაუჩნდეს ადამიანებს, რომ საზოგადოებაში ადაპტირდნენ მათი უჩვეულო მიდრეკილებებით. ასეთი ,,განვითარება“ იქნება ის მიზეზი, რაც სულ უფრო მეტად დააცილებს კაცობრიობას იმ ჭეშმარიტებას, რაც კაცისა და ქალის შექმნის ნატურალური, ბუნებრივი სახე გახლდათ. ცხადია, რომ ეს გზა ნებით თუ უნებლიედ, სწორედ რომ ადამიანის გონების წყობიდან გამოყვანას და კეთილ ზნეობრივი ჩარჩოების საბოლოოდ მოშლას ემსახურება.
318. რაც მეტი გაქვს კეთილდღეობა, მით მწარეა შეგრძნება იმისა, რომ ამ ყველაფერს უნდა გამოეთხოვო და პირიქით, რაც ნაკლები გაქვს, მით უფრო ნაკლებად განიცდი, მაგრამ მაინც ვერ ძღება, ვერ მშვიდდება და ფუფუნებას ესწრაფვის მრავალი, თითქოს მარადიული სიცოცხლე სწორედ აქ იყოს. როგორც ჩანს, ამაზე ფიქრსაც კი გაურბიან და ვერ პოულობენ მოსვენებას, სანამ თანამედროვეობას და მოდას არ წამოეწევიან. უფრო მეტიც, სანამ რაიმე ისეთს არ მოიმოქმედებენ, რაც უფრო მეტად გამოარჩევს გარშემომყოფთაგან და ასე დაუკარგავთ ზომიერებისა და სიმშვიდის უნარი, რაც ესოდენ საჭიროა ბედნიერებისათვის, რომ არაფერი ვთქვათ, კიდევ უფრო რთული კატეგორიის ადამიანთა შესახებ, რომელთაც, სხვის თვალში დანახული მათი ყოფა უფრო ამშვიდებთ, ვიდრე ის, რაც სინამდვილეში შესაძლოა ცოტათი ან ბევრად ნაკლები იყოს, მაგრამ საკმარისი მათი ინდივიდუალური ცხოვრებისეული კეთილდღეობისათვის.
319. როდესაც ვერ ან არ ახერხებ დანახვას იმისა, რომ არ ძალგიძს, იცხოვრო არათუ სტაბილური ღირსეული ცხოვრებით, არამედ პირიქით, ხშირად ეცემი ზნეობრივი თვალსაზრისით და მიუხედავად იმისა, რომ ამას ხედავს ანგელოზები და ამას ხედავს ღმერთი, მაინც არ თვლი თავს, ისეთ ცოდვილად, როგორც ამას ჩათვლიდი ერთი ან რამოდენიმე ადამიანის მოწმეობით ჩადენილი აშკარა შეცოდების დროს, მაგალითად რომელიმე უღირსი საქციელის. აი მაშინ კი, უფრო ცხადი ხდება ჩვენი ცოდვისა და უძლურების სიღრმე, შეწუხებული, უფლის მიმართ უკვე სინანულით ლოცულობ, მართლაც გულწრფელი ლოცვით და ამ დროს ის საოცარი მადლით მოდის და გაძლიერებს, თითქოს გრძნობ როგორ გეუბნება, ამიერიდან ნუღარ შესცოდავო.
320. როდესაც კარგსა და ავს, ტყუილსა და მართალს, სამართლიანსა და უსამართლოს, წმინდასა და არაწმინდას ასხვავებ, თან შენი სინდისი, რომელიც შერწყმულია ამ უნართან, ყველაფერში დადებითზე დამოწმებით გაბედნიერებს, უარყოფითს კი არ ეთანხმება და ამისი უნარი გაქვს, ეს მოწმობს რომ ჭეშმარიტებისგან ხარ და ის თავისთავად არსებობს ვისგანაც ხარ.
321. დაბადებიდანვე ისე მივეჩვიეთ სასწაულებს, ისე გავითქვიფეთ საოცრებებში, რომ სასწაული აღარ გვგონია ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად: თავად ჩვენი სხეული, საოცარი ქმნილება, რომლის აგებულებაც და რომლის სიცოცხლეც, მართლაც გონებამიუწვდომელი შესაძლებლობის შედეგია. თითქოს არაფერიო, იტყვის მავანი, დედამ და მამამ გამაჩინაო, მაგრამ ვინც თავდაპირველად შექმნა მისი ყოველი ნაწილი, ძვლები, კუნთები, სახსრები იოგებთან და მყესებთან ერთად, ძარღვები, კაპილარები, ყველა საჭირო ორგანოსთან ერთად, როგორიცაა ტვინი, გული, ფილტვები, ღვიძლი და ა.შ. თითები, თვალები, ყურები, ცხვირი თუ ენა, რომლებსაც შესაბამისი ფუნქციები აქვთ დაკისრებული მთლიანი სხეულის საკეთილდღეოდ, დანერგა მასში გამრავლების უნარი და რაც მთავარია მისცა სიცოცხლე, დამოუკიდებელი აზროვნებისა და გრძნობის უნარით, ის ხომ ღვთაებრივი და ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი შესაძლებლობით აკეთებდა ამას. გასაოცარია ასევე ყოველი ცოცხალი არსი და მათი არსებობა, თუ საიდან და როგორ იშვნენ ისინი, თავიანთი განსაკუთრებული თვისებებითა და ინდივიდუალურობით გამორჩეული, რადგან გონებამიუწვდომელია ესეც და ღვთაებრივი. საოცრებაა უსულო მატერია და მათი წესრიგი, დედამიწა, მზე და მთვარე, ვარსკვლავები თავიანთი უზუსტესი ტრაექტორიითა და მოძრაობის დროში გამოხატული სიზუსტით, მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა ჯიშები, მათ შორის, როგორც მორთმეული საარსებო საზრდო. ეს ყველაფერი ყოვლის შემძლე სიტყვით შექმნილია, მიწისგან გაკეთებულია, თუ როგორც არ უნდა ემცნო ბიბლიას, ყველაფერი სარწმუნო და მისაღები იქნებოდა, იმიტომ, რომ ისედაც ცხადია საოცრების ნამდვილობა და რაღა უნდა გამიკვირდეს ადამიანს, ღვთისა და სულის არსებობა? მათი შესაძლებლობების უსაზღვრობა? მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომა? განკითხვა და კაცთა საქმეების წარმოჩინება უფლის წინაშე თუ სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობა, ან იქნებ უკვდავ არსთა არსებობა და მარადიული სიცოცხლე, მაშინ როდესაც გასაგები გახდა, რომ სწორედ ღმერთისგან განდგომისა და შეცოდების შედეგად ვკვდები, თუნდაც იმ დაკვირვებით, რომ ყველა იმ ცოდვათა მოკვეთა რაშიც უფალი მამხელს, სიცოცხლეს მიხანგრძლივებს და პირიქით მისი სწავლების საწინააღმრდეგო ცხოვრების წესი სიცოცხლეს მიმოკლებს. რა უნდა გამიკვირდეს ადამიანს ამ ყველაფრის დამნახველს? ეს ხომ ცხადზე ცხადი მტკიცებაა იმისა, რომ ისიც რაც სამომავლოდ და საბოლოოდ ელის კაცობრიობას, ახლად აღმდგარ გარდაცვლილებთან ერთად, სრული ჭეშმარიტება გახლავთ და არაფერია აქ გასაკვირი, სწორედ ამ ლოგიკით და არა მხოლოდ ამით (რადგან გრძნობადი გულის ხედვაზე არ მისაუბრია ამ აზრში) ჩემთვის დანამდვილებით სარწმუნოა ღვთის აღთქმა და ის, რომ ღვთის სულსა და მის ნებას მატერია სრულ მორჩილებაში ყავს, რაც თვალხილულია ჩვენთვისაც. ასე, რომ ეს გაუგებარი ნუ გვგონია გასაგები, რადგან მათ უბრალოდ ვხედავთ, რომ მათი თვისებები შეგვისწავლია, მათთვის სახელებით მიგვიმართნია და ის აღთქმული გაუგებარი და შეუძლებელი, რადგანაც ჯერ არ გვინახავს და ვამბობთ, რომ გვიკვირს და დაუჯერებლად გვეჩვენება. ამ სამყაროში ფარდობითია ისეთი ცნებები როგორიცაა, ძალა, მანძილი, სხვადასხვა ფიზიკური შესაძლებლობა, ფიზიკური სიდიდე, მატერიის თვისებები, მასა, სიჩქარე თუ აზროვნების შესაძლებლობები, უნარებთან ერთად, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ არსებობენ ჩვენზე გაცილებით მცირე მონაცემების მქონე არსებები, როგორიცაა მიკროორგანიზმები, რომელთათვისაც ჩვენ და ჩვენი შესაძლებლობები იქნებოდა საოცრება, ამისი გააზრება, რომ შეეძლოთ.
322. ჩვენი გონება და გული, ყველაფერი რითაც შევიმეცნებთ გარე თუ შიდა სამყაროს, ეს იქნება გრძნობის თუ ლოგიკის დონეზე, ყველაფრის გასარჩევად და განსასჯელად თუ არა, საგულისხმოდ მაინცაა საკმარისი, მაგრამ სამწუხაროდ, ღვთის მიერ კაცობრიობაზე მოცემული ცხოვრების წესი, რომელიც სწორედ იმ უსამართლობასა და უწმინდურობას ეწინააღმრდეგება, რაშიც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გადაიბირა ღმერთისგან მოწყვეტილი ჩვენი დასუსტებული სული, ცოდვით ტკბობის მოყვარე ხორცმა, პარალელურად კი ეშმაკთა გავლენამ, მაინც უკმარისობისა და მეტის მოთხოვნის სურვილს ბადებს ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანის აზრში, რომელსაც, რომ აყვე, ღმერთობასაც და მის საიდუმლოებებში ჩაწვდომასაც მოგთხოვს, არად ჩამგდები იმ ლოგიკის, რომ შემოქმედისა და ქმნილების შესაძლებლობებს შორის აუცილებლად იარსებებს ზღვარი, ცხადია არც იმას აღიარებს, რომ ღვთის საწამებლად საკმარისია ის, რაც ნახა და შეიმეცნა.
323. რა უნდა იყოს იმაზე დიდი სიმშვიდის და იმედის მომცემი, ნებისმიერი, თუნდაც უკიდურესად დაცოდვილებული ადამიანისათვის, როგორც თითოეული დაბადებულისთვის ჯვარცმული უფალია. ნამდვილად პარადოქსად ჩავთვლიდი ნებისმიერი სახის სასოწარკვეთილებასა და სუიციდს, რომ არა უხილავ დემონთა ძალა და მუხანათური ზეგავლენა, ჩვენივე ურწმუნოებისა და უმეცრების კვალდაკვალ, რაც ღვთის ძიების უგულებელყოფას მოსდევს ხოლმე, რადგან ღმერთში ყველაფერი სიმშვიდისა და იმედის ფარგლებში ექცევა, რამეთუ მისია სუფევა, ძალი და დიდება სამარადჟამოდ.
324. თუ რაიმე განსაკუთრებული დანაშაული არ მიუძღვით ცხოვრებაში, აღარ ვამბობ ღვთის წინაშე თქო, რადგან არ ვსაუბრობ მორწმუნეზე, რაიმე ისეთი, რომელიც მიუღებელი იქნებოდა ე.წ. საზოგადოებისთვის, თვლიან, რომ ღირსეულად ცხოვრობენ, როდესაც ხედავ ასეთ ადამიანს, ფიქრობ, რა საჭიროა მასთან რაიმე სახის ბრძოლა, რომელიც მომდინარეობს, გაბოროტებულ სულთა მხრიდან, ეშმაკებს რომ ვუწოდებთ, ის ხომ ისედაც არ მიდის ღმერთისკენ, რადგან არ მიიჩნევს თავს ცოდვილად და შესაბამისად ვეღარც ღმერთის საჭიროებას ხედავს, რადგან არ არის მისი მიზანი მოთხოვოს თავს მეტი და იმისთვის ილოცოს, რომ ზნეობრივად სრულყოს შინაგანი სამყარო, რათა ღმერთის თანაზიარი შეიქნეს უხრწნელ სიცოცხლეში. არც ის იცის, რა ბრძოლებს იგემებდა ეს რომ მოენდომებინა და ხშირად ზემოდან დაჰყურებს იმას, ვინც დაცემული იყო, მაგრამ ბრძოლა დაიწყო. თავად ბრძოლაში არ მყოფი, დასცინის მათაც ვინც იბრძვის და ეცემა, მაგრამ ფეხზე დგება და ბრძოლას აგრძელებს. ვერც იმას ხედავს, რომ ამ დაცემების და ფეხზე წამოდგომების კვალდაკვალ, როგორ ძლიერდება და წინ მიიწევს მებრძოლ ადამიანთა სულები. განსაკუთრებით საგულისხმოა ისიც, რომ მაცდურის მიერ შეთავაზებული ცდუნება გაცილებით დიდია რწმენის გზაზე მავალ სულთათვის, ხედავს თუ როგორ წამოდექი დაცემული, ამიტომ ახლა ახალს და უფრო მძიმე საცდურს წარმოგიდგენს. ამ ბრძოლების კი არაფერი გაეგება მძინარე სულებს, უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ საკუთარი ნებით ჩაძინებულ სულებს, რადგან მათთვის წარსაწყმედელად ეს ძილიც საკმარისია.
325. ვისაც არ სჯერა და სარწმუნოდ არ მიიჩნევს ღვთის და მფარველი ანგელოზების დამცველ გავლენას თითოეულ ადამიანზე, ვერც ღვთის სიტყვის ცოდნისა და გათვალისწინების აუცილებლობას ხედავს, გონიათ რომ საკმარისია ცხოვრების გასატანად რაც იციან გამოცდილებითა და შეძენილი ათეისტური ცოდნით, მაგრამ როგორც დანაღმული გზა განსხვავდება დაუნაღმავისგან ან ამღვრეული მდინარე დაწმენდილისგან, დაახლოებით ასე განსხვავდება ღვთის სიტყვის გამთვალისწინებელ და არად ჩამგდებ ადამიანთა გზები, რაც შესაბამისად აისახება პიროვნებათა როგორც ხორციელ ასევე სულიერ ჯანმრთელობაზე.
326. ლოცვა, რომელიც ხშირად შეიძლება იმეორო გულში, საოცარი მადლის მომცემია, მაგრამ თუ იმავდროულად საკუთარ გულწფელობას არ გიმოწმებს თავი, ყველაფერი იკარგება, ამიტომ უპირველესად იმ მომაკვდინებელ ცოდვათა მოცილებისთვის უნდა ილოცო, რომლებსაც შეგნებული ნებით ჩადიხარ და რომლებიც შენსა და ლოცვას შორის ისე დგას, როგორც გამყიდველი მოღალატე.
327. არ ვიცით, როგორი იქნება ჩვენი მიმდინარე დღე, არც ღამე ვიცით, მაგრამ გულწრფელი ლოცვითა და ღვთის სიტყვის ხსოვნით დაწყებული დღე უკეთესი და უფრო მეტად დაცულია, ისევე როგორც ღამის ბრძოლები საღამოს წარმოთქმული ლოცვით, რაც მთავარია ჩვენ აღგვჭურვავს უფალი საკმარისი ძალითა და სიფხიზლით. ამის გარეშე კი, ჩვენს ირგვლივ სამყარო უფრო სახიფათო ხდება, რადგან, სხვა რომ არაფერი ვიგულისხმოთ (მაგალითად ეშმაკთა მომაკვდინებელი გავლენა), ნაკლებად გონივრულია ჩვენი მისდამი დამოკიდებულებაც.
328. არსებობს მითქმა-მოთქმა დროის აჩქარებასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა აჩქარდა დრო და მასთან ერთად ყოველი საათი, მექანიკური იქნება ეს თუ ელექტრო, თუ კარგად დაუკვირდებით საკუთარ თავს, მიხვდებით, რომ რაც მეტი საქმე გაქვს მოსასწრები და გინდა დრო მალე არ გავიდეს, გეჩვენება, რომ მალე გადის და პირიქით რაც მალე გინდა გავიდეს დრო და მოლოდინი, მით შენელებულია ის, რადგანაც ყველაფერი ჩვენი ფსიქიკის გავლითაა, რომელიც ამ საუკუნეში განსაკუთრებითაა დატვირთული.
329. თუ ასტროლოგიაში ვეძებ ჩემს მომავალს, სადღა არის მაშინ რწმენა და ღმერთზე მინდობა, ან თუ ჩემს პიროვნულ შესაძლებლობებს ზოდიაქოთი ვწონი, უფალს მადლს და წყალობას რისთვისღა ვთხოვ? თუ უპირველესად რმენითა და ქრისტეს მოძღვრებით აღვიჭურვებით, პასუხიც სარწმუნო გვექნება და თავს დავაღწევთ ყოველგვარ ქაოსს.
330. რა არის ნიშანი იმისა, რომ ნაცვლად ჭეშმარიტების მაძიებლობისა, პირიქით მისი ძიების უარმყოფელი ხარ? ამის მიხვედრა ადვილია. თუ თავში მოსულ ან სხვათაგან დასმულ კითხვაზე, მაშინვე არ გაქვს პასუხი, ძიებას კი არ იწყებ, პირიქით, ფიქრობ, რომ ეს არის არგუმენტი ჭეშმარიტების საწინააღმრდეგოდ. უფრო მეტიც ადამიანები მზად არიან ნებისმიერ ინფორმაციას ჩაეჭიდონ, ეს იქნება დედამიწის ასაკის, რაიმე აღმოჩენილი ნეშტის, მფრინავი თეფშების, სხვა ცივილიზაციების თუ სხვათა შესახებ, რომელთა სინამდვილეში არ არიან დარწმუნებულნი, მაგრამ მაინც მზად არიან თვალდახუჭულნი ენდონ რომელიმე მეცნიერს ან მეცნიერთა ჯგუფს და რომელიღაც სახეობის მეთოდებს, რომლებსაც ეს უკანასკნელნი ასახელებენ, ოღონდაც გაანეიტრალონ ყველაფერი ის, რაც რწმენისკენ მოუწოდებს მათ. აი ეს არის დაცემული ქმნილების ბუნებრივი ამბოხი, რომელიც ყოველმა ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს თავის თავში, როგორც საშიში მტერი.
შესაძლოა ამ მილიონობით და მილიარდობით წლების შესახებ ხედვების ქონა, ბიბლიისთვის პრიორიტეტული არც იყოს, მაგრამ ამის დაჯერებას, ხომ მაინც ნდობა და რწმენა ჭირდება, რადგან მისი დანახვა, ყოველ შემთხვევაში რიგითი ადამიანისთვის, მაინც შეუძლებელია.
ამიტომაც ვსვამ კითხვას, გჯერავთ კი დანამდვილებით, რომ დედამიწის ასაკი 4.54 მილიარდი წელია? სამყაროს ასაკი კი 13,8 მილიარდი წელი? ან ის რომ ვარსკვლავების შუქი ჯერ კიდევ გზაშია? ან ის, რომ დინოზავრები 230 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ და გაქრნენ 66 მილიონი წლის წინ, ან ის რომ აღმოჩნილია ადამიანის ნეშტი, რომელიც 300 000 წლისაა, ასევე, დროდადრო ისმის ხოლმე, რომ აღმოჩენილია 290 მილიონი, 110 მილიონი ან 112 მილიონი წლის წინანდელი რაღაც. მათემატიკასაც ჩავხედოთ, ბიბლიური ქრონოლოგიით, რაც დედამიწა შეიქმნა, ადამიდან მოყოლებული დაახლოებით 7534 წელი გავიდა, 4540000000 / 7534 = 602601.54, ანუ მეცნიერების აზრით ბიბლიური თარიღი 602601.54 ჯერ მცირეა, ანუ 7534 წელი დედამიწის შექმნიდან არათუ ერთხელ, არამედ 602601.54 ჯერ გავიდა. ვის შეიძლება სჭირდებოდეს ეს, რაიმეს უარყოფას ხომ არ ცდილობენ ამითი? ვფიქრობ ღირს ამაზე დაფიქრება.
331. ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს, რა დროშიც არ უნდა მოუწიოს ცხოვრება, რა საკვირველების ხილვის მომსწრეც არ უნდა შეიქნეს, მიწაზე იქნება ეს თუ ცაში და როგორც არ უნდა მოქმედებდეს ეს სასწაული მის შინაგან სამყაროზე (ვინაიდან გონება ლოგიკურად ვერ ხსნის უცნაურ სიახლეს, ისევე როგორც ყოველივე არსებულს, მაგრამ ამ უკანასკნელს მიეჩვია და თითქოს ამოხსნილი გონია), რომ ყველაზე დიდი სასწაულთმოქმედი ყოვლის შემოქმედი ღმერთია და როგორც აღგვითქვა სწორედ ისე მოგვევლინება თავის დროზე.
332. ვფიქრობ, რომ ერები თავად იტეხენ თავზე ომებს, საგულისხმოდ მიმაჩნია, რომ უბედურება მრავალს მოაქცევს სინანულად ღმერთისკენ, სულის საცხონებლად. საგულისხმოა ისიც, რომ იქნებ იმიტომაა დაშვებული ომი, რათა სრულიად არ დაეცნენ სულიერად, სოდომის მსგავსად და სხვათა საუკუნო წარწყმედასაც არ შეუწყონ ხელი, რადგან დიდი სიმწარე ტრიალებს დაცოდვილებულ გარემოში, სადაც ადამიანები მათი გაბოროტებული ხასიათით, ტანჯავენ ერთმანეთს გაუსაძლისი ტანჯვით, ასევე ბევრგან ვხდებით გარემოს, სადაც ადამიანებს იმდენად გაუნელდათ სინდისის გრძნობა და გაუქვავდათ გული, რომ ყველაფერს გულგრილად იღებენ, რაც არ უნდა შეხვდეთ ცხოვრების სარბიელზე და ასე არიან დაცილებული სასუფევლის გზას, ამიტომაც, როგორც ბიბლია გვამცნობს, სამართლიანობითა და სიყვარულით შურისმგებელია ღმერთი, რომელიც რა თქმა უნდა სამართლიანობის აღდგენას და არა ეგოისტურ შურისძიებას ისახავს მიზნად.
333. ვინც გულით ეძია ღმერთი, იპოვა კიდეც, იმაზე მეტად ვიდრე მოელოდა, იგი მის სიტყვასაც დაბეჯითებით გაეცნო, დაუკვირდა საკუთარ არსებასაც და მის ირგვლივაც ხილულ სამყაროში ბევრ რამეს და რწმენა მოიპოვა. რწმენა მოპოვებული კი აღარ ბრკოლდება სხვათა დაცემით, ეს იქნება მღვდელი, ეპისკოპოსი თუ ნებისმიერი სხვა, სასულიერო ან საერო პირი, ბრკოლდებიან ისინი რომელთა რწმენა მანამდეც არ ყოფილა ნამდვილი, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი წილი საძიებელი თავადვე ეძიონ და არ სულდგმულობდნენ სხვათა რწმენის ხარჯზე, რაც მწარე შეცდომაა.
334. სხვათა ცუდი მაგალითის გამო, საერო პირი იქნება ეს თუ სასულიერო, საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნა, ნიშნავს ღრმა ძილს, ოღონდაც შეგნებულს და არა უნებლიეს. ეს უტიფრობა მოქმედებს მსგავს ადამიანთა ისედაც უსუსურ რწმენაზე და ტანჯვას უქადის ორსავ სოფელსა შინა.
335. სექსუალური უმცირესობის მიმართ ერთს ვფიქრობ, რომ მათ სხეულში ასევე სახლობს უკვდავი სული, ხატი და მსგავსი ღვთისა და რადაც არ უნდა თვლიდნენ მათ მიდრეკილებებსა თუ მოთხოვნილებებს, (ვინაიდან ხორციელი მდგომარეობის მხვრივ სხვადასხვა მემკვიდრეობას ვღებულობთ) მიმაჩნია, რომ ეს სულიერი ბუნების ტვირთად, ხორციელ დაზიანებას უნდა მიაწერონ, რაც მათ ხვდა წილად და რა დაზიანებამაც ასე ვთქვათ ფარ-ხმალი დააყრევინა სულსაც, ამიტომ ერთადერთი სწორი და მაცხოვნებელი გამოსავალია ბრძოლა, ოღონდაც ბრძოლა ღმერთთან ერთად, კურნებისთვის, რაც გულისხმობს, ღვთის გამოძიებას რწმენის მოსაპოვებლად მისი არქონის შემთვევაში, შემდეგ კი ღრმა სინანულს აღსარებითა და მაკურნებელი ზიარებით, რათა დაუბრუნდნენ ბუნებრივ გზას. მათი სული არ არის არავისზე ნაკლებად ღირებული, როგორც ყოველი ადამიანი, ისინიც მოწოდებული არიან ჭეშმარიტების, სიყვარულისა და პასუხისმგებლობისაკენ, საკუთარი თავის შეცნობა არ ნიშნავს საკუთარი თავის სიძულვილს. ვფიქრობ, რომ ვინც ღმერთის გულწრფელი გამოძიებით მოიპოვებს რწმენას და აჯანყდება დაუძლურებული, როგორც არ უნდა განიმარტოს, მაგალითად ხორცის ჰორმონალური დარღვევის მიმართ და ბრძოლას დაიწყებს, აუცილებლად კურნებასა და ძლევას მიიღებს ღმერთისგან, ოღონდაც ნუ ვიქნებით უგულისხმონი და სულმოკლენი, კურნება არსებობს როგორც მყისიერი, ასევე თანდათანობითი, შესაბამისად ჩვენი მიმღებლობისა ანუ მეორენაერად რომ ვთქვათ რწმენისა და სინანულის სიძლიერისა.
336. ის, რაც შესაძლოა ძლიერ გიზიდავდეთ და მიუხედავად უღირსი ქმედებისა, სინდისიც თითქოს მიძინებული დუმდეს, ისე, რომ სხვანაერად ვერც წარმოიდგენდეთ მსგავსი საკითხების მიმართ დამოკიდებულებას და ასე გრძელდებოდეს არსებობა, მაინც დიდია შინაგანი ძახილი და მოწოდება, რომელიც მოგიწოდებს ზურგი აქციო ამ დამღუპველ ამაოებას და თუკი გადაწყვეტ ჩამოცილდე ცოდვის სიმყრალეს, ღვთის მადლითა და მისდამი აღსარების წყალობით, ეს ცოდვები მხოლოდ ზიზღს გამოიწვევს და არანაერ ვნებას აღარ აღძრავს შენში და მიუღებელი იქნება გამოცოცხლებული სინდისისთვისაც, ვიდრე თავად არ მისცემ მათ შენზე ბატონობის უფლებას, როდესაც თავს ისევ შეგახსენებენ.
აღსარებისთვის კი არ არის აუცილებელი ამბების მოყოლა, რომლის მიზანიც კონკრეტულ ცოდვილ ქმედებათა დაწვრილებითი განხილვაა, ყველაფერი გადამეტებული ბოროტისგან მოდის დასაბრკოლებლად, რომ ვერ გაბედო აღსარების თქმა. არსებობს ცოდვის სახეობათა ნუსხა ლოცვანის წიგნებში, რაც სავსებით საკმარისია, რადგან აღსარებისას ცოდვის სახეობათა აღიარების გარდა, ამ ცოდვათა რეალური განცდაა მთავარი, რაც სინანულსა და შესაბამისად ამ ცოდვათაგან ჩამოცილების გულწრფელ სურვილში ვლინდება.
337. რა ხალხმრავლობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, ან უახლოესების გარემოცვაში, ადამიანი ყოველთვის მარტოა ღვთის წინაშე, აცნობიერებს თუ არა ამას.
338. აკვირდები საზოგადოებას და ხედავ, რომ ყველანი თავისას ამბობს, ხანდახან მათი აზრები ემთხვევა, ხანდახან არა, საერთო რამ, რაც უმრავლესობას აერთიანებს არის ის, რომ იმთავითვე გამოურიცხავთ ღვთის სიტყვა, რომ არაფერი ვთქვათ გონიერ ადამიანთა ნააზრევზე, რომელთა აზრებიც დაფუძნებულია ისევ და ისევ ქრისტიანულ სწავლებაზე. თითქოს, არც კი არსებობდეს რაიმე უფრო ნათელი და ჭეშმარიტი რასაც გაიზიარებდნენ, ვიდრე მათი დასკვნებია ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, ამიტომ მათი ნააზრევი ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც მათი მსოფლმხედველობა, რომელიც ისე მჭიდროდაა შერწყმული მათივე ეგოისტურ მისწრაფებებთან, რომ ამაზე ფიქრიც კი არ სურთ. მგონი გასაგებია რაც გამოდის აქედან, ასევე ცხადზე ცხადია, რომ ძინავთ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ რამდენიც არ უნდა უმალონ საკუთარ თავს, რა მიზეზებითაც არ უნდა იმშვიდონ თავი, სინდისი მაინც გამოუცხადებს სიმართლეს, რომ ამ ძილში თავად არიან დამნაშავე.
339. რატომ იშლება და ირღვევა ამსოფლიურ ადამიანთა გულწრფელი ურთიერთობები? მომენტი, როდესაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ადამიანი კარგავს იმედს ჭეშმარიტი სიკეთით და სამართლიანობით ცხოვრების გონივრულობისა და რატომ არის მყარი ურთიერთობის გარანტი მაინცა და მაინც ეს უსამართლო და მახინჯი ანგარება. რატომ ვერ ინარჩუნებს ადამიანი გარშემო მყოფებთან უანგარო მეგობრობას? ეს იმიტომ, რომ ცდუნების ძალა რაც მათ გულსა და გონებაში იწყებს მოქმედებას მათზე ძლიერია, რადგან არ წამთ, რომ არ იკარგება ჭეშმარიტი სიკეთე და ყოვლისშემძლე თავის დროზე მიაგებს სამაგიეროს სიმართლის მოქმედს. გვსმენია, რომ ეშმაკი ყოფს და ანგრევს, ღმერთი კი აერთიანებს და აღადგენს, მაშინ ვკითხულობ ვინ ძლევს ეშმაკს ღვთის დახმარების გარეშე? მისი სიტყვისა და მადლის საჭურველის გარეშე? ვინ გაფანტავს მის გარეშე ეჭვებსა და ცრურწმენებს? სწორედ ამაში არ მეცადინეობენ ამსოფლიური ხალხები და შედეგიც სავალალოა, უცოდინარობა და სიამაყე, პატივმოყვარეობა და უსამართლო მომხვეჭელობა, უსიყვარულობა და დაპირისპირება, შური და მტრობა, ეს ყოველივე კი, უზენაესის ღვთაებრივი სწავლების გათვალისწინების გარეშე გააზრებული უგუნური და ბნელი კაცობრივი საბაბით გამოწვეული ქმედებებია, რაც საბოლოოდ წმინდა ურთიერთობების რღვევას იწვევს, ხშირად საკმაოდ ადრეულ ასაკშიც.
340. თავისუფალი ნებით სარგებლობა ხშირად იქ მთავრდება, სადაც უნებისყოფობით ისეთი მოქმედების არჩევანს ვაკეთებთ, როგორიც არ გვსურს რომ მოხდეს, მაგრამ ჩავდივართ მას, ჩვენივე ავადმყოფი გულის საამებლად, ანუ ეს მაშინ ხდება როდესაც თავს ვერ ვერევით, კურნება და თავისუფლების მოპოვება კი მხოლოდ და მხოლოდ ღვთისადმი ვედრებით იწყება.
341. ვცდილობთ ურთიერთობებს, ვაკომპლექტებთ ნაცნობ მეგობრებს, მაგრამ უმრავლესობა ნამდვილად ვერ ცხოვრობს ისე, როგორც სურს და ვერც იმ ადამიანებთან ასწრებს იმდენ ურთიერთობას რამდენიც სურს, ზოგჯერ დროის უქონლობისა, უმეტესად კი ფინანსური სიდუხჭირის გამო, რომ არაფერი ვთქვა იმათზე ვისაც ამისი მოთხოვნილებაც არა აქვს, ან მხოლოდ გამორჩენის მიხედვით არჩევს ურთიერთობებს, ზოგჯერ კი საერთო ინტერესთა თანხვედრის გამოც. მაგრამ ნამდვილი უბედურება ისაა, რომ ერთმანეთთან გავურბივართ საუბარს მთავარზე, რადგან რწმენის თანახმად, არა ეს არის საფიქრალი, რაზეც ასე ვშფოთავთ და ვწუხვართ, მითუმეტეს, რომ ამ სოფლად განშორება მაინც ყველას ხვედრია, არამედ ის, რათა ვიზრუნოთ, პარალელურად მაინც, რომ ყველამ ღმერთთან ერთად მოვიყაროთ თავი მარადისობაში, სადაც არც მოსასწრები იქნება რაიმე, არც დასაკარგი და არც მოსანატრი. თანაც რწმენა, არა მარტო ამ საწუხარს, არამედ სხვა მრავალ ამსოფლიურ დარდსაც შეგვიმსუბუქებდა, რაზედაც ადამიანები სულ ამაოდ ნერვიულობენ.
342. ხშირად გვესმის ხოლმე, რომ ძალიან მაგარი ახალგაზრდობა მოდის, ნიჭიერი ბავშვები, თაობა, მაგრამ ვინ ასწავლა მათ სწორი გზა, ვინ აუხსნა მათ, თუ რას ნიშნავს ბრძოლა საკუთარი დაცემული ბუნების წინააღმრდეგ მისი გამოაშკარავებით, ძლევა ღვთისა და მფარველ ანგელოზთა შემწეობით, ძლევა ღვთისმშობლისა და წმინდანთა მეოხებით ღვთის წინაშე, ვინ მისცა მათ სწორი მიმართულებები? ჯერ ახალგაზრდები არიან, გამოუცდელნი, მაგრამ განიავდება მათი ნიჭიც თუ არ ვასწავლეთ, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, თუ არ ვასწავლეთ, რომ მხოლოდ ღმერთს, სახარების ნათელი სიტყვით, სინანულის, ლოცვის, აღსარების, ზიარების საიდუმლოებათა წილ მონიჭებული მადლითა და წყალობით, შეუძლია დაეხმაროს მათ დამაბრკოლებელ, დამღუპველ და ნიჭიერების დეგრადირების ხელშემწყობ ვნებათა მოცილებაში, რათა შეძლონ ამ ნიჭიერების მაქსიმალური და სწორი მიმართულებით გამოყენება, ნაწილობრივი ან არამართებული გამოყენების ნაცვლად და შეძლონ ერთიანი წინსვლა, ერთიანი და არა ერთეულების ხარჯზე, ჯანსაღი უმრავლესობით და არა ქვეყნისთვის ნაკლებად გამოსადეგ ადამიანთა უმრავლესობით, რათა ესოდენ სანატრელი განვითარების პარალელურად გვქონდეს მტკიცე ოჯახებითა და თბილი ადამიანებით სავსე ქვეყანა, სამართლიანობითა და სიყვარულით სავსე გარემო და არა ცივი კანონების ამარა დარჩენილი ‘’კეთილდღეობა“.
343. ყოველგვარი ბოროტება, ეს იქნება ღალატი, მკვლელობა, მატერიალური ზარალის მიყენება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება და ა.შ. არის ძირითადად ორნაერი, ერთი აშკარად ჩადენილი, მეორე კი შეფარული, ეს იქნება შურით, სიზარმაცით, დაუკვირვებლობით, გულგრილობით თუ ა.შ. ჩადენილი. განსაკუთრებით ამ მეორეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც ფრიად ნაზი ფორმებით მიმდინარეობს, ისე რომ მასზე არავითარი ამსოფლიური კანონი არ მოქმედებს, რადგანაც ადამიანთაგან შეუმჩნეველი ხდება, იმდენად, რამდენადაც ხშირად თვითონ ბოროტების ჩამდენიც კი შესაძლოა არ მოელოდეს საბოლოოდ სავალალო შედეგს, რომლის ქმედებაც შეფუთულია ტყუილით, სხვის მიმართ არაკეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო მიდგომით, სიზარმაცით ან ფარული შურითა და მტრობით, თუ სხვა მანკიერებით, რაც მომხდარ უბედურებაში საწყისად ან რომელიმე შემდგომ ეტაპზე ეპიზოდურად მიღებული როლია, ისე, რომ ამისი გამოკვლევა შეუძლებელი ხდება. ასე ხდებიან ადამიანები სხვადასხვა უბედურების მიზეზი ან თანამონაწილე, ელემენტარულ გაღიზიანებასაც კი უბედურების ჯაჭვში შესაძლოა ერთი რგოლი ეჭიროს და ეს ამ ადამიანთა სინდისზე რჩება. სწორედ ამიტომ სხვისი, თუნდაც უარყოფითი ემოციის დონეზე მოფრთხილებაც კი იმავდროულად საკუთარი თავის მოფრთხილებაცაა და დაცვა დიდ უბედურებაში მონაწილეობისგან, რასაც შესაძლოა სათავე სწორედ ამ ემოციისგან დაედოს ან თუ სათავე არა, მნიშვნელოვანი როლი ეკავოს მაინც მასში, რადგან მიმაჩნია, რომ არაფერი არ არის დაფარული ღვთის თვალებისთვის, რომელიც თავის სამართალს აღასრულებს. ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, რომელთაც არასდროს მიუცლიათ ძიებისთვის, ღვთის სამართლიანობის საგულისხმოდ მიჩნევაც არ შეუძლიათ, ამიტომაც მათთვის გაუგებარია ფარულ დამნაშავეზე მოწევნული განსაცდელი ანუ სასჯელი, თითქოს ყველაფერი ბრმა შემთხვევითობის შედეგი იყოს.
344. თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობის ამ უცნაური და პარადოქსული გულგრილობის წილ, გიჩნდება განცდა, რომ მათი თვალსაწიერი საკმაოდ მოკლეა, მოვლენათა ჯანსაღი, ხშირად კი თუნდაც მიახლოებითი შეფასებისთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაკვირვების და ანალიზის უნარი აკლიათ, არამედ არც კი მიიჩნევენ საგულისხმოდ ისეთ განსაკუთრებულ მოვლენებს, რომელთა ალბათობაც სწორედ ღვთისგან მოწყვეტილი ცხოვრების დროს უნდა ჩათვალონ უფრო გაზრდილად, როგორც მოლიპულ და ჩამობნელებულ გზაზე მავალთა ხვედრი, როგორიცაა სნეულება, განსაცდელი, უბედური შემთხვევა და ა.შ. ყველაფერი ერთ უბრალო შემთხვევითობათ მიაჩნიათ, რომ არაფერი ვთქვათ ხალხში გავრცელებულ ზოგიერთ ცრურწმენაზე, როგორიცაა, მაგალითად ბედისწერა და ა.შ. რაც იმდენადაა პარადოქსული, რამდენადაც მისი სჯერათ, რადგან მათ გონებასა და გულს ღვთისა და მისი სიტყვის ძიებისთვის დრო და საშუალება ჯერ კიდევ არ გამოუძებნია. ყველაფერი თავდაყირა დგება, როცა ჯერი მათზე მიდგება და ისეთი განსაცდელის წინაშე დადგებიან, სადაც უძლურია ამსოფლიური შესაძლებლობები, აი მაშინ კი, თუ არ ჩავთვლით უკიდურესად გაჯიუტებულ ან სატანურ სიამაყეთა მრავალფეროვნებაში ჩაძირულ, გაქვავებულ ადამიანებს, აღმოხდებათ ღმერთის სახელი, თითქოს მანამდე არც კი ყოფილიყოს ამისი აუცილებლობა.
345. დაუჯერებელ და გაოცებულ სულთა საყურადღებოდ, ვიტყოდი, რომ ისინი ისეთივე გაოცებულნი დგანან ღვთის ნამოქმედარის წინაშე ამ სამყაროში, როგორც მაგალითად ადამიანური თვალისთვის ძნელად შესამჩნევი ცოცხალი ორგანიზმი დადგებოდა ჩვენი ნამოქმედარის წინაშე, მაგალითად მრავალსართულიანი ბინის და დაიწყებდა მსჯელობას, თუკი მსჯელობის უნარი მიეცემოდა, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია ვინმეს, ამ შემთხვევაში კი ადამიანს გაეკეთებინაო. მე მგონი მარტივად საგულისხმო ელემენტარული ლოგიკაა და მეტი გამოფხიზლებაა საჭირო, რაღა თქმა უნდა, თუკი ამისი სურვილი გაგაჩნია, რადგან მრავალს არც კი სურს რაიმეს გაგონება თავის ჭკუაზე მიშვებული ცხოვრების გამო, თუნდაც ჭეშმარიტებაზე, უკვდავებაზე თუ მარადიულ ნეტარებაზე საუბარი.
346. ვინ მეტს აკეთებს ქვეყნის, ოჯახის, თუ მოყვასისთვის, ვინც პირნათლად და სინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, სამსახური იქნება ეს თუ კარმიდამო, ყოფა-ქცევა თუ სიტყვა-პასუხი, რაც უფალს ჩაუბარებია მისთვის, თუ ის ვინც ამ ყველაფერში მოიკოჭლებს, მაგრამ კამათად არის ქცეული, ეს იქნება პოლიტიკა, მსოფლმხედველობა, ისტორია თუ სხვა რამ, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი არც პოლიტიკოსია, არც ფილოსოფოსი და არც ისტორიკოსი.
347. რწმენის, ღვთის შიშისა და მისი სამართლის, პატიოსანი აღზრდისა და სინდისიერების სიყვარულის გარეშე, ყველაფერი არასანდო შეიძლება გახდეს, მაგალითად ექიმის ხელში ექიმობა, პოლიციელის ხელში პოლიციელობა, ფინანსისტის ხელში ფინანსისტობა და ა.შ. რადგან დიდია ანგარების ძალა და სურვილი ამ სოფლის საცდურებით ხორცის ტკბობისა, მანკიერ და მრავალგვარ თავმომწონეობას დამონებულ ადამიანთა გულებში.
348. მრისხანებს ორი ადამიანი, გარედან ერთნაერად ჩანს, მაგრამ მრისხანების მიზეზი ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა, თითქოს თანაბრად ბერდება ორი ადამიანი, მაგრამ ღმერთმა იცის ვის რა ტვირთი უტარებია, ზოგიერთისთვის სიცოცხლე სიზარმაცეზე შეძლებისდაგვარად მორგებული გამორჩენით გატანილი ცხოვრებაა, ზოგიერთისთვის კი ტიტანური ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევითა და შრომით გატანილი ცხოვრება.
349. საწყისთა საწყისი და საფუძველი ადამიანური მისწრაფებისა, რაც ყოველ სიტყვასა და საქმეში იგრძნობა, არის სწორედ ის, რომ მავანი ადამის ხვედრის მოზიარეთ მიიჩნევს თავს, როგორც სამოთხიდან დევნილის, უკვდავიდან მოკვდავად ქცეულის, რაც ძირეულ გავლენას ახდენს, მის ცხოვრებაზე, რადგან ეს უკვე რწმენაა. მავანი სხვა მრწამსის მატარებელია, დანარჩენი კი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი არაფერ შუაშია, ამიტომაც თავს სამყაროს ცენტრად სახავს და ცდილობს მის ირგვლივ დანარჩენ სამყაროსაც თაყვანი აცემინოს ამ სასაცილო კერპისთვის, რასაც ერთი მომაკვდავი ,,მე" ქვია.
350. ადამიანი რწმენას კეთილი სურვილით რომ ეძებდეს, მას ქრისტიანის შეცდომა ასე ადვილად როდი დააბრკოლებდა, ქრისტიანის, რომელსაც თუ ჯანსაღ ლიგიკას მივყვებით ავი სული ყველაზე მეტად უნდა ებრძოდეს, როგორც სწორ გზაზე მავალ და სხვათათვის პოტენციურად მაგალითის მიმცემ სუბიექტს. ასეთი ადამიანი ვერც იმას აანალიზებს, რომ რწმენის ნაცვლად მიზეზს ეძებს, რწმენის ვალდებულებისგან თავის გასათავისუფლებლად, აი რას ეძებს ის სინამდვილეში, ამიტომაც ვერ იპოვის ასეთი ზერელე და თავის მომტყუებელი მძებნელი ვერაფერს გარდა თავის მოტყუებისა.
351. ზერელობა თავის მოტყუებაა, ეს ისეთი სიბოროტეა, რომელიც თავს მალავს, თითქოს არავითარი ბრალი მიუძღოდეს, ბევრი არაფერი ვალდებულება ქონდეს დაკისრებული, როგორც საკუთარი პიროვნების, ასევე ღვთისა და მოყვასის წინაშე.
352. ადამიანს, თუ ანალიზს მთლიანობაში გავაკეთებთ, არ სურს ცოდვის მონობა, ვინაიდან ის გრძნობს და ხშირად ხედავს კიდეც თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში, თავისი ქცევებისა და საუბრის კვალდაკვალ, არავის სიამოვნებს იყოს უღირსი, მაგრამ მეტნაკლებათ მაინც ემონება სხვადასხვა ვნებათ, ეს იქნება ანგარება, დიდებისმოყვარება, პატივმოყვარული მისწრაფებები, ვერცხლისმოყვარება, სიამაყე, ხორციელი ვნებები და ა.შ. რადგან ვერაფერს უფრო მნიშვნელოვანს და ფასეულს ვერ უპირისპირებს თავის თავში თავისივე ქცევას ან კი როგორ დაუპირისპირებს იმას რაც არ გამოუძიებია, რომ ეპოვა რწმენა, როგორც პასუხი არსებული ყოფისა და მაინც ამ ყველაფერში თავადაა დამნაშავე, როგორც ზერელედ მცხოვრები ინდივიდი, ის ქვეცნობიერად ელოდება და ცდის ღმერთს, რომ რაიმე ისეთი მოხდეს რაც საბოლოოდ თვალს აუხელდა მას, თითქოსდა თვალის ასახელად ცოტა რამ ქონდეს მიცემული. რჩება მხოლოდ განსაცდელი, რაც ყველაზე მეტად არ სურს უფალს, სწორედ იმას თხოვენ ასეთი დაჟინებული უმოქმედობით, განსაცდელი კი შედეგია უგუნური ცხოვრებისა. მისი მოსვლის შემდეგ, როცა უკვე გვიანია სინანული, იმ თვალსაზრისით, რომ განსაცდელი ჩვენი ქცევის გამო, უკვე დადგა, თორემ არასოდესაა გვიანი სინანული, რომელიც შესაძლოა სწორი ფორმით დაეუფლოს ზოგიერთ მათგანთა სულებს (როგორც ღვთის რწმენაში გამოფხიზლებული, მის წინაშე გულშემუსვრილი, მონანული ადამიანი და არა, ჯიუტად, სიამაყით ისევ ურწმუნოებაში გაქვავებული, რაც ზოგიერთ მათგანს ემართება ხოლმე) მაინც შებრალების ღირსნი ხდებიან.
სწორედ ამიტომ ასრულებს მრავალი ადამიანი ურწმუნო ცხოვრებას და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი ისე, როგორც ამას ვერასოდეს წარმოიდგენდა, ნაცვლად, ცხოვრების ლამაზი და კანონზომიერი თანწყობისა.
353. უმძიმესი საუკუნე დგას, რწმენის თვალსაზრისით და ჩვენ, სწორედ ჩვენ ვართ მისი თანამედროვენი, სიბნელის და ნიჰილიზმის ამ ოკეანეში ადამიანები თავს არც თვლიან ვალდებულად, არათუ სხვათა გამოფხიზლებას შეეცადონ, არამედ საკუთარი თავშიც კი არ ცდილობენ გამორკვევას თუ რისკენ მიდიან, რადგან ქვეცნობიერად ურიგდებიან სიკვდილს, რომლის ფენომენი მხოლოდ ხორციელი გაქრობა გონიათ, იმდენად რამდენადაც ვერ გულისხმობენ საკუთარ სხეულში სულის არსებობას, თუმცა მის არ არსებობაშიც არ არიან დაჯერებულნი, ვფიქრობ ვერც კი აცნობიერებენ, რომ ქრისტე მართლა იყო ამ პლანეტაზე ისტორიულად და მან გაანათლა ბნელში მსხდომი კაცობრიობა, მისი სიტყვის წაკითხვასაც კი ვერ ახერხებენ, ისე არიან შეპყრობილი ამ სოფლის უსამართლო სულით და მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად ყოველი ადამიანი პასუხს აგებს იმ ყველაფერზე რასაც უარყოფდა ჩუმად თავის გულში, ღვთის მიერ, შინაგანად, მათთვის განცხადებული მოწოდების კვალდაკვალ და რა მნიშვნელობა ექნება შემდეგ ადამიანისთვის, თუკი მისი სული იმ უმრავლესობასთან აღმოჩნდება სადაც ღმერთი არ იქნება, არამედ დაცემული ანგელოზები, ვინ ანუგეშებს მას, ნუთუ ეს სასოწარკვეთილი მასა, რომელიც თავადაც მწუხარებაში იქნება ჩაფლული, თუ ის დემონები, რომელთა ბუნებაც ბოროტებით სუნთქავს.
354. არის კიდევ ერთი საზარელი თვისება, რომელიც ახასიათებს დაცემულ ადამიანს, ეს გამარჯვებულისკენ სწრაფვაა, ხოლო დამარცხებულის მოძულება, არად დაგიდევს სამართალს, რადგან სურთ, რომ მუდმივად განდიდებისა და გამორჩენის რეჟიმში იყვნენ, ამითი კი ემსგავსებიან მაცხოვრის ჯვარმცმელ ბრმათა მხარდამჭერებს, მაშინ როდესაც ის არათუ აბსოლიტურად უდანაშაულო იყო, არამედ განუზომელი ამაგის დამდები ყოველ ადამიანზე. ადამიანებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ სიმართლე, საბოლოოდ იქნება ეს თუ მანამდის ვიდრე ბოლო დადგებოდეს, აუცილებლად იზეიმებს, რადგან ცოცხალია ღმერთი და მისი სამართალი, რომელიც სიყვარულითაა ნაკარნახევი, ორივე მხარის, მტყუანი და მართალი მხარის მიმართ, არ მხოლოდ მიმდინარე დროისთვის, ასევე მარადისობისთვის არის განკუთვნილი, რაც ძალზე საგულისხმოა.
წარმოიდგინეთ შვილები გყავთ და ერთმა მეორეს დაუშავა, ძალიან უსამართლოდ მოექცა, რა იქნება შენი პოზიცია, რა თქმა უნდა მართლს გაამართლებ, მაგრამ დამნაშავეზეც ფიქრობ, იმიტომ რომ შვილია შენი და თქვენ რას თხოვთ ღმერთს, უყვარდეს მართალი შვილი და სძულდეს ცუდი ისე, რომ შანსიც კი არ მისცეს გამოსასწორებლად? თუმცა ჩვენთვის, დაცემული ბუნების ადამიანთათვის, იქნებ აქაც არსებობდეს ზღვარი, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, მაგრამ ღმერთის სიყვარული უსაზღვროა და მისი ყოვლისმომცველი ხედვით, რამდენადაც შეიძლება, ბოლომდე ელოდება ცოდვილს, სანამ ცოდვილი საკუთრი ნებით არ დაისჯის ან დაიღუპავს თავს, უგულისყურობით ღვთის მცნებათაგან განდგომისა და საბოლოო შედეგად დაცემულ სულთაგან მომაკვდინებელი გავლენის გამო.
355. ზოგადად ცხოვრების მსვლელობისას, ყოველდღიურობაში, ადამიანი მალავს, ნიღბავს თავის ზნედაცემულობას, რომელიც არც თუ იშვიათად ეუფლება მას, იმ ღირსეულ ქცევათა შორის, რომელიც ჩვევად გახდომია, როგორც სულში ბუნებრივად შემორჩენილი ჯერ კიდევ დაუზიანებელი თვისება, რაც იმის დასტურია, რომ სიკეთე დამახასიათებელია ჩვენი ბუნებისათვის, ისევე, როგორც დაცემაც დამახასიათებელი გახდა.
356. არ არსებობს იმაზე დიდი და საჭირო უნარი, რაც უფრო მეტად მორგებული იქნებოდა ჩვენს სინამდვილეზე, ვიდრე თანადგომა ადამიანის, რომელმაც ნებსით თუ უნებლიედ ჩაიდინა სამარცხვინო საქციელი, რომელსაც შემდეგ ნანობს, თუნდაც ეს საქციელი კატეგორიულად მიუღებელი იყოს ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი აზრისთვის. მაგრამ ხშირ შემთხვევაში რას ვხედავთ ამის ნაცვლად? სისასტიკეს, განკითხვასა და დაცინვას, რომელიც კატეგორიულად დაგმობილია ღმერთის მიერ, მსგავსად იმ სამარცხვინო საქციელისა, რომელიც ჩადენილ იქნა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველთვის არსებობს ისეთი შემოთავაზება, რომელიც იმასაც ცოდვაში გახვევს ვინც ღირსეულობაზე დებს თავს, არსებობს ნებისმიერი ადამიანის ღრმა ცოდვებში დაცემის რეცეპტი, თუკი ის ღმერთს არ მოუხმობს შემწედ და თუ ცხოვრება ამ რეცეპტს არ გვთავაზობს, თუ ჯერ კიდევ ფეხზე მყარად დგახარ, მადლობა შესწირე უფალს ნაცვლად სხვათა განკითხვისა. აი ასეთი ფარდობითია ყველაფერი ამ წუთისოფელში, გარდა ღმერთის პიროვნებისა და მორალური თვისებებისა, რომელიც არის მიზეზი ამ ფარდობითობისა და ამ ფარდობითობაში იმალება ნამდვილი სამართალი, ამ ფარდობითობაში იმალება თავად მატერიის, დროისა და სივრცის სწორი შემეცნებაც, რომლის სიდიდე და თვისებები ასე გვაკვირვებს.
რწმენის თანახმად, ვფიქრობ უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთის პიროვნება, რომელიც დროის მატერიის და სივრცის მიღმა დგას არ ეფარდება არაფერს, რადგან თავადაა აბსოლიტური ჭეშმარიტება და შემოქმედი ყოველივესი, მისი მორალი, რომელიც სიყვარულით არის ნაკარნახევი სრულყოფილებაა, მაგრამ სწორედ ის იწვევს ფარდობითობას მიწიერ აზროვნებასთან, როგორც ყველაზე მაღლა მდგომი ღვთაებრივი სამართალი, რომელიც არა მარტო მომავალი უკვდავი სიცოცხლის, არამედ ამ სოფლისთვისაც კეთილდღეობის შეუცვლელი ფორმულაა.
357. ბევრი ვიფიქრე მასათა რიცხვზე, თუ რამდენად შეიძლება აღემატებოდეს ქრისტეს გზაზე მავალთა რიცხვს, თან ყოველ ასწლეულში განახლებულს და ერთ დასკვნამდე მივედი, რომ არც დროის მცირე მონაკვეთში გაკეთებული ანალიზი იქნებოდა სწორი, რადგან მრავალი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ხშირად კი სიცოცხლის მიმწუხრს მიდის უფალთან და არც განსხვავებულ გარემოსა თუ რწმენაში მყოფ ადამიანთა სიმრავლით გამოწვეული ანალიზი, რადგან ღმერთის თვალწინაა კაცის გული და მისი დარდი, ამიტომ იმედი მომეცა, რომ არასოდეს ნაკლებადგონივრული აღარ მომეჩვენებოდა თავად გონიერება და სიბრძნე, მით უფრო, რომ ჩვენ ყველაფრის ცოდნა არ მოგვცემია, რადგან ასე ჩათვალა საჭიროდ შემოქმედმა, მაგრამ ის რაც მოგვეცა და ვიცით, წმინდა სამების სავანეში მის მოყვარულთა საუკუნო მყოფობაა.
აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანი ამაყი წარმოსახვის წყალობით საოცრად ამუქებს და ადიდებს თავის მნიშვნელობას ამ სამყაროში, მას ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ შეიძლება დაუშვას ღმერთმა მრავალი ადამიანის, თუნდაც უმრავლესობის, სიკვდილის შემდგომ სატანჯველში გაგზავნა, მაგრამ უნდა გაიგოს ასეთად მოაზროვნეებმა, რომ საქმე არა რაოდენობაში, არამედ ჭეშმარიტების გამზიარებლობაში და მიმდევრობაშია. თუ ადამიანი სავსეა ისეთი უსამართლობით, როგორიცაა მაგალითად, ზერელე დამოკიდებულება რწმენისა და ძიებისადმი საკუთარ ჭკუაზე ცხოვრების ბნელი მოტივით, სიძულვილი, შური, ქედმაღლობა, სისასტიკე, შუღლი, მტრობა, ჯიბრი, ცილისწამება,... ზოგადად განსაკუთრებული მიზეზების გარეშე, როგორც მახინჯი ცხოვრების წესი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არად აგდებს თავისივე სულის ცხონებას. ღვთის სიყვარული, მისი ჯვარცმით გამოხატული არის უტყუარი შანსი სულის ცხონებისა, მაგრამ ის, მის უარმყოფელთ სასუფეველში არ შეიყვანს, თუნდაც მათი რიცხვი მრავალი მილიარდით განისაზღვრებოდეს.
358. ვიცი ხშირ შემთხვევაში თითქოს ახალს არაფერს მოგახსენებთ, რაც არ გიფიქრიათ ცხოვრების მანძილზე, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრებათა ერთმანეთთან დაკავშირებას და ერთ აზრად ჩამოყალიბებას როგორც სიმართლეში დარწმუნების ასევე ცხოვრებაში გამოყენების მეტი პერსპექტივა გააჩნია.
359. დასკვნა ისაა, რომ არაფერი მიიღწევა გულწრფელი ძიების გარეშე, ვერავის ვერაფერს აუხსნი და გადასცემ, ვერავის ვერ შეცვლი, თუ გულით არ არის დაინტერესებული, რადგან ასეთ დროს ის ჭეშმარიტების მისაღებად არ არის მზად, ამაზე არც უნდა იდარდო და ის ენერგია რაც საკუთარი სულისა და მართლა ჭეშმარიტების მძებნელ პიროვნებათა განათლების სასარგებლო საქმეს შეიძლება მოახმარო, ამაო დარდით არ უნდა შეასუსტო, გულში დალოცე და გადადი შემდეგზე, ესეც რომ არა, გახსოვდეს, ყოველ ადამიანს ინდივიდუალური გზა და უნარი აქვს ღვთის სარწმუნებლად და მისი ძიების დასაწყებად, თუმცა მათ უმრავლესობას არ სჯერა, (რაც მათივე ბრალია, რადგან თავს იტყუებენ და სწორედ ამ მიმართულებით ადუნებენ ყურადღებას) თუ როგორ უნდა გაიწიროს მრავალი ადამიანი სატანჯველისთვის, მაგრამ ის რაც ღვთისგან მოწყვეტილ და გაუცხოებულ სულს ემართება ნამდვილად არ გახლავთ სახარბიელო მდგომარეობა. ვინც საკუთარ თავში ხედავს, რომ არარაობაა, მთელი თავისი სიყალბითა და უსამართლობით, ისიც იცოდეს, რომ მოუნანიებლად მისი არსება ვერ გადარჩება, რადგან ღმერთისთვის მიუღებელი იქნება. ვინც საერთოდ არ ცდილობს საკუთარი თავის ანალიზს, რა თქმა უნდა იცის, თუ რატომ იქცევა ასე, ამიტომ ვერც ასეთები გადარჩებიან. ნუ დაგაბრკოლებთ რაოდენობა, უბრალოდ დაიჯერეთ, რომ ის ვინც სასუფევლისთვის არ გამოდგება უარყოფილი იქნება. პირველი სიკვდილი სახეზეა, ფაქტია მილიარდებმა იგემეს მისი გემო და მიწას შეუერთდა მათი სხეული, რაც შეეხება მეორე სიკვდილს, ესეც წიგნით არის გამოცხადებული, ურჩთა და უნანელთათვის, მაგრამ თუ ვინმეს უკვირს, მაინც არ სჯერავს და ასე ღმერთის გამოუძიებლად ჯიუტად აგრძელებს ცხოვრებას, ის გაკვირვებული და დაუჯერებელი იგემებს მას.
360. წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც ბუნების წიაღში ბედაურებზე ამხედრებულნი მიქრიან, თან საუბრობენ, ეს ბედაურები კი სწრაფად მიექანებიან უფსკრულისაკენ, რომელიც ისეა დამალული ბუნებაში, რომ არც კი ჩანს, მხედრები საუბრობენ ყველაფერზე რაც კი ხვდებათ გზაზე, მაგრამ არავინ საუბრობს იმის შესახებ, არის თუ არა უფსკრული ამ გზის ბოლოში. ისინი შესაძლოა არც იტყუებიან და რაზეც საუბრობენ გულწრფელად საუბრობენ, მაგრამ მათი საუბარი საფუძველშივე მცდარია და უადგილო, რადგან აქ მხოლოდ უფსკრულია მნიშვნელოვანი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ წამს შეხვდეთ, ისე მოულოდნელად, რომ ბედაურთა შეჩერება შეუძლებელი იქნება, რადგან ეს ბედაურები სიკვდილია, ბუნება სიცოცხლე, ხოლო უფსკრული მიღმიერი სამყარო, რომელიც რწმენის თანახმად თავის მოთხოვნებს აყენებს, ასე არ არის? მე მჯერა, რომ ასეა, ვინც ფიქრობს, რომ არა, დაე საპირისპირო დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რადგან ამ საკითხზე ყურადღების არ მიქცევა, სრული სიშლეგე გახლავთ.
361. რაც არ უნდა აღმოაჩინო საკუთარ თავში, რა სიმახინჯისა და უსამათლობის სიყვარული, თუ უკვე ჩადენილი ცოდვიანი საქმეები, რომლებიც დროდადრო შესაძლოა ამოგიტივტივდეს გონებაში, არასოდეს საკუთარი მოწყალების საზომით არ მიუდგე და არ თქვა ამას ვინ მაპატიებსო, თორემ ამითი დაგმობ ყოვლადძლიერის საქმეთა მიმართ რწმენას. პირიქით, მხოლოდ იმედი უნდა მუშაობდეს და კეთილგონიერება, რომ მართლაც რეალურია ყველაფერი რასაც ქრისტიანობა ქადაგებს, რომ სწორედ ეს დაცემა ატარებს თავის თავში სიკვდილისა და მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს, რომ ღმერთის განკაცება წყალობისა და სიყვარულის გამოხატულებაა, სწორედ უკიდურესი ცოდვილის გადასარჩენად განხორციელებული.
362. იმედი უკვდავი უნდა იყოს, რაც არ უნდა სამარცხვინო ცოდვაზე დაგვითანხმოს ბოროტმა სულმა, რაც არ უნდა გვახსენოს თუ რა უღირსები ვართ, სასოწარკვეთა მაინც ისევე შორს უნდა იყოს ჩვენგან, როგორც მანამდე, როცა ჯერ კიდევ უცოდველი ბავშვები ვიყავით. ჩვენ შეგვიძლია სულის სასარგებლოდ გარდავქმნათ ეგრეთ წოდებული ცოდვის განცდა და არათუ წარმოვიდგინოთ, რომ ყველაზე უღირსნი ვართ, არამედ მართლა გვჯეროდეს, რომ სხვებზე მეტად ცოდვილნი ვართ, რაც თავმდაბლობას, ლოცვასა და სიყვარულს გაზრდის ჩვენში, ეს კი სათნოა უფლისთვის, ასე მოვიზიდავთ მადლს, უგუნური სასოწარკვეთის ნაცვლად და მოგვემატება რწმენა, რადგან ის ვინც ჯვარს ეცვა და ჯვრიდან მისი ჯვარმცმელების მიტევებას თხოვდა მამა ღმერთს, წყალობის გარეშე არ დაგვტოვებს.
363. ამდენ უარყოფით, დაცემულ თვისებათა კვალდაკვალ, საბედნიეროდ იმაზე უფრო მრავლად იპოვება ხალხი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რომელნიც რაღაც ისეთ ფასეულს და ძვირფასს ატარებს თავის თავში, თუნდაც შეცდომების საკუთარ თავთან აღიარებისა და მასზე წუხილის სახით, რაც ვფიქრობ ადრე თუ გვიან შესაბამის ნაყოფს გამოიღებს, იმაზე ბევრად მეტ ადამიანში ვიდრე წარმოგვიდგენია (თუმცა მრავალი სული, როგორც ჩანს ბოლომდე დაღუპული დარჩება, ბოროტ სულთა გასახარად და მათ მიერვე ამ ადამიანთა სულების ნებაყოფლობითი დამორჩილებით, რადგან ადამიანი თავისივე ნებით ნებდება ბოროტებას) და სინანულით, აღსარებითა და იმედით უპასუხებს მარადიული ღმერთის ძახილს, რომელიც მუდმივად მოგვიწოდებს თავისკენ, რამეთუ სული რომელიც მის ხატად და მსგავსად მოგვეცა, თავისთავად სრულყოფილების განსახიერებაა და ღვთისგან გაუცხოვების გამო, საოცარ შიმშილს განიცდის, როგორც ნამდვილი და უხრწნელი სიცოცხლის წყაროდან მოწყვეტილი სხეული, ამიტომაცაა, რომ მის გარეშე, ამ შიმშილს ვერ ავსებს ვერანაერი მიწიერი მონაპოვარი, მატერიალური იქნება ეს თუ არამატერიალური.
364. ეს წიგნი, რომელსაც არასგზით არ მივიჩნევ საკუთარი ძალისა და ცოდნის შედეგად, დაწერილია ღვთის სადიდებლად, ხოლო ჩემი პიროვნების კიდევ უფრო დასამდაბლებლად, რამეთუ რაც უფრო მეტად ვაცნობიერებ ღვთის სიტყვას და ვფიქრობ სიკეთეზე, მით უფრო ცხადი ხდება ჩემთვის, რომ მხოლოდ ღმერთისგანაა ჭეშმარიტი სიკეთე, ჩვენი კი გონივრული არჩევანი და მისი მიღების გულწრფელი სურვილია.
თუ ვინმეს სურს დიდი ინფორმაციის ქონა, დაე დაფიქრდეს რატომ, ერში მყოფთათვის სავალდებულოა საკმარისად ჰქონდეთ მიღებული ღვთის სიტყვის ცოდნა, რომელიც მაქსიმალური გამოყენების და ბრძოლის უნართან იქნებოდა შერწყმული, რათა იცხოვრონ საკუთარი სულისა და მოყვასთა საცხონებლად.
ყოველი, ვინც ღვთის შემწეობით ამას შეძლებთ, სხვა ცხოვრებისეულ საქმეებში გაცილებით უკეთესად იმოღვაწევებთ, ვიდრე ამის გარეშე. ცოდვასთან განშორებულთ, ბევრად მეტი უნარი, ენერგია და ჯანსაღი მოტივაცია გექნებათ, როგორც საკუთარი ოჯახების, ასევე ქვეყნისა თუ მსოფლიოს საკეთილდღეოდ და გასახარად ორსავ სოფელსა შინა, რადგან მხოლოდ ღვთის მოიმედეობა ანიჭებს ადამიანს ჭეშმარიტ ბედნიერებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი