მათთვის ვინც ყველაფერი იცის (ფიქრები) - ნაწილი II
78. კეთილი ზნეობა ისევე ჭირდება სხვას, როგორც შენ, ეს ეხება როგორც ემოციების მართვას, ასევე საკვებ-სასმელის ზომიერების დაცვას, რადგან თუ არასწორად ცხოვრობ, მაშინ როგორც ხორცის, ასევე აზრის არაჯანსაღი მიდრეკილებები და გამოვლენის სურვილი გადადის წინა პლანზე.
79. ჩვენივე ნათქვამი სიტყვები და ჩადენილი ქცევები, იმის მიხედვით თუ როგორია ისინი, უარყოფითი ან დადებითი ენერგიის სახით გვიბრუნდება ისევ ჩვენ და შესაბამის გავლენას ახდენს, ასე რომ, როდესაც სხვას მიიჩნევ შენი უბედურების ან ბედნიერების მიზეზად, ნუ დაგავიწყდება, რომ იმ სხვაზე მეტად შენი დამსახურებაა ეს ყველაფერი.
80. ობიექტური და არა მიკერძოებული თანადგომა, საქმით იქნება ეს თუ სიტყვით, შენთვისაც მეტად სასარგებლოა. ნუ ფიქრობ თავის არიდებით ადვილად გახვალ ფონს, ამ სამყაროში არაფერი იკარგება და შესაბამისად აისახება ჩვენს მდგომარეობაზე.
81. ვინც თავის გამართლებაზეა ორიენტირებული, რომ გაამართლოს მისი ესა თუ ის სიტყვა და საქციელი, უთუოდ იპოვის რაიმეს თავის გასამართლებლად, ვინც პირიქით თავის გამტყუნებას ცდილობს, ადვილად მოახერხებს ამასაც, მაგრამ ყველაზე სწორი ის იქნება ვინც ღმერთის სიტყვისგან გამომდინარე სამართლით ზომავს თავს.
82. ცრემლი ზოგს სისუსტე გონია და თუ ნაკლებად მორევია თვალზე, შეიძლება თავი ძლიერადაც მიიჩნიოს, მაგრამ საკმარისია რეალურად ჩაწვდე ამ სოფლიური მოვლენების ტრაგიკულობას, თითქოს თავად შეგმთხვეოდეს ის, რაც სხვის შემთხვევაში მაინც და მაინც გულს არ გიჩუყებს, საკმარისია ჩაწვდე თუ რა ტკივილია ადამიანების განშორება, დაკარგვა, ღალატი, ომი, სნეულება და ა. შ. მთელი მისი ტრაგიზმით, რომ შეუძლებელია არ ატირდე. ამიტომ ცრემლს მაინცდამაინც სისუსტეს ნუ დაუკავშირებთ, ის სისუსტედ შეიძლება ჩაითვალოს იმის მიხედვით თუ ვინ ტირის, რა განცდის და შესაბამისად რა აზროვნების მატარებელია ის ადამიანი, ეს კი გარედან არ ჩანს. გარდა ამისა, რაც უფრო განწმენდილია ვნებათაგან კაცის გული, რაც უფრო მინდობილია ღმერთს, მით უფრო გრძნობადია იგი.
83. როდესაც დიდ უბედურებებს, მკვლელობას, ძარცვას, ომს, მრავალგვარ ძალადობას, შურისძიებას და ყველა იმ დანაშაულს ვაწყდებით, რაც ასე შემზარავად გამოიყურება, თავგამოდებული მის გმობას ვიწყებთ, მაგრამ იმას კი ვერ ვაცნობიერებთ, რომ ყველა ეს მოძალადე ჩვენში ცხოვრობს და თუ მსგავსი საბაბი მოგვეცა, შესაბამის ძალასა და საშუალებასთან ერთად, ჩვენში არსებული ყველა ის არაჯანსაღი ფასეულობა, რომელიც ღმერთის სწავლების საწინააღმრდეგოა, უფრო დიდ მასშტაბს და უფრო მეტ სისასტიკეს შეიძენს, ისე, რომ მზად იქნები მთელი სამყაროც კი გაანადგურო, რადგან ეს არის ამ სოფლის სულის მატარებელი ადამიანის გზა და სამართალი.
84. სოფელი ანუ ადამიანური აზროვნება, მათ შორის, ბოროტ სულთა ჩართულობით ჩამოყალიბებული აზროვნება, უსამართლოა და ყოველი ადამიანი ვინც ღვთის გზას არ ადგას, ამ უსამართლობის გზაზეა და თუკი დრომ და ვითარებამ მოიტანა, ბევრი იმ საქმის პოტენციური შემსრულებელია, რომელსაც დღეს შეიძლება თავგამოდებული გმობდეს..
85. გონიერი და განათლებული ადამიანის სიტყვა, იმ სიბრძნეს ეფუძნება რაც მის გონებაშია, ხშირად მრავალ საკითხთა დეტალურ ცოდნასთან შეკავშირებული და არც იმაზე ბრაზობს, როდესაც მსმენელი სისულელედ უთვლის ნათქვამს, მსმენელი, რომელიც მოკლებულია შესაბამის განათლებას და საკუთარ თავში, სათანადო ცოდნას ვერ უკავშირებს სხვის ნააზრევს.
86. ამქვეყნიური სიკეთეები, ე.წ. მეცნიერების და ხელოვნების შედეგი, მოგზაურობის დაუცხრომელი სურვილი და უკვე ნანახით შეგრძნებული სიამოვნების კვალდაკვალ დატოვებული სიცარიელე, რადგან მუდმივად გინდა იმყოფებოდე სასიამოვნო განცდებში, მაგრამ რა, ეს მხოლოდ გაელვებას გავს, თანაც არასრულფასოვანს, იმ შინაგანი სამყაროს გამო, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ეს სავსებით არ არის საკმარისი ჩვენი გულისთვის, ხშირ შემთხვევაში კი არ არის მისაღები ჩვენი სინდისისათვის. მეორეს მხრივ, ეს მხოლოდ ვაჭრობაა კერძო პირის თუ სახელმწიფოს ხელში. ადამიანი ადვილად ჩაწვდება ამაოების ამ შეგრძნებათა სიყალბეს თუ ობიექტურობის სურვილი ექნება, ნაცვლად ეგოისტური თვითკმაყოფილებისა. ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ უფრო მჯერა, რომ არის ღვთის მიერ შექმნილი სავანე, სადაც ადამიანი იყო და იქნება კიდეც მომავალში სავსე ყველა იმ უანგარო სიკეთით, რაც ნამდვილად გააბედნიერებს, რადგან სწორედ იმას მიაწვდის რაც მართლა ჭირდება და აავსებს მის სულს გამოუთქმელი ღვთაებრივი ნეტარებით, ასე რომ ვფიქრობ ჩვენი ბედნიერება, არც იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ რამდენად შეგვიძლია მოვედოთ მსოფლიოს.
87. სჯობს ადრეულ ასაკში დავიწყოთ იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი საუკუნის ადამიანი შეუძლებელია დროებით მაინც არ მოექცეს სხვადასხვა ლიტერატურის, მედიის, შოუბიზნესის, კინოხელოვნების, თეატრალური თუ სხვა წარმოდგენის ზეგავლენის ქვეშ, ისე რომ მთელი ქვეყანა ასეთი ეგონოს, რაც გარკვეულწილად მტკნარი სიცრუეა. მაგრამ უნდა გამოერკვეს, რომ სინამდვილისგან განსხვავებით უმრავლესი ნაწილი ამ ყველაფრისა კომერციული საქმიანობაა, საშოვრის წყაროა ადამიანის ხელში და იმავდროულად საცდურია სატანის ხელში. მისი დიდი ნაწილი, ხომ ადამიანთა სულის მანკიერ მიდრეკილებებში პოულობს დასაყრდენს, რადგან გაჯერებულია ათასნაირი ტრაგიკული, თუ კომიკური წარმოდგენებითა და ცრუწმენებით, რაც კი ამ სოფელში დაწერილა, როგორც ამქვეყნიური, არაღვთაებრივი აზროვნების ნაყოფი და რომლებიც, როგორც გარკვეული დატვირთვის მატარებელი ფასეულობები ისეა არეული ერთმანეთში, რომ სამუდამოდ თავგზა აუბნიოს ისედაც დაცემულსა და ბიწიერი ტკბობისკენ მიდრეკილ კაცობრიობას.
88. თუ ვამბობთ, რომ ღმერთმა ან ანგელოზმა დააწერინა ადამიანს ესა თუ ის ნაწარმოები, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დაცემულმა ანგელოზმაც ასე მოიქცა.
89. ვიდრე ადამიანი საფუძვლიანად არ გამოერკვევა ამ სოფლის მუხანათობაში, მანამდე არ გამოელევა კაცობრიობას ომი, ბუნების მხრიდან კატაკლიზმები, სენი, უხარისხო მატერიალური დოვლათი, სხვადასხვა სახის გასაჭირი და ა. შ. თუ არ გააანალიზებს, რომ საჯარო მოხელე, ინდ.მეწარმე, ბიზნესმენი, დაქირავებული მუშა ხელი და ა.შ. თავისივე ერის წიაღიდანაა ნაშობი და მისი მსგავსია. თუ ცხოვრების წესად არაა ქცეული ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობისთვის ღვთისა და მოყვასის სიყვარული, პატიოსნება, თავმდაბლობა, სოლიდარობა, საქმეში გამოხატული პატრიოტიზმი, ობიექტურობაზე დაფუძნებული სამართლიანობა, გულის სისუფთავე, სიმშვიდე, თავისუფლება, რომელიც აღვირს დებს ყოველგვარ უზნეობას, რათა სინდისისგანაც შვება მოდიოდეს, მაშინ მისი წიაღიდან გამოსული ნებისმიერი რანგის მოღვაწეთა ასევე უმრავლესობისთვის, უცხო იქნება ეს ყველაფერი და ფასადური. ის ნიღაბს ამოფარებული იქნება, ერისავე მსგავსი. სწორედ ესაა ერის და ყველა იმ ადამიანის შეცდომა, რომელიც სხვისგან ითხოვს ღირსეულ მიდგომას და არ სურს თავად იქცეს ღირსების მაგალითად და იმ განათლების წყაროდ რასაც ჭეშმარიტი და მართლაც ყველაზე მეტად საჭირო განათლება ქვია - სულიერი განათლება, რომელიც სულის განწმენდას და უარყოფითი მიდრეკილებების, როგორც ავადმყოფში დაზიანებული უჯრედების, გაჯანსაღებას ემსახურება. იგივე ითქმის სასულიერო სფეროზეც, მასზეც ახდენს გავლენას ერის მდგომარეობა. ასე რომ პირველ რიგში ერი უნდა გამოფხიზლდეს, მან უნდა მიაპყროს გულისყური ღმერთის მოწოდებას, გაუღოს უფალს გულის კარები და ეს მშობლებმა უნდა გააკეთონ ერთმანეთის მხარდაჭერით. რადგან თუ სწორად აღზრდილი და განათლებული შვილები არ გამოვიდა ოჯახიდან ერში, შვილები რომლებმაც იციან როგორც ეკლესიის, ასევე საერო საქმეთა ფასი და მნიშვნელობა, მაშინ რა სიკეთეს უნდა მოველოდეთ მომავლისგან? არ არის საკმარისი, მხოლოდ მცირე ნაწილმა იტანჯოს სიმართლისთვის, არამედ ეს მცირე მრავლად უნდა იქცეს, როგორც საერო, ასევე სასულიერო სფეროში, აი მაშინ გვეშველება.
90. სწორედ გაჯანსაღებული ერის წიაღში შეიძლება იშვას ჯანსაღი მოღვაწე, იგულისხმება ნებისმიერი სფერო, მხოლოდ ეკონომიკის აღმავლობა არ წარმოადგენს კეთილდღეობას, ეს შეიძლება ტირანმაც შექმნას ან შესაძლოა ნავთობით, ოქროთი და სხვა სიმდიდრით გამოირჩეოდეს ესა თუ ის ერი, არამედ ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი, რომელიც ღირსეული ცხოვრების განცდით ცხოვრობს თავის ქვეყანაში, რაც ნამდვილი სამართლიანობისა და სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია, სიყვარულის, რომელიც კიდევ უფრო დეფიციტურია ვიდრე სამართალი.
91. მას ვისაც არაფრის სჯერა, ან არ სურს სჯეროდეს, ბევრ მიზეზს პოულობს, რათა უარყოს ღმერთი, ეს მისი უმდაბლოების, უცოდინრობისა და უგულისყურობის ბრალია, რადგან არ სურს ან არ თვლის საჭიროდ მის ძიებას. თუმცა მეორეს მხვრივ, დროდადრო უამრავი რამ უბიძგებს მისი რწმენისკენ, მაგრამ მაინც არ სურს ძიებად აღიძრას, ძირითადად სიამაყის, თავის ნებაზე ცხოვრების სურვილისა და გაუმაძღრობის გამო და ასე გადის წლები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი რაც რწმენის გამო შეიძლება მოიკლოს, იმავდროულად სასარგებლოცაა მისთვის, რადგან მისი მოკლებით, წუთიერი ტკბობის წილ ჩადენილ ღალატს, სხვათა და საკუთარი თავის მიმართ, მეტის მოხვეჭის გამო ჩადენილ უსამართლობას თუ მოიკლებს, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელნი მაინც არ აბედნიერებს ისე, როგორც ამას მოელოდა. ასე, რომ თუ რაიმე არ შეიძლება გარისკო, პირველი და უპირველესი ესაა, ვაითუ..., ვაითუ..., მართლა იმ სიკეთეს მოაკლდე, რაც ყველაზე მეტად გააბედნიერებდა შენს სულს, თანაც სამუდამოდ.
92. როცა ძლიერებს მხოლოდ ძლიერები უყვართ, სუსტებს კი მხოლოდ სუსტები, ეს ეგოიზმის ერთ - ერთი გამოვლინებაა.
93. როდესაც სხვისი წარმატებით და სიხარულით ვერ ხარობ, თუნდაც თავად გიჭირდეს, მკვდარს გავხარ, რომელიც მექანიკურად სუნთქავს.
94. რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს სულელები თითქმის ყოველთვის დასცინიან ჭკვიანებს, რადგანაც ამაშია მათი ბედნიერება.
95. ადამიანი, რომელიც სხვის ფეხის ხმას არის აყოლილი, რადგან ამ სხვაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული მისი მატერიალური კეთილდღეობა, თავისუფლებასა და ღირსებას ყიდის, თუმცა მისთვის ეს ცნებები მაინც არაფერს წარმოადგენს.
96. უმადურობა დიდი სითავხედეა, რომელიც მალევე გართმევს მადლიერების განცდას.
97. გაწეული დახმარებისათვის ნათქვამი სამადლობელი არაფერი ყოფილა, თუ უმადურთან გაქვს საქმე, რადგანაც მალე დაგივიწყებს სიკეთეს.
98. რა მტკივნეულია იმ ადამიანის ყურება, ვინც ეგოიზმით ისეა შეპყრობილი, რომ უკვე ვეღარც კი ამჩნევს, როგორ ცდილობს, რომ ყველაფერი, მხოლოდ საკუთარ სარგებელს მოარგოს თუ დაუქვემდებაროს.
99. ყოველ ადამიანში არის ისეთი რამ, რაც პატივისცემის ღირსია და პირიქით, ისეთიც რაც ზიზღს იმსახურებს, თუ არ შეგიძლია, ან არ ცდილობ, დაინახო ის რაც პატივისცემის ღირსია, არამედ ხედავ მხოლოდ იმას რაც ზიზღს იმსახურებს და მხოლოდ ამის მიხედვით აფასებ ადამიანს, მაშინ შენც ზიზღის ღირსი ხარ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავის შეფასებას კარგიდან დაიწყებდი.
100. მიწიერი ადამიანი რომელსაც დაეხმარე, მიუხედავად იმისა, რომ შენგან არ იმსახურებდა ამას, თუ ამ ყველაფერთან ერთად გონებაშეზღუდულიცაა, ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი შეუმჩნეველი დაგრჩა და ჩვეულებრივი ქარაფშუტა ხარ.
101. ყველაზე მეტ მნიშვნელობას შეიძლება ის განიჭებდეს, ვინც საერთოდ არ გაქცევს ყურადღებას, რადგანაც ასეთია შურიანი ადამიანის სიბრძნის სიმოკლე.
102. როგორი ორთავიანი ურჩხული უნდა იყო, როდესაც იმას ვისაც დევნიდი, გასაჭირში ჩავარდნილს რომ დაინახავ, სიბრალულს გამოთქვამდე და ამითი სხვებს, ისევე, როგორც საკუთარ თავს, არწმუნებდე კეთილშობილებაში.
103. მიწიერება ურწმუნოებაა, და მიწიერად თუნდაც ძალიან განვითარებული ადამიანი, საკუთარი ეგოისტობის ზღვარს ვერ ცილდება.
104. მიწიერი ადამიანის დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ, ხშირ შემთხვევაში მათი გამოყენების პირდაპირპროპორციულია, ეს იქნება მათ მიერ ნაშოვნი ფულის, თანამდებობის, მოპოვებული პოპულარობის თუ სხვა ცხოვრებისეული სიკეთეების გამო, ასე მცხოვრები კაცის ღირსება არაფრით განსხვავდება პირუტვის თვისებებისგან, რომელიც მიისწრაფვის იქეთკენ, საითაც სალაფავის მიღებას ელის.
105. განკითხვა სულის სიბნელეა და გაუნათლებლობაზე მეტყველებს, ასეთი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ბევრად უფრო ძნელია სხვისი მოქმედების (სიტყვით იქნება ეს თუ ქცევაში გამოხატული) განსჯა, ვიდრე საკუთარი მოქმედების შეცნობა, რადგან ხშირად სხვისი მოქმედება, მის იმ ეჭვს ამართლებს, რომელიც მანვე ამოარჩია სხვადასხვა შესაძლო მიზეზთაგან, რომელიც შეიძლებოდა ამ ქმედების სარჩულად განეხილა და არც ის გაითვალისწინა, რომ ხშირად ადამიანები ყოველგვარი ქვეტექსტის ანუ დაფარული ფიქრის გარეშე მოქმედებენ.
106. მაშინ როდესაც განიკითხავ ადამიანებს, უმეტესწილად კი უახლოესებს, თუნდაც მათი უღირსობის გამო, არ იშურებ დაცინვასა და გულისტკენას, დაფიქრდი რომელია უფრო მეტი დანაშაული მათი საქციელი თუ უშუალოდ შენი მოქმედება, რადგან თავადაც მოგეძებნება, შესაძლოა სხვა სახეობის, მაგრამ მრავალი მიზეზი, რის გამოც ზიზღის თუ დაცინვის ღირსი ხარ და არსებობენ ადამიანები, რომელთაც მსგავსად შეუძლიათ მოგექცნენ, იმედია ასე მაინც მიხვდები, რომ სწორედ ამას ქვია სიბრმავე და ბნელში სიარული.
107. ბოროტი მახსოვრობა მძიმე დაავადების მსგავსია, რომელიც ნელ-ნელა კლავს ადამიანის სიხარულს.
108. რა საბრალოა ადამიანი, რომელსაც გულით მიტევება არ შეუძლია, ყველაფერს გველის ნაკბენივით იმახსოვრებს და ასე გაბუტული ჯიუტად აგრძელებს ცხოვრებას.
109. თუ ვინმეს თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, ეს იმიტომ, რომ წარმოდგენა არა აქვს ადამიანის შინაგან სამყაროზე.
110. არ არსებობს ადამიანი ავ-კარგის გარეშე, რაც არ უნდა ესწრაფვოდეს ვინმე იმ აზრში გამყარებას, რომ თავად არის ყოველმხვრივ ღირსეული, ცრუობს, რადგან მრავლად გააჩნია უღირსი ქცევა, ასევე რაც არ უნდა ირწმუნოს თავი, რომ ეს ღირსეული თვისებები რაც გააჩნია მისი პიროვნების დამსახურებაა, ცდება, რადგან თუ მონდომებით დაფიქრდება, ნახავს, რომ ეს ყველაფერი მინიჭებული აქვს, დაე ისიც გააანალიზოს, რომ თუ ცხოვრების ის სიმძიმე შეხვდებოდა წილად რაც მაგალითად იმ სხვას შეხვდა, ვისაც თავს ადარებს, შესაძლოა უარესად დაცემულიყო, ასე, რომ ფარდობითია ეს ყველაფერი, ვინც ასე არ ფიქრობს თავს იტყუებს.
111. როდესაც სუსტებს არ უყვართ ძლიერნი და სულელებს ნიჭიერნი, ეს განსხვავების ბრალია და სიძულვილის მიზეზი სატანურ ამპარტავნებასა და სიამაყეში იმალება.
112. როგორი საძულველია და დამამცირებელი სიცოცხლე, რომელიც სინდისის ქენჯნით, უსამართლო ვნებათა მონობით და უმეცრებით გრძელდება, ვიდრე სიკვდილი არ შეწყვეტს მას და მაინც, მრავალი სული, ღმერთისაგან გაუცხოვებული ტოვებს ამქვეყნიურ სიცოცხლეს, რადგანაც გაუმაძღარი და ამაყია ადამიანი.
113. ადამიანი, რომელიც ამაყობს თუ რა მარტივად შეუძლია გაწიროს, დაკარგოს, ხაზი გადაუსვას სხვა ადამიანებს, რომელთაც მისი თავმოყვარეობა, უფრო, ვიტყოდი ბოროტი თავისმოყვარება შელახეს, თუნდაც მათი უარყოფითი ხასიათით, ნამდვილი ურჩხულია, რომელსაც გონების თვალი დაბინდული აქვს.
114. ამაყი ადამიანი, რომელიც ოცნებობს მაღალ თანამდებობაზე, უკეთესი მატერიალური მდგომარეობის შექმნაზე, სურს მუდმივად ტკბებოდეს საკუთარი მდგომარეობით, გარეგნობით და ა. შ. რითაც თვლის, რომ მიზანს მიაღწევს და საბოლოოდ იგრძნობს ჭეშმარიტ სიმშვიდესა და სიხარულს, ტყუილად იტანჯება, რადგანაც თუ მონდომებით დაფიქრდება, მალევე მიხვდება, რომ ეს სრულებით არ არის საკმარისი და მთავარი, რადგან მიღწეულის კვალდაკვალ, რომელსაც მალე ეჩვევა, იბადება ახალი სიმაღლეების წვდომის სურვილი, რომელსაც ვერ ამოწურავს, რომ ნამდვილ სიმშვიდეში დავანებული ბედნიერების გემო იგემოს. აღსანიშნავია ისიც, რომ აღარავის ახსოვს მსგავს გარდასულ ადამიანთა სახელები, სახელის უკვდავყოფა სხვა სიქველისა და ნიჭის მატარებელ ადამიანთა ხვედრია, მაგრამ არც ეს არის მთავარი ამ საწუთოში, რამეთუ სახელის ხსოვნა მკვდარს მაინც არაფერში არგია, ამაოებაა ეს და მიწიერება. მხოლოდ ერთზე ღირს ფიქრი და ძიება, ესაა შეუერთდე მარადიულ ღმერთს წარუვალ სიცოცხლეში, სწორედ ამ იმედით წარმოქმნილ სიხარულის განცდას უნდა ატარებდე გულით, ნაცვლად უგუნური სიამაყისა.
115. შურიანმა, ანგარებიანმა, მშიშარამ, პატივმოყვარემ და ა.შ. კაცმა შეიძლება ნებისმიერ დროს დაარღვიოს სიმშვიდე, სიხარული და სიყვარული, არც მან ნახოს სიამოვნება და სხვასაც ჩააშხამოს, ნაცვლად იმისა, რომ საღი აზრისთვის მოეხმო, ის მაინც ჯიუტად დაემონა საკუთარ ბოღმასა და ავ ზრახვებს.
116. უმეცარი და ამაყი ადამიანისათვის ძალიან უსიამოვნოა დაუშვას, რომ სხვა მასზე ჭკვიანი და განვითარებულია, ამიტომაც ცნობიერად ან ქვეცნობიერად უჯობს გაანეიტრალოს ეს სინამდვილე, რაც ასე ძალიან აუბედურებს, ისე რომ მზად არის უკიდურეს წვრილმანს ჩაეჭიდოს და ხშირ შემთხვევაში გიჟადაც კი შერაცხოს მისი ავადმყოფი ხასიათის მიერ დევნილი არასასურველი ,,მეტოქე".
117. ადამიანი, რომელიც გაურბის მასზე სოციალურად დაბლა მდგომებთან ურთიერთობას, გრძნობს რა, მათგან სარგებლის ნაცვლად ხარჯს ნახავს, რომ არაფერი ვთქვათ სამარცხვინო კუდაბზიკობაზე, შორს არის რწმენისა და სიყვარულისგან, ეს მისთვისაც ცხადია, ამიტომაცაა, რომ მის თვალებში იმედისა და სიხარულის ნაცვლად, მელანქოლია იკითხება.
118. თუ განიცდი უყურადღებობას საზოგადოებაში, ხალხმრავლობაში, მაშინ როდესაც ვინმეს თანამდებობის ან სიმდიდრის, თუნდაც დაუმსახურებლის გამო გარს ეხვევიან და ამაზე ნერვიულობ, მაშინ ამ ნერვიულობის ღირსიც ხარ.
119. სიამაყე იგივე სულის ლიბრი, რომელიც გაიძულებს იფიქრო, რომ მხოლოდ შენ ფიქრობ და აზროვნებ მართებულად, რადგან აჩლუნგებს და სპობს საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ობიექტური განსჯის უნარს, რომ მართლა ხარ თუ არა კომპეტენტური ამა თუ იმ საკითხში, გაქვს თუ არა უფლება სინდისის წინაშე, მოიქცე ისე როგორც იქცევი, ერთმანეთში ურევს ისეთ ცნებებს, როგორიცაა სამართლიანობა და უსამართლობა, გულსა და სულს აცლის ჩვენს დამოკიდებულებას მეორე ადამაინის მიმართ, უსიყვარულოს ხდის გარემოს.
120. მარტოობის განცდა, ყველაზე საშინელი გრძნობაა, რასაც სინდისის დახშობა იწვევს.
121. ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც საზოგადოებაში თავად აქვს ავტორიტეტი გაფუჭებული, სხვაც ადვილად ემეტება იგივე მდგომარეობისთვის, უფრო მეტიც შესაძლოა ამას ხელსაც კი უწყობდეს თავისი ქცევითა თუ ცილისწამებით.
122. სად არის სიყვარული რომლითაც გვიყვარს დედა, მამა, და თუ ძმა, როდესაც მრისხანების ცეცხლში ვეხვევით თუ რაიმე ჩვენს ნება-სურვილს შეეხო.
123. არც ისეთი ბრიყვები ვართ, რომ საკუთარ თავში ვერ გავერკვეთ, მაგრამ გვეზიზღება სინდისის სმენა და ცუდ თავმოთნეობის მარწუხებს დამონებულნი მაინც ბრიყვულად ვატარებთ ცხოვრებას.
124. იმას რასაც სიყვარულს ვეძახით, ძალიან ხშირად საფუძვლად მოჩვენების მსგავსი ანგარება უდევს, ხშირად საკუთარ თავში რომ გვიჭირს პოვნა, ისეთი.
125. უახლოეს ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობასა და ყოფნას უნდა ესწრაფვოდეს ნორმალური ადამიანი, ვისთანაც თანდაყოლილი გრძნობა აკავშირებს, შემდეგ მოდის უახლოესი ნათესავები და მეგობრები, განსაკუთრებით ბავშვობიდან შეზრდილი, სწორედ მათთან უნდა გვსიამოვნებდეს ყოფნა, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობით, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს და პირიქით, ამის შემდეგ რაც უფრო ფართოვდება წრე, ეს იქნება საქმიდან თუ სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, მით უფრო იზრდება ანგარების უხილავ კანონთა მოქმედება და მცირდება ნდობის ფაქტორი, (თუმცა გამონაკლისი ყველგან არსებობს და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება იპოვო საიმედო მეგობარი) რომ არა ჩვენი პატივმოყვარეობა და ბიწიერი ტკბობა, ხშირად ყალბი სიტყვებით მონიჭებული სიამოვნება, რისიმე მატერიალურის თუ არამატერიალურის გამორჩენა, სხვამ რამ უნდა გაიძულოს, რომ ეს სწრაფვა არ გაგაჩნდეს დიდ ოჯახთან მეტი დროით ყოფნისა.
126. თუ ფიზიკური სილამაზის ან ჩვენს მიმართ კეთილგანწყობის გამო გვიყვარს, როცა ყველაფერი იცვლება, გრძნობაც ქრება, მაგრამ ეს გრძნობა სიყვარული არც არასოდეს ყოფილა.
127. ანგარება ყველაფერში თავისას ეძებს, მეორე ადამიანი ხვდება და გრძნობს ამას, რომ მასზე გაწეული სიკეთე არ იყო ჭეშმარიტი.
128. რაც არ უნდა იყოს, საქმე, სიტყვა, რომლითაც შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, აბსოლიტურად მოცილებული უნდა იყოს ყოველგვარ გამორჩენას, ამაზე ფიქრსაც უნდა გაექცე, ეს ალამაზებს ცხოვრებას, ასეთ დროს ადამიანის თვალები უჩვეულო სითბოსა და სიყვარულს ასხივებს, სწორედ ასეთი ცხოვრება ღირს, ამის გარეშე ყველაფერი საზიზღრობაა.
129. ანგარების ბნელი შეგონებებით, ირჩევენ მეგობრებს, იახლოვებენ ადამიანებს, იღებენ გადაწყვეტილებებს, იღიმიან კიდეც ან პირიქით, პირქუშ სახეს ღებულობენ სწორედ მისი ბრძანებით, ისე არაფერი აქვავებს გულს, როგორც ეს ცივი მოქმედება, რომელზეც ხორციელი და სულიერი ვნებები მუდმივად მეფობენ.
130. რომ არა რწმენა, რომ არა რაღაც ისეთი, რაც აღემატება ადამიანურ აზროვნებას, მაგალითად სინდისი, რომელიც შერწყმულია პატიოსან აღზრდასთან, სხვამ რამ უნდა გაიძულოს ერთ უბრალო თვალთმაქც თაღლითად არ იქცე, მაშინ როდესაც დრო მიდის და ცხოვრება შენივე შეხედულებით, განსაკუთრებულს არაფერს გთავაზობს, რადგან ნებისმიერი ადამიანი ყოველგვარი გონების დაძაბვის გარეშე ფიქრობს, რომ რაც მეტს მოიხვეჭს მით მეტი ექნება, ამიტომ ზოგიერთი მათგანი მიზნის მისაღწევად უსამართლო ქმედებას იწყებს, გამოდის იმის გაცნოებიერებაც არ შეუძლია, რომ უსამართლობა არ დარჩება უპასუხოდ უხილავი სამყაროს მხრიდან, მერე კი როცა სასჯელი მოდის, დაჯერება უჭირს, ნუთუ მართლა ასეა მოწყობილი ეს სიცოცხლეო, ნუთუ ყველაფერი რასაც ჩავდივარ არ არის დაფარული ღვთის წინაშეო.
131. როგორ გვიჭირს საზოგადოებრივი აზრიდან თავის დაღწევა, მაშინაც კი როდესაც ეს აზრი მრუდე გვეჩვენება.
132. არ შეიძლება ყველა ყველაფრის ცოდნას ესწრაფვოდეს, მაგალითად ყველა პოლიტიკოსი იყოს, ყველა თამადა იყოს, ყველა ჭკუას გარიგებდეს და ა.შ. არამედ ყველას უნდა შეეძლოს ობიექტური თვითშეფასება და საკუთარი ადგილის პოვნა ამ სამყაროში, თუნდაც ეს შეფასება არ იყოს მაღალი და ადგილი განსაკუთრებული.
133. სამწუხაროდ ხშირად ხდება, იქ სადაც არ არის ღვთის რწმენითა და მადლით მოსილ ადამიანთა სიმრავლე, ასე ვთქვათ, უმაღლესი განათლებით აღჭურვილ ადამიანთა სიმრავლე, თითქმის ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ისეთი თავხედი, ვინც ეგოიზმის მდაბალი საზომით ისე მართალივით დაიწყებს მსჯელობას, რომ მის ირგვლივ, ისედაც სუსტ საზოგადოებას ადვილად მოაქცევს გავლენის ქვეშ და ამ დროს თვითონაც და მთელი მისი აზროვნების გამზიარებლები, სხვაში ამ თავხედის თვალით დანახული, მისივე თვისებების, ანუ ამ თავხედის თვისებების კრიტიკაში გაატარებენ დროს.
134. მეგობრობაც და მეორე ადამიანის სიყვარულიც მაშინ არის ყველაზე ლამაზი და ნამდვილი, როცა მისი გახარება განსაზღვრავს შენს სიხარულს და არანაერი მატერიალური ფასეულობა არ დგება თქვენს შორის, ისე როგორც ეს ხდება ბავშვობაში.
135. შიშს წარმოსახვა რომ არ აძლიერებდეს, ხშირ შემთხვევაში ის უადგილო იქნებოდა.
136. სიკვდილის შიში დიდი ეგოიზმია და თან დიდი უმეცრება.
137. უმეცრება ურწმუნოებაა, რადგანაც ურწმუნოება სიბნელეა და უკუნი.
138. რა სანატრელია ტკივილის გარეშე ცხოვრება, მაშინ როდესაც სნეულება გტანჯავს, აცნობიერებ თუ რა ბედნიერი ყოფილხარ და გადაწყვეტილი გაქვს სიმშვიდით ცხოვრება, ოღონდაც ტკივილმა გაგიაროს, გადის ტკივილი, მაგრამ მალე გავიწყდება ყველაფერი.
139. რა საშინელებაა, როდესაც ადამიანები თავისი თავის მიხედვით აფასებენ შენს პიროვნებას, ვინ იცის რამდენი ღირსებად და რამდენი კიდევ უღირსობად გითვლის ერთი და იმავე ნაბიჯს და ამაშია სამყაროს მთელი ქაოსი, მიგიპყრია თვალი სხვისთვის, ნაცვლად საკუთარი თავის საფუძვლიანი შესწავლისა.
140. რამდენჯერ უნდა უღალატოთ საკუთარ თავს, რამდენჯერ უნდა უღალატოთ სინდისს, რამდენჯერ უნდა უღალატოთ რწმენას, რამდენჯერ უნდა შეგვემთხვას განსაცდელი, რომ საბოლოოდ მოვექცეთ ღვთივსათნო გზაზე.
141. რამდენჯერ უნდა აგვტკივდეს, რომ ვისწავლოთ საკუთარი ჯანმრთელობის მოფრთხილება.
142. რატომ გვავიწყდება ტკივილი და განსაცდელი, რატომ ვერ ვიძენთ აქედან ისეთ გონიერებას, რომელიც იქნება ცოცხალი და ქმედითუნარიანი? ასე გაგრძელდება, ვიდრე საკმაოდ ხშირად მოსული ცდუნებები, ჩვენში გზას იპოვიან.
143. მრავალი ადამიანი აღწევს აზროვნების იმ დონეს, რომ თავი საკმაოდ ჭკვიანი ეგონოს, უფრო უარესი კი ისაა, რომ თითქმის ყველა აძლევს თავს უფლებას ჭკუა დაგარიგოს, მაგრამ საკუთარი თავის ზუსტ შეფასებასთან მიახლოვება მხოლოდ ღვთის მაძიებელთა ხვედრია, რადგანაც ის გვიბიძგებს აბსოლიტური სიმართლის შემეცნებისა და ობიექტური თვითკრიტიკისკენ, სხვის შეფასებაზე კი რაღა გვეთქმის, თუ საკუთარი თავი ვერ გაგვიცნია.
144. მათთვის ვინც მიიჩნევს, რომ ყველაფერი სულერთია, დაე საკუთარ თავს კითხონ, თუ რატომ ებრძვით შიგნიდან მორალი, ვინც ხედავს, რომ ყველაფერი მოკვდავია, დაე იფიქრონ, თუ რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო უკვდავი, მაშინ როდესაც შინაგანი სამყარო სიმართლისა და სიწმინდისკენ მოგიწოდებს, საპირისპიროდ ხორცის ცოდვილი მოთხოვნილებებით გაჩენილი აზროვნებისა, მაშინ როდესაც მარადიული სიცოცხლისა და ბედნიერების მოთხოვნილება გაქვს, ღმერთის ძიებას რატომ უგულებელყოფ? ამიტომაცაა კაცობრიობა გაუთავებელი პრობლემების წინაშე და ეს ყველაფერი სწორედაც, რომ მისი ბრალია..
145. ხეპრეა და მშიშარა ადამიანი, რომელსაც დაბალი ინტელექტიდან გამომდინარე, მაშინვე სიბრაზე და ძალადობაზე ფიქრი იპყრობს, რადგანაც მისი მისამართით ნათქვამ სიტყვებს, მხოლოდ უარყოფით სარჩულს აბავს, მისივე ეჭვიანობით, ნაცვლად იმისა, რომ ეკითხა, თუ რას ვგულისხმობდი.
146. შურს სიამაყე აღაგზნებს, სიამაყეს უტვინობა, უტვინომ კი არ იცის რატომ არ უნდა შურდეს.
147. სიბრიყვეა და ბოროტება იმის დაჯერება, რომ ამდენი ცოდვა - მადლით დატვირთული ადამიანი სამუდამოდ ქრება, თითქოსდა მხოლოდ ბიოლოგიური ორგანიზმი იყოს.
148. უმეცრება, იგივე უცოდინრობა და გაუნათლებლობა, დანაშაულია, ადამიანები ვალდებულნი არიან ზედმიწევნით გაერკვნენ საკუთარ თავში, რომ რაც ამოძრავებთ და რა საშუალებებსაც მიმართავენ მიზნის მისაღწევად, არის თუ არა ობიექტური და სამართლიანი, ნაცვლად სუბიექტური და უსამართლო მიდგომისა, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა საკუთარ სიმართლეზე დებს თავს, მაგრამ სამართალს ზოგი როგორ ამრუდებს და ზოგი როგორ, რადგან მრავალი ადამიანი სინდისის გზის ნაცვლად ბნელი და ცბიერი გამორჩენის გზას ადგას, ანგარებისა, რომელიც პატივის, დიდების და ვერცხლისმოყვარეობის სენით შეპყრობილი, მრავალგვარ უსამართლობას ადენინებს მათ.
149. გაგიჭირდება ისეთი ადამიანის ნახვა, რომელიც თავდაჯერებულად არ გამოიყურება, ენას თუ ამოიღებს იმავეს ამტკიცებს, რადგანაც ბრმა სიამაყის წყალობით უკვე დიდი ხანია მოახერხა, რომ თავი საკმაოდ ჭკვიანი ეგონოს და ამაში გამყარებაში სწორედ ის უამრავი ცხოვრებისეული წვრილმანი ინფორმაცია დაეხმარა, რაც ასე უხვად გვხვდება ამ სამყაროში და რაზედაც რაღაც დონეზე ყველას მიუწვდება ხელი, მაგრამ ობიექტური შეფასება იმისი თუ რამდენად განათლებულად შეიძლება იწოდოს არც კი აინტერესებს და როდესაც მისგან განსხვავებით, ვინმე გონივრულად დაიწყებს მსჯელობას, გაკვირვებას არ იმჩნევს, უბრალოდ შური და ბრაზი იპყრობს, რადგანაც დაიმსხვრა მისი სიამაყე.
150. ზოგიერთი ადამიანის აზრით, თუ ცხოვრება მხოლოდ ხორციელი ტკბობა და სასიამოვნო გონებრივი განცდების მიღებაა, სინდისი კი ხელის შემშლელი სტერეოტიპი, როგორც ორიგინალობას მოკლებული შეხედულება, მაშინ რატომაა ეს უკანასკნელი პლანეტის ყოველი კუთხის მაცხოვრებლისთვის ერთნაერი, მსგავსად სხეულის აგებულებისა? სინდისი, რომელიც ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილი და მისი გზამკვლევია, არა ჩვენს მიერ მიღებული რჯულის ან განსხვავებული აღზრდის შემდგომ განვითარებული შინაგანი ხმაა, არამედ, სულში თავიდანვე ღვთისაგან ჩადებული თვისება, როგორც უზენაესი სიკეთისა და სიწმინდის მხარდამჭერი, ისევე როგორც ბოროტებისა და უწმინდურობის მოწინააღმრდეგე, რადგან ხატია და მსგავსი ღვთისა სული, რომელიც მკვიდრობს ყოველ ადამიანში.
151. საძირკველი ჩემი ჩემსავე საქციელში იკითხება, მასზე დაშენებულიც ისეთივე სუსტი და უსარგებლოა, როგორც თავად საძირკველი, მაგრამ თუ მას გავხდი ჭეშმარიტს, ჩემი ქცევაც ძლიერი და სასარგებლო შეიქნება, მხოლოდ ესაა ჩემი დამსახურება, როგორც ჩემი თავისუფალი ნებით გადადგმული ნაბიჯი, რადგან როცა სუფთა გულით მოუხმობ მას ის მოდის და ამ დროს ვხდები ღირსეული, როცა ვდევნი მას, ის გამეცლება და ამ დროს არარაობად ვიქცევი ხოლმე, ყველაფერი მე ჩამაბარა უფალმა, როდესაც თავისუფლება მომანიჭა და დადის ქვეყნად უამრავი ადამიანი რათა სხვადასხვა დროს ჭეშმარიტებას ეზიაროს, რომლისთვისაც შობილა, ჭეშმარიტებას, რომელიც ააშკარავებს ყოველივე ხილულს თუ უხილავს, გარეგანსა თუ შინაგანს და გამოვლენილიც ემოწმება მას.
152. რამდენი რამ არის რაც არ შეიძლებოდა შემთხვევითობად ჩაგეთვალა, იქნებ აქეთ მიმართო აზრი. განა არსებობა გონებამიუწვდენელი არ არის? ან გგონიათ აზროვნება თავისთავადი მოვლენაა? განა ორი სქესი მიზეზ შედეგობრივია? განა გამრავლება მის გარეშე შესაძლებელია? განა სიცოცხლე მატერიის ნაშობია? თუ ასეა მაშინ ახლა რაღატომ არ განაგრძობს ,,შობას", თუ ახალშობილს ბუნებაში დასვამ და ის ასე მიტოვებული გადარჩება, როცა მოიზრდება ნუთუ მშობლად ბუნებას მიიჩნევს, თუ მაიმუნს მიამსგავსებს თავს, განა სწორი იქნება ასეთი აზროვნება? ნუთუ სიმეტრიულობა და სილამაზე ადამიანის აღნაგობაში შემთხვევითია, ან სიზუსტე დღე ღამის ციკლში უბრალო დამთხვევაა, ნუთუ ადამიანის მკაფიო უპირატესობა სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე და მისი გამორჩეულობა მხოლოდ და მხოლოდ იღბალია ჩვენთვის? მზისა და მთვარის სასიცოცხლო მნიშვნელობა და ფუნქცია როგორი საკვირველია, ნუთუ თავად დედამიწის გამორჩეულობა სხვა პლანეტებისგან მზისა და მთვარის დამსახურებაა? მაშინ როცა მზის სისტემაში სხვა პლანეტებიც არიან. აი დედამიწას მოუხდა მხოლოდ მზე და მთვარე იტყვის მავანი და გაივსო მისი მიდამო უამრავი არსით, სიცოცხლეც, აზროვნებაც, სქესიც, გონიერებაც ჩვენს სინამდვილეში მზის სხივთა და დედამიწის შემცველობის სინთეზია მხოლოდ და მხოლოდ, მათი საერთოდ არსებობა კი ალბათ სხვა მშობელი პლანეტებისგან მოდის... აი ამ ყველაფრის დაჯერებას კი ჭირდება ფოლადის რწმენა, სადაც უკვე სიცილის შეკავება მართლაც შეუძლებელი იქნებოდა. ასე რამ გაუჭირვა ადამიანს, რომ აღიაროს ყველაზე გონივრული, როგორც ღმერთის მოქმედების საკვირველი შედეგი? თავის ჭკუაზე ცხოვრების სიყვარულმა ხომ არა? აი აქ არის დამალული უმთავრესი მიზეზი მისი უგუნურობისა, რომ რაც შეიძლება მალე გამორიცხოს ის, რაც ასე ძალიან არ აწყობს, როგორც თავის სურვილთა მონობაში მყოფ ინდივიდს, რადგან კეთილია ღმერთი და სიყვარულითაა გაჟღენთილი მისი არსება, სწორედ ამიტომ მისი სიწმინდის მსგავსების აღდგენისთვის მოგვიწოდებს ჩვენც.
153. სწორედ ჩაკეტილი აზროვნებაა შედეგი იმისა, რომ ყოველ ადამიანს, თავისი ე.წ. ,,ჭეშმარიტება" გააჩნია. თუ ადამიანმა არ გააცნობიერა, რომ საჭიროა გახსნას თავისი გონება სხვა გარე გონებრივი წყაროებისთვის, როგორც ღმერთისგან წამოსული სიტყვის არსებობის ალბათობა ჩვენს სინამდვილეში, გახსნას თავისი გული ღვთაებრივი ენერგიების მისაღებად და აუცილებლად გააკეთოს დაშვება იმისა, რომ მხოლოდ მისი ინდივიდუალური აზროვნება არაა საკმარისი ჭეშმარიტების შესაცნობად, სინამდვილის აღსაქმელად და არც ისეთი გულის გრძნობა, რომელიც შელახულია სხვა არაჯანსაღი გრძნობებით, მაშინ ის სამუდამოდ სიბნელეში დარჩება და საგნები რომლებსაც იქ დაინახავს ასევე სინამდვილედ მოეჩვენება, მაგრამ ასე აღქმული ,,სინამდვილე" არ იქნება ჭეშმარიტება და შესაბამისად არ იქნება მაცხოვნებელი, რადგან მოკლებული იქნება მის ნათელს, როგორც მიწიერი აზროვნებით გააზრებულის და მდაბალი შეგრძნებებით აღქმულის შედეგი. რადგან მეტს ვერაფერს ხედავ, უჯერებ მას და აყალიბებ შემოსაზღვრულ ათეისტურ აზროვნებას, რადგან მართლა ვერ ხედავ მეტს, რაც საკმარისი იქნებოდა შენი აზრის გადასაწონად რწმენისკენ. ეს ყველაფერი გავს დაბალ სინათლეში წარმოქმნილ მოკლე, სუსტ თვალსაწიერს, მაგრამ მაშინ როდესაც ინთება საკმარისი სინათლე, უფრო ღრმად ჩანს და იკვეთება ახალი საგნები, რაც გარწმუნებს და გეხმარება საბოლოოდ დაიჯერო ის სიმართლე, რაც შენს ნაბიჯებს ღმერთის გზაზე მიმართავდა და სწორედ ეს საკმარისი სინათლეა მცნება ღვთისა გადმოცემული სახარებით.
154. გზადაგზა ბევრი რამ აიძულებს ადამიანს დათმოს რწმენა, თითქოს ზოგიერთი მოვლენა და ფაქტი, სწორედ მის საწინააღმრდეგოს ქადაგებდეს, მაგრამ ამ პასუხგაუცემელ კითხვათა პასუხი და ახსნა, ისევ და ისევ ჩვენს ცოდვით დამახინჯებულ ბუნებაში იმალება, ვინაიდან შემოკლებულია დაცემული ადამიანის, როგორც სულიერი თვალსაწიერი, ასევე დასუსტებულია სინამდვილის სიღრმისეული აღქმის უნარიც.
ასე, რომ იმ უმრავლესის გამო იწამე, რაც რწმენისკენ გიბიძგებს და ნუ შეწყვეტ ძიებას იმის გამო, რაზედაც პასუხი შესაძლოა მოცემული მომენტისთვის არ გაგაჩნია. გულწფელი მძებნელი იპოვის კიდეც, რასაც ეძიებს, თუ საძიებელი თემა ადამიანური გონების შესაძლებლობათა ფარგლებშია მოქცეული.
155. რა საამურია გონს მოსულ თვალთა ხილვა, როდესაც ადამიანი გვერდიდან შეხედავს თავის მდგომარეობას, როგორც განვლილი ცხოვრების ქრონიკას და გულწფელად ნანობს ყოველივეს.
156. საამაყოა, როდესაც წინააღმრდეგობის მიუხედავად საკუთარი მყარი აზრი გაქვს, რომელსაც შინაგანი ხმა ეთანხმება, სხვაგვარად, როდესაც გაივლის წუთიერი სიამოვნება და მოჩვენებითი სიხარული, ჩვენში მხოლოდ გამყიდველი მოღალატე გააგრძელებს ცხოვრებას.
157. თუ ვხედავ, რომ ქვეყნის განვითარება მზარდია, თუნდაც მე ჯერ კიდევ არ მქონდეს კეთილდღეობა, უფლება არ მაქვს პრეტენზია გამოვხატო, უფლება არ მაქვს სულმოკლეობა გამოვიჩინო და საერთო საქმით უკმაყოფილო ვიყო, ან არ ვიყო სოლიდარული უკვე კეთილდღეობაში მყოფი ადამიანების მიმართ.
158. ნუ იამაყებთ ამა თუ იმ გვარით, ეროვნებით, იამაყეთ საკუთარი სინდისისმიერი ღირსებებით, რადგანაც ესა თუ ის გვარი ან ეროვნება პიროვნებებმა განადიდეს და არა პირიქით პიროვნებები გვარმა ან ეროვნებამ, უფრო მეტიც რამდენი ადამიანია რომლებიც იმ გვარსაც და ეროვნებასაც არცხვენენ რაც მათ წინაპართ უდიდებიათ.
159. სადაც არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, შესაბამისად ჭეშმარიტი ცხოვრების წესი, იქ ეროვნებაც და გვარიშვილობაც აზრს კარგავს და ტრაფარეტული ხდება, რადგანაც მორწმუნეები, რომლებიც მართლა ბაძავენ უფალს, ერთი და იგივე სულსა და გულს ატარებენ, ერთი და იგივე ქრისტეს სისხლისა და ხორცის თანაზიარნი არიან, ამიტომაც მათი მენტალობა ერთმანეთის მსგავსია.
160. სამყაროს უმეტეს ნაწილს უგულისხმო ადამიანები მართავენ, განსაკუთრებით სულიერი სიღრმეებისგან უმეცარი, ხშირად სხვადასხვა სახის ანგარებით შერჩეული ხალხი, რადგან ისევე ცრუობს ყველაფერი გარეგანი ამ დროს, როგორც მათი ნიჭიერება.
161. ქალის ნამდვილი სილამაზე და მომხიბვლელობა არა მხოლოდ მის ნაკვთებში და ტან ფეხშია, არამედ უმრავლესი ხიბლი ხშირად მისი ხასიათიდან მოდის და სულ სხვა ელფერს სძენს მის გამომეტყველებასა და გარეგნობას, ეს ყველაფერი მისი სულის სიღრმეშია და მისი თვალებიდან, სიტყვიდან და ქცევიდან გადმოგვეცემა.
162. გონივრული სიმორცხვე ქალისა, მორჩილებისკენ უბიძგებს მამაკაცს და მასში პატივისცემას აღძრავს.
163. არსებობს გარეგნული სილამაზე, რომელიც არ გხიბლავს, რადგანაც ხასიათი არ ერწყმის შესაფერისად და პირიქით ნაკლებად ლამაზი გხიბლავს მისი ხასიათის გამო.
164. თავხედი ქალი და ნაზი მამაკაცი ერთნაერი საშინელებაა.
165. გარეგნობა დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა ხასიათის ჩამოყალიბებაზე და ხელს უწყობს ყალბი ინდივიდების შექმნას, სინამდვილეში ადამიანთა მიერ გარეგნობას მისადაგებული ხასიათი, ცოდნა, თუ ნიჭი მოჩვენებითია… ისევე, როგორც შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს ლამაზი ნაკვთების მქონე ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ვნებათა მონობისგან გაქვავებულ გულს ატარებს და პირიქით სასიამოვნო გახდეს ურთიერთობა გონჯთან, რომლის ხასიათიდან სითბო და სიყვარული იღვრება.
166. ის უსამართლობა, რასაც ვნება გკარნახობს, უმეტესად წარმოსახვის ცრუ ნაყოფია, რომელიც ისე დამაჯერებლად გამოიყურება, რომ ვერაფერს გაუგებ სანამ ამ ვნების გავლენის ქვეშ იმყოფები, მერე კი, როდესაც განცდილი წუთიერი სიამოვნება გაივლის, მონური დამოკიდებულებითა და ამაოების მძაფრი განცდით იმოსები, ისე რომ ამ ვნებისგან სამუდამო განშორების წყურვილი გიჩნდება.
167. ვნება, რომელსაც წარმოსახვა კიდევ უფრო აღაგზნებს, არასდროს არ არის ისეთი, როგორიც თავიდან გეჩვენება.
168. ჩვენი მწუხარება ვინმეს გასაჭირის მიმართ, მაშინაა გულწრფელი, თუ გაჭირვებაში ჩავარდნამდე იყავი მის მიმართ თბილად განწყობილი, წინააღმრდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ საკუთარი თავის და სხვათა დარწმუნების მცდელობაა იმაში თუ რა კარგები ვართ.
169. ვერ იქნები მამაცი თუ სიკვდილი და სიცოცხლე არ გაქვს გათანაბრებული.
170. სიმამაცეზე პრეტენზია ძალიან ბევრს აქვს, სიმამაცეზე, რომელიც არ უნდა გამორიცხავდეს გონიერებასა და მშვიდობას, თუმცა უმრავლესობა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც სიტყვითა თუ საქმით უნდა გამოხატოს მამაცი საქციელი, შიშის გამო, რომელიც ბატონობს მათზე, თავს ირწმუნებენ, რომ ეს სხვა დროისათვის გადადონ და ხშირად, ასე გრძელდება მუდმივად.
171. ვაჟკაცობა ზოგს გამბედაობაში ერევა, რადგან გამბედაობა შიშის დაძლევას ნიშნავს, ხოლო ვაჟკაცობა გამბედაობის გარდა გონიერებას მოითხოვს, რათა ზნეობრიობა არ დაირღვეს, ზნეობრიობა, რომელიც დაფუძნებულია უმაღლეს მორალზე, გამორიცხავს ყოველგვარ ჩხუბსა და აყალ-მაყალს, რადგანაც ის მხოლოდ მშვიდობასა და სიმართლეს ემსახურება.
172. უმიზეზოდ შეურაცხყოფას, ნაკლებად აყენებენ ხოლმე, მაგრამ თუ მაინც გაეხვიე ამ შარში, მის წილ პასუხი არ ნიშნავს უარესის ან მსგავსის მიგებას, შეურაცხყოფის წილ პასუხი იმდენად გონივრული და ზნეობრივად უნაკლო უნდა შეირჩეს, რომ არცხვენდეს შენს მოწინააღმრდეგეს და იმავდროულად ხაზს უსვამდეს შენს უშიშობას.
173. ზოგჯერ კმაყოფილებით ხარ სავსე, როდესაც არაფერი გაწუხებს და მატერიალურადაც უზრუნველყოფილი ხარ, მაგრამ თუ რაიმე შეიცვალა საპირისპიროდ, მაშინვე საშინელი მწუხარება გიპყრობს და აცნობიერებ, რომ სულით ხორცამდე კომფორტის მონა ხარ და ის სიხარული მსხვრევადი და წუთიერი ყოფილა, როგორც სიზმარი.
174. ზომიერად შესრულებული ფიზიკური შრომა, ვარჯიში, სულის გასაკაჟებლადაც დიდი სტიმულია, თუ სიხარულითაა შესრულებული, მაგრამ ღვთის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი სიხარული, რომელშიც არ არის არანაერი სიყალბე, თუნდაც შიშის სახით და თუ ვინმე ასე არ ფიქრობს ეს მისი უგულისყურობის ბრალია.
175. არაფერი ისე არ აღელვებს ადამიანს, როგორც საკუთარ თავში დანახული უმწეობა და არაფერი ისე არ ამშვიდებს, როგორც საკუთარი ძალების რწმენა.
176. ხშირ შემთხვევაში, გაუნათლებელი ადამიანის გონება სწრაფად და მარტივად რეაგირებს, რადგანაც დიდი არაფერი აქვს საფიქრალი, თუმცა საკუთარი სიბრიყვის სჯერა, რადგანაც ბევრი არჩევანი არ აქვს, რომ შედარება მოახდინოს.
177. ჩვენ ძირითადად ცნობიერის და ქვეცნობიერის გავლენით ვცხოვრობთ და მასზე დაფუძნებული ნების, რომლის ავ-კარგსაც განსაკუთრებული ჩაღრმავების გარეშე, ხშირ შემთხვევაში საკმარისად ვერც ვხედავთ, როგორიცაა ჩვენი ნება ისე მიმდინარეობს ჩვენი ცხოვრებაც.
178. დღეს იმდენი მიწიერი ინფორმაციაა, რომ მატერიალისტურად მოაზროვნე ადამიანები უგზო ოკვლოდ ვითარდებიან, რაც უფრო მეტად აღრმავებენ საკუთარი თავის რწმენას, რომ ყველაფერი იციან, მით უფრო მეტად სცილდებიან ჭეშმარიტებას, რაც არის აბსოლიტური სიმართლე. ამის მიზეზი კი ფუნდამენტურია, რადგან იდეა - როგორც საწყისი, გამორიცხული აქვთ, თითქოს მატერიის გონიერების, პირველმყოფობისა და პირველმიზეზად აღიარების სავარაუდოდ, რაიმე საიმედო ქონდეთ. ადამიანმა უნდა აღიაროს და გაიგოს, რომ სასწაულებში არის ჩაფლული, საკუთარი თავიდან დაწყებული, გარშემო სამყაროთი დამთავრებული, თუნდაც რომელიმე ხეხილი ავიღოთ, ან რომელიმე მწერი, აბა შეეცადონ გააკეთონ მისი იდენტური, არაფერია სავსებით გასაგები, რადგან საოცრებაა ყველაფერი. ვინც ამას აღიარებს ის ყოველთვის იდეას მიემხრობა, როგორც გონიერი და ცოცხალი არსებიდან წამოსულ ძალმოსილების მქონე სიტყვას.
179. არსებობს ტყუილზე დაფუძნებული მრავალი ქცევა, რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება და რომელიც თვითონ სიყალბის მქნელსაც არა აქვს გაცნობიერებული.
180. მეცნიერული პროგრესი, რომელმაც გამოიწვია კაცობრიობის თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვა, სიკეთის პარალელურად ზიანის მომტანიც შეიქმნა, რადგან გარკვეულ საკითხებში უმეცრებამ, ისევე როგორც გამდიდრების შესაძლებლობამ, თავისი გაიტანა და ზოგადად პლანეტა და მასთან ერთად კაცობრიობა არც ისე დიდი დროის შემდეგ სავალალო შედეგებამდე მიიყვანა, როგორიცაა ატმოსფეროს დანაგვიანება, ჰაერის მოწამვლა, გლობალური დათბობა და ა.შ. რამაც დამანგრეველი გავლენა იქონია, როგორც მატერიალური დოვლათის წარმოებაზე, ასევე მის კვებით ღირებულებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან. არ ვამბობ, რომ კაცობრიობა არ უნდა განვითარებულიყო და არ უნდა აღჭურვილიყო თუნდაც თანამედროვე ტექნიკით, არამედ ავ-კარგის, სასარგებლოსა და მავნებლის გარჩევა უნდა მომხდარიყო სწორედ იმ უდიდესი ფასეულობებით რაც ადამიანთა როგორც სულიერ ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას დასახავდა უმთავრეს პრიორიტეტად.
ვფიქრობ, რომ დღეს მაინც, როდესაც უკვე ნათლად ჩანს ამ ყველაფრის შედეგი, მეცნიერება და ყველა ვისაც ხელეწიფება რაიმე ცვლილების შეტანა, რაც მავნებელს სასარგებლოდ შეცვლის, თუნდაც შიდა წვის ძრავას, სხვადასხვა ბირთვული თუ ქიმიური იარაღის გამოცდას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმოუდგენელ ზიანს აყენებს პლანეტას თავის მოსახლეობასთან ერთად, ასევე ყველაფერს, რასაც სიცოცხლისთვის საშიში გამოსხივება გააჩნია, ყველაფერს რასაც სოფლის მეურნეობა თუ სხვადასხვა მატერიალური დოვლათის წარმოება შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო გახადოს, ცვლილება ესაჭიროება.
არც ერთი მეცნიერული მიღწევა და კომფორტი, რასაც ზიანი მოაქვს, არ არის ჯანსაღი გარემოს, ჯანმრთელობის, სუფთა ჰაერის, მეტი ენერგიის, მშვიდი ძილის, სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ამ ხანგრძლივობის ხარისხის, ნაკლები სადარდებლის საპირწონედ მნიშვნელოვანი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი, ისევ იმ ცოდვილი კაცობრიობის ხელთაა, რომელთა უმრავლესობაც, სათანადო პატიოსნებითა და კომპეტენციით, ვერასოდეს იყენებდა არსებულ შესაძლებლობებს.
181. ადამიანში სულიერ ფასეულობათა განუვითარებლობასთან შერწყმულმა მატერიალისტურმა გონებრივმა ნიჭიერებამ, შესაბამისად მისმა დახარბებამ, მათ შორის ავ სულთაგან შემოთავაზებულ სიახლეებზე და სიამაყემ ერთად შერწყმულმა, ასევე დიდმა უმეცრებამ სამყაროსთან მიმართებაში, მოწამლა და გამოფიტა დედამიწა, წაართვა მომავალ თაობას ჯანმრთელობა და უბრალოება, ჩაუნერგა ცუდმედიდობა და ცრურწმენა, რომ თითქოსდა ადამიანის ნაკეთები საქმეები, განსაკუთრებული და აუცილებელი საჭიროებაა.
182. მეტის შონის სიხარბემ და გაუმაძღრობამ, რაც ისევ და ისევ ურწმუნოებასთან და შესაბამისად ღვთის უშიშობასთანაა კავშირში, კომერციული საქმიანობის დიდი ნაწილი არაკეთილსინდისიერად აქცია და ადამიანთა ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა, ბევრგან დაქვეითდა ნატურალურობის და საკვები ღირებულების ხარისხი, რაც ადამიანთა ნაადრევი დაავადების მიზეზად იქცა. იქნებ არაფერი გსმენიათ ულტრა-დამუშავებულ საკვებზე, რომლებიც ქარხანაშია დამზადებული და შეიცავს ბევრ დანამატს - ემულგატორებს, არომატიზატორებს, სტაბილიზატორებს და სხვა. როგორიცაა განსაკუთრებით იაფიანი ნახევარფაბრიკატები (ძეხვი, სოსისი, სალამი), მზა სოუსები, მაიონეზი, წვენები რაც ზრდის გულის, დიაბეტის, კიბოს დაავადების რისკს (განსხვავებით არაულტრადამუშავებულისგან რაც ახალ ხორცს, თევზს და ა.შ. წარმოადგენს) ან ტრანსცხიმებზე, რომლებიც წყალბადით დამუშავებულ ჰიდროგენიზებულ, მყარ ან ნახევრადგამყარებულ ზეთებს წარმოადგენენ, რაც საცხობსა და ტკბილეულში, ფასტფუდში, სნეკებში, ნახევარფაბრიკატებში, მარგარინებსა და სპრედებში შედის, რაც არყევს ადამიანის ჯანმრთელობას. ესეც ადამიანის გულიდან გამოდის, როგორც სხვა მანკიერება, აი კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს სოფელი ასე ბრმად არ უნდა გვიყვარდეს, ეს ყველაფერი დროზე ადრე კლავს და ანადგურებს ადამიანებს. როგორ მივეჩვიეთ მცდარ აზროვნებას, რომ, მაგალითად ამა და ამ პროდუქტში მავნებლობა დასაშვები დოზითაა, არსებობს კი ტრანსცხიმებზე უსაფრთხო დოზა? არა მგონია. სიმართლე ისაა, რომ ყველაფერი მიუღებელია რაც ადამიანს ვნებს, თუნდაც თანდათანობით.
183. ერთი და იგივე საკითხის ირგვლივ მოკამათე ადამიანები, გამწარებული ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მათი აზრია ჭეშმარიტი, თუმცა ეს აზრები ერთმანეთისაგან შეიძლება ისე განსხვავდებოდეს, როგორც თეთრი ფერი შავისაგან, რა უნდა იფიქრო გარდა იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობის აზროვნება, ზოგჯერ ვერ, ზოგჯერ კი გარკვეული მოტივით არ გადის მასში არსებული ინფორმაციის ფარგლებს გარეთ, თუნდაც იმ მოსაზრებით, რომ შეიძლება არსებობდეს მისგან განსხვავებული საღი აზრი.
184. როდესაც ვკამათობთ სხვადასხვა საკითხზე, ეს შეიძლება ეხებოდეს პოლიტიკას, ხელოვნებას, სხვადასხვა სახის ლიტერატურას, სპორტს და ა.შ. იშვიათად თუ მოხდება ერთად იყოს შეკრებილი ისეთი მოკამათეები, რომლებსაც ჯერ საკუთარ ობიექტურობაში არ ჰქონდეთ ნაკლი და მეორე, შეძლებისდაგვარად სრული ინფორმაცია ჰქონდეთ საკამათო საკითხის შესახებ, რაც უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიწრო ეგოისტური ინტერესებით გამოწვეულ მიკერძოებაზე, მაგალითად ამა და ამ მთავრობის დროს ჩემი ოჯახის წევრმა სამსახური დაკარგა, თუმცა შეიძლება ათასობით ადამიანმა პირიქით იშოვა, ან ეს წიგნი იმიტომ მომწონს, რომ მხოლოდ ჩემს, რაღაც იდუმალ ინტერესებთან პოულობს საერთოს, შეიძლება ხმამაღლა თქმა სირცხვილიც კი იყოს და ა.შ. ამიტომაც კამათი აზრს კარგავს, რადგანაც ასეთი კამათი გაუნათლებლობა და უკულტურობაა, ასეთ დროს საკმარისია მხოლოდ აზრების გაზიარება და სხვისი აზრის პატივისცემა.
185. ადამიანთა უმრავლესობას შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ მარტოსული, ამისთვის არ არის აუცილებელი მარტო ცხოვრობდეს, რადგან, სწორედ იმის თქმას გაურბიან ერთმანეთთან შიშისა და სირცხვილის გამო, რაზეც ყველაზე მეტი უნდა ისაუბრო. სინამდვილეში, ხშირად აწუხებთ, მარტოობის, უსიყვარულობის, სხვა ადამიანთაგან სითბოს ნაკლებობის, სხვისი სიხარულით გახარების უნარის უქონლობის, არაობიექტურობისა და ტყუილში ცხოვრების, ბოროტი შურის, ურწმუნოების, ზედაპირული აზროვნების, ნამდვილი და უანგარო - აბსოლიტური სიმართლით არცხოვრების შესახებ, რომელიც არის სინდისთან თანხმობა და ა.შ. თემებზე ფიქრები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი და კიდევ ბევრის სხვაც, მეტ ნაკლებად ინდივიდის მიხედვით იგულისხმება, ის საწუხარი რაც ერთში ჭარბობს, შესაძლოა მეორესთვის სრულიად არ წარმოადგენდეს წუხილის საგანს.
186. მაშინ როცა მიწიერი, ამქვეყნიური სიმართლე, უფრო ამაღლებული, სინდისის მიერი, რწმენის თანახმა სიმართლით არის მხილებული, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირად ხდება და უმეცარი ადამიანი გრძნობს საკუთარ უსამართლობასა და უღირსობას, თითქმის ყოველთვის გამოჩნდება რაღაც ისეთი, შეიძლება ითქვას საკმარისად გაუაზრებელი რამ, რაც საკუთარი ცრუ ღირსების დასაბალანსებლად ხელსაყრელია, ამ დროს შეიძლება ცრემლიც კი დაღვაროს ასეთმა ადამიანმა და ამ ახალი ,,ღირსებით" აღჭურვილმა დავიწყების ბნელ მორევში მოისროლოს სწორედ იმ ქმედებათა ქრონიკა, რის გამოც სინდისი ამხელდა და რის გამოისობითაც ასე მძაფრად დაეწაფა, ასე ვთქვათ ამ ახალ შესაძლებლობას - გამხდარიყო ისევ „ღირსეული“.
187. სადაც არ გისმენენ იქ არც უნდა შეეცადო საუბარს, უსარგებლო იქნება ორივე მხარისათვის.
188. სხვადასხვა პიროვნებისგან მომდინარე ერთნაერი ქცევა თუ სიტყვა, ერთი და იმავე გარემოში, ძალიან ხშირად შესაძლოა სხვადასხვა განზრახვით იყოს ნაკარნახევი, შესაბამისად პიროვნებათა ინტერესის მიხედვით იყოს ინდივიდუალური, თუმცა ჩნდება განცდა, რომ ეს პიროვნებები დაახლოებით ერთმანეთის მსგავსნი არიან, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის, შესაძლოა, მათი განზრახვისდა მიხედვით, რაც არ ჩანს, დიდი განსხვავება იყოს.
189. ბედნიერება, რომელიც მატერიალური კეთილდღეობით განისაზღვრება, თავის მოტყუებაა.
190. მაშინ, როდესაც არაფერი გაწუხებს და თავს მხნედ გრძნობ, მაშინ როდესაც სულითაც მშვიდად ხარ და ოცნებები არ გტანჯავენ, მაშინ როდესაც გახარებს სიცოცხლე და კმაყოფილი ხარ იმისი რაც გაბადია, ან უმანკო ბავშვი ხარ, ან ღმერთის მადლით ხარ გასხივოსნებული.
191. უდრტვინველად მიიღო ყოველი დღე ისეთი, როგორიც არის, შეგეძლოს მუდმივად გრძნობდე თუ რა სიმდიდრეა სიცოცხლე და ყველაფერი ის რითაც ხარ გარემოცული, შეგეძლოს მადლიერების შენარჩუნება კრიტიკულ შემთხვევებშიც კი, ნიშნავს ღვთისაგან მონიჭებულ ცხოვრების ნიჭის ქონას.
192. ჩვენდამი პატივისცემა, არა ერთჯერადი, არამედ ზოგადი, გამოხატული სხვათაგან, პირდაპირ კავშირშია ჩვენივე ავტორიტეტთან, ანუ სახელთან, ხშირად ადამიანი ვერ აფასებს თუ რამხელა პრივილეგიაა პატიოსანი კაცის, პატიოსანი ქალის სახელი და იმავდროულად დაცვა არაკეთილმოსურნეთაგან, რადგან მათ შენს პიროვნებასთან მოღწევამდე შენი სახელი ეღობება, როგორც მტკიცე გალავანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი