რწმენაში დავანებული უკვდავება (პოეზია) - წინასიტყვაობა.
ყველას გულს ვერ გადაუშლი, ვერც ისეთ უხერხულ თემებზე ესაუბრები, რაზე საუბარიც, ხშირად აშკარად ჩანს, რომ ძალიან საჭიროა მათთვის, ისეც ხდება, რომ მოცემულ დროს საჭირო აზრებითაც არ ხარ აღჭურვილი და სათქმელი, რომელიც გინდოდა გეთქვა, ხშირად უთქმელი რჩება ან უკეთეს შემთხვევაში არ არის ისეთი სიზუსტით ნათქვამი, როგორც წინამდებარე წიგნში, რომელშიც ვფიქრობ ყოველი ადამიანი იპოვის იმდენ საერთოს, რაც გონივრული ძიების გზისკენ უბიძგებს მას.
წიგნი, რომელიც დაწერილია უბრალო ენით, მარტივად გასაგები აზრებით, იმედი მაქვს შვებას მოგვრის მკითხველს, როგორც ერთგული მეგობარი, რამეთუ წინამდებარე წიგნი ადამიანთა კეთილდღეობის მოტანის მიზნით არის შექმნილი, რათა სარგებელი მოუტანოს მათ სულებს. ის თანაბრად ეკუთვნის, ყოველ ადამიანს, როგორც მომავალი ნეტარების პოტენციურ გამზიარებელს, შობილს და მოწოდებულს სული წმინდის ჭურჭლად. ამსოფლიური სილამაზე, რომელიც გვხიბლავს და გვაჯადოვებს წარმავალია, მიწიერი აზრი, რომელიც იგივე გავლენას ახდენს, წარმავალია, მაგრამ არ არის წარმავალი ცხოვრების წესი, რომელსაც ვირჩევთ, რადგან ჩვენი არჩევანის მიხედვით განისაზღვრება ჩვენი ცხოვრებაც და მომავალი სიცოცხლეც, რაც ძალზე საგულისხმოა.
როგორც წიგნის ავტორმა, მინდა აღვნიშნო, რომ შევეცადე ერთად შემეგროვებინა, ზოგიერთი საჭირო ინფორმაცია, იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რასაც ღვთის ძიების დაწყება ჰქვია, წაკითხულის, მოსმენილის თუ დღევანდელ საზოგადოებაში დანახული მენტალური პრობლემების მიხედვით, მათ შორის, რასაც თავად ჩემზე მოუხდენია ზეგავლენა.
რწმენის გზაზე, პირველ რიგში საკუთარი თავის გულშემატკივარი ვარ, შემდეგ კი ყველა იმ ადამიანის, რომლებიც არასათანადო ყურადღებით ცხოვრობენ.
წინამდებარე წიგნი მოიცავს, როგორც პოეზიის, ასევე ფიქრების ნაწილს. ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდებს, დამწყებ მკითხველებს, რომლებსაც უხდებათ მრავალ, სხვადასხვა სახის და ხასიათის ლიტერატურასთან შეხება, რაც მათთვის, როგორც უცოდინართათვის, უჩვეულო ხიბლისა და ზიანის მიზეზი ხდება, რადგან ხშირ შემთხვევაში მათი გონება, არ არის აღჭურვილი უმაღლესი სახარებისეული ფასეულობებით, ამიტომ მათ არ შეუძლიათ სათანადოდ შეაფასონ ამა თუ იმ წიგნში გადმოცემული მოვლენები, აზრები და დაუმუშავებლად ღებულობენ სხვადასხვა სახისა თუ ხასიათის ინფორმაციას.
ასევე ვფიქრობ, საერო ლიტერატურაში უნდა მომრავლდეს ისეთი წიგნები, რომელიც დაეხმარება ადამიანს ტაძარში მისვლაში, უფლის მიერ დაწესებული საიდუმლოებებით სარგებლობაში, ხელში სახარების აღებაში და უფლის სიტყვის შემეცნებაში, დააფიქრებს მას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც, შესაძლოა ისე გაირბინოს წლებმა, რომ სათანადო ყურადღება არც კი მიაქციოს. უნდა დავეხმაროთ არა მარტო მომავალ თაობას, ახალგაზრდებს, არამედ საშუალო ასაკის და უკვე ხანში შესულ ადამიანებს, რომლებიც რაღაც ეშმაკის მანქანებით გვერდს უვლიან ბევრ ძალიან საგულისხმო საკითხს, თუმცა მათი სინდისის გამოძახილი ერთმანეთის მსგავსი იქნებოდა სხვადასხვა დროს, ცხოვრების მანძილზე, რომელსაც მაინცა და მაინც არ უსმინეს ან არასაგულისხმოდ მიიჩნიეს, შეიძლება ითქვას მათივე არაჯანსაღი დამოკიდებულებით.
დაე, აქ ნათქვამი სიტყვები სადიდებლად ღვთისა, როგორც დილის ნამი, როგორც აისი, სიფხიზლედ, სინათლედ და გასაძლიერებლად ექცეს ყოველ ადამიანს, განურჩევლად მათი ასაკისა, ფიზიკური თუ გონებრივი მონაცემისა, იქმნეს მათთვის საცხონებლად სულისა, რამეთუ ყოველი ადამიანი, თანაბარია ამ გზაზე, როგორც შვილი ღვთისა და გამზიარებელი მომავალი სიცოცხლისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი