მათთვის ვინც ყველაფერი იცის (ფიქრები) - წინასიტყვაობა.


არც ექსპერტი გახლავართ რომელიმე სამეცნიერო თუ სასულიერო სფეროში და არც ისეთი გამოცდილების მქონე, რომ წინამდებარე ფიქრების ყოველი ბწკარი უცილობელ ჭეშმარიტებად დაგისახოთ, ამასთანავე, საჭიროდ არ მივიჩნევ ყოვლისმცოდნეობისკენ სწრაფვას და მიმაჩნია, რომ ეს უმეცარი ადამიანის, სიამაყით ნაკარნახევი დემონური ამბიციაა, უმთავრესი მიზანი მკითხველისთვის კეთილი სურვილის გაჩენის მცდელობაა, რათა ხშირ შემთხვევაში უბრალო, მაგრამ გულწრფელ ფიქრთა კითხვისას, თავისუფალი ნებით აღიძრას ღმერთის ძიებად და რომ ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა უფრო მკაფიოდ დაინახოს დღევანდელ, ნიჰილიზმით გაჯერებულ სამყაროში.
     ფიქრები, რომლის გაზიარების სურვილიც კარგა ხანია ყოველდღიურ რეალობად მექცა, საგულისხმო უნდა დარჩეს იმ ადამიანთათვის, რომლებიც ფართოდ გაშლილ დამღუპველ გზაზე, თვალახვეულნი მიექანებიან. ყველას ვისაც სძულს მორალი და არ აღიარებს მას, გაუჭირდება მისი წაკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იმ შინაგან ხმას ვეთანხმები, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია, სინდისის სახით, როგორც ჩვენი სულის ყველაზე ნათელი წერტილი. რაც შეეხება ცოდნას, რომელიც ზემოთ ვახსენე, ათასგვარი ინფორმაციის ქონას ვგულისხმობ, რადგან ეს ყველაფერი კაცობრიობის მიერ დაგროვილი ქაოსია, რომელიც არათუ ობიექტურობასა და სრულ ჭეშმარიტებას არის მოკლებული, როგორც მიწიერი აზროვნების ნაყოფი, არამედ უმეტესწილად, რადიკალურად ღვთის სიტყვის საწინააღმრდეგოს, ხშირად ლამაზად შეფუთულს გვთავაზობს, თუ რაღა თქმა უნდა ამ უკანასკნელზე არაა დაფუძნებული ან მისი გათვალისწინებით არაა დაწერილი ესა თუ ის ლიტერატურა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ურწმუნო ადამიანთათვისაც ზიანის მომტანია იმ საოცარი ცხოვრების წესის უგულებელყოფა რაც ქრისტემ გვიბოძა, როგორც ნამდვილი გონიერება, რომელიც ერთდროულად მოიცავს ისეთ გულის ხმას და ცხოვრებისეულ საკითხთა სიღრმეში წვდომის უნარს, რაც ასე  საჭიროა ამა თუ იმ მოვლენის ობიექტური შეფასებისთვის.
    მთავარი ისაა, რომ მკითხველს თავის თავში დანახული უარყოფითი თვისებების აღმოფხვრის სურვილი გაუჩნდეს და რწმენით ამისი აუცილებლობა დაინახოს. სტერეოტიპს რომელიც გამყარებს იმაში თითქოს უღირსი საქციელის ჩამდენს შანსი აღარა აქვს, რომ შეიქნეს ღირსეული აბსურდია და თავის მოტყუება, რადგან ადამიანები სავსენი არიან საიდუმლოებებით, რომელთა არსებითი ნაწილიც სიამაყის, სიზარმაცის, ვერცხლისმოყვარეობის, არაჯანსაღი სულიერი მიდრეკილებებისა თუ ხორციელი ტკბობის სიყვარულით გამოწვეული უღირსი ქცევებია, ასე რომ რაც მალე დაამსხვრევ ამ ფარისევლურ სტერეოტიპს ღირსეულობის ფუჭი განცდისა, მით მალე დაადგები სწორ გზას, რომელიც მართლაც ღირსეული ცხოვრების დასაწყისი იქნება.  ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავთან, გარე სამყაროსთან და დემონურ ძალებთან, ღვთის შემწეობით განხორციელებულ ბრძოლას წარმოადგენს, რომელიც დაცემებისა და ისევ ფეხზე წამოდგომების ერთობლიობაა, რაშიც გამოცდილებით მოგიხდება დარწმუნება.
    თუ რატომ არის ზემოთ აღნიშნული ასე აუცილებელი, ამაზე პასუხს მთლიანად წიგნი გაგრძნობინებთ, მაგრამ თუ ორიოდ სიტყვაში გამოვხატავთ მიზანს, მიზანი სამუდამო ბედნიერების ჩვენსავე სულში დამკვიდრებაა ანუ იმ ვიწრო გზაზე შედგომა, რომელ გზაზეც თავად უფალი მიგვითითებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი