აღდგომის წირვა კვირიკეთში
საეკლესიო საგალობელნი, რწმენის თვალებით ღვთისა მცნობელნი, ცად აღვლენილი სამადლობელნი, ამ საოცრების გულით მგრძნობელნი, კელაპტართ ნაზი ნათების ალში, საკმევლის ტკბილი სურნელის კვამლში, სისხლით და ხორცით, ღვთის შემწირველი, ძვირფას ლოცვათა ჩუმი მიმრქმელი, კარგის დიდებით და ავის გმობით, ჩვენი იმედის - მეორედ შობის, ბოროტებისა რწმენით მძლეველი, მორჩილად მოსჩანს საკურთხეველი, სარწმუნოება და ძალა ლოცვის, ჩვენი ერისთვის მადლად მიცნია, ზარებით ხმობა და კრავი მოდის, ეს სიყვარული თუ შეგვიცნია, ლიტანიობა აღდგომის ღამით, ჭადრის ტოტებში მთვარის ნათება, სანთელთ მდინარე მოძრავი ტანით, შუაგულ ტაძრისკენ მოემართება, უფლისა ბჭე და იმედი რწმენით, მოძღვრის თვალები ლოცვით გართული, არ მოუბარი ამ სოფლის ენით, ქადაგებს ჩვენთვის სხვა სიხარულით, და როგორც ერთ დროს, ემბაზი ტკბილი, ჯვარი, ხატები, გარემო თბილი, ტაძრის სარკმლები ანგელოზთ ვლილი, ისე ხარ, როგორც ნანათლი ჩვილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი