ღირს კი ამისთვის (ეძღვნება პატარა ბუნების ადამიანებს)


ვერ მოისვენებ პატარა კაცო, არ მოგასვენებს სიბრიყვე შენი,
სანამ კი ვინმე, შენს გვერდით მყოფი, შენზე კარგია რაიმე ნიშნით,
ვერ მოისვენებ პატარა ქალო, არ მოგასვენებს სიმცირე შენი,
სანამ კი ვინმე, შენს გვერდით მყოფი, შენზე წინ მიდის,

მაშინაც, როცა ბევრად დიდია ნიჭი და აზრი შენზე წინ მყოფის,
შენ მაინც ეძებ რაიმე ისეთს, თუნდაც რომ მცირედს, რომ მას დასცინო,  
მაშინაც,  როცა ბევრად კარგია მისი საქმენი ვინაც შენ გჯობნის,
შენ მაინც ეძებ რაიმე ისეთს, რომ დაივიწყო, გააბათილო,

მაშინ, როდესაც  სწორედ ის ვინმე - მტრის ხატად ქმნილი,
შენთან ერთობის  აზრს ვერ პოულობს ამაოების მითქმა-მოთქმაში,
რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც დაგეძაბა ცოდვილი ტვინი,
იქნებ მიზეზი ყველაფრისა, დაფარულია მაგ შენს ბოღმაში,

იქნებ სინდისმა, გამოცდილებამ, ადამიანმა - ღმერთის ქმნილებამ,
შენ განგიცხადოს, შენ დაგანახოს, როგორ აძლევდი სატანას ამბორს,
ასე გრძელდება თვეები, წლები, ვერ გამიგია გძინავს თუ კვდები,
სოფელიც იმდენ რამეს გთავაზობს, რომ გავიწყდება თვითონ შენ ქრები,

მაგრამ, თუ რამე შეემთხვა ცუდი, მაგრამ, თუ სადმე წაიბორძიკა,
მინახავს როგორ აქნევენ თავებს, სწორედ ის ხალხი რომლებმაც ტანჯეს,
ვინაც დაცინვით უჭედა ყური და ვისაც ჰკლავდა ბოროტი შური,
ვინც ხშირად მტრობდა ნაზი ფორმებით, ფარისევლური სიამოვნებით.

ბოლოს, ჩაქრება მზე შემოდგომის, დაიხუჭება თვალი თავნება,
მავანს  წაჰყვება ცოდვების ჯარი და სატანური ამპარტავნება,
მარადისობა წარხოცავს აწმყოს და წაიშლება საწუთოს კვალი,
ისე გალია წუთისოფელი თითქოს არ ჰქონდა მას უფლის ვალი,

ღირს კი ამისთვის მოირგო როლი? ღირს კი ამისთვის თუნდაც გაჩენა?
იქნებ გვეძია ამ გულის ტოლი, იქნებ გვეძია სხვა აღმაფრენა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი