სული მარადიულია


ცათა დუმილში, რამდენი რამ არის ნათქვამი,
ამ მშვიდობაში, ფიქრობთ ვინმე არ ურევია?
არც ვარსკვლავების სრბოლა არის დიდი ამბავი?
თუ ხასიათი საოცრებებს მიგვიჩვევია,
ღამეს დღე მოსდევს ცის სხეულთა მორიგეობით,
ცად არსებობა მზისა, მართლაც საკვირველია,
ან გალაქტიკებს ვინღა მოვლის მოცალეობით,
ვინ ამოიცნოს ამ წესრიგის მცველი ხელია,
მთვარეს ისეთი სამყოფელი დაწესებია,
რომ მზის სინათლეს, მისით ღამე უნათებია,
იქნებ ამიხსნათ, ეს წესები რა წესებია?
რა სახეობის, რა სირთულის უნარებია?
ფიზიკა ცდილობს არსებული კანონის ახსნას,
თუმც არსებული, ვხედავ მასაც გაკვირვებია,
ასე მგონია, სხვა რამ არის საძებნი მაგრამ,
რაღაც გზას გვირევს, გვხდის დაბნეულს, ავთვისებიანს,
ვფიქრობ, ჩვენშია საძებარი უკვდავი სული,
მკვდარ მატერიას რას დავეძებთ გამწარებული?
აქ ხომ ბევრი რამ სატანას აქვს ნაყიდი ფულით,
გვთავაზობს ვიყოთ საწუთოში გახარებული,
და მაინც, ქვეყნად ცხოვრებას, ვხედავ,
ზომაზე მეტი მნიშვნელობა მინიჭებია,
თუმც ათასობით წასულან ერთად
და ბევრს სიცოცხლე, დღეებიც კი არ ღირსებია,
მიექანება დედამიწა კოსმოსის ზღვაში,
თითქოს მესაჭე უხილავი მას თან ხლებია,
იბადებიან და კვდებიან მომავლის ცვლაში,
მილიარდები და ისინიც კვლავ იცვლებიან,
მარადისობა ისე აქრობს დროის ფენომენს,
საწუთოს მართლაც სუყველანი წუთით ხლებია,
ნურვინ იფიქრებს ქვეყანაზე ასი წლით მცხოვრებთ,
ადრე წარსულზე უფრო მეტად გამართლებია,
მომაკვდავია ისტორია კაცობრიობის
და განშორება ერთმანეთთან ყველას ხვედრია,
ეს წარმავალი, სიზმარივით ყოფა არ მყოფნის,
ჩემთვის მთავარი ზეციური სამყოფელია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი