არაფრისგან ყველაფერზე


მინდა ვწერო არაფერზე, არაფრისგან ყველაფერზე, 
ხილულზე და უხილავზე, უფლის თვალით შენახედზე,
მინდა ვწერო იდეაზე, გონიერზე და დიადზე, 
ანგელოზზე და დემონზე, სინათლეზე და წყვდიადზე,
სიზმარზე და სიზმარ - ცხადზე, საოცნებო მეცხრე ცაზე, 
ოცნებების ფერად ზღვაზე, ფიქრთა ოკეანის გზაზე, 
გამოცდილზე და განვლილზე, უნახავზე და განცდილზე, 
დამღუპველ გზაზე - გაშლილზე, ბილიკზე ცისკენ გახსნილზე,
მინდა ვწერო სიყვარულზე, სიძულვილით განწირულზე, 
სიხარულზე, სუფთა გულზე, ამ სოფლისგან შელახულზე,
უიმედო და ხარბ ხალხზე, მოიმედეთ წარმავალზე, 
გამყიდველზე, უგულოზე, პირუტყვივით გამავალზე,
მინდა ვწერო დიდ ტკივილზე, სამოთხეში შენაძენზე 
და იმ სინანულის ცრემლზე, რაც ამაღლებს ყველაფერზე,
გონიერზე, უგუნურზე, ბრძენზე, შლეგზე და სულელზე, 
მინდა ვწერო, ვწერო ძველზე, დაგაფიქრო ყველაფერზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი