აღსარება
რაც უფრო მეტად იკვალავდა სატანა ბილიკს, სულის სიღრმეში მიიწევდა ჩამქრალ ფერებად, უიმედობა, მამსგავსებდა აწეწილ ტირიფს, ფოთოლთ შრიალი, მწუხარებას შლიდა ბგერებად, იფიტებოდა შერყეული სულის ძალები, ბოროტის მარწუხს, ღრმად ჩაესო კბილი იარას, ინავლებოდა ერთ დროს სხივით მნათი თვალები, შეუბრალებლად მაწოდებდნენ შხამის ფიალას, მე კი ჯიუტად, ტკბობის ფასად, ვნება აშლილი, მომავალ ტანჯვას, ვუნაცვლებდი წუთიერ ღალატს და უღირსებით, ჩემი ნებით, ჭკუა დაცლილი, აკრძალული ხის ნაყოფისგან კვლავ მსურდა ჭამად, დღენი დიოდნენ ვით სიზმარნი უკუნი ღამის, სულში იმედი შენდობისა სრულად ქრებოდა, კვლავ ჩამესმოდა უხმო ხმები, ბოროტთ სიამის, რომ შანსი ღმერთთან ერთობისა მე არ მრჩებოდა, მაგრამ რაც უფრო მიწყდებოდა კავშირის ძაფი და მთავრდებოდა ჩამორღვევა ცად მავალ კიბის, ჩუმი ნათელი ღვთაებრივი, შორი და სწრაფი, სულს მინათებდა და მითბობდა, ვხდებოდი მშვიდი, კვლავ მახსენებდა სახიერი უფლის წყალობას, კაცთმოყვარებას მიმოწმებდა მის განუზომელს, გული იწყებდა იმედებით ისევ გალობას და მეოხებას ლმობიერად ვთხოვდი ღვთისმშობელს, მერე კი ასჯერ და ათასჯერ უკან მოქცეულს, გულში მიკრავდა მოწყალების ძლიერი ხელი, სასოწარკვეთას ბნელეთისგან ჩემს თავს მოხვეულს, თავს უსრისავდა, ისე, თითქოს გასრისა გველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი