კლეოპატრა


უილ კეპი 
                                კლეოპატრა   
 
კლეოპატრა VII, ეგვიპტის დედოფალი, პტოლემეოს XIII-ის ქალიშვილი იყო. დედამისის სახელი უცნობია. თუმცა, ამას არცა აქვს მნიშვნელობა. რომელი ჭკუათმყოფელი დაინტერესდება პტოლემეოს XIII-ით ან მისი მეუღლით? მას „სტვენია პტოლემეოსს“ ეძახდნენ – დილიდან დაღამებამდე ფლეიტაზე უკრავდა. ეგვიპტელებმა იგი განდევნეს, მაგრამ პტოლემეოსმა, როგორც ხდება ხოლმე, მოახერხა ტახტის დაბრუნება, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 51 წელს გარდაიცვალა და ეგვიპტე კლეოპატრასა და მის ათი წლის ძმას – პტოლემეოს XIV-ს დაუტოვა. კლეოპატრას მუდმივი კონფლიქტები ჰქონდა პტოლემეოს XIV-სთან. ვერც ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებთან ახერხებდა საერთო ენის გამონახვას (მაშინ ეგვიპტის ნამდვილი ბოსი საჭურისი ფოტიუსი იყო). ბოლოს და ბოლოს კლეოპატრა ტახტის საკუთარი ნახევრიდან გადმოაპანღურეს და მანაც სირიაში გაქცევით უშველა თავს. ეს ქალბატონი მაშინ ოც წელს იყო გადაცილებული, წარუმატებლობის კომპლექსით იტანჯებოდა და ფიქრობდა, ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევო. სწორედ ამ დროს, უდიდესმა რომაელმა იულიუს კეისარმა ეგვიპტემდეც ჩამოაღწია; ეძებდა, იქნებ რაიმე ბიზნესი გავაჩალიჩოო. (გალიაში კეისარმა, არც მეტი, არც ნაკლები, მილიონი კაცი, ქალი და ბავშვი გაჟლიტა და ერთი ამდენიც მონად აქცია. ამ რეკორდს ვერც ერთი რომაელი ვერ მიუახლოვდა). კლეოპატრა საკუთარ მამულში დაბრუნდა, რათა კეისართან თავისი საქმეები მოეყომარებინა. ამ ქალბატონმა საქმე ასე მოაკვარახჭინა...  ერთი სიტყვით, ღამით იგი კეისართან არ ვიცი ლეიბში, არ ვიცი საბანში გახვეული შეიტანეს. დილამდე დრო საინტერესო საუბარში გაილია. კეისარმა, როგორც პატიოსანმა კაცმა, კლეოპატრა კვლავ დასვა ტახტზე თავის მცირეწლოვან ძმასთან, პტოლემეოს XIV-სთან ერთად; ოღონდ, ძალიან მალე, ამ უკანასკნელმა როგორღაც დახრჩობა მოახერხა. დიდხანს არც კლეოპატრას მიერ მოწამლულ პტოლემეოს XV-ს უცოცხლია. თუმცა, ამას კლეოპატრას დანაშაულში ნუ ჩაუთვლით, ის ხომ იმდროინდელი სასახლის კარის წეს-ჩვეულებებს მისდევდა. მაშინ მოდაში იყო რაც შეიძლება ბევრი ნათესავის მოწამვლა. მის გასამართლებლად კი იმასაც დავამატებთ, რომ საკუთარი და, არსინოე, თვითონ არ მოუწამლავს, ეს საქმე სხვას ჰქონდა დავალებული. კლეოპატრა 21 წლის იყო, კეისარი 54-ს. მაგრამ ეს გამხდარი, ძარღვიანი, პატარა კაცუნა ჯერ კიდევ მოსწონდათ ქალებს. ეგვიპტეში ის ოქტომბრის დასაწყისიდან ივნისის ბოლომდე დარჩა სახელმწიფო საქმეების მოსაგვარებლად. ამის შედეგად გაჩენილ ბიჭუნას კესარიონი, ანუ პატარა კეისარი დაარქვეს, რაც სავსებით ლოგიკური იყო. როგორც ვხედავთ, კლეოპატრას ყველა საფუძველი ჰქონდა საკუთარი თავი დანიშნულად ჩაეთვალა (პრაქტიკული მიზნებისთვის მაინც). შეიძლება კეისარი მასზე დაქორწინებულიყო კიდეც, მაგრამ სახლში უკვე ჰყავდა ცოლი. ყოველთვის ასეა, ფაქტიური ქორწინების გაფორმებაში ხან რა გიშლის ხელს და ხან რა. კეისარი ძალიან აფასებდა ალექსანდრე მაკედონელს და საკუთარ თავსაც მასსავით რაღაც ღვთაებისმაგვარად თვლიდა. როცა კლეოპატრას დაუმეგობრდა,  უკვე მელოტი იყო და ჭაღარა ბაკენბარდებით ვირთხას წააგავდა (თუ ბევრი ფული გაქვს, ეს შეიძლება გიხდებოდეს კიდეც). ამას გარდა ბნედაც აწუხებდა. მის მიღწევათა შორის შეიძლება ავღნიშნოთ მის მიერვე დაწერილი წიგნი გალიაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შესახებ და ალექსანდრიის სახელგანთქმული ბიბლიოთეკის დაწვა, რომელსაც ცეცხლი იმ გემებიდან ავარდნილი ნაპერწკლებიდან მოედო, კეისარმა რომ გადაწვა ნავსადგურში.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 44 წელს კეისარი რომის სენატში საუკეთესო მეგობრებმა მოკლეს. კლეოპატრამ, რომელიც იმ დროს ვიზიტით რომში იმყოფებოდა, სასწრაფოდ დატოვა ქალაქი. (ზოგიერთი მკვლევარი კეისარსა და კლეოპატრას შორის არსებულ ურთიერთობებს შთამომავალთა გამონაგონად მიიჩნევს; თუმცა, საინტერესოა, როგორ ხსნიან ისინი მათი შვილის ამქვეყნად მოვლინებას).
სამი წლის შემდეგ კლეოპატრა წვერებიან მსუქანას, მარკუს ანტონიუსს შეხვდა. მათ ჯერ აზიის დაპყრობა, შემდეგ კი მთელი მსოფლიოს მართვა ჰქონდათ ჩაფიქრებული. ჰო, მართლა, ზუსტად იგივეს გაკეთებას ცდილობდა კლეოპატრა კეისართან ერთად.
მე არ მჯერა ისტორიკოსების მონაჩმახის, ვითომცდა კლეოპატრამ 375 000 დოლარად ღირებული მარგალიტი ძმარში გახსნა და ხსნარი დალია, რათა ანტონიუსი სიმდიდრითა და მფლანგველობით განეცვიფრებინა. ჩემი ურწმუნოების საფუძველი მარტივია – მარგალიტი ძმარში არ იხსნება.
მთლიანობაში მათი ქორწინება ურთიერთმომგებიანი იყო. ტახტის შესანარჩუნებლად კლეოპატრას აშკარად სჭირდებოდა მფარველი. ანტონიუსმა კი კარგად იცოდა, ნაშოვნი ფული საქმეში როგორ ჩაედო. ჭორიკნებსაც მეტი რაღა უნდოდათ?! ანტონიუსისა და კლეოპატრას მიერ გაკეთებული ტყუპები მათთვის კარგი სალაპარაკო თემა იყო. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს წყვილი საიდუმლოდ დაქორწინდა (ტყუპები იმ დროისთვის ოთხი წლისაც არ იყვნენ).
ანტონიუსი არასოდეს ყოფილა დიდი ტვინიკოსი. კლეოპატრას კი ეჩვენებოდა, მაგარი საყვარელი ვინმეაო, რადგან თავად ვერასოდეს ახერხებდა მოეტვინა, როდის რა ხუშტური წამოუვლიდა ანტონიუსს. გემოვნებისა და მიდრეკილებების მსგავსება საშუალებას აძლევდათ, მაგრად გართულიყვნენ. ღამღამობით გადაიცვამდნენ ძონძებს, ქუჩებში დაწანწალებდნენ და პატიოსან ეგვიპტელ მოქალაქეებს კარ-ფანჯარას უმტვრევდნენ; თან სიცილით იჭაჭებოდნენ. ერთი სიტყვით, ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი.
ტყუპების გაჩენიდან ცოტა ხანში ანტონიუსი მორიგი დამარცხების მოსაპოვებლად გაემგზავრა და სამი წლით აორთქლდა. ფულვია, მისი მესამე ცოლი, გარდაიცვალა და ანტონიუსმა ცოლად ოქტავია, ოქტავიანეს ნახევარდა შეირთო. იმ ოქტავიანესი, მისი კოლეგა რომ იყო ტრიუმვირატში. მაგრამ მალე მზითევში აღებული ფული გაანიავა და ისვე თავის კლეოს დაუბრუნდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ცოლად შეირთო ისე, რომ ცოლისთვის, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს. კლეოპატრასთან სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. ხან შორდებოდა, ხანაც უბრუნდებოდა. მერე კიდევ ერთი ბავშვი გაჩნდა და ანტონიუსი ზოგჯერ აზიის დაპყრობასაც ცდილობდა. თუმცა, ამის თქმა ადვილია, გაკეთება კი ძნელი (აზიის დაპყრობას ვგულისხმობ). ანტონიუსმა ორმოცდაათს მიუკაკუნა, გასივდა, გაზანტდა და გალოთდა. კლეოპატრაც დაეჭვდა, ვაითუ შეცდომა დავუშვიო. ამასობაში რომაელებს ყელში ამოუვიდათ ყველაფერი, რაც ალექსანდრიაში ხდებოდა და ოქტავიანემ, იულიუს კეისრის შორეულმა ნათესავმა და შვილობილმა, ანტონიუსს აქციუმთან ცხვირ-პირი ამოუნაყა. ამბობენ, ანტონიუსის აღსასრული კლეოპატრამ დააჩქარაო, უღალატა და მიატოვაო. ვითომდაც შუა ბრძოლაში ცრუ შეტყობინება გაუგზავნა და ამით თვითმკვლელობისკენ უბიძგაო. რაც არ უნდა თქვან, კლეოპატრა, უბრალოდ, რთული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდა. „ყველაფერი სიყვარულისთვის“ – ანტონიუსის დევიზი იყო, აქედან კი რაც გამოვიდა, ყველამ კარგად იცის. კლეოპატრას ადვილად შეეძლო ოქტავიანესთან მოლაპარაკება, მაგრამ, ამ უკანასკნელს, მასთან მიმართებაში სულ სხვა გეგმები ჰქონდა. ამბობენ, რომ ეს იყო თევზისთვალება საძაგელი კაცი, ატარებდა შალის გრძელ საცვლებს და მაღალი მორალური პრინციპების დამცველად ითვლებოდა.  ერთი სიტყვით, ოქტავიანეს თავში იდეა მოუვიდა – კლეოპატრა რომში ჩაეყვანა როგორც ტყვე და ყველას დასანახად გამოეფინა. კლეოპატრამაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ყველაფერი აქ დაესრულებინა, თუმცა ის-ის იყო შეუსრულდა 39 წელი (სამწუხაროდ, ყველასათვის ცნობილი გველის შესახებ თითქმის ვერაფერი მოვიძიე). იგი უკანასკნელი დედოფალი იყო ეგვიპტისა; იმ ქვეყნისა, რომელიც, ოქტავიანეს აკვიატებული იდეის გამო, ბოლოს და ბოლოს იმის ნაწილი გახდა, რაც ისტორიაში რომის იმპერიის სახელითაა ცნობილი. 
კლეოპატრასი შურდათ – მის ბობოქარ კარიერას ხომ ლექსებსა და პროზაში უმღეროდნენ. თუმცა, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ კლეოპატრას ვინმესთვის ხელი ჩამოურთმევია, გაჩხინკული, ბებერი იულიუს კეისრისა და ბრიყვი, მსუქანი მარკუს ანტონიუსის გარდა. ისე კი, თუ თვლით, რომ მისი ცხოვრება განუწყვეტელი ორგია იყო, რა გაეწყობა, თქვენი ნებაა.
კლეოპატრას სილამაზის, თმის ფერისა და ცხვირის სიგრძის შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. არავისთან არ მსურს კამათი ამ ქალბატონის შავთმიანობის ან ცხვირის იდეალურობის გამო, მაგრამ, დანამდვილებით ცნობილია, რომ კოსმეტიკის ელემენტარული საშუალებების წყალობით მისი გარეგნობა არავის აფრთხობდა.
ისტორიისა და ისტორიკოსების გასაგონად მინდა განვაცხადო: ანტონიუსისა და კლეოპატრას სამი შვილი მარკუს ანტონიუსის უსინდისოდ მოტყუებულმა ქვრივმა, ოქტავიამ აღზარდა. კლეოპატრა სელენელი ცოლად გაჰყვა იუბას, ნუმიდიის მეფეს. ალექსანდრე ჰელიოსს, როგორც ჩანს, ცხოვრებაში ხეირიანი არაფერი გაუკეთებია. რაც შეეხება პტოლემეოს ფილადელფოსს, ბოდიშს ვითხოვ – მისი კვალი დავკარგე. ჰო, მართლა, კესარიონზე ამბობენ, ოქტავიანემ სიკვდილით დასაჯაო. მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ოქტავიანე კი, როგორც იცით, იმპერატორი ავგუსტუსი გახდა და საერთოდაც, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ქრონიკული ავადმყოფობებისა, მისი ეპოქის საუკეთესო მედიკოსებს ჩიხში რომ აქცევდნენ, ოქტავიანე რომის იმპერიას 43 წლის განმავლობაში მართავდა. იწყებოდა გაზაფხული და იწყებოდა მისი ტანჯვაც ჰიპერტროფირებული დიაფრაგმის გამო. ჭიებიც აწუხებდა (რომაელ ექიმებს უყვარდათ იმის თქმა, რომ შესანიშნავი პაციენტები ჰყავთ: „არც კვდებიან და არც რჩებიან“). მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდებოდა; ოქტავიანეს ბანაობისაც კი ეშინოდა, რადგან ამ პროცედურის შემდეგ ცუდად ხდებოდა. და მადლობა ღმერთს, კლეოპატრა არ შეუყვარდა. იმ უბედურს ხომ უმისოდაც თავზე საყრელად ჰქონდა პრობლემები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი