***


***

            ინათებდა თუ არა, პატარა მაიკო ძველ, ბებერ სათონეს მიაშურებდა, თრითინასავით აცოცდებოდა სახურავზე და იქიდან თვალის დახამხამებაში შავი ბლის კენწეროზე მოექცეოდა. ჭიანსა და საღ ბალს განურჩევლად იყრიდა პირში და კურკებს წკიპურტით ისროდა. ბლის ძირში უფრო მეტი კურკა ეყარა, ვიდრე ბალი ესხა ხეზე, ამიტომაც დედა მუდამ ბუზღუნებდა:  ნეტავ, ეს ხე მომაჭრევინა, ეზოში ჭუჭყი და ნაგავი ვერ გამოვლიე. ცალკე ამ ახტაჯანას დარდმა მომკლა, ფეხი რომ დაუცდეს, თონეში თავდაყირა ჩაერჭობაო.
       არც ღობის ძირში გაყოლებულ მოცხარს ადგა კარგი დღე:  ჯერ კიდევ კვირტში გამოსკვნილებს ჩამოურბენდა და სულ ზეპირად იცოდა, რომელ მტევანს რამდენი მარცვალი ება.  როგორც კი შეთვალდებოდა, დარაჯად ედგა. აბა, ვინმეს გაებედა და მისკენ ხელი წაეღო, ხომ თვალებს ამოთხრიდა!
        ხუთიოდე წლით უმცროსი ძამიკო, ფუნჩულა გელა, კუდივით უკან დასდევდა. მაიკოს იგი თავის თავზე მეტად უყვარდა და მზად იყო, მისი გულისთვის უარი ეთქვა საყვარელ ნუგბარზე და, თქვენ წარმოიდგინეთ,  საოცნებო სათამაშოზეც კი.  
       ერთ დილას, როცა ძალიან ჩვეულებრივად გათენდა და ამინდიც ზუსტად ისე გამოიბრაწა, როგორც  ზაფხულს სჩვევია, მაიკო სახლის უკანა კარზე მიდგმულ ხის კიბეზე ჩამოსკინკილდა და მამის სახელოსნოს მიადგა. 
       მამა აკვანს აკეთებდა. იგი დეტალს ჩარხავდა და ამოჩემებულ სიმღერას ღიღინებდა. მაიკოს ძალიან უყვარდა ბურბუშელაში გახვეული მამის დანახვა. მოსწონდა, როცა ფანჯარაზე თითით მიუკაკუნებდა და მამა წამწამებიდან, ულვაშებიდან და თმიდან ბურბუშელას ჩამოიბერტყავდა ხოლმე,  მერე გაუღიმებდა, ჩარხს გამორთავდა და შვილს  მაშინვე გულში ჩაიკრავდა. 
         მაიკომ ამჯერადაც დააკაკუნა მინაზე, მამის გაღიმებულ სახეს თვალი შეავლო და სათონისკენ გასწია. ბუდრუგანიდან უსაშველოდ გაწელილი ძაღლი გამოიზლაზნა, გოგონას შიშველ ტერფებზე სველი დრუნჩი აუსვ-დაუსვა და უკან გაჰყვა. 
         მაიკო თვალის დახამხამებაში აძვრა სათონეზე, სახურავსა და ხეს შორის გაბმულ აბლაბუდებში მოხერხებულად გაძვრა და უკვე შემჭკნარ ბალს წაეტანა. ის იყო,  მუჭით უნდა ჩაეტენა პირში, რომ დედის შეცხადება მოესმა:
-	ახლავე ძირს ჩამოდი!  ისაუზმე და მერე ისე გიქნია, მთლიანი ხე შეგიჭამია!
მაიკომ დედას ყურიც არ ათხოვა, ისე გააგრძელა ბლის კენკვა. იქვე ახლოს, სახელოსნოში, მამა ეგულებოდა და მისი გამოქომაგების იმედი ჰქონდა, მაგრამ დედა არ მოეშვა:
-	ვის ვეუბნები!  ახლავე ჩამოდი, თორემ სოფელში აღარ წაგიყვან!
             მაიკო გატყდა, სოფელი ძალიან უყვარდა, ამიტომაც ხიდან უხმოდ ჩამოსრიალდა, ძმისათვის ბლის კუნწულები წამოიმძღვანია და დედის კალთაზე გამობმულ ძმას დამკრახულ ლოყაზე აკოცა.
           გელა გაიბადრა,  ტკბილი ბლით პირი ჩაიტკბარუნა და ახლა დაიკოს მიეწება კაბაზე.
          მამას მუშაობა დაემთავრებინა და ჭუჭყიან წინსაფარს იხსნიდა.  გოგონამ ულვაში მოწიწკნა და სიცილ-კისკისით შევარდა ბოსტანში. ფუნჩულა ბიჭს კი ფეხი აერია, წაბორძიკდა და ჭინჭარში ცხვირ-პირით ჩაემხო. 
           ტკივილისაგან გამწარებულმა ბავშვმა შეჰკივლა, საშველად მივარდნილ დედას ჩაეხუტა და ერთ წამში სახე ისე დაუსივდა, მეზურნესაც კი შეშურდებოდა.  შეძრწუნებულმა მაიკომ კი უკან-უკან დაიხია და მამიდის სახლის ღობეს ქურციკივით გადაევლო.
           პატარას სახეზე სველი პირსახოცი დააფინეს, დაუყვავეს, ციხე-კოშკის აგებას შეჰპირდნენ და, როგორც იქნა, დააშოშმინეს, მაგრამ მაიკო ვერა და ვერ შემოიტყუეს ეზოში. იგი ღობის გადაღმა იდგა და ისე ხმამაღლა ზლუქუნებდა, რომ გაბეზრებულმა მამიდამ ჭიშკარი გაუღო და ძალით შემოაგდო ეზოში.
         გელამ მაშინვე ხელები გაუწოდა და კისერზე მოეხვია. მერე დაღუდუდებული ტუჩებით აკოცა და გასამხნევებლად ძალისძალად გაუცინა.  გოგონამ გაკვირვებულ ძაღლს გვერდი აუარა და შინ შევიდა.
        ბიჭუნას კარადაში ჯდომა უყვარდა, - შეძვრებოდა და გაილურსებოდა ხოლმე. ახლაც ჭრიალით გამოაღო ძველისძველი კარადის კარი და დაიკოც შეიპატიჟა. 
        მშობლები ეზოში დარჩნენ. ნიკომ ჭინჭარი გაკაფა,   „ეს ოხერი ასე სწრაფად როგორ იზრდება, ნეტავ, მაცოდინაო“, ჩაიდუდუნა  და ნანოს მიუბრუნდა:
-	რა ვქნათ, წავიდეთ სოფელში?
        ნანომ უარის ნიშნად თავი გააქნია, ამოიოხრა და სახლში შევიდა. კაციც უკან გაჰყვა.  შინ სამარისებური სიჩუმე იდგა.  ორივემ იცოდა, სად იყვნენ ბავშვები შეყუჟულნი და ერთმანეთს ღიმილით გადახედეს. მერე ქალი საუზმის სამზადისს შეუდგა. ჩაი აადუღა, მაგიდაზე თაფლისა და მურაბის ქილები დააწყო და პურის დაჭრას შეუდგა. 
         ბავშვები არ იძვროდნენ, მყუდროებას ოდნავი ჩქამიც კი არ არღვევდა. დედას გაეღიმა, ქმარს თვალი ჩაუკრა და კარადის კარი გამოაღო. და-ძმას ერთმანეთისათვის ხელები გადაეხვია და ტკბილად ეძინა.  გელას სახე დამშვიდებოდა, მაიკოს კი ისევ შეშფოთებული გამომეტყველება  ჰქონდა და თვალის უპეზე წეღანდელი ცრემლი უკიაფებდა.
           დედამ თავსაფარი მოიხსნა და შვილს ცრემლი მოსწმინდა. გოგონა შეკრთა, კვლავ უკან დახევა დააპირა, მაგრამ ადგილი არ ეყო. დედას ცოტა ხანს თვალებში უყურა და მერე ოდნავ გასაგონად უთხრა:
-	მაპატიე, ჩემი ბრალია!
          დედას არაფერი უთქვამს, ლოყაზე ხელი მოუთათუნა და ისევ სამზარეულოში გაბრუნდა. მაიკომ ძლივს გაშალა დაბუჟებული ფეხები, ძამიკო ხელში  აიტატა და დარცხვენილი დადგა ოთახის შუაგულში.
            გელას  ლოყაზე ნასუსხი ეტყობოდა. ალბათ, ეწვოდა კიდეც, მაგრამ ითმენდა და განუწყვეტლივ ტიკტიკებდა:
-	მამა, სოფელში ხომ მივდივართ? ოღონდ კისერზე შემისვი რა, გეხვეწები!
-	თუ შენი ფეხით ივლი, წაგიყვან, - მიუგო მამამ, - მე სათესლე კარტოფილით სავსე ტომარა მაქვს წამოსაღები.
           გელა გაიბუტა. მამას გაეღიმა და ბიჭუნა ხელში აიტაცა:
-	კარგი, შეგისვამ, მაგრამ იცოდე, რომ როგორც კი ფერმას გავცდებით, შენი ფეხით წამოხვალ!
          დედამ კალათში შოთები, ყველი, კიტრი, პომიდორი,  თეფშები და დოქი ჩაალაგა. მამამ თოხი გამოიტანა და პირი აულესა. მაიკომ თავისი ზურგჩანთა ათასი ხარახურით გამოტენა. რა აღარ იყო აქ:  გაპუწკული თოჯინა, მამის გამოთლილი ორი მანქანა, ანკესი ყოველი შემთხვევისათვის, ორი კეპი და  გაცვეთილი წიგნი „ბიძია თომას ქოხი“.
           მამამ ჭიშკარი საგულდაგულოდ გადაკეტა და ბიძაშვილს გადასძახა:  შეიძლება ამაღამ სოფელში დავრჩეთ და არ იდარდოო.
           იხვების ფერმიდან საშინელი სუნი გამოდიოდა და ამიტომაც იმ ადგილს ყოველთვის ცხვირსახოცაფარებულნი გაივლიდნენ ხოლმე. იხვების გამაყრუებელ ვახვახს მდინარის რუკრუკი ენაცვლებოდა. როგორც კი კონწიალა ხიდზე შედგებოდნენ, მაიკოს თვალთ უბნელდებოდა.  ქვემოთ მტკვარი მოღელავდა, ხიდზე კი ფიცრები ალაგ-ალაგ აყრილი იყო.  სულ მცირე უყურადღებობა და, წყალში სკუპი გარანტირებული ჰქონდა!
          გელა დედას მიეკედლა, მაიკო  მამის საქამრეს გამოენასკვა და მდინარის მეორე მხარეს მშვიდობიანად გადავიდნენ. აქედან კი ნამდვილი წალკოტი იწყებოდა:  ყანებსა და ვენახებს შუა  წყაროები მორაკრაკებდნენ,  ბუჩქებზე თვლემდნენ გულყვითელა ჩიტუნები, რომლებიც ადამიანების დანახვაზე არც კი ფრთხებოდნენ, აქა-იქ კურდღლები შარიშურობდნენ, პეპლებისა და ფუტკრების ფარფატს ხომ ბოლო აღარ უჩანდა. ვიდრე სახლამდე ავიდოდნენ, როგორც ყოველთვის, ბავშვები კენკრითა და უმი სოკოთი გამოიყეყნენ. დედა გაწყრა, რამე არ დაიმართოთო, მაგრამ ვინ გაიგონა!
          მაიკო ჭიშკრის გაღებას არ დალოდებია. ტრადიციულად,  ღობეს გადაევლო და თხილის ბუჩქს მიადგა. გელაც გაიჭიფხა, მაგრამ ვერ გადავიდა და მამას მუდარით სავსე თვალებით ახედა. მამას გაეცინა, მაიკოს გასძახა,  „ოხ, შე ჭინკა, შენაო“ და ბიჭუნა  ღობეზე გადასვა. მერე ჭიშკარი გამოაღო და დედა წინ გაატარა. 
          ნანომ კალათა კიბეზე შემოდგა, სახლის კარი გააღო და შინიდან ფოცხი გამოიტანა. ამასობაში ეზოს მეზობელი ანზორა მოადგა:
-	კაცო, სად ხართ აქამდე? ორი კვირაა, არ გამოსულხართ!
-	ვეღარ მოვიცალე, ბევრი შეკვეთა მქონდა და დამაგვიანდა. მარტო ხარ? - თავის მხრივ ჩაეკითხა ნიკო..
-	ჰო...  გამოვყრუვდი, საჭმელიც გამომელია...  ი ვერანა დათვი შემომეჩვია და მაგის დარაჯად ვდგავარ დღე და ღამე.
-	რაო? დათვიო? - გაეცინა ნიკოს.
-	იცინე და, ერთ მშვენიერ დღეს კარზე რომ მოგიკაკუნებს, მე ვერ გიშველი! - გაბრაზდა ანზორა.
            ენაკვიმატი კაცი იყო. მარტო ცხოვრებამ კი წარმოსახვის უნარი ისე განუვითარა, საჭიროზე მეტიც  ჰქონდა. ამიტომაც მისი ნათქვამი მორიგ მასხარაობად მიიღეს და გულიანადაც იცინეს. მეზობელი  უფრო გაცეცხლდა, ნაჯახი საქამრეში გაიყარა და ტყისკენ აიღო გეზი. 
-	მოიცა, რა გეწყინა? - მიაძახა  ნიკომ.
ანზორამ ხელი აიქნია და გზა ჯიბრიანი ნაბიჯებით გააგრძელა.
-	ნანო,  მჭადები დააცხე. მშიერია ეგ საცოდავი და ხომ ხედავ, რაები ელანდება,  თან შემოვირიგოთ, - თქვა მამამ.
            ნანო უხმოდ გატრიალდა, ეზოში მოწყობილ ბუხარში ცეცხლი ააგიზგიზა და გარშემო კეცები შემოულაგა. 
            მაიკომ იცოდა, რომ დედა მჭადებზე ბლის, ან კაკლის ფოთლებს დააკრავდა ხოლმე, ამიტომ თხილის კნაწაკნუწი მიატოვა და კაკლის ხეზე აფრინდა. გელა იქვე, ჭასთან, ხის სკამზე მოკალათდა და ჭიანჭველების მოძრავ მწკრივს თითით გზა გადაუღობა. რაზმის მეთაურმა იუკადრისა, მსვლელობაში ხელი როგორ შეგვიშალეო და ისე მწარედ უკბინა, რომ  ბიჭუნას თვალებიდან სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა. გელას  ხმა არ ამოუღია, ვაჟკაცურად მოითმინა და ხიდან ჩამოსულ დას გაბერილ-გაწითლებული და საყვედურებით აღსავსე დახვდა:
-	ხეზე რატომ არ ამიყვანე? ამ ოხერ-ტიალმა ჭიანჭველამ მიკბინა და სული გამიმწარა!
გოგონამ  გაბუსხულ ძმას გაუცინა, ფუნჩულა ხელებზე აკოცა და ხელი ჩაჰკიდა:
-	რას გამომეკიდე, ეზოში ვერ დარჩი? რა, ჩემი კუდი ხარ?
            გელამ პასუხად რაღაც ჩაიბურტყუნა, მაგრამ მაიკოს აღარ გაუგონია. მამა ეძახდა, მიხა პაპას ჩააკითხე და ჩვენთან ამოიყვანეო.  
            გოგონამ ფოთლები ბუხართან დაყარა და თავქვე დაეშვა. გელამ კარგახანს ხვეწნა-მუდარით სდია, დამელოდეო, მაგრამ მაიკო ისარივით მიჰქროდა. ბიჭს მუხლები მოეკვეთა, ცრემლი გადაყლაპა და ზოზინით გამობრუნდა უკან. 
            მიხა პაპა ქვის ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა, თუკი სახლი ეთქმოდა ალაგ-ალაგ დახვრელილსა და სამკედლიან ნაგებობას. მეოთხე გადაქცეულიყო და შიგ გველთა, ხვლიკთა და თაგვთა მრავალრიცხოვანი არმია ბინადრობდა. ეზოში ერთი გაქუცული, ჭაღარა, ცალი თვალით ბრუციანი ძაღლი ყურშა და  ეშმაკზე სამი დღით ადრე დაბადებული კატა ხათუნა მიმოდიოდნენ. ცოტა მოშორებით, ნაბოსლარზე, რქამოტეხილი ძროხა ება და რით იკვებებოდა, კაცმა არ იცოდა. ანზორა ამბობდა, ეგ საცოდავი რძეს თავისით გამოიწველის ხოლმე და პაპას მიართმევსო. 
            მაიკო ფეხაკრეფით მიადგა ყორეს და ხმამაღლა დაიძახა:
-	პაპა, აქ ხარ?
არავინ გამოპასუხებია და გოგონა წინ დაიძრა. 
            პაპა ზურგშექცევით იჯდა, ზაფხულის მწველი მზისთვის შეუფერებელი  „ბუშლატა“ ეცვა, ხოლო სიბერისაგან გაწვრილებულ კისერზე თრითინას ნებივრად მოეკალათებინა და სიმშვიდეში გაყურსულიყო.
-	პაპა, როგორ ხარ? - შორიახლოს გაჩერდა გოგონა.
           პაპა სანახევროდ შემობრუნდა, ცოტა ხანს ჩაფიქრდა, მაიკო ხმით ამოიცნო და ტკბილად გამოეპასუხა:
-	შენ გენაცვალოს პაპაი, მომიხვედი, შვილო?
-	     კი, პაპა, ახლა ამოვედით ქალაქიდან. ჩვენთან წავიდეთ, დედამ სუფრა გაშალა და ერთად ვისადილოთ.
-	ცხოველებს დავაპურებ და ამოვალ, შვილო!
            მიხა პაპა ხანხალით წამოდგა, თავკომბალა ჯოხი დაიბჯინა, ხელით მზე მოიჩრდილა და მაიკოს ახლაღა შეხედა:
-	რამოდენა გაზრდილხარ, შვილო!
           მაიკოს გაეცინა, პაპას კისრიდან ურცხვი თრითინა ააცალა, ძეძვებში გაისროლა  და სახლისაკენ გაკურცხლა.
            დედას მჭადების ცხობა დაემთავრებინა, ერთმანეთზე აეკოკოლავებინა და ზედ სუფთა ტილო გადაეფარებინა.  მამა კიტრს თლიდა ძალიან ნელა და დანდობილად. კარ-მიდამოში მადისაღმძვრელი სუნი იდგა. 
            და ანზორაც გამოჩნდა. ტყიდან, ალბათ, ამ სუნმა გამოიყვანა. ღიმილით მოდიოდა და სახეზე წეღანდელი ბრაზის ნაკვალევიც კი არ აჩნდა.  თავის სახლს გვერდი აუარა, ნაჯახი ჭიშკარზე მიაყუდა და ეზოში დაუპატიჟებლად შემოვიდა.  ასევე უკითხავად გადახადა ტილო ცხელ მჭადებს,  ერთი ცალი შუაზე გადატეხა და ისე მადიანად იტუცა პირში, რომ ნიკომ სალათის კეთება მიატოვა და მეორე ნახევარს დაეპატრონა. 
            ნანომ ხელს აუჩქარა, სალათას მწვანილი და ხახვი დააჭრა, ყველი თხელ ნაჭრებად ჩამოთალა და მაგიდაზე დააწყო.
          ამასობაში მიხა პაპაც მოკუსკუსდა. ნიკო ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამოართვა, გაბურძგნულ თმა-წვერზე ხელი მზრუნველად ჩამოუსვა და სკამი მიუმარჯვა.
           ნანომ სახელდახელოდ გაკეთებული წვნიანი მიართვა. პაპას გაუხარდა: „რამდენი ხანია, სველი კერძი არ მიჭამიაო“ და ორ წუთში ჯამს ძირი გამოუჩინა. 
          ნანოს გული მოეწურა, შეებრალა ღვთისა და ადამიანისგან მიტოვებული ბერიკაცი და გულამომჯდარმა ჰკითხა;
-	პაპავ, ქალაქში რატომ არ წამოხვალ, აქ მარტო რა გაძლებინებს?
-	     ეჰ, შვილო, ქალაქში რა დამრჩენია? მთელი ცხოვრება ამ კლდე-ღრეში გავატარე. ბალიშზე თავი არასოდეს დამიდია, ლოგინი რა არის, არც კი ვიცი.  მე და მამაშენი, შვილო, - მიუბრუნდა მიხა პაპა ნიკოს, - კარტოფილს მთაში ვთესავდით. რამდენჯერ დათვი გამოგვდგომია და კისრისტეხით გამოვქცეულვართ, ჰი-ჰი... მაგრამა გული არ გაგვტეხია, ჯეელები ვიყავით და იმიტომა... ახლა კიდევა ტატიშვილის წყაროზეც ვეღარ ავსულვარ... მუხლები აღარ მემორჩილება, შვილო, გამტეხა სიბერემ, მაშა!
            ანზორამ ცხვირი ჩამოუშვა:  „გეთქვა, ეგრე თუ გენატრებოდა ის წყალი და ჩამოგიტანდიო.“ მერე ჭიქაში არაყი ჩამოისხა, „უჰო!“ - ამოიგმინა და სულმოუთქმელად გადაჰკრა. 
            ნიკო თეფშზე მჭადის ნამცეცებს აგროვებდა. ნანოს ხელები გულზე ჰქონდა გადაჭდობილი და თვალებში ცრემლი ედგა. მაიკოს ძალიან უყვარდა ძველი ამბების მოსმენა და პაპას თვალ-წარბში მისჩერებოდა.  მოხუცი კი ტუჩებს აცმაცუნებდა, თითქოს ლოცულობსო. ანზორას ყბები ჰქონდა გამოტენილი და განუწყვეტლივ ლაქლაქებდა:
-	ამოვიდა ჩემი ცოლი ქალაქიდანა და ორი კვერცხი ამომიტანა, კაცოოოო!  ორი კვერცხით ავწიო იმოდენა ხეები?
       ნიკოს ლუკმა სასულეში გადაცდა და მანამდე ახველა, სანამ ბეჭებში ანზორას გაშლილი ხელი არ მოხვდა. 
-	ჰოდა, იცი, რას ვიზამ? ავიღებ პენსიას, ერთ ტომარას გამოვტენი კვერცხებითა და „კალბასებით“ და მერე მიყაროს კაკალი! - დაასრულა მონოლოგი ანზორამ.  
        მიხა პაპა წამოდგა, „ცხოველები დამიმწუხრდებიანო“ და წაბაჩუნდა. ნანომ ქსოვილის პარკში სადილის ნარჩენები და მთელი მჭადები გამოკრა, ქილაში დარჩენილი წვნიანი ჩაასხა და პაპას უთხრა, მაიკო ჩაგაცილებსო.  პაპას უარი არ უთქვამს, მადლობის ნიშნად რაღაც წაიჩიფჩიფა და წავიდა მხრებში მოხრილი, დაპატარავებული, გალეული...
          ანზორამ ბოლო ლუკმა, როგორც იქნა, გადაყლაპა, „აგაშენოთო“,   თქვა და თავის ეზოში გადავიდა,  მაგრამ ისე იყო გამოპრუტუნებული, შინამდე ვერ მიაღწია და კარის ზღურბლზე ჩამოჯდა, თოფი ლაჯებშუა ამოიდო, თავის შესამაგრებლად ზედ ჩამოეკიდა და ხვრინვა ამოუშვა.
-	   ნანო, თქვენ ქალაქში ჩადით, დილით მთიდან წყალს ჩამოვიტან და გამოვალ, - მიმართა ნიკომ მეუღლეს.
        ბავშვებს სოფელი არ ეთმობოდათ, მაგრამ უკვე ბინდდებოდა, გზა კი უსაშველოდ გრძელი იყო. ამიტომაც სწრაფად წამოკრიფეს გაბნეული სათამაშოები, ზურგჩანთაში ჩაყარეს და წინ გაცვივდნენ.  ნანო ცოტა ხანს შეჩერდა, ნიკოს რაღაცას ეჩურჩულებოდა და თან იღიმოდა.
         ნიკო სახლში შევიდა, კარი შიგნიდან ჩარაზა და ტახტზე გაუხდელად წამოწვა. სიცივემ გამოაფხიზლა. კაცი შეიშმუშნა და ფანჯარას გახედა. თენდებოდა. ლილისფერ ცაზე გაფერმკრთალებული მთვარე მოჩანდა. ნიკო წამოდგა, თბილი ხალათი მოიცვა და ეზოში ჩაირბინა. მაგიდაზე დოქი და ხმელი პურის ნარჩენები ეწყო. პურზე ანზორას ძაღლი დაპატიჟა, თვითონ კი ნაჯახი და დოქი აიღო და წყაროსკენ მიმავალ გზას დაადგა.
           როგორც კი აღმართი აივაკა, წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: ფიჭვებითა და ნაძვებით გარშემორტყმული ტბა ახალამოწვერილი მზის სხივებზე ლივლივებდა,  ისეთი წმინდა წყალი იყო, თევზებს სათითაოდ დაითვლიდი.  ნიკო საცალფეხო ბილიკს აუყვა, თან აქეთ-იქით იყურებოდა, ანზორას მოგონილი დათვი არ გადამეყაროსო. 
            ტატიშვილის წყარომდე კარგა მანძილი იყო. ნიკო ხანდახან ჩერდებოდა და ტყის სიჩუმეს ყურს უგდებდა. ერთი-ორი საათის სიარულის შემდეგ წყაროს მიადგა.  ჩაბურულ და ჩახავსებულ კალაპოტში წყალი მაჯის სისხოზე მოედინებოდა. იქვე, ცაცხვის ტოტზე ხის ჭიქა ეკიდა, მაგრამ ნიკომ პეშვით დალევა ამჯობინა. კბილები მოეკვეთა, ისეთი ცივი იყო. დოქს რამდენჯერმე გამოავლო, წყლით აავსო და ფეხზე წამოიმართა.  
          ნიკომ  მძინარე პაპას  დოქი გვერდით მიუდგა, თვითონ კი სახლში ამობრუნდა. ანზორას თოფი კარზე მიეყუდებინა, თვითონ კი არსად ჩანდა. ნიკომ თოფი უჩუმრად აიღო, თავის ეზოში შევიდა, სახლის სახურავს კიბე მიაყუდა, თოფი სხვენში აიტანა და საგულდაგულოდ ჩაკეტა.
         საღამოს, როცა ბავშვები ლოგინში გაიყურსნენ,  ნიკო მეუღლეს მიუახლოვდა, თავსაფრის ყური გადაუწია და  ჩასჩურჩულა:
-	ნანო, წყაროზე დათვი მოვიდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი