უკვდავი ერი
მრისხანე მთების ფერხთით ოდესღაც, მრისხანე ხალხი დასახლებულა. მათი მახვილი უსისხლოდ, მშრალი, ქარქაშს აროდეს არ ჩაგებულა. ქართველ რაინდთა მტკიცე ხასიათს, მრისხანე სახე ამკობდა მარად, ვაჟკაცობა და ღირსება ქართველს მკერდზე სულ აჩნდა უჩინარ დაღად. ქართველ ვაჟკაცებს წესად აქვთ მუდამ, სიდინჯე, ფიცხი გონება-აზრი; და ამ სიფიცხეს მიეწერება, მომხდურთა მკერდში უკურნო ბზარი. ბრგე-ახოვანნი, ფიცხელნი, შმაგნი, საქებარია მათი სიმარდე, ბრძოლისას მათზე ვერ ზემოქმედებს მტერთა აღჭურვა მათი სიმრავლე. ქართველი ქალის მწველი თვალწარბი... ნატიფი სახე, ლერწმისა ტანი, გულით ერთგული, სულით სპეტაკი, ბევრი ტკივილის მედგრად ამტანი! განა, მშვენებას ქართველ ქალისას, რა მოვუძებნოთ ქვეყნად სადარი?! ქართველ ვაჟკაცებს და არა მხოლოდ... მათი გულისთვის უსხამთ აბჯარი! დაუხოცნიათ ერთ-ურთი კიდეც, მოუშთობიათ გულის წადილი, და გამარჯვებულს წილად ჰრგებია ქალის გული და მისი მანდილი. გამწარებულნი ბევრი მტრისაგან, ოდეს შემკრთალა ქართველი განა?! ქართველმა მტერი, წყეული მტერი, მათივე სისხლში ბევრჯერ განბანა! გონებახსნილნი და ნიჭიერნი, თავისუფლებას არ სთმობდნენ არად, მუდამ იბრძოდნენ ალესილი ხმლით შიშველ მკერდს ხშირად იხდიდნენ აბჯრად. სიყმაწვილეშიც ომი სწყუროდათ, მხცოვანობაშიც არ ჰყრიდნენ ფარ-ხმალს, მამულის, ენის, ქრისტეს რჯულისთვის, არა ზოგავდნენ სისხლს, ხორცს და ჯაფას! პატარა მაგრამ დიადი ერი, ბევრი ვაჟკაცის არის გამზრდელი, რომის შუაგულს დღესაც ამშვენებს, მეფე ქართლისა, ფარსმანი ქველი. სადაც ფარნავაზს მტერი უსპია, სადაც გორგასალს უშლია მკლავი, სადაც მებრძოლებს უჯიშო მტრისას, დააყრევინეს უტვინო თავნი. სადაც შობილა მეფე ბაგრატი, დაქსაქსულ ერის მაერთებელი, მძიმედ გახლეჩილ ქართველი ერის მიწის და ხალხის მამრთელებელი. სადაც შობილა მეფე გიორგი, სვეტიცხოველის მაშენებელი, მტერს მუდამ ჰქონდა მიზნად, მოესპო, ქართველი ერის სახსენებელი. მაგრამ ვერ შესძლეს, მათ ვერ გასტეხეს, ქართველი ხალხის სულისკვეთება, მწარედ იწვნია უჯიშო მტერმა, დავითი მათ რომ მტკიცედ ეკვეთა! სამშვილდე-რუსთავ, კახეთ-ჰერეთი, მტერს გამოჰგლიჯა მიწა ქართული. თვით სკვითიაზე ამხედრებულმა, ხელში ორლესილ ხმლით აღმართული! სადაც ბაღვაშთა წრთობა დაიწყო, ქვეგამხედვართა მეფის ტახტისა, მეფე აფხაზთა, ქართველთა მეფემ, მიწა იმტკიცა მამა პაპისა! როცა დიდგორზე ბრძოლა დაიწყო, სისხლის ყიჟინი ზეცას წვდებოდა, თურქთა ლაშქრიდან კაცი არ დარჩა მეფის ხმალი რომ არ მიწვდენოდა! ქართველ მებრძოლთა უდრეკად ბრძოლამ, დიდი თურქობა მოსპო გააქრო, და ქართველ ხალხმა ტაძართა შიგნით, სანთელი ლაღად, მშვიდად აანთო! სადაც სასულთნოს ხლათისა სპასა, ხელი მოაჭდვეს სისხლიან ქართლზე, მაშინ დემეტრემ თორი გადიცვა ხელი მოაჭდო ფოლადის ხმალზე. მუნვე შეება ის სარკინოზებს, სულთნისა სპისა სისხლის წყურვილით, გაქრნენ ტურანი ქართლს მოდებულნი, მოსულნი მტკიცე მგლისა ყმუილით. არზრუმის მფლობელს, ამირა სალდუხს, უნდომებია ანისის პყრობა, დემეტრემ როცა ტყვედ იგდო იგი, მუნვე დაუწყო თურქებს „ვაჭრობა“. ციხე ქალაქი შემოიმტკიცა, ანისში მწარე მარცხი აწვნია, თურქებს მიუგდო ამირა სალდუხ, ტყვეობაში რომ გამოამწყვდია. სადაც თამარმა იმეფა დიდხანს, მეფემ სპეტაკმა, მზის შესადარმა, სიკეთით ყველას უმჯობესმა და დიაცმა მეფემ როგორც მხედარმა! ხან ბასიანში, ხანაც შამქორში, მტრისა ლაშქარსა მუსრი გაავლო, და ნაცარ-ტუტად მქცეველ სულთანსა, სახსნელად „ნალის“ ფასი დაადო! ქვეყანა სადაც იშვა დემეტრე, მეფე დემეტრე თავდადებული, თვისი ქვეყნისთვის, თვისი ხალხისთვის, მონღოლთა ხელით გაწამებული... სადაც გიორგი, მეფე ბრწყინვალე, დიდებული და უბრძნესი ყოვლად, უღელი ახსნა იმ საქართველოს მონღოლს რომ ჰყავდა ქცეული მონად! სადაც შაჰ აბასს სისხლი უღვრია, სადაც სააკაძეს უძვრია ხმალი, სადაც ცხრა ძმასა ხერხეულიძეს, ქვეყნისთვის მსხვერპლად უწირავს თავი! სადაც ქართველმა ერი გაყიდა, და სპარსი გახდა ძე ქართველისა, შაჰ აბასის კარს კონსტან-მირზა და ქართლში ფოცხვერის ჩინი ეღირსა.... კონსტანტინემ რომ თავი მოჰკვეთა შაჰის ბრძანებით მამას და ძმასა, ვერ მოიკიდა კახეთში ფეხი რა მიეჩვია სისხლისა სმასა! ჩვენ ქართველებს გვყავს მოღალატენიც, მოღალატენი ქვეყნის, რწმენისა, კონსტანტინეც ხომ ერთ-ერთია და აღსასრულიც მალე ეღირსა. არეზის პირას შეებნენ სპარსთა, „დაგხოცავთ მტერო“ ამის ძახილით! და კონსტანტინეს მოჰკვეთეს თავი კარგად ალესილ კახურ მახვილით! ანგელოზებს ცაში ვეძებთ, ქვეყნადაც გვყავს არსებული, და ერთ-ერთი მათგანია, თვით ქეთევან წამებული! ჩვენი ქვეყნისთვის თავი გასწირა ქარვის მძივებით ქვეყნის შემკვრელმა, წმინდანმა ქალმა, მანდილოსანმა, ერთიანობის მქადაგებელმა! ქალმა რომელმაც შაჰის ცოლობას წამებით სულის ხდომა არჩია, ქალმა რომელმაც ავ კონსტანტინეს, კახელთა რისხვა მწვავედ აწვნია! სვეტიცხოველში და ალავერდში, ირეკებოდა ზარები მუდამ, ჩვენს საქართველოს სისხლით ნაფერებს, შენარჩუნება და დაცვა უნდა! მხოლოდ ფიალით პატრიოტობა, ფარსი სიტყვების კორიანტელი, ეს იგივეა რომ ეშმაკისთვის კაცმა აანთოს სამი სანთელი! ჩვენ, ჩვენს ქვეყანს მუდამ სჭირდება, ბრძოლა, მისივე ხალხის მხნეობა, რათა დავიცვათ ქართველი ერის „მამული, ენა, სარწმუნოება“! ჩვენს ისტორიას არ ჰქონდა ხანა, რომ არ ჰყოლოდა მოსისხლე მტერი, მაგრამ არ მოკვდა, დღემდე არსებობს, და იარსებებს ქართველი ერი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი