სიყვარულის ორი მხარე
" სიყვარულის ორი მხარე " ღამეა სიმშვიდე იპყრობს სამყაროს და ვარსკვლავები ისევ გვიყურებს, ამ დროს ფიქრები ისე ღრმად მათრობს... რომ შენი ლანდი ცივად მიყურებს... და მთვარემ იცის, იცის მან იცის, თუკი ვინ არის მტყუან მართალი, სუსხიან ღამით, ის იყო მოწმე, რომ გამითხარე ბნელი საფლავი. მთვარემ კი იცის მაგრამ სულ კი დუმს არავის უმხელს ამ საიდუმლოს, რა დაშავდება ან რა მოხდება სხვა უბადროკებს რომ გაუმხილოს?! მთვარევ! რატომ ხარ ეგრე მდუმარე? გულზე მალამოდ რატომ მედები? შენ უნდა იყო ფიცხი, მხურვალე, ჩემს ტკივილს ასე მოეფერები! მთვარემ კი მითხრა, მდუმარე მთვარემ, თუ ჩემი ტვინი როგორ ლაყეა! ქვეყნად ყველაზე ძვირფასი გრძნობა მთვარემ მითხრა რომ სიამაყეა! ამაყად იდექ და წინ იყურე, წარსულის აჩრდილს თან ნუ იყოლებ! თორემ... მორევი მას ძლიერი აქვს ვაი რომ... შიგან შენც ჩაგიყოლებს! მესაფლავეა? მაშ შენ რად წუხხარ? გულზე რად იდებ მწვავე იარებს? ის ვერასოდეს დაგაფასებს... და ვერც გულწრფელ გრძნობას გაიზიარებს! დაიმახსოვრე ეს ერთი რამე, ადამიანი არ შეიცვლება თავს მოგაჩვენებს, რომ კარგი გახდა და ათას ფერად შეინიღბება! ის მესაფლავე კვლავ თუ მოგადგა, დააკაკუნა შენს სახლის კარზე მაშინ არ შეცდე, ცივი გონებით, დამსხვრეულ გულის, კარი ჩარაზე! მთვარემ დადუმდა, მეც გავირინდე. ცხოვრებას ხელი მოვჭიდე ახლად, და მთვარე გაქრა გაჩნდა ფირუზი, ზურგზე მზის სხივმაც შემომანათა. გავიდა ხანი, დიდი საკმაოდ, ბნელი ცხოვრება ისევ განათდა, წარსულის ბნელი დღეები მყისვე, მისი შემჩნევით, წამსვე ჩანაცვლდა. რომ შემომხედა ფერფლად მაქცია, ფერფლად ქცეული ისედაც უკვე, დიდრონ თვალებში როცა ჩამხედა რაღაც საამო ვიგრძენი მუნვე. გულში ვიწვოდი, რომ ვერ შევკადრე, თუნდ ერთი სიტყვა მისთვის საამო, ცივად განვშორდით, გამთბარი გულით, და მომაგონდა "ძველი საღამო". საღამო როცა პირველად ვიგრძენ საამო გრძნობა, შემდგომ მტანჯველი, მაგრამ არ ვიყავ არასდროს, მისთანა ქალის მნახველი. ის ღამე ჩემთვის თეთრად გათენდა. დილა დაიწყო ჩემთვის იმედით, გულში გამიქრა ის ძველი სისხლი, დააბოტებდა რომელიც სევდით! გული საგულეს ვერ ეტეოდა, მიისწრაფოდა მის სანახავად, გული, რომელიც ჯალათს მიჰყიდეს, ცივ-ბნელ, მიწაში დასამარხავად! მივედი, შევხვდი, და კვლავ გავხევდი, მშვიდად ვუთხარი, "დილამშვიდობის", მან გამიღიმა, იგივე მითხრა, მისი მშვენებით გულში დაკოდილს. თვალს ვერ ვაშორებ, ვფიქრობ, რა ვუთხრა?! სიტყვებს დავეძებ, სადღაც დაკარგულს, ის კი ჩემს გულში ხელს მიფათურებს, და მაგლეჯს გრძნობას, ფსკერში დამარხულს. ჩემს თავს ვუთხარი, რა გემართება? კაცი არა ხარ? რასა გაქვავდი! უცებ თვალები ცეცხლით ამენთო და ძველებურად ისევ ავმაღლდი. როგორ ხარ მეთქი, დინჯად ვუთხარი, "მშვენივრადაო", მომიგო მშვიდად თვალი მოვავლე სამყაროს ირგვლივ, და ტუჩებს ვეცი სისხლისფერს, ფიცხლად! ხელი მკრა, კოცნა არ დამანება, თვალებში ცეცხლი მანაც აინთო, ხელი აღმართა და ყვრიმალებზე, ორჯერ უქრობი ცეცხლი ამინთო. აღარ გაბედო ასე მოქცევა! თორემ მოხდება ცუდი რამ ყოვლად! და რასაც გეტყვი არ დაივიწყო! თორემ გაქცევენ მიწისა სწორად! მე ამ სიტყვებმა სულ ვერ შემაკრთეს, მსიამოვნებდა მათი მოსმენა, ისეთი ეშხით მინთებდა თვალებს... მინდოდა წელზედ ხელის მოხვევა. -ვიცი ვინცა ხარ, მსმენია შენზე, შორიდან გეტრფი... რა დაგიმალო?! მაგრამ ბედია ჩვენს შორის მტკიცე, რომელიცა მთხოვს გადაგიყვარო! ამის გამგონემ ორი რამ ვიგრძენ, სიხარული და სიბრაზე დიდი, უცებ განვრისხდი, ხელი ხმალს ვსტაცე, "დამავიწყდა" რომ ვიყავი დინჯი! -მე შენ მიყვარხარ, ყველაზე მეტად! და რას მიქვიან მტრობა ბედისა?! ბედს მივანებო მე სიყვარული რომელიც ჩვენ ორს ერთად გვეღირსა? -სხვას მიპირებენ ჩვენი კაცები, განა მათ სიტყვას როგორ გადავალ? შენი რომ ვიყო მეც მინდა ძლიერ, მაგრამ ვაი შენ, თუ შენსას წავალ... და ხევის თავზე ქალი გადმოდგა, ჩამოუძახა: ქალო! ამოდი! კოკა გაიდო მხარზე მაგდანამ, და წყაროს წყალთან ისევ დავშორდი. ჩემსას მივედი, ბუხარს მივუჯექ, მომავლის ფიქრმა კვლავ გამიტაცა, ჩემი გონება ამ ფიქრმა უცებ ერთადერთ მიზნით თან წარიტაცა. გარეთ გამოველ, ლურჯას მოვახტი, და მის სახლისკენ ოთხით გავქუსლე, და შავი ღამით მის ფანჯარასთან ასეთი რამე ჩუმად ვაუწყე. -ჩემო, მითხარი სხვას მიპირებენ, მითხარ ვინ არის ის სვე დავსილი, რათა იპოვნონ ხვალ თქვენს კაცებმა, ქარაფზე ბინძურ სისხლით დაცლილი! ხელი იტაცა შუბლზედ მაგდანამ, ცრემლი დაღვარა და ასე მითხრა, ვაი თუ ქარაფს სხვა სისხლი ეცხოს, ვაი ჩემო, თუ ღმერთი გაგიწყრა! ნუ სტირი სულო, მშვიდად იყავი, არა გჭირდება ცრემლით ჩემზედა! გთხოვ გამიღიმე, სათქმელი მითხარ, ჩემს სატრფოს მხოლოდ ეს დამშვენდება. ჯურხას მაძლევენ კლდიაძეენთა, დაქვრივებულა ის ბედ დამწვარი, სახლში წვრილ შვილი დარჩენია და, დედას სტირიან ის სვე დამწვარნი. ეს რომ გავიგე გულს ელდა მეცა, მშვიდობით მეთქი მივუგე სატრფოს, უცებ ამ ქვეყნად ყველაფერს მოვწყდი, არ ვიკარებდი არაფერს ახლოს. წყაროზედ ჩაველ და ცივი მოვსვი, ცრემლი მახრჩობდა მაგრამ ვითმენდი, ის "მესაფლავე" ღმერთთან წასულა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. იქ დამიღამდა, იქ გამითენდა, გულზედ გამეხსნა იარა ძველი, ჩემს თვალწინ მისი ლანდი აღზევდა, რომელიც გახდა ოდესღაც მტვერი. ხმალს ხელი ვსტაცე, და ლანდსა ვეცი, არ მშორდება და ღიმილით მიმზერს, და უცებ შუბლზე სითბო ვიგრძენი, და მის ხილებში გამოვიღვიძე. ჩემო, რა ღმერთი გაგიწხრა? ყინულადა ხარ ქცეული, წყაროზე დაგიძინია, მეგონე ვინმე ეული. გულში ჩავიკარ, და ვერ ვუშვებდი, ვეფიცებოდით ერთ-ურთს სიყვარულს, რა მალე გაქრა ის სიხარული, რომ ანაცვლებდა უწინ სინანულს. მან ჩუმად მითხრა, მთრთოლარე ხმითა, ხვალე მნიშნავენ ჯურხაზე ჩემო, კვლავ მიმავიწყდა ის მესაფლავე, მისივე თხრილში მანვე დაეფლო! მაგასაც ვნახავთ ვინ დაგინიშნავს! ვისი იქნები სამარადჟამოდ! კაცი არ მერქვას თუ სხვისი გახდი! და ვქვითინებდე ქალურად მარტო! მის ტუჩებს მივწვდი მან ხელი არ მკრა, ცრემლი მოვწმინდე დიდრონ თვალებზე, გულში ჩავიკარ, გამოვეთხოვე, და თვალი ვსტყორცნე, მაღლა ქარაფზე. ლურჯას მოვახტი, მათრახი ვიძერ, ისე შემოვცხე როგორც ურჯულომ! ხევის წვერს აველ, ვკუმშე სადავე, და მივაშტერდი საფლავს უგულოდ. ჯურხაანთ აველ, მკაცრად შევძახე, ჯურხა! გამოდი, ხანჯლითურთ გარეთ! და გარეთ ამ დროს ბიჭი გამოძვრა, ცრემლებით ჰქონდა მოსვრილი სახე. რაიყო ძიავ, რადა ყვირიხარ? რაში გჭირიან, მამაი ჩემი? მამაი ცხორშია, წასული იქეთ, მითხარ რაი გინდა, გადავეცემი. გული მომილბო მისმა ჩიფ-ჩიფმა, და შემეცოდა ობოლი ბიჭი, ცრემლები გულში ღვარად ჩამექცა, "ეს ყოფილიყოს ეგების შვილი"... მე თვითონ ვნახავ მამაშენს, შვილო... შენ ეს მითხარი, ვინა გყავს სახლში? -ბებია, პაპა, უმცროსი დაი, და ბიძაჩემი სნეული სმაში... მოვტრიალდი და ჩემთვისა ვფიქრობ, არ დამედების ცოდვა ობოლთა, მთას ავუყევი და თითქოს იგი, იქნების ერთდროს ჩემთვის გოლგოთა... ჯურხა ვიპოვნე, მარტო მწყემსავდა, ნაბადიანი ვაჟკაცი მთაში, შევსძახე, ჯურხა! მანდ დამელოდე! ხრინწი მერია მძვინვარე ხმაში. პირისპირ ვიდექთ, ოთავე ხანჯლით, ისარს ვუყრიდი მრისხანე თვალებს! არც ის მაკლებდა, თვალთ მიყო თვალი, და მკაცრი ტონით მომმართა მანვე. -სამტროდ მოსულხარ, გატყობ იერით, რამ მოგიყვანა ჩემთან? წყეულო!!! კაცმა სიყვარულს ვერ გაუფრთხილდი და პასუხს მომთხოვ? ქალავ! ეულო! -ხმლითა გავსწორდეთ ვაჟკაცი თუ ხარ! დიაცი ამბობს ვაჟკაცზედ დიაცს? და ხმალი გვეტყვის ბოლოჟამს ერთ-ერთს, თუ ჭეშმარიტად დიაცი ვინ არს! ნაბადი აგდო და იძრო ხმალი, გვერდით მივაგდე მეც ჩემი ლურჯა, და ფოლადის ხმამ ირგვლივ სამყარო, მსწრაფლ მიაყუჩა, და დაამუნჯა! ვაჟკაცი იყო ჯურხაი ფრიად, არას მითმობდა ბრძოლისას იგი, მიმუხთლა, უცებ წარბი გამიპო, მკერდზედ მიბოძა ნაპრალი დიდი. სისხლი მსდიოდა, არ ვნებდებოდი, მახსენდებოდა მაგდანას სახე, უცებ დამძიმდა ხმლის ვადა ჩემი, და ჯურხას ზურგზე ხმლის წვერი ვნახე! გადავათრიე ქარაფზე იგი, და დავუტოვე საჯიჯგნად ყორნებს! უცებ სხეულში სიცივე ვიგრძენ, მეც მივუწვები მას გვერდით ვგონებ... უკნიდან მაგდას ტკბილი ხმა მესმის... სულო, ჩემი ხარ! მინდა შევძახო, გონსა ვკარგავდი და ძირს განვერთხე, მან კი ტუზებზე ტუჩი შემახო! გავიდა ხანი, ფეხზე დავდექი, მაგდანა უკვე ჩემი ცოლია, გადავიხვეწეთ სულ უცხო თემში, გულს სიხარული ჩამოგვწოლია. ვაჟი მაჩუქა ჩემმა მაგდანამ, და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, მაგრამ გულით თან ობოლთა ცოდვა ვერ მოვიშორე და სულ თან დამაქვს. სუსხიან ღამეს კართან ვიღაც დგას, კარში დაუხვდა მას ჩემი დავით, შემოიყვანა ჭაბუკი ერთი, თითქოს მეცნობა ეს ბიჭი რამით. -ამ დროს რა ღმერთი გაგიწყრა, რას დააბოტებ შე კაცო? მოდი ბუხართან დაჯექი მამა-პაპურად შეგათბობს. მაგდანამ სუფრა გაშალა, მამა-პაპური, ქართული, დავითმა ღვინო მოგვართვა, თან შემოსძახა "რანუნი". ვინა ხარ ბიჭო მითხარი, საიდან მოხველ ჩემთანა? გზაარეულსა მუდამჟამს, გზა მიუძღოდეს ღმერთთანა. ერეკლე მრქვიან ძიავ, კლდიაძე გახლავ გვარითა, ღამით ძუძუმტეს ვწვეოდი, გზა ამერია სახლისა. ამის გამგონემ გავშეშდი, სიტყვა ვერ დავძარ პირითა, ეს ის ბიჭია რომლისაც, მამა დავცალე სისხლითა!? ჩემთვისა ვფიქრობ... ეგება... სხვა კლდიაძეა ეს ვაჟი, თავს ვიიმედებ იქნებაც არა რა ჰქონდეს მას მანკი. შენი ამბავი მიამბე, სად სცხოვორბ რასა აკეთებ? -მწყემსი ვარ, კლდიაძეენთა სუ ყველა ცხორსა ვაძოვებ. დედა არა მყავს მამიკვდა, მამაც წამართვა გამჩენმა... ათი წლის წინად ვიღაცამ, ცხორში მამიკლა ავბედმა! მას შემდეგ მის სისხლს დავეძებ, შურსა ვიძიებ უთუოდ, ისე ვაწამებ მამის მკვლელს, როგორც ქრისტესა ორჯოლოთ! ახლა დავრწმუნდი ის არის, როგორ შევხედო თვალებში? მაშ მე ჯანდაბას, განმგმიროს! ამას სუსხიან ღამეში! დავითი იქვე, მიწვა ბუხართან, მაგდანა კიდევ საწოლს გვიმზადებს, ეს ბიჭი ლოგინზედ მივაწვინო თუ?დაველოდო ის როდის მიმაწვენს?! ოთახში მიმყავს და რასა ხედავს... მის მამის ფარ-ხმალს კედელზე კიდულს, მან შემომხედა თავი დავხარე და ხელსა ვხედავ ხმალზედ მოკიდულს... მაშ ის შენა ხარ, ჩემი მოსისხლე! მე მამაჩემი ვაჟკაცად მზრდიდა, ოჯახს დაგინდობ, ღამეს გაგითევ, ხვალ შევერკინოთ იქ სადაც გინდა! მისმა სიდინჯემ წელში მომდრიკა, უკან გამოველ, უკვე ძუნძულით, და მე ბოლოჯერ დავკოცნე ორთავ, ვინამც ვატარე გულის კუნჭულით. გათენდა, სტუმარს ვაცილებ გზაზე, და ჩუმად ვუმზერ ისევ იმ ქარაფს, მითხრა- იქ ძიავ! მაშ იქ გავსწორდეთ! სადაც სისხლი ძევს მამაის ღვარად! -ვერ მაგკლავ შვილო, აჰა მამკალი! შენი ხმალი და ჩემი კისერი! სისხლი გაქვს ჩემთან, უნდა იძიო! რომელიც ერთდროს მე დაგაკელი. -ვინც არ იბრძოლოს გამარჯვებისთვის, დედა შეერთოს იმას ცოლადა! მე მამაჩემი ვაჟკაცად მზრდიდა! არა დიაცად ყოფნადა! მე ამ ჭაბუკმა ისევ მომდრიკა! უნდა ვიბრძოდე როგორც არწივი! ბევრიც იბრძოლეს, და არტავაზმა მის მკერდში იგრძნო ობლის მახვილი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი