***
ძველი დოლმენები კაცობრიობას როს ძერწავდა ამა თუ იმ ცის, ერთგვაროვანი უზენაესს ეჭირა თიხა, ვინ და რამ გაგვყო,აფხაზმაც და ქართველმაც იცის_ რომ სამჭედლოში დაიფიცებ ნათელი თუ ხარ. დანაღმულ ღრუბლის აფეთქებას სიზმარში ვხედავ, შემომეხვევა უსუსური სურვილი მწირი, ...რომ ღამის ქარი,იქნებ როგორც აფხაზის დედა, იპარება და მიტოვრბულ საფლავთან ტირის. გაბადრულ გუმბათს გაუკვალავს ცისაკენ გზები, გათეთრებულა ილორი და მდუმარე მრევლი, ნეტა რა ამბავს წამოიღებს მშფოთვარე ბზიფი იქნებ ბიჭვინთას უბეს უვსებს მდუღარე ცრემლით. შვილმონატრების მწარე ღრიალს ისე დაახშობს, ვით შესაწირს და თავისივე ხელებით დაკლავს, ათეულ წლების ოღონდ სურვილს ეშველებოდეს: რომ შვილის სულის აკაბაში ამყოფა აკა... ეს თანხვედრილი სურვილები ნეტა რამ შობოს.. რომ სამოთხეში გვაბრუნებდეს "მწყემსი კეთილი". კინდღის ნაპირას წევს უსულოდ ჩვენი ბავშვობა, მეხსიერებაწაშლილი და შიშდაფლეთილი . ...და სად გააქროს შავი კვამლი ამ ქვებმა რამლის, სად გადამალავ ამ ქვეყანას ასე მტრებიანს, ჩვენს დაბრუნებას ეშერაში ამაყად მდგარი, მიტოვებული დოლმენები ეშურებიან. მარი ჩაკვეტაძე აკა¹_წუთით(მეგრ) *** სახლი მესიზმრებოდა, და სახლს ვესიზმრებოდი, მამა როგორ ნატრობდა ჩემს ბედნიერ ამ სიზმრებს. ბუნდოვანი ბავშვობა ცას შავ ბოლად ერთვოდა, ღმერთო იმ ჩემს მიწაზე გაწვიმება მაღირსე. *** მეც ვეცემოდი და მოვდიოდი .პატარა ფეხებით მოვაბიჯებდი კინდღის სანაპიროსთან და თვალებში სამუდამოდ მებეჭდებოდა ვეებერთელა შავი ღრუბლები,ახალდაბა რომ დაეფარა. 27.09.23 *** გუმისთაში წევს დაჭრილი აფხაზეთი, ვერ იშუშებს სამუდამო იარებს, გაუწყალდა სისხლი კოდორს ჩანაღვენთი,_ შეგვეძლო თუ არ შეგვეძლო_ ვიარეთ. უჯარმასთან დარდით მოდის აქ იორი, მარტოსულის იერი აქვს ზარზმა-ჭულევს, ქართველ მრევლის მოლოდინე დგას ილორი, თვალებს მალავს ცრემლიანს და ნამარხულევს. აღარც მორდუ ახსოვს ვინმეს, აღარც რიწა, ჩვენს მიწა წყალს აქამომდე არ ჰყავს მხსნელი. თვალებიდან არ ამომდის შავი ის ცა, დაკაწრული აფხაზეთის განსაცდელი. /მ.ჩაკვეტაძე/20.02.2020 *** ნასახლარი ნიჟარები სევდას მგვრიდა, ვერსად სული ვერ დავტიე ამ ცამდე, აქ ბალახებს ჩემი ლექსი ესმით გვრინად, ან არ გცნობდე,ან საერთოდ არ მწამდე. გამჭვირვალდა მტკივან სულის კრისტალი და მშრალი გრძნობა დაჰქრის როგორც მისტრალი, თვალებღია რამდენ რამეს ისწავლიდი_ თუმცა ძილშიც ,ძილშიც ვერ მომისწარი. შეიკეცა მზემ სხივების ოქოსალი,¹ გაჰკიოდა განთიადის ლეკვი და... მთვარე როგორც ღმერთის სიტყვის მუგუზალი, ცაზე ასე მილეული ეკიდა. მარი ჩაკვეტაძე 10.08.24 ¹ოქოსალი_ ცოცხი მეგრ. *** ცას შეახორცდა სამუდამოდ შენი ყამარი, გალუმპულ ამბავს ჩამოიტანს წვიმა კაპასი, ლექსდაბადებას მოვუმზადე მიწა ყამირი,_ შემიკრთებიან შროშანები ვიწრო კაბაზე. სიცივეებს და სიშორეებს მე განვერიდე, ვინ მაპატიებს არსებობას?_ და არც არავინ! იქნებ საწუხარს ჩამოვაფარე ღიმილის რიდე, რომ ეს ცხოვრება ბედნიერების არის მპარავი. სულში შელურსმულ წიოკობას ვით გამოვხატავ, მნიშვნელოვანი აქ ყოფილა მხოლოდ ნივთები, დაკაწრე თუგინდ სატკივარი ისე ვით კატამ, მაინც შემოსულ პოეზიას შევეჟღინთები. და დაუნდობელ ამა ყოფის საშინელებას, სიღრმისეულად რომ აღწერდა თვით ეკფრასისი, წვიმას როგორმე შეჰბედავდი თუ შენელებას, იქმებ სურვილიც გამოგეცნო მთვრალი ფრაზისა. მერამდენეა ცისკენ კიბე,?- იქნება ბოლო... მზე ისევ ისე ჩასვენდება ალბათ,_ ვით ადრე... გულ-სულ გაცლილი მძორი რჩები მხოლოდ და მხოლოდ, სახეზე ვერთქმულ ყველა სტრიქონს ჩამოვიჩადრებ. 6.07.26 მარი ჩაკვეტაძე *** მზისათვის დიდხანს მიბჯენილ მზერასავით ფეთქავს თვალებში ჩახუჭული ბევრი ამბავი, შემოდგომისფერ ალმურებად გადარბენილი ერთმანეთში. როცა მყოფადში მიმობნეული სიცარიელე შეკრებას იწყებს, სიჩუმის ხმაურს ჰრაბალს აბარებ და დამსხვრეული ჩემში არსება შეკრებას ცდილობს ერთ მთლიანობად. ამის დასტურად,ალადასტური აახასხასებს ტვინის სფეროებს. გულში შეკუმშულ პოეზიას თუ არ გამოფენ, არად გარგია სხვის ხასიათზე დაყურადება_ ფოთლებივით რომ დაჟანგულან. შენდამი გრძნობა თითქოს გაახმეს, წიგნის იმ გვერდზე მოათავსეს, რომ ხელმეორედ მისაბრუნებლად, მიზეზი ნახონ. ...და შენ იგივე შეგნებით და იგივე განცდით უნდა დახვდე,_ასე გიგულეს. ბარხატისებრი მყუდროება მოაქვს ამ ფოთლებს, გიახლოვდება და გაყურადებს: შენშიც შრიალებს ახლა ქარი, შინაგან წვიმას როგორ აკავებ,_ ესმის სამყაროს. ...და ვიდრე სუსხის ჭაღარები შეეპარება, ეს შემოდგომა,ჩემი მზისფერი დიაცია, ფანჯრებთან ასე მოწყენით მჯდარი. 12.10.25 მარი ჩაკვეტაძე *** ვინ მიაგნებს გაისად, დრო შემოდებს თაროზე, მზის სხივებით გატენილ გაყვითლებულ ჩემოდანს, სევდის მზერით გავხედე,ნეკერჩხლები ხარობდნენ,_ შემოდგომა კაბაზე ზაფხულს ექაჩებოდა. ფიქრნარევი ცრემლების ცამდე იყო გოლგოთა, ღრუბლის სანაპიროზე ქარს მიჰქონდა შუბერტი. ხეტიალი მინდოდა ნეკერჩხლების ქოლგებთან, ვიდრე მაღლა ვარსკვლავებს,ჩემს სულს მივაშუქებდი. რომ ცხოვრების სასხლავმა აღარ მომცა საშველი, გულის გულში შეყუჟულს მომიწია დარჩენა, და ეს ჩვილი ფიქრები ამოღებულ საშვილეს, დაეძებენ ამაოდ თავის გადასარჩენად. ცაზეც ასე ჯიუტად ჩამომჯდარი ღრუბლები, მისმენენ და ცრემლებით ჩემს ხმას ჭირისუფლობენ. მარი ჩაკვეტაძე 9.09.2026 *** დიდხანს ვაცადეთ უთქმელობა ალბათ ამ ბაგეს, დიდხანს ვიმალეთ ჩვენ ერთმანეთში. ლეგა ღრუბლებმა მიწას წვიმებით რაც გაუბედა, შენც გამიბედე თავსხმა სტრიქონში გაჯერებული მეტონიზმებით. ..და დაჯერებულ ამ ყოფას მუდამ ზოგი ვარსკვლავი თვალყურს ადევნებს. არეკლილია ეს სამყარო სრულად მთვარეში, ქარის თარეში ამაოა და "მისი დევნაც." სულს უწყლულდება ყველა უთქმელი ლექსი და განცდა. მღელვარე ზღვაში გაჭრილი გემის ვერდატეული სტრიქონებია აფრებად ასე რომ ფრიალებენ. ამ თეთრ ფურცლებზე ნაგულისხმევი დასაწერის ამოსაკითხად, მთვარე ტორშერად გამოგადგება, აკი გიამბე,როგორ ირეკლავს ყველა ნაფიქრალს . მზემ ,აბა როგორ არ გაბედოს რომ არ გაათბოს ზღვის ზედაპირი, ვიდრე მორევში ვნებით აღვსილი ჩაეშვებოდეს გულის სიღრმეში. ჩვენ დიდხანს,დიდხანს ერთმანეთში ვიმალებოდით , მაგრამ ამაოდ . ენქიდუსავით ეზიარა ეს ლექსი ლტოლვას, უძველეს განცდამ, დამწყვდეულმა შამხათთა გულში, მიმოაბნია უხვი სხივი მღელვარე ტალღას._ ვით გაუბედოს თბილმა ტალღამ ამბორი ნაპირს? ...და როგორ შეძლოს ამის დათმენა. მარი ჩაკვეტაძე 27.09.2024 *** მთვარეც ყვითელია შემოდგომის ცაზე ტოპაზები ელვარებენ. ხეზე დასკუპებულ ჩალის ჩიტებს ქარმა შეამჩნია მღელვარება. მწვანე ტბა ვარსკვლავებს დაისიზმრებს, და მზის დაისს მოუყვება ნანახს. ნათელი გავრცელდება, დენდელიონები ნამს შეიშრობენ ქარვისფერ სახეზე. დაქანცული არსება ჩემი ფიქრს შეაგებებს ჯვალოსფერ ფოთლებს, დააკვირდება გაბადრულ მზერით. რას დაისიზმრებს ამ ღამით ზეცა, თუ არ დახუჭავს ციმციმა თვალებს?!.. უამრავ ტკივილს იმ გაზაფხულზე როცა ვისხლავდი, წვეთ_წვეთ მცვიოდა შვება სულიდან, რომ ფოთლოვანში ნიავისთვის ჩუმად მეამბნა, წამოსაღები ამბავი შენთან. გაშლეგდებიან შემოდგომის ანცი ქარები , შენ პოეზიის "სტრადივარიუსს" გაიძულებენ დაუკრა ჩემთვის, მიუკარები სხვისგან მუსიკა : სიტყვა გადმოდინდება როცა ცეცხლის ენებად, მეტყველება ხატოვან_ გადაუსხვაფერდებათ, მერე "ჯვარცმულ პოეტებს" ვისაც მოსვლა ენება_ ღმერთი თავის ნაამბობს გადაუსხამს ფერებად . ხელოვანის ხელებმა უნდა მოაქანდაკონ, ცის კიდემდე აწვდილი მარმარილოს ღრუბელი, პალადინის სხეული სხვისგან განატაცები,_ დაქანცული ეული, ჩემი სულის ღრუ გელის. მარი ჩაკვეტაძე ***** მთვარე იღვრებოდა სულში შუბერტივით ღამემ რომ აჩინა ვნებით სასა,მკლავი შემომახვია და სევდის ნარატივით ქმნიდა კათარზისი განცდის სასაკლაოს. **** ვარსკვლავის ნაწოლ ორმოში, ჩაწვება ჩემი სიყვარული, მტრედისფერი ოცნება ჩემი. გამოსაღვიძებელ მირიადებს გაუძლებს მდუმარედ. სად გაკრთება,რომელ ათასწლეულში ,-მზის სხივმა იცის. შენ,ვისი წინაპარიც მე ვიქნები,- მიპოვი ამ პოეზიაში მძინარეს და გამოაღვიძებ ჩემს სულს, განფენილს ყველა ბგერაში. ჟამი იქნება ალბათ უჟამო, მთვარე უფრორე დაჟანგული_ ყველა პოეტის საიდუმლო პალიმფსეტებად აღბეჭდილი მის გრილ სხეულზე. მე ვიყავ მაშინ გამოფიტული როგორც ახლა ალბათ თქვენი მზე. მირიადები გადმოვცურე, ცხოვრებას_ როგორც მხეც ქარიბდას გამოვექეცი, მე სიმპლეგადებს შორის გამოველ, შეჯახებისას ჩემი ნაფლეთი მაინც აღდგა და გადარჩენილი, დამსხვრეულ გემად მოადგა ნაპირს: ეს ოდინდელი არსებობის ტრანსცენდენტული დადასტურება. გადი მყუდროში ჩემს მოსასმენად, ტბის ზედაპირზე არეკლილი ვარსკვლავთსიზმარი გადაიკითხე. ყური მიუგდე,შენც იქნებ ახლა ჩამოგისახლდა დროებით სული, ძველი და სანდო. იქ გეჩვენები და შთაგონების წყაროდ ქცეული, მე, წინაპარი გიკარნახებ სხვა პოეზიას . 20.04.26 მარი ჩაკვეტაძე *** ცაზე ფოთოლცვენა ყვითელ ვარსკვლავთა,_ სულების ციაგი შეწირულ კრავთა. მთვარე თავდახრილი ღრუბელის კარავთან, ...და დილის წვიმა თბილ სიზმრებს მპარავდა. ასე გალუმპულმა დავტოვე ცის კიდე, დავქტილე ლექსებში ახლა მანდ რაც გორავს , ხეებს შეხიზნული ეულად ვეკიდე , უსულოდ ვეკიდე,როგორც მანდრაგორა. 09.2022 მარი ჩაკვეტაძე 🍁 *** ეს შემოდგომა ჩემს თვალებშიც ასე იმღვრევა, ჭრილობებივით გადახსნიათ შორ მთებს კალთები, მომაშველებდე ჩემს სხეულში გავლილ სიმღერას,_ მზეო ,ვიდრემდის რიჟრაჟიდან ამორკალდები. ეს მერამდენე შემოდგომით ვითმენთ ერთმანეთს, ჩქარი მდინარის გულში არ ჩანს მძიმე ლოდები, ვიდრე ზეციდან თეთრ ვარსკვლავებს გადმოფერთხავენ, მე ძახველების წითელ ქორწილს დაველოდები. ასე გვახრჩობდა ვით ხველება, უერთმანეთო უხმო დღეები,მირიადი,უნიათესი, თუ ერთი ბწკარით შენს ზეცაზე უნდა ავენთო, აღარ იქნები მაშინ ჩემთან უნათესაო. თუკი ღრუბლები ციკნებივით შეგროვდებიან, როგორც ფიქრების გაელვებას ისე ელოდე, გადმოეშვება წვიმა როგორც უიღბლო ქალი, და თავს მოიკლავს შროშანებით სავსე მდელოზე. მარი ჩაკვეტაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი