ფორმა N100-ს იგნორირება
ფორმა N100-ის იგნორირება რიჟრაჟმა როცა გადაყლაპა ამხელა ღამე, ჯერაც მუცელში მჭვირვალებდა ტკბილი ჩაროზი, უცილოდ უნდა დამეწერა ტკივილზე რამე_ "სპილოს ძვლის კოშკში "ავედი და კარი ჩავრაზე. მთვარეს ავხედე გაშიშვლებულს,უღრუბლო_უცმელ, სასოწარკვეთა ვიდრე ამ სულს ბოლომდე დაფლეთს, მე დავასწარი ,დავასწარი და კვლევის ფურცელს აქ სამუდამოდ ჩავუტარე აუტოდაფე. რომ მაშინებდა ეს ცხოვრება დიდი ეშვებით, სულ ერთი იყო, ვინ ვიყავი ანდა რომელი... მეც გაწვდილი მაქვს ბედისათვის ხელი პეშვებად, მაგრამ არ ვიცი სად გაკრთება გასაკრთომელი. ტამიშთან აღარ მთავრდებოდა ჩვენი ომები, მოასწავებდა ჩემს თვალებში ის მზის დაშრობას, და ეს ცხოვრება _ჯვარზე გაკვრა უაღდგომებო, გადატყავებულ მუხლებივით მტკივა ბავშვობა. ემიგრანტ დედის მოლოდინი_ ცრემლი ირევა, მხრებით სიზიფის ლოდი ამაქვს ახლაც აღმა და... ვით ტყეში მარტო დარჩენილი დედა ირემი_ დედაშვილობის გაცდენილი წლები აბღავლდა. წუხელ წუხილის ვარსკვლავებთან მიმუხლებისას და სანუგეშო ციალის დროს,მე მემგოსნება, როგორც ობლები მამის ლანდის მიახლებისას გრძნობენ ცრემლებთან მის უჩინარ შესიტყვოსნებას. თვალებახვეულს,მოტყუებულს იქნებ ადვილად ქვიანი ჩვარი ჩაეყლაპა უმჯობესია ამ ვერაგ "კრონოსს"გამოჩენილს მოულოდნელად, რომ მეც მეცხოვრა ბედნიერს და მრავალლექსიანს. მაინც რა საზომს შეითვისებს ახლა იმედი, სულო არ მინდა დავიჯერო_ მართლა გახუნდი!? თურმე იმდენი ლოცვა გახსოვს,თურმე იმდენი... რომ გადაფარა მან "ემ ერ ტე"-ს ხმების ბრახუნი. გაგახსენდება მოვლინებამდე წმინდა სახე და, ფიქრის მაკრატლით შენში ხატება ღვთის გამოჭერი, საკუთარ თავსაც ღრმად თვალებში ვეღარ ჩახედავ, ანგარებაში უფალთან რომ თავს გამოიჭერ. გავიდე მხრებზე ეს ცხოვრება _ მსუბუქი აბგა, აკი მეგონა მძიმე იყო_ სულ არ ყოფილა, როცა სხეული სხვა სივრცეში გადამიბარგდა, მოხელთებული იმედები სულს ვამყოფინე. გარდაუვალი გამარჯვებით ,მე ჯერ არ წავალ, მაგრამ მზის სხივებს სამუდამოდ ხომ ვერ გავივლებ...!? ზეცა ვიქნები უსასრულო მერცხლისწამწამა, მერე თეთრ ლექსებს დავაბარებ ტყემლის ყვავილებს. მარი ჩაკვეტაძე 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი