მარტოსული


***
 თავაშვებული ქარებისაგან
გამოსასვლელი კარებისაკენ
როცა გამოყევ ურვას,
ნავსაყუდელი შემოვაშენე,
და ჩემი სული შემოვა შენში_
გთხოვ, ნუ გაამხელ სურვილს!
 
თუ გაყინული შუბლი მაქციე,
მაგ სტრიქონების სუბლიმაციით
ამოგიკითხავ ფიცით,
და სიზმრებს ცეკვა მოაგონდებათ,
თეთრი ფიქრები ცაზე გუნდებად
მოგროვდებიან ვიცი.
 
ნაღრუბლარ ცაზე ამოველ მთვარე,
შენ რომ ვარსკვლავებს ამოეფარე_
წვიმაში ცეკვას ვნატრობ.
აწვიმდა ასე "ქოლგებს შერბურის"
მე სურვილებში ჩუმად შებურვილს,
რა უნდა მექნა მარტოს.
 
მთები ხვნეშიან ოხშივარებად,
მერე წვიმებიც მოხშირდებიან,
სურვილს გავკიდებ გვიან.
სველთმებდაშლილი,უწარსულებო,
მთვარეს სონეტებს ვუწერ
სრულებით_
მისი დაქტილი მქვია.
 
რომ გამოვდივარ ზოგჯერ ცხადიდან
ქარებად ვქრივარ,_ ვინაც ადიდა
უზენაესი ძალა.
ცხოვრებამ ალბათ ამომისროლა,
და არაფერიც არ ამისრულა_
ვრჩები მიწიერ ქალად .
 
უძველესია რასაც განვიცდი,
ალკეოსისგან განა არ ვიცი_
უნდა ვიარო მზე_მზე.
ელვამ ხეები უნდა დამეხოს,
ჩემი "ურუქიც" ასე დაემხო,
ქარაშოტიან გზებზე.
 
გაძვალტყავებულ სტრიქონებიდან,
ლექსთაიგულად ვიკონები და..
სულში ისევე თბილა.
სხვა ქარები ჰყავს ამ ჟამს მბერავი
და სხვანაირი ანჟამბემანით
ციდან გადმოვა დილა.

მარი ჩაკვეტაძე 
2025.08.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი