L'amour


L'AMOUR
 (  "მი იზი ინანა_
  "ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა"_         
    ძველი შუმერული მიმართვა სატრფოსადმი.)

***
მენდელეევა ბლოკმა დაბლოკა, 
დიაკონოვამ _პოლ ელუარი,
გალა, იმ ხეებს ეხვევა როკვით_
ჰგონია მისი ოლია არის.

როცა ქარიზმებს ედევნები,_
ზღვებსაც წალეკავდნენ ეს ორნი...
ასე იქმნებიან ედემები_
ჰემინგუეით და გელჰორნით.

იციან თამუნიას ტიციანი ,
ცოლს არ მიაკარებს ცივ ნიავს,
იციან სიკვდილამდე სიყვარული
როგორც  ჰიუზმა და სილვიამ.

იციან "ელეგია_ ყელსაბამი"
და ეს სიყვარული ცელავს ცას,
ასე აბორგდება ინგებორგი
და აიყოლიებს ცელანსაც.

შოპენს ქარიშხლები ჩამოუვლის
ამ ხმებს აიტაცებს ნოტებად,
სანდის სამუდამო სიყვარულად,
სანდის სანდო გულად მოკვდება.

მოდი ,ჟანას სულში იფათურებს,
 თვალებს დაემჩნევა  ტვიფრები,
და პეპელასნაირ იმ საყურეს
ტატო შეეხება თითებით.

ზარი_ ჭავჭავაძის სასახლეში
მუხის ფესვებისგან_ შანდალი.
ასე უსასრულოდ ცად აღვლენილს_
როზენფელდს დახატავს შაგალი.

დაუსაბამოა ამგვარ ბმულად,
ვერვინ ჩაწვდომია მას კვლავაც,
ფენის გული ისევ ანთებულა
კიტსის მოკაშკაშე ვარსკვლავად.

რაღაც კოსმიური ძალა მართავს,
ვერ ცნობ ,როდის მოვა შენი ჯერი...
ჩარლის ალბათ ბოლოს გაუმართლა_
უნა_ შთაგონება სელინჯერის.

რადგან "შენგან მეფე მონას   ეყმოს"
რადგან სიყვარულით ხარ მაღალი,
უტამ სვეტიცხოვლად ამოხეთქოს,
აგოს შაჰ_ჯაჰანმა ტაჯ_მაჰალი.

20.05.23
მარი ჩაკვეტაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი