***


***
მომიჭერს ყელში ავისთვალება
ცხოვრება,ვითმენ და საზღვარს ველი,
მაწუხებს თქვენი გამჭვირვალება_
ნიღბების მსხვრევის ხმა საზარელი.              
აკინძულ ფიქრებს ვერ მოიშორებ,
რა და სად იყო შესაესავი,
და "მგლების ხროვა" მოარულ ჭორებს
ვით სარჩოს ისე შეესევიან.

მთვარე ჩემს სულში დააბიჯებდა,
და დამამჩნია ნაკრატერალი,
მიდი და სიტყვა დააბი ჯებირს_
როცა ივსები და ხარ მწერალი.

მზემ ისე აბა ვით  იკაშკაშოს,
რომ არ წარმოქმნას სხვათა ჩრდილები,
და შავ ღამეებს _როგორც მორჩილებს ,
ვეტმასნები და ვემორჩილები.

ვითმენ ამ ყოფას ძაბვა_დენიანს,
იმედს კი სადღაც ჩუმად ახრჩობენ,
ღრმა სიზმრებიდან გამოგდევნიან
და ამ ცხოვრებას ამოახრჩოლებ.

14.06.25

***
მინდა მასწავლო როგორ ვიცხოვრო
სიმღერებიდან სიმღერებამდე.

ვინტაჟურ ცაზე ვინ ტაშს დაუკრავს,
ვინ იმოძრავებს მქროლავ ქარებად.
აქ არ ქცეულა არაფერი არაბსტრაქტულად.

მზის მცხუნვარებამ უდაბნოში სილა გაადნო,
და ყვითელი ქვა საიდუმლოს დიდხანს ინახავს.
არავინაა ეს ეჭვები ვინმეს გაანდოს
ან დაგაჯეროს ,რომ
გიპოვა და არ გიმჩნევდა.

ჩვენი ცხოვრების სიმღერები
დიდხანს ვისმინეთ.
დავიზეპირეთ ერთმანეთის სულის შრიალი,
იქნებ მასწავლო როგორ მეყოს
ეს ყველაფერი....
თოვლის დადნობა ხომ იქნება წინაპირობა,
სუიციდისკენ მიმართული ერთი ჩანჩქერის...
გადმოეშვება უსურვილოდ,ასე თავდაღმა...
და მის შხეფებში გაბნეულ სევდას ვერვინ იპოვის.
რა მუსიკაა მოღმუილე თან რომ დართვია?
ამოუხსნელი ნოტებია გადაკინძული.
_მეც ასე მინდა ამოვხეთქო ზოგჯერ სათქმელი,
რომლის სიცხადე დავუმალე საკუთრივ თავსაც.

დღესასწაულის ჟრიამული სულ ავირიდე,
ამ დროს ყოველთვის მირჩევნია რომ ყუჩად ვიყო.
არ აღმინიშნავს შუშხუნებით
აღარასოდეს_
რადგან ეს ხმები მე მახსენებს ტამიშთან სროლებს.
როცა ცხოვრება მთელს სხეულში ისე გაგივლის_
რომ კვალს დატოვებს იარები
ვით კრატერები,
მერე მიდი და დაეტოლე მარტოქალ მთვარეს,
ვერ გაანათებ ვერასოდეს უკუნს მასავით_
მელანქოლია შეგიყვარებს ანდა პირიქით,
და ვარსკვლავების წმინდა სხივიც უნდა დამალო.

მარი ჩაკვეტაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი