ჩემმა ეჭვებმა


***
 ჩემმა ეჭვებმა გამოღეჭა რამდენი ღამე,
მე კი ვერ ვასწრებ
არტახებშეხსნილ გაზაფხულზე გელაპარაკო.
სიზმრის ორმოში ჩაწოლილა ახლა მყოფადი,
და სანამ შენი ცნობისწადილი
წამწამის ღობეს გადმოაბიჯებს,
გაფიქრებითაც ვერ აღიქვამს გონი 
სასწაულს.
უღელში შებმულ ხარებივით 
მიათრევს დარდი ყოფას გატანჯულს.
მზის მცხუნვარებას ძალაგამოცლილს,
მიწის გული რომ მოისალბუნებს_
ასე მოწვდება ამ გულსაც მზერა,
შორეული და უმისამართო.
ჩამოჯდებოდე ჩემს ფიქრთან  ახლოს,
არტახებშეხსნილ გაზაფხულზე მინდა გიამბო,
როს ჩემს თვალებშიც შეიხსნება ვნება ქალური.
განმაიმედე განიმედევ ! განმაიმედე!

ნუ შეშინდებით თქვენ ნუშებო! ნუ შეშინდებით.

ჩემს ქუთუთოზე ჩამომჯდარი ჩიტების ფრთები 
ერთმანეთს როცა ეხებიან,_
სველ ფიქრს  უყოფენ.
და მათი ჩუმი ოცნებების გასხივოსნება,
შემკრთალ მთვარის შუქს 
რარიგად ათბობს.

რომ მომეყოლა გაზაფხული,
ფიჭვების ეჭვებს გამოქცეული_
თუმცა თავის თავს თავად მოყვება.

მარი ჩაკვეტაძე 
15.02.26

****
ღამ-ღამობით მოარული,
ცაზე გამოკრული ცალი თვალი,_,
ვერცხლის სირმით მაწერს ლექსებს გულზე,
მე კი მის გარღვეულ სევდას
ღილად მივეკერე,
ვარსკვლავების ლიცლიცს რომ ვუგდო ყური.
არ უხდება სევდიან განწყობას
ბგერების მოჩუქურთმება.
ქვეცნობიერში მიმოფანტულ რითმებს წერაქვით ვფანტავ,
ლამაზი ტკივილი რომ დარჩეს ოქსიმორონად.
...და ჩემი სული დაძრწოდეს
მოიისფრო მთვარის გარშემო,
_გაზაფხულის ცაზე მორონინე.

როდის იცოდი პოეტო
სად  იყო საცნაური ბედი შენი,
ბერდიშევის რომელიმე ტილოში ამოიცანით აბსტრაქტული თქვენი თავები?
ადამიანებში შეშინებული ღმერთი დადუმებულა,
და მხოლოდ კიდურების მოძრაობით,მანკიერებებს ხატავს ლოტრეკივით.

  /მარი ჩაკვეტაძე/
მარი ჩაკვეტაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი