ვარსკვლავის ნაწოლ ორმოში
*** ვარსკვლავის ნაწოლ ორმოში, ჩაწვება ჩემი სიყვარული, მტრედისფერი ოცნება ჩემი. გამოსაღვიძებელ მირიადებს გაუძლებს მდუმარედ. სად გაკრთება,რომელ ათასწლეულში ,-მზის სხივმა იცის. შენ,ვისი წინაპარიც მე ვიქნები,- მიპოვი ამ პოეზიაში მძინარეს და გამოაღვიძებ ჩემს სულს, განფენილს ყველა ბგერაში. ჟამი იქნება ალბათ უჟამო, მთვარე უფრორე დაჟანგული_ ყველა პოეტის საიდუმლო პალიმფსეტებად აღბეჭდილი მის გრილ სხეულზე. მე ვიყავ მაშინ გამოფიტული როგორც ახლა ალბათ თქვენი მზე. მირიადები გადმოვცურე, ცხოვრებას_ როგორც მხეც ქარიბდას გამოვექეცი, მე სიმპლეგადებს შორის გამოველ, შეჯახებისას ჩემი ნაფლეთი მაინც აღდგა და გადარჩენილი, დამსხვრეულ გემად მოადგა ნაპირს: ეს ოდინდელი არსებობის ტრანსცენდენტული დადასტურება. გადი მყუდროში ჩემს მოსასმენად, ტბის ზედაპირზე არეკლილი ვარსკვლავთსიზმარი გადაიკითხე. ყური მიუგდე,შენც იქნებ ახლა ჩამოგისახლდა დროებით სული, ძველი და სანდო. იქ გეჩვენები და შთაგონების წყაროდ ქცეული, მე, წინაპარი გიკარნახებ სხვა პოეზიას . 20.04.26 მარი ჩაკვეტაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი