***


***
ვერ გხედავ ლიბრი გადამეკრა,
ვერლიბრის ღვინო გადავკარი,
ძველი , წითელი და მათრობელა_
გარეთ ღამეა და მაკრთობს ველი.

მთვარე როგორ ზიდავს ამდენ დარდებს,
მართლაც ხომ არსებობს სხვა რისკები,
მოულოდნელად რომ ჩამოვარდეს
ცაში დაიფშვნება  სვაროვსკებად.

მერე იმათ ამბებს რა მოყვება,
სული მოიძიებს ცად ასულებს,
მთვარეც სამარეში ჩამომყვება,
დაუწერელ ლექსებს დაასრულებს.

ცაზე ანათებენ ვერლიბრებად,
ლიბრებგადაკრული ცის თვალები,
მე ამ სიყვარულის მერიდება_
ლექსში მიმიკრიად ვიმალები.

სულში შემოსული ისე ბრწყინავ, 
როგორც ღამის მცველი სვაროვსკები,
მე გაღვიძებულიც ისევ მძინავს_
ჩემი ცხოვრებაა სხვა რისკები.

/მ.ჩაკვეტაძე/
2020

***
დასაბამიდან მიტოკავდა ეული სული,
ხან შუბერტივით ჩამესმოდა ლექსები და მე...
"უსიერ ტყეში" ვერ ვაგნებდი 
ამ გზებს ბედკრული,
ვარსკვლავებიან  შავ 
ზეწარზე წამოწვა ღამე.

ვერ გავაგრძელე ტირეზიას მისნური აზრი...
რას მაბედებდა კასიოპე სინეკდოქურად,
...და მე ლექსებში დავეძებდი დაკარგულ იმ სულს
დაბადებიდან ქუდბედივით რომ დამეხურა.

ყოველ დაქტილად მე დაგეძებ ხელისცეცებით,
მსურს დავიჯერო.. იჭვის მუზა ვიხმე ტიალი,
მო ,ზურგჩანთაში ჩავალაგოთ ჩვენი ლექსები,_
ცაში წავიდეთ, ვარსკვლავებთან ვიხეტიალოთ.

***

ერთხელ ერთი ვარსკვლავის გარშემო
თვალხუჭობანა ვითამაშეთ.
მე ვერ მოგაგენი,
მთვარეს შეხორცებიხარ.
საზღვარუარმყოფელის 
ხელახალი დადგინება _
ნამდვილი სიგიჟე.
ჩემი ლექსის ქორალი
როგორ ცდილობს დაფაროს
ტკივილები ,
სულს რომ ააფხრიწა სიტყვებად.
სიზმარში გამოგონილი ყვავილები,
ჟივერნის ბაღის ვარსკვლავები,
გაცოცხლებული ტილოებიდან,
გული დასკდომიათ კრიკლეურად.
ბზარებმა დროებში მიმომატარეს.
რაღაც არქაულს დაეძებს სული,
ობში ამოვლებულს,
ამბივალენტურს.

თვალხუჭობანა ვითამაშეთ,
ვარსკვლავთგარშემო,
მთავრესშეხორცებულო,გაყინულო სულო,
ალბათ თოვად ფიქრობ რომ ვერ გიპოვე.

10.02.23.მ.ჩაკვეტაძე

****
ჩემს თვალებში იპოვე მოლიცლიცე მთიები,
"ცად აწვდილი ვედრება"_ ხეები და  მთებია .
ვიდრე გონის ბურუსში ყვითელ ფოთლად ვიშვები,
იქნებ მშველის შელი და....
იქნებ მიხმობს ბიშოპი.

წვიმის რაფსოდიები,რაფებს რომ სდის ცრემლებად,
დაზაფრული განცდები ელვას რკალად ევლება.

ახლა ისე იწვიმა,როგორც მესმა ქუხილი,
სულში გაზაფხულები
აჟრიალდნენ წუხილად.

წუხელ რითმის მატყლები საჩეჩელზე ვაწამე,
რომ დღეს ლექსი ვქსოვო და შემოვითბო ეს წამი.

მარი ჩაკვეტაძე 
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი