მოგვებმა მოგვითხრეს
*** მოგვებმა მოგვითხრეს_მისნობად ეთვლებათ, ადგილი იციან ზეცაზე მათ რუკის, რომელი ვარსკვლავი სად იქცა ფერფლებად, სხეულში მიხრჩოლავს დარდების პატრუქი. ის ფიქრი ,ის დარდი ფიფქებად ელვარე_ მწვერვალებს თოვლივით ახლა რომ უდნებათ, ადგება კალაპოტს დატოვებს მღელვარე რუ ,_განა ყოველთვის ადვილად დუმდება. ...და მთვარემ ვარსკვლავთა განწირულ ტარიგებს, ლამაზი ლამაზი სიზმრები უსურვა. მზე სხივებს ამრიგად რადგანაც არიგებს პატარა ჩიტები შეექცნენ უსურვაზს. ამ სხივთა სინათლეს ადვილად მივწვდები, კლდის შიგნით მდინარე ჩუმი და ცივია, ერთგული ძაღლივით ამ გულთან იწვები, დიადი რაცაა სულ დასაცავია. მარი ჩაკვეტაძე 30.05.24 *** ცამ სველი მუსიკა ფიქრად შეაშრო შრიალა ვერხვებს. ამ მელოდიაში მიმიკრავს მიმიკრიული მონატრება, გამოგონილი ჩემი ლექსივით. სინაცრისფრეებს უმღერებს მერე ნამტირალები ლილეს თვალები. ...და ამ დროს ფუნჯი ისე გჭირდება... თუმც წარმოსახვის შენს ტილოებზე, ციყვი ფუმფულა კუდს გილამუნებს, ნაძვის ყვითელი მტვერით დათხაპნილს. ვინ აქცევს ნახატს აქ კრიკლეურად. გადმოიღვრება ნაღველმყოფადი და მერე ქაღალდს უამბობს ამბავს , ამბავს ფერწერულ სევდით მოყოლილს. ...მხოლოდ ნაფლეთებს უცნაურ განცდის უტოვებს ლაქად ღრმა ქვეცნობიერს. /მარი ჩაკვეტაძე/2022 *** შემოქარვულა შემოდგომა, ნეკერჩხლის ნაკვერცხალი ანთებულა , სულშიც ასეთი ამინდია. სიყვითლეც ფერებს ანთებს ბმულად. ქარს დადევნებულს გავდა ფიქრი, დაჟანგულ მდოგვში გახვეული, დროში აირიე,გადამიქრი... სულო პოეზიას გახვევ ეულს. დაღმა ჩამოცვენილ ფოთლების კვალს, წვიმა შუაღამით აღმა ამჩნევს... ქისით რომ შეთვრება ნეკერჩხალი და თავს ქუჩის ბოლოს აღმოაჩენს. სულო დამითვერი_რითმი თვალე, როცა მიღმიერში გადირთვები, სულაც ნუ გაახელ სოველ თვალებს, ასე ლამაზად თუ გადის თვენი. 1.11.2022. მარი ჩაკვეტაძე *** ცაზე ფოთოლცვენა ყვითელ ვარსკვლავთა,_ სულების ციაგი შეწირულ კრავთა. მთვარე თავდახრილი ღრუბელის კარავთან, ...და დილის წვიმა თბილ სიზმრებს მპარავდა. ასე გალუმპული დავტოვე მიღმიური, დავქტილე როგორღაც ახლა მანდ რაც გორავს , ხეებს შევეხიზნე რომ ვიშემოდგომო, და დავეკიდო ყვითელ მანდრაგორად. მ.ჩაკვეტაძე. 09.2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი