***


*******

ცას ვულაციცებ ფიქრებს ახლა,
მელანქოლია გაქრეს იქნებ,
თავად დასჯილო და ღამეულო
ზეცავ ვარსკვლავი მომიწიწკნე..

სულის სანათად რომ მჭირდება,
იცი და ალბათ მეწამლები,
პოეტი განცდებს იქ აგროვებს,
ჰოდა ,ბზინავს ასე მეწამულად.

ყელზე მომებჯინა ცრემლები და...
მე კი ქედმაღლურად ვუმკლავდები,
მთვარევ ,მეგობარო შენთან მინდა,
სინაცრისფერე და უკვდავება.

სულის ასანთებად გზა მაჩვენე
ცაო, მომიწყვიტე ის ვარსკვლავი,
სანამ წამწამები ცრემლს აჩერებს
სანამ ღრუბელია დასაკლავი.

/მარი ჩაკვეტაძე/ 2021.05.

***

ცაზე ვარსკვლავები სულის წიოკია,
მინდა მოვიგონო გალა- თეატრები,
ბწკარედს ვერ ვითმენ და ლექსს ჭირს მიოპია,
კვიპროსს ვესტუმრე და გალათეას ვხვდები .

გათლილ სტრიქონებში მინდა მაქანდაკო,
თვალებს დამიხატავ ალბათ სმარაგდებად,
უსასრულობაში იქნებ არ დამკარგო_
სული პოეზიით ასე მარაგდება...

ასე მეწამულად რადგან ანათებენ...
ცაზე წიოკობენ ალბათ ვარსკვლავები,
მთვარეს შავ ღრუბლებთან
ერთხმად ამართლებენ,_
მე კი შესაწირი ახლა  ვარ საკლავი.

/მარი ჩაკვეტაძე/2021

******

ლექსები არის ჩემთვის თავდახსნა,
ბორკილებისგან ყოფიერების,
რომ გამოვიხმობ ბგერით ორფეოსს
და მერე სულზე დაგემღერები.

...და ეს სამყარო მასწავლის თმენას,
ქვის ქვეშ დავაფრთხობ ქამელეონებს,
არ ვემსგავსები არავის ენას,
და ვნება წამით ვერ დამიმონებს...

გადაიფიქრებს მზე თავის მოკვლას,
გაახალისებს ამ სულს ვებერი,
კონტრასტი ერთად დაიწყებს შეკვრას
და თავს დაუხრის ორფევსს ცერბერი.
 ვერცხლი გაფანტავს წყვდიადის სათქმელს,
სული სხივებზე დაიწყებს ლივლივს,
და ვიდრე გულის მიგიგნებ სარქველს,
ეს პოეზია იქამდე ივლის.

/მ.ჩაკვეტაძე/2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი