სანამ ეს ამბავი მოხდებოდა...


.  .  .

 სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, მე მეორე კლასში ვიყავი, ის-მეთერთმეტეში. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით...იმ დღეს კი მის ეზოში რომ შევედი, ლეღვის ხეზე იყო ასული. დამიძახა, ხომ არ გინდაო? არა-მეთქი... დედაშენი მეორე კლასის ქართულის წიგნს დამპირდა და იმისთვის მოვედი-მეთქი. კარგად სწავლობო და, კი-მეთქი... ჩამოხტა ხიდან წითელი სპორტული ეცვა, გვერდზე ზოლებით, ხის მტვერი ერთი ხელის მოძრაობით ჩამოიფერთხა. ისე ასუფთავებდა, ეტყობოდა, რომ ახალი იყო და უფრთხილდებოდა... ოდნავ გრძელი თმა ჰქონდა, უკან მოშვებული და წინ „ჩოლკით“- ძალიან უხდებოდა. მთელი სახით მიღიმოდა. ანთებული  თვალებით მომიახლოვდა, ლოყაზე მიჩქმიტა და დედამისს დაუძახა, წიგნი გამოუტანე ბავშვსო. მერე თვითონ გამომიტანა და გზადაგზა ფურცლავდა, სულ უნდა ისწავლო ესენიო და არვიცი-მეთქი. გამიღიმა, წიგნი მომაწოდა და ისევ ლეღვის ხეზე აძვრა. ქვემოდან ვუყურებდი და არც კი ჩანდა ლეღვის დიდ ფოთლებში, მაგრამ ახლაც თვალწინ მიდგას მისი სპორტული ტანსაცმელი, რომელიც, შიგადაშიგ, გამოჩნდებოდა ხოლმე... წამოვედი და გზად ძალიან ბევრ რამეზე ვიფიქრე ბავშვურად. ვითომ,  კარგი მეგობრები ვიყავით... ვითომ,  მელოდებოდა და სკოლაში ერთად მივდიოდით... ვითომ... ტოლები ვიყავით და ძალიან მაბედნიერებდა ეს ფიქრი! ისეთი განცდა მქონდა, რომ ვიღაც მნიშვნელოვანი გამოჩნდა და სანამ სახლამდე მოვედი, მისი შეყვარებაც მოვასწარი...არა, როგორი იყო ეს შეყვარება, არ მახსოვს, მახსოვს, რომ მასზე ფიქრი მსიამოვნებდა...ამასობაში, სახლშიც მივედი, წიგნიც დავათვალიერე და მიხაროდა, რომ ამიერიდან გაკვეთილების გადაწერა არ მომიწევდა... შუადღე იყო, მზე მაგრად აჭერდა. მე, წიგნით ხელში, კიბეზე ვიჯექი...  ჩამთვლიმა... მეზობლის განწირულმა ხმამ წამომაგდო. .მის სახელს გაჰყვიროდა და ამბობდა, სათევზაოდ წასულა და დენმა დაარტყაო. ვერაფრით ვერ მივხვდი, დენს რატომ უნდა დაერტყა თევზაობისას. მაგრამ ის მახსოვს, რომ ვუთხარი, ტყუილია, ის ლეღვის ხეზეა, მე ვნახე ახლა-მეთქი. არავინ არ მისმენდა, სრული შოკი იყო... ყველა თავისთვის მოსთქვამდა და იქით გარბოდნენ, საიდანაც მე მოვედი ნახევარი საათის წინ. დღესაც არ ვიცი, რისი შემეშინდა და რატომ არ გავიქეცი მეც, მაგრამ არ წავედი. მახსოვს, რომ შემეშინდა. ჩემი მშობლები და მეზობლები რომ დაბრუნდნენ, არაფერი უთქვამთ, მხოლოდ ის თქვეს, რა ლამაზი იყოო, როგორ უხდებოდა თვალდახუჭულსაც წითელი ფერიო...არ მახსოვს, რა ვიგრძენი იმ წუთას, ან როგორ აღვიქვი ეს ყველაფერი, მაგრამ არაფერი მითქვამს... არაფერი მიკითხავს... მეორე კლასის ქართულის წიგნი მეჭირა ხელში და საკუთარი გულის ხმა მესმოდა... იმ დღეებში მე და დედა ქალაქში წავედით, უკან ფეხით გამოვიარეთ 10 კილომეტრი, მის სახლთან რომ მივედით, ხალხი ირეოდა და შუქი ენთო ყველგან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დედას ვთხოვე, შევიდეთ-მეთქი და გავუხვიეთ. ბნელოდა... შორიდან დავინახე კუბო, ახლოს არც მივედი, უსაშველოდ დიდი იყო ის, ვინც იქ იწვა. ვერ ვიცანი... უკან წამოვედი და თავი დავაჯერე, რომ ის ,,ის“ არ იყო და ყველას ეშლებოდა, რომ ის ისევ ლეღვის ხეზე იყო, წითელი სპორტული ეცვა და მიღიმოდა...მე დავიჯერე, რომ ის არ მომკვდარა და ამოვისუნთქე...მის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ალბათ, ათი წელი მის სახლზე შავი ნაჭერი ეკიდა, სადაც მისი სახელი თეთრად ეწერა. მერე მზემ გაახუნა და მკრთალად მოსჩანდა, მაგრამ ყოველ გავლა-გამოვლაზე ვაკვირდებოდი და ვარჩევდი ასოებს და ვკითხულობდი მის სახელს, სულ მეგონა, რომ იმ ლეღვის ხიდან მიყურებდა და მიღიმოდა, მეც ვუღიმოდი... გეფიცებით, ის არსად არ წასულა, ლეღვის ხეზე დარჩა... პ.ს. ამასწინ,  სოფელში რომ ჩავედი, შევნიშნე, ლეღვის ხე მოუჭრიათ... ისევ გავიგე ჩემი გულის ხმა....არა, არ გეტყვით რა ვიგრძენი!

მარი ბობოხია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი