ქარი არავი და სხვა არავინ


აღარ მაქვს უკვე წვიმის ფობია,
ჩემ გარდა ყველა საწვიმრით დადის,
მე და მზეს შორის დიდი ომია,
მე რომ მჭირდება, მაშინ რომ ჩადის.
ღრუბლის ფენებთან ბრძოლა მწყურია,
დილის ათინათს მართმევს და მიდის,
მეწყება მგონი შავის ფობია,
ვერ ვიხდენ, ანდა არ მესმის მოდის.
რენესანსს ვეძებ ჩემში წლებია,
ვგრძნობ, ბალანსს კარგავს საათი ქვიშის,
დროსთან ჭიდილი ჩემი ჰობია,
ბრძოლაში ჩართულს არ მესმის შიშის.
გემზე ასულმა დავკარგე ჰალსი,
კვლავ მომიწია ჩაგდება ღუზის,
ზღვასთან ვიცეკვე მე ნელი ვალსი,
დავრჩი ამარა მე ჩემი მუზის. 
სხვა ყველაფერი ყოფილა ფარსი,
ვთქვი, მივეძალე კვლავ ეპიგრამებს,
ცხოვრების გნიასს არა აქვს არსი,
უკვე კარგად ვცნობ მის ფონოგრამებს.
აქ, შორიახლოს დათარეშობს ქარი არავი,
დროდადრო მოდის, მინიავებს სიცხით დაღლილ მხრებს,
და ის ისეთი ერთგულია, როგორც არავინ, 
ვგრძნობ,  ჩემთან ერთად, ხშირად როგორ ამოიოხრებს.

დრო აღარ იცდის, უნდა ვპოვო მე ავგაროზი,
თორემ გარშემო ბინას იდებს ღრმა ტარტაროზი,
თუმც რკინასავით გავძლიერდი, გავხდი გოროზი,
ყელში მაქვს უკვე ამ ყველაფრის აპოთეოზი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი