მე და ჩემი მე


ივნისის ღამეს უჩვეულო სუსხი სცოდნია,
ღამის წყვდიადში ნაცნობ მზერას გრძნობს მე ფანჯრიდან.
მე ჩემს მესთან ვარ მარტო და მას ალბათ ჰგონია,
ვერ გრძნობდეს თითქოს მე მის ურცხვად მზერას შორიდან.

წყვდიადით მოცულ მუდმივ სტუმარს გულცივად დავხვდით,
ჩამოვაფარე მე ფარდა და ჩემს მესთან დავრჩი,
შუამავალი არ მჭირდება როცა ვარ მასთან,
უსიტყვოდ ვუგებ თუკი ვინმეს, არის ჩემი მე.

ამ ღამის სტუმრის გულწრფელობა ჩემს მეს აეჭვებს,
ხან ნამგალაა, ხან "გულსავსე", ხან "დაკოდილი".
ჩემი მეს შიში მეც დამეტყო, ავყევი ეჭვებს,
რა უფლება აქვს ყოველ ღამე ურცხვად რომ გვიცქერს?!

მე ხშირად მწადდა მესთან ერთად მარტო დარჩენა,
მე მასთან ერთად ფიქრი მიყვარს და ლაპარაკი,
მე მხოლოდ ვიცი მეს ტკივილი,სევდა და წყენა,
სხვას არ უყვება, უთქმელია და ხშირად წყნარი.
მე ყოველ დილით ჩემს მეს ვხედავ დაღლილ სარკეში,
ის მე ისე მგავს, ამას მხოლოდ ერთი მე ვამჩნევ,
მე ხშირად მითხრეს არ გავხართო შენ და შენი მე,
შეცდნენ, ალბათ მე შეეშალათ სხვა ვინმეს მეში. 
მე ყველა მიცნობს, ჩემს მეს კი ცნობს ბევრი არავინ,
მეს გული წყდება, რომ ჩემს გვერდით ზის უცხოსავით,
მე მომიკითხავს თითქმის ყველა შემხვედრი სახე,
მეს კი ამბავსაც არ ჰკითხავენ იქვე გვერდით მდგომს.
მეს ენატრება ბავშვობა და მშობლები, და-ძმა,
მე თავს უცხოდ გრძნობს მკვდარ ფერებში და ფერმკრთალ ხალხთან,
მეს რაღაც სტკივა, ამ ტკივილს კი წამალი არ აქვს,
მას მოურჩენენ საყვარელი მისი სხვა მენი.

მე მესთან დავრჩი როგორც სხვა დროს, მაგრამ ის არა,
ხმა აღარ გამცა მე ჩემმა მემ, აღარ მენდობა,
სხვათა მეების გამხნევებით დაკავებულმა
ჩემმა მემ ზურგი მაქცია და მიუცხოვა.

ფარდა გასწია, ბნელ სტუმართან ყოფნა არჩია,
მისი სიცივე და "სიბრმავე" ჩემს სითბოს არჩია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი