ექსპრომტი
უთქმელობა მიზეზია სიტყვა აზრის წამალია სათქმელს მხოლოდ კალამს ვანდობ ჩემში ჭარბობს პოეზია. ართქმულ სიტყვებს თან წავიღებ სხვა არვისთვის არ გავიღებ დამამძიმებს, ქარს გავატან გამოსთხოვე, თან წაიღე. სული ჩემი სამარეა შენ წინ მუდამ მდუმარეა დრო არ იცდის, დრო არ გვიცდის მაგრამ, ალბათ, ჯერ ადრეა. ბედს ვეძებდი, გზები ვთელე გზაზე შემხვდა მწვანე ღელე ღელეს ჩიტი ჩამხრჩვალიყო ვეცადე და ვერ ვუშველე. ბევრი ვწერე, ბევრიც ვხიე სანამ მუზად შემეწიე მერე ლექსი გასცდა საზღვარს მერე ჩემ თავს დავეწიე. სულს სწადია მწარე მოთქმა ბევრი ისმის მითქმა-მოთქმა დრო ყველაფრის მკურნალია უკვე მოხდა, უკვე ითქვა. ხარბი არის კაცის გული ამიტომ აქვს ბევრი წყლული ვერ ერევა საკუთარ თავს მოერევა გრძნობას რული. მარტოობის სიმყუდროვე შემიყვარდა, თავს ვადროვე ბედისწერას კვლავ ჩამოვრჩი, დაგეწევი, გთხოვ, მადროვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი