აღსარება ანუ... ბანანნახევარი


რაოდენობრიობის თვისებრიობაში გადასვლის კანონი გაგიგონიათ? 
კიდევ კარგი, რომ   არ  გაგიგონიათ.
ისე, მეც რომ არასდროს  გამეგონა უკეთესი  იქნებოდა.
ამ კანონით, წყალი,  ორთქლი და  ყინული  ერთნაირი  ქიმიური სტრუქტურისაა, ერთმანეთისგან  მხოლოდ  ტემპერატურით განსხვავდებიან.    ისე სამივე  წყალია...
მაღალ ტემპერატურაზე  გაცხელებული წყალი ორთქლდება და...

გამოგიცდიათ?  
მიდიხარ ქუჩაში,  ამნაირებზე  ფიქრობ,  ბანანის ქერქზე ფეხი გისხლტება და ბრახ...კეფით ეცემი ასფალტზე.
რეანიმობილი და მსგავსი ობიექტები არ გახსოვს, მაგრამ როცა აზრზე მოდიხარ, ჭერსმიშტერებული სუბიექტი ხარ.

წინააღმდეგი თუ არ იქნებით,  ერთ პერსონაჟს შემოვიყვან...
მას მაინც არაფერი შეუძლია და  ხელს არ შეგვიშლის.
ჯობია რომ ის ქალი იყოს. 
ქალი,  მაგრამ როგორი? 
ჯანმრთელი თუ ავადმყოფი? 
კი  ჯობია, რომ  ის ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ... 
ის  ავადაა.  კეფა აქვს დაშავებული და ვეღარასდროს შეჭამს ბანანს.  

მაპატიეთ ასეთი გულახდილობა, მაგრამ როცა  წევხარ და ჭერში იყურები, მხოლოდ საკუთარ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე ფიქრობ,  ბოლოს როდის მოშარდე ანდა კუჭში გასვლა  ხომ არ დაგიგვიანდა, ზოგჯერ იმ ექთანზეც,  დღეგამოშვებით  გადასხმას რომ გიკეთებს   და ხანდახან  იმაზე,  როდის დადგება იმქვეყნიური ცხოვრება.
თუმცა იმქვეყნიურ ცხოვრებაზე სულის ცხონება  გახსენდება მაგრამ  ამისათვის  ამქვეყნიურად არაფერი გაგიკეთებია. 
(აქამდე თუ არ გაგიკეთებია, აწი  ვერაფერს გააკეთებ.  ხელფეხი გაშეშებული გაქვს )

ნუთუ სულ არაფერი?

სულ ისე არასწორად როგორ იცხოვრებდი, რომ განგების სასწორზე ვერაფერი  დადო?
არადა , არც ისე უაზროდ გათიშული ხარ, რომ არ გახსოვდეს, როცა მარხულობდი, სინამდვილეში ბევრ ცოდვას ჩადიოდი,  სხვას აცდუნებდი.  მერე კი  მასზე მასტურბირებდი...
.
შვილების გამო ყველაფერს რომ აკეთებდი და მათ არაფერს აკლებდი,  ეს არ ითვლება ისედაც ხო? 

აბა, მეგობრებს ხელს  ვერ უმართავდი და  რაში  გამოგადგება...

ქუჩის მათხოვრისთვის ჩაგდებული თეთრები სად რას გადაგიწონის?
თორე მაგას ყოველდღე აკეთებდი შენც რა.

ერთხელ უფულო სტუდენტს სწავლის საფასური გადაუხადე....სულ რაღაც ორასი ლარი იყო და...
რა სათვალავია..

უანგაროდ რომ ასწავლიდი ყველას , რისი სწავლებას  შეგეძლო?

სამაგიეროდ,  ამპარტავანი იყავი  და თავი სხვაზე უკეთესი გეგონა. ქმარზეც კი...ამის გამო ჩხუბი  ქრონიკული ვირუსივით არ გცილდებოდა  ოჯახში,  ვიდრე სიყვარული წამოსროლილ  სიტყვებს შორის  არ დაიკარგა  და ერთ დღესაც აღმოაჩინე,  რომ ის აღარ გიყვარდა.

(ტყუილებზე ხელფეხი გაგიშეშდებაო...მეტი რაღა გაგიშეშდება)

დაცემამდე, გურამას და მისი ცოლს რომ აგინე, ეგეც ცოდვაა?!  
საგინებელი იყვნენ, აბა მაგათი კახპა ვინაა...

ახლა განა ეს სანიტარი არაა საგინებელი?  შემოვარდა,  აგაგლიჯა პლასტირი და ფეხებზე 
დაგიკიდა, გტკივა თუ არა...შეგეკითხა რამეს? 
რავიცი, მე არაფერი გამიგონია.

ისე, რას აგეკვიატება ხოლმე რაოდენობრიობა და თვისებრიობა რა...წყალი მაინც წყალია.

წყალზე გამახსენდა, მგონი მოშარდვის დროა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი