კაბა
კაბას ვიკერავ, შევარჩიე ფირუზის ფარჩა, მინდა, ზღვასავით უსასრულოდ შევძლო ლივლივი; ამოვაკემსე გულის პირზე დარდი, რაც დამრჩა და ქამრის ნაცვლად დავამაგრე წნული გვირილის. ნეტავ შემეძლოს, რომ დავკემსო საგულდაგულოდ ჩემი ცხოვრებაც, გამოვლილი ქრონოლოგია. სადღაც ამოვჭრა წლები, სევდის საგუბარები, დავატუსაღო კარს მომდგარი ეს ელეგია. მაკრატლის ჭრიალს გავატანო თორმეტი წელი, ჩემი ასაკიც დავაწიო ყვავილებს ქორფას. მივუსადაგო ყველა ძაფი ცის და ზღვის ფერი, ამონაჭრელი არ დავატყო ჩემს კაბის ქობას. გადაკემსილზე რომ არ შერჩეს ნაწიბურები, მერე გვირისტად გავაყოლებ მე ოქროს სირმებს და დღიდან, როცა შვილის გაჩნდა ნაფეხურები, კაბასაც მკრთალად დავაქარგავ შვლებსა და ირმებს. სულ გაზაფხულად ავაყვავებ ზურმუხტის ფარჩას, შვილის მომავალს რომ ვადარო ბედით ნებიერს; ჰო, უნდა შევძლო, უნდა ვკემსო, იქამდე დავჭრა, ვთქვა, რომ ცხოვრებას კაბასავით ვირგებ ბედნიერს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი