ცხრა


გელოდებოდი!
თორმეტი წლის წინ,
ამ სხეულში რომ ჩაისახე
და გულისცემას გაყურსული უსმენდი ჩემსას,
ცხრა გაწელილი წელიწადის ბოლო
და სიხარულის საწყისი
იყავი მაშინ.
შენზე ძვირფასი
არც არავინ და არფერი ყოფილა
განვლილ ცხრა წელში - სიცარიელე!..
თუნდაც იმის წინ, შენზე ძვირფასი?
ახლა ვხვდები, რომ დედაშვილობამ შეძრა სამყარო.
სულ მაქვს განცდა, რომ ქრისტე ღმერთმაც კი,
მარიამის ლოცვა ისმინა, როცა ის აღდგა...
დედაშვილობის ძალა არის შეუცნობელი
და დედის ლოცვას
უხილავი კავშირი აქვს სამყაროს არსთან.
წლები რომ გავა,
ისევ მოუსმენ ამ გულს,
რომელშიც მხოლოდ შენ ზიხარ,
მიაყურადებ, ახლა უკვე შემდგარი კაცი,
პულსის სიხშირეს ჩამოითვლი მხოლოდ თითებზე,
სინანულისგან კვლავ მიიღებ
ემბრიონის საყვარელ პოზას,
კვლავ გაიბრძოლებ,
უკვე ჩემი სიცოცხლისათვის
და გამაცილებ.
მე იქაც შენ დაგელოდები,
ცხრაასი წელი...
რადგან მგონია, რომ მხოლოდ
შენი ძვირფასი სიცოცხლის ჭურჭელი ვარ.
ცხრა საოცარი ციფრია, ერთეულების სასრული.
ჰოდა, ჩემი მარტოობაც ცხრა წლისა და ცხრა თვის ლოდინმა დაასრულა.
აღარ ვარ მარტო
და შენც მხოლოდ მაშინ დაგტოვებ,
როცა მშობლის ტვირთს დაიდებ მხრებზე,
შვილიშვილების მზრუნველობა დამატკბობს მოხუცს,
თანაც ხალისი ამიფერადებს
ვერცხლისფერ თმას -
დაეფინება ინა ალისფრად ...
ჩემო ცხრა წლის ნანატრო ბიჭო,
მიკვირს, როგორ იტევს
ამ უსაზღვრო სიყვარულს
სამყარო.

2020 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი