დამნაშავე
გამჭვარტლულ ღუმელს ჰგავს ეზოში ჩამდგარი ოდა და კრამიტებზეც საკერველი ადევს თუნუქის; ნერვდაწყვეტილი ქარი ყბედი ქალივით მოსდგა, თეძომოვარდნილ კარს უპოვა კვალი ჩულუხის. თუმცა მანამდე, სახლის გვერდით ბუმბერაზ კაკალს, გადაუგრიხა გამხმარი და ნორჩი ტოტები. ვერ მოერია ტოტს, რომელზეც იწყებდნენ კანკალს საქანელაზე გამობმული მსხვილი თოკები. ჭუჭრუტანიდან სახლში ფარდებს წაეთამაშა, მისწვდა მასპინძლის ნაჯაფარ და დაკოჟრილ ხელებს, გარეთ გასული წამოედო კარის თამასას და დარდი იქვე გამოაბა ურემზე ხელნებს. ფიქრდახუნძლული კაცი ცრემლებს იწმენდდა მუშტით, კბილთა ღრჭიალით პასუხობდა ცოლ-შვილის კვნესას, სნეული ბავშვის ტკივილებმა გახადა კუშტი, უსუსურობამ უიმედოდ გულში დაკვესა. არსაით შვება, არსად ხსნა და ხახადაფჩენილ სიღარიბესაც ვერ ამოსდო პირში ლაგამი და ახლა მხოლოდ ხვნა-თესვისგან იმედგაჩენილს, მშიერ-შიშველი დარჩენია ბეჩავს ნაგრამი... სნეული შვილი ოხრავს, ითხოვს ყველასგან შველას, ყელში ბოღმის და თვალში ცრემლის ბურთი აქვთ მშობლებს; როგორი გამძლე უნდა იყო, ვერ შეძლო შველა შვილის და მაინც, საღი აზრი არ და ვერ გთმობდეს. სიკვდილ-სიცოცხლე ყოველდღეა ახლა სასწორზე, პინა ირწევა და ირევა კაცის გონებაც; გამთენიისას ის დატოვებს ფიქრებს საწოლზე, შვილების სამოსს სიყვარულით ჩაეკონება. დატოვებს ოდას, ქარიც შიშით დუმილს დაიცავს, ნახირის ჩქამი გაისმება შორს, ორღობეში; ხელის კანკალით საქანელის გაჩორკნილ ფიცარს ხესთანვე დადებს, წვიმით სავსე მომცრო გუბეში. ზედაც შემოდგამს თავის ჯორკოს, უშნოდ გარანდულს, სწრაფად შედგება, ვეღარ ფიქრობს, ხვალ რა იქნება?! ნეტავ, არავინ შეამჩნიოს, ეს აჩქარებს თუ განზრახვის შიში და იმისი გადაფიქრება?! ...მამალმა უკვე გათენების წამოიყივლა, ძაღლის ყმუილმა ვერ დაფარა მოთქმა შვილების, მეზობლის ჭიშკარს ელდა დაჰკრა ცოლის კივილმა, კაცი თუ ქალი წამოვიდა ზვავის დინებით. უწინ თუ მადლის სანოვაგე მოქონდათ ღვთისთვის, ახლა ხონჩაზე სინანული დაედოთ მხოლოდ, თავის კანტურით კითხულობდნენ: ვინ? რატომ? რისთვის? ვერ ამოეხსნათ მიზეზების თავი და ბოლო. მწარე ბავშვობას საქანელამ პასუხი გასცა... გაყინულ თვალთა მზერა შერჩა ღრუბლების რემას და წამოროშა გაგონილი სიბრძნე ვიღაცამ: - მოკლული თუა, მკვლელი თვალში აირეკლება!.. სიჩუმემ შიში წამოშალა, ვერავინ ბედავს, ფარისეველის ცნობისწადილს მისდიოს ახლა, შეჭირვებულის გულში როცა არ ჩაუხედავს, მის თვალში მკვლელი რომ იპოვოს, რით შეძლოს ნახვა?!. გაყინულ თვალებს ცოდვის შვილი უსწორებს ღმერთსაც, ზეცას შეჰყურებს, სული უნდა რომ შეაყვაროს; კაცის თვალებში დამნაშავეს ეძებენ ერთს და ოჰ, საოცრებავ! ისახება მთელი სამყარო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი