მიწა
ლურჯი ზეწარი გადაეკრა დედამიწის ჭერს და ჭრილში მთვარემ გამოიხედა. დამზრალმა მიწამ კიდევ ერთხელ ამოიგმინა, ყური მიუგდო სამყაროს სუნთქვას და დაშაშრული იარები ისე აეწვა, მჯიღი შემართა... ეჰე, რამდენი წელი არის ეს ბაღჩა-ბაღი მზეს ეფიცხება, ხრიოკად იქცა!.. აღარც არავინ უცვლის სამოსს, არც უკემსავენ მზისგან ამომწვარ, კანზე მიკრულ ჩითის მაქმანებს. აქ თოხის ტარიც ჭიაღუას ლუკმა გამხდარა. აბა, ამისთვის ვიღას სცალია?! ასფალტდაფენილ დედამიწას ეტრფიან მეტად, ჭრიჭინობელას ხმაურს მათთვის, ძრავის გმინვა სჯობს და ქაოსურად ატეხილი მოძრაობა უძრაობაში. ასე თვლემს კანდამწვარი მიწა უღონოდ, ვით უნაყოფო, სევდაშეყრილი, შენატრის იმას, ვის გულზედაც ნერგმა იხარა, ვისაც კი ხნულმა ახალთახალი კაბა ჩააცვა და ზედ დღეებმა დააქარგეს პეიზაჟები, ბარაქისა და სილამაზის აღმოცენებით. მაინც მგონია, ვინც იცის მადლი მიწისა და მას არ გაურბის, ზრუნავს და უვლის, მოსავს ათას მაქმან-ფარჩა-ატლასით, მას სხვანაირად ეფერება მიწაც მას შემდეგ, როცა მის გულში დაივანებს ზეციურ სულით. მიწა გარჩენს და საბოლოოდ მიწა გიკედლებს... ახლა კი, ახლა დაშაშრული სხეული ეწვის... ჭერს გადაეკრა ლურჯი ზეწარი და საგანგებოდ გაკეთებულ პატარა ჭრილში, მხოლოდ ნახევრად გაიხედა ბურთივით მთვარემ და კიდევ ერთხელ ჩაიბუტბუტა: მიწას სჭირდები, მიწა სულ გნატრობს, მიწა გეძახის, ადამიანო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი