ქუთაისი


დილა თენდება, დაჰღუდღუდებს მზე საფიჩხიას,
იღვიძებს სახლი, სკვერი, ქუჩა - ცხოვრების სცენა;
ამ გულმა დიდი სიყვარულით შენ აგირჩია,
შენიდან მესმის იმერეთის მე მაჯისცემა.

თეთრი ხიდის ქვეშ დინჯი მზერით რიონი მიხმობს
და ლეგენდებით სიყვარულზე მიყვება ამბებს,
აქ თეთრი ქვები, მთვარისა და ვარსკვლავთა სიმსხო,
შეყვარებულთა ფიცს ისმენენ, ვინ იცის რამდენს?!

ჯაჭვის ხიდთან კი თავმომწონე მაგნოლიები,
ყელმოღერებით, გაზაფხულის გვამცნობენ მოსვლას,
მწვანეყვავილას გორას აყრის ლურჯი იების
ბატონები და ტაძრის ირგვლივ ისმენენ ლოცვას.

ქალაქის თავზე ცა მკრთალია და გაცრეცილი,
ზედ ყველა ქუჩას ბილიკ-ბილიკ თვალებით ვლამბავ,
გელათისაკენ გზებიც ბევრჯერ მაქვს დაკეცილი
და ფიქრში მუდამ საძვალეზე ვძერწავ ძველ ამბავს.

რა ამაყია ის ქალაქი, არც აქვს ბადალი,
რომელსაც მკერდში ჩაკრული ჰყავს მეფე დავითი,
სად იწრთობოდა, დღესაც დნება, სიტყვის მადანი,
საგოგმანებელ სახელებს ხომ ვერც კი დავითვლი...

როდესაც ცაზე მთვარე ტახტს დგამს, ირჩევს ამბიონს,
ვერ იტყვი დაბლა, რომ ქალაქი თვით სარკეს არ ჰგავს,
ვარსკვლავი აზის ყველა ქუჩის ყველა ლამპიონს,
უქიმერიონს ტახტრევანი საუფლო ადგას:

წამომართულა მხარზვიადი, თანაც ჭარმაგი
და ბრძენთაბრძენის შეგონებით წერს მატიანეს;
ჩუქურთმა მღერის, ფრესკა გალობს ციხე ბაგრატის,
ქართველ მეფეთა სული გუმბათს კვლავ დასტრიალებს.

ფიქრი დამყვება, საუკუნეს ვერ ვითვლი თითზე,
ბაირაღივით ვფენ ლოჟაზე საამო ჰანგებს;
მეც მივგოგმანებ ქუჩა-ქუჩა ,,დაისის" რიტმზე
და ვეფერები აფიშებზე გაწოლილ ლანდებს.

რატომ არჩია აქ ცხოვრება, ვერ ვხვდები განა?
დააბიჯებდა მთვარით ნაფენ არემარეში,
თოვლსაც იისფრად, პოეტურად ხედავდა გალა
და ლურჯ სვეტებსაც მტრედისფერი ედო ღამეში.

ენაწყლიანი, გულსავსე და ცოტაც კვიმატი,
მაცილებს ტკბილი მასპინძელი, გზა ჯერ გრძელია;
ამ სითბოს შემდეგ შევიჩვიო სხვისი კლიმატი,
სხვისი ფრთების ქვეშ მოვკალათდე, როგორ ძნელია.

შემომეგებე მზის სხივებით, თბილო აისო,
მინდა სიკეთე გიწილადო ჩემი ხელიდან,
შენკენ მახედებს სიყვარულის გზა, ქუთაისო,
მე იმერეთის მაჯისცემა მესმის შენიდან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი