იასამანი


იასამანმა ჩემს ლარნაკში სიცოცხლე დათმო
და მოიწონა თავი გარეთ, აპრილში,  როცა
წამოიზარდა და სიმაღლე ყლორტებით მამცნო, 
ჩემს ფანჯარასთან მომაგება გულთბილი კოცნა.

როცა ქარია, გამუდმებით მომიხმობს, ტოტებს
აახმაურებს, აამღერებს ფანჯრის მინაზე,
ჩუმად გავხედავ კუთხეში მდგარ ძველისძველ მოლბერტს,
იქნებ ტილოზე დავიტანო მისი სინაზე...

მზეზე დარჩენილ კაბასავით ხუნდება მერე
და სურნელებაც ისე მიაქვს, ვით სატრფოს, წასულს...
მე ისე ვნანობ იასამნის დაკარგულ ფერებს, 
როგორც არასდროს არ ვინანებ გაცრეცილ წარსულს.

სარკმელთან ფეხი აიდგა და სტუმრად  მეწვია
ჩემს სამყაროში, გამახარა მისმა ამ ნებამ,
და ახლა,  როცა შენს თვალებში დირეც ბეწვია,
მე თვალებს ვხუჭავ, რა იციან იასამნებმა?!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი