სიცოცხლე
სიცოცხლე ადამიანების სულებით სუნთქავს სამყარო, ან პირიქით... სუნთქვასაც თავისი პოლიფონია აქვს. სიცოცხლეს კი - ცრემლის საწყისი და სასრული... უფალო, შემიწყალენ!- ხუთი წლის გოგოს დედა ვდუდუნებ, ნეტავ სანამდე მივაცილებ?! სიცოცხლის ძაფო, სად გამიწყდები?! სკვნილებს ვაკეთებ, თან ვლოცულობ, ჩემს იმედს ვაბამ გასაწყვეტ ძაფზე... ტაძარში მისულს აღარ მაქვს ფიქრი, თავსაბურავი ხომ არსად დამრჩა?! რამდენი თვეა, თმის მაგივრად, ფერად სახვევს ვისწორებ თავზე და თითქოს მუდამ მზად ვარ ლოცვისთვის... უფალო, შემიწყალენ! ესეც სიცოცხლეა, ნაღმის სუნით გაჟღენთილი. მე მზის სუნი მენატრება, წვიმის შემდეგ მიწას რომ აშრობს და ბალახების იდუმალი ოხშივარი ჟანგბადთან ერთად რეცეპტორებს ფუთფუთით მივსებს; მზის ნაცვლად ფოტონის სხივები მემეგობრება... პირმოკუმული ვკვნესი რომ შვილს არ გავაგონო, დედას არ ვატკინო, ქმარმა ამიტანოს, მეგობრებთან ღიმილი შევძლო... ესეც სიცოცხლეა შავ ჩარჩოში მოქცეული, რომელსაც ან გავაფერადებ, ან შიგ ფოტოდ დავრჩები. შეწირული ბატკანი ვდუდუნებ: უფალო, შემიწყალენ! ომი მაქვს კიბოს უჯრედებთან, გამარჯვება მინდა. ცრემლიან თვალზე წამწამი არ შემარჩინა , დაუნდობელი მეომარია და ბარბაროსიც. ესეც სიცოცხლეა, შიშის თვალებით... ტაძრამდე გზაზე საფლავები მხვდება და ვფიქრობ, რა პაწაწინა სახლები გვყოფნის იქით წასულებს, აქ რად ვიშენებთ კოშკებსა და ფართე კორპუსებს?! სიცოცხლის რიტმი წინათ იყო ჰარმონიული და სიოსავით მონარნარე, ცასშეკიდული. ახლა ქვესკნელის მისამართით მიექანება და როგორც მეტროს ვაგონში მყოფთან, სიჩქარისა და ხახუნის ძალებს მონოტონური ბიძგები მოაქვთ, ისე მარწევს და მაქანავებს სამყაროს ექო. და უღიმღამოდ, ზიზღით ვღეჭავ სიკვდილის გემოს... -დედა, დაგხატე!- ფანქრით ხელში შემოდის შვილი და ფურცელს მაწვდის... აქ ნაწნავები მაყრია მკერდზე, უზარმაზარი წამწამების ქვეშ მოქცეულა ჩემი თვალები, მზეჩამდგარი, ცასავით ლურჯი. ეს პატარაც რომ იმედს თესავს დედის გარშემო, ამ პატარას რომ დედის ზრუნვა, კოცნა სჭირდება, უფალო ღმერთო, ნუ წაართმევ დედის ალერსს და დედის მკლავებს ჩასახუტებლად. უფალო, შემიწყალენ! მკერდზე ვიკრავ და სულგანაბული თან პულსს ვისინჯავ. თვალებს ვხუჭავ და ცრემლნარევი ხმითვე ვღიღინებ: ,,დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო..." და ცრემლი მომდის მოკვეთილი მკერდის სიმწრისგან... ღმერთო, ქალობა დამაცადე, ღმერთო, დედობა შემარგე, შვილიშვილების თვალებშიც ჩამახედე, რომ მათაც ვუთხრა: ცაზე მზეა და დედამიწაზე ადამიანი, არცერთი წამი არ დახარჯოთ ბოროტებისთვის და სულ გახსოვდეთ, სიყვარული სამყაროზე უფრო დიდია, ამიტომ არის, რომ ბობოქრობს, რომ ვერ ეტევა და ყველას გულში დასახლებას ითხოვს, რომ შემდეგ გულთა კავშირებს იდუმალი შესძინოს სითბო და სიძულვილი დაამარცხოს დედამიწაზე. გაუღეთ გულები ერთმანეთს! გაუღეთ გულები სამყაროს! გაუღეთ გულები სიყვარულს, ბედნიერებამ ქარბორბალა დაატრიალოს! ეს კი სიცოცხლეა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი