ყაზბეგში


მყინვარმა საბანს ხელი მოჰკიდა 
და მკრთალი მზერით თვალი შემავლო,
ცაზე  გაბმული ღრუბლის თოკიდან,
მზის ათინათი თოვლს ვეღარ ადნობს 
და  სუსხიანი დღეების ამქარს,
გერგეტში მზერით ითვლის სამება,
მთაზე შემდგარი ღვთის სახლი ამ ქარს
სახეს უშვერს და რკინის კარება
კედლებში ამწყვდევს, ვით ღრუბლის მწყემსებს,
რომ არ გარეკონ ცის თეთრი ფარა,
რომ გადაურჩეს ზამთრობით მეწყერს,
მიწურ სახლივით ჩადგმული  ჯარა.
თვალი ვერ ითვლის ტაძრების ქონგურს
და სული ყივის,  ,,ვისი გორის ხარ?!"
პასუხი იმ მთის წვერიდან მოქუხს,
ნისლს რომ ქურქივით ტანზე მოიცვამს
და მოიჩქარის ბღავილით თერგი,
მთის დარდებს ბარად ჩამოიყოლებს,
სნოს წყალს ჩაყლაპავს და მერე ფერხთით
კალმახს და ფარგას, ვით თავის ტოლებს,
მოასხმარტალებს ჩქარი დინებით,
მიდის, არ ისმენს ქარის ვედრებას,
ასე თავნება გადამთიელი
კაცის სიფიცხეს ისე ედრება,
ვით ხასიათის წამოზვირთებას...
თუმც ციხე-ტაძრის ძველი სამრეკლო,
თერგის ხმას კვეთს და რწმენად იღვრება,
მადლი მოჰფინოს თავის სამრევლოს. 
გულთბილ მასპინძელს კარი აქვს ღია
და ქართულ სუფრას თავს დასტრიალებს,
ვით ადათ-წესი სტუმართან მიაქვს
ვით მთების შვილი   კრძალვით   იახლებს
წინაპართ ფიქრს და იმ მოკრძალებას,
მთებში რომ მალავს თვის თავმდაბლობით,
უთუოდ რწმენა მოგეძალება
ღვთის სასწაულთან მიახლოვებით...
და ისევ პასუხს მოგცემენ მთები,
,,ვისი გორის ხარ, გახსოვდეს, ვინძლო
არ გააცინო შენს ერზე სხვები",
რომ მუდამ სისხლის ყივილი იგრძნო.
მყინვარმა საბანს მოჰკიდა ხელი,
და ცალი თვალი შემავლო მხოლოდ,
არ აქვს სასრული სიმაღლეს მთების,
ვით მათ სიყვარულს -თავი და ბოლო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი