შინდი
შინდი კოცონი დაანთეს ტოტებზე შინდებმა და მორცხვად იღებენ ცხელ კოცნას მზისაგან; დავალ ფიქრიანად და შემეშინდება, ამ ლოდინს რომ მაჩვევ, როგორი ზნისა ხარ?!. მე ისევ წყაროზე ვარწყულებ ჩემს რითმებს, საგზლად მონატრებას ვატან და სულ შიათ; გიჩემებ, გივიწყებ და ახლა ვერ ითმენს ეს გული, მაგ თვალთა ამბოხის ფიქრშია. მდინარის ჩქეფს ვატან, ბეჩავი, ხევდახევ, ბარში რომ ამბავი გიამბონ წაწალის, არ ვიცი, ბარათებს იღებ და ხევ და ხევ, თუ გულში ჩაკრული სიყვარულს გასწავლის?! ენკენში თიბვა-მკას მარჩიო ეგება, სალოცავს გასტუმრებ, თავთუხის გვირგვინით და ჩემი თვალები თუ შემოგეგება, ქარაფზე მომწყდარი, დამფრთხალი ჩიტივით, ნუღარ გაიხსენებ თივის ძნის სამალავს, ახლა ლექსისა ვარ მხოლოდღა მხევალი, ჩამჭიდე ხელი და ამ მთების გალავანს, ერთად გავიყოლოთ ბედი და მდევარი. კოცონით შინდები რომ გველოდებიან, კოცნა მივაგებოთ, შაქარ - ბაგეტკბილი; აქ ახლა ვაჟები არაკებს მღერიან, მეც ფანდურს ჩამოვკრავ, სხვა კი გუდასტვირით ამყვება, ვინ იცის, მოვიმღერ ბარისას, ხმა რომ მოგაწვდინოს მთის სანდო ნიავმა, ხან ვფიქრობ, თექისგან ჩამოვთელ ხალიჩას და სიზმრად მოვიფრენ ალერსის ნიაღვრად. როგორ დაგშვენდება ჩოხა და ღილკილო, მე კი ეს ჩიქილა, გაწვდილი კოჭამდე, არყის ჩქავ ბნელს გასტეხს და ერთად ვიხილოთ, ვარსკვლავს და სიბნელეს ცისკარი რომ ჭამდეს და მერე ვეძებოთ ოქროშინდ ბრიალი... არაგვის ბღავილსაც ნუ შეუშინდები, მკა დათმე, რომ მერე არ იყოს გვიანი, ქალივით კეკლუცად მწიფობენ შინდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი