კიბე
მაგიდაზე კიბეები გინახავთ? ჩემთან საფეხურებია - წიგნების გალანტური მწვერვალი. ზევით მიმავალ საფეხურებს ჯიუტად მიყვება თვალი. ბოლო საფეხურს დიადემად დასდებია ოთახში მდგარი სანათის შუქი. აქ ყველა წიგნი ნაჩუქარია: ,,ობოლე", ,,თურმეობითი" ,,კალამი გოლგოთაზე" ,,ლამბალო და ყაშა", ,,სამასი უღალატო" ,,თხზულებები", ,,სამოსელი პირველი", ,,მარადისობის კანონი" ,,დიონისოს ღიმილი", ,,ბურუსი", ,,მერმისის ჭაღარა მთვარეები", ,,ქართული ენა და ლიტერატურა" - ბოლო საფეხურიდან ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები მიცქერიან... მათ ხომ ყოველდღე ვხვდები, ყოველდღე მენატრებიან და ყოველდღე კიბის საფეხურებზე მთელი გულით წინ მივუძღვები. ერთმანეთს ცხოვრებას ვუადვილებთ, ცხოვრება, რომელიც მკაცრი მასწავლებელია. მე? არამგონია, ცხოვრებასავით ტკბილ-მწარე ვიყო... ისევ საფეხურებისკენ გამირბის თვალი და ახლა უკან ვბრუნდები: მასწავლებლის წიგნი, ჩარკვიანი, ჩხეიძე, გამსახურდია, დუმბაძე, დოჩანაშვილი, ჭილაძე, ინჯია, ჯავახიშვილი, ჩხეიძე, ჯავახაძე, მორჩილაძე; და როცა ბოლო საფეხურზე უნდა გავჩერდე, თვალი შიმშილს გრძნობს; ეს ის კიბეა, სინათლისკენ რომ მივყავარ. ეს ის კიბეა, ყურადღებით რომ უნდა აიარო, ღეჭო სიტყვები, გონება მიმობნეულ მეტაფორებში ასეირნო და ალუზიურად მისცე სავარჯიშო. არსი, იდეა გრაგნილებად გადააქციო და სამკაულად მოიხვიო, გინდ შეიმოსო... უნდა იცოდე, ამ სამკაულს ყველა ვერ იხდენს; ცალსახაა, რომ ამ სამკაულს სკივრს ვერ მიანდობ, ხშირ-ხშირად უნდა გამოამზეო, რომ სხვისი თვალი და გონებაც სრულად დარწყულდეს. ვიდრე გაიგებ, ჯერ მოსმენა უნდა ისწავლო ისევე, როგორც წაკითხვამდე ასო-ბგერები. ვიდრე შეიყვარებ, უნდა გაიცნო და ვიდრე იმეგობრებ, უნდა გაუგო. მე ახლა ისე ტკბილად ჩამესმის ამ წიგნების ჭეშმარიტება, რომ მეგობრობის გზასავალზე მათი სული სხეულში ძვრება, მათი სისხლი ძმადნაფიცობის ტრადიციას ისე მახსენებს, ძარღვში ფუთფუთებს. ყველა წიგნში სხვადასხვა მზეა, სხვა ცა და მიწა და სხვა ჰაერი. ჰოი, ღმერთო, სასწაულია წიგნის სუნი, თითქოს მერქანი სიყვარულით აფრქვევდეს ირგვლივ ეთერზეთების ტკბილსურნელებას. და ჩემი კიბე, მოაჯირი რომ არ სჭირდება, აქ ყველა სიტყვას შეგიძლია ისე დაეყრდნო, დავრდომილმაც კი ფეხი აიდგა. ჰო, ჩემი კიბე, ძლიერია და ისე მსუყეც, თვალსა და სულს რომ დაანაყრებს, ჩამოასვენებს. გალანტურ მწვერვალს შუა ფერდობს ვუსინჯავ ახლა, წინ დიდი გზაა საფეხურებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი