უკიდეგანოდ
ხვალ თუ შეგხვდები, ამარიდე თვალი როგორღაც, იქნებ სიბრაზემ შენი თავი გადამავიწყოს, იქნებ დამტოვოს იმ წარსულმა, რომ უწევს მოცდა გულისხმიერად... და ცხოვრება ისევ დავიწყო. უშენოდ შევძლო სიყვარულიც და მონატრებაც, როგორღაც ჩემთან დამიტოვე ჩემი ადგილი, თორემ სულ შენ ხარ სახლში, გარეთ, თვალები მხვდება ზღვის ტალღებიდან ანასხლეტი; არის ადვილი შიგ შემოვცურო, თვით ფსკერიდან ვკრიბო ნიჟარა, მარგალიტები მივიბნიო ყელსა და ყურზე. მაგრამ არ მინდა, რომ შენ მექცე ბედნიერ ჟამად და ყოველი დღე მაფიქრებდეს ცხოვრების ყულფზე. ხვალ თუ შეგხვდები ამარიდე თვალი ოღონდაც, რომ არ წამლეკოს მაგ თვალების ვნების ტალღებმა, ეს სიყვარული წლებთან ერთად ისე მომქონდა, არც კი იცოდი, არც მიცდია სარკმლის გაღება... არც მიფიქრია, რომ გამეშვი გულიდან ერთხელ, მერე მსუბუქად მენავარდა, როგორც თოლიას, მაგრამ რატომღაც მიმაჯაჭვა მაგ თვალთა ზღვებზე იმ სიყვარულმა, შორიდან რომ დამიყოლია... ხვალ თუკი სადმე შემოგხვდები, მაქციე ზურგი, ჩვენ ბედმა უკვე დაგვიწერა კუთვნილი ხვედრი, როცა გაქრები ამ გულიდან, იმ წუთებს ვუცდი, სწორედ ამიტომ ამერიდე თუკი შეგხვდები! ვერ გაგიცანი უწინ ჩვენი სვე-ბედის გამო, რომ შეგხვედროდი, როცა ფრთების გაშლას ვიწყებდი, მეყვარებოდი როგორც ახლა, უკიდეგანოდ, მაგრამ იქ, მაშინ მთელ ქვეყანას დაგავიწყებდი. მარი თაბაგარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი