გარდამოხსნა


იხვევენ ყელზე, ვით სახრჩობელას,
ცოდვას წამომცდარს ბაგით;
შეჩენილ ეშმაკს, ვით მახრჩობელა
გველს გესლითა და შხამით.

თავის სიმართლე არ აპატიეს, 
არც კი ეცადნენ დაცვას;
ბრბო უტიფარი, შემცბარ პილატეს,
შესძახის: - ჯვარზე აცვი!

ცოდვის სკივრია ახლა ეს ჯვარი
და მხრებზე ხორცსაც აგლეჯს.
ხალხის მიყვება უტიფრად ჯარი
ან უხურავენ ფანჯრებს.

ვინ ჩამოხედავს ახლა დედის გულს,
რა ღადარი აქვს მკერდში?!
სამსჭვალი ადევს შვილის ხელისგულს,
სული ბობოქრობს ღმერთში.

თუმცა ურწმუნო ჯარისკაცები,
ფერდში ესვრიან ისარს
და შიში იპყრობს გაორკეცებით,
შერჩენილ რწმენას მისხალს.

აალებული ბრიალებს ფარდა
და ღმუის შიში ბრბოში,
ოხვრის ოხშივარს ისუნთქავს დაბლა,
მიწა ჩაფლული ბოლში.

მალვით მომავალ არიმათიელს
მხარზე მოუსხამს მწუხრი,
შიშშემდგარს უწევს თავის მართლება
პილატეს, ბაგე უთრთის

და იოსების საჩუქარია
ჯვარზე გაკრული ქრისტე. 
ნიკოდიმესიც მასთან იჩქარის,
სულის ტკივილებს ითმენს.

რა დიდი ხვედრი არგუნათ ღმერთმა
და რა დიდია მადლიც,
ჯვრიდან გადმოხსნეს მათ ქრისტე ერთად,
სამსჭვალს ზომავენ ადლით...

სამყარო ახლა უარესია, 
ვიდრე უდაბნოს გველი.
რომ არ დახვდებათ ჯვარზე მესია,
რა განსაცდელი ელით...

აცხეს სხეულზე ნელსაცხებელი,
შემოახვიეს ტილო.
იქვე, სამარხში ცხელი ცრემლებით
ორთავ იწყებენ ტირილს.

ლოდით დაგმანეს ქრისტეს სამარხი,
ჯერ ირგვლივ ისევ ბნელა;
მშიერ-მწყურვალნი, ორდღის მარხულნი
სხედან, თვალთ უბნელდებათ.

და გარიჟრაჟზე გლოვა დასრულდა,
ყველა წერილი ახდა.
გარდამოხსნილი ქრისტე, დაფლული,
იხარეთ, მკვდრეთით აღდგა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი